ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 26 წლის. დაახლოებით ორი კვირაა, მკვეთრად გამიძლიერდა მადა. 7 წლის წინ მოვიკელი 11 კილოგრამი და მას შემდეგ ჩემი წონა არ შეცვლილა. ორსულობა გამორიცხულია. რა უნდა იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: მადის ასეთი მკვეთრი გაძლიერების მიზეზი მრავალნაირია: ემოციური გადაძაბვა (სტრესი), გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვა, რომელიმე ორგანოს დაავადება და ასე შემდეგ. მიზეზის დასადგენად საჭიროა კომპლექსური გამოკვლევა, დაიწყეთ ფარისებრი ჯირკვლით (ექოსკოპია, ჰორმონული ანალიზი).
კითხვა: შესაძლებელია თუ არა, პროსტატის ადენომა ონკოლოგიურ სიმსივნეებში გადაიზარდოს?
პასუხი: პროსტატის ადენომა კიბოში ტრანსფორმაციას არ განიცდის. პროსტატის კიბოს პირველადი დიაგნოსტიკისთვის საჭიროა: სისხლის ანალიზი პროსტატსპეციფიკურ ანტიგენზე, რექტალური გამოკვლევა და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ექოსკოპია.
კითხვა: მაქვს სერიოზული პრობლემა – პირიდან არასასიამოვნო სუნი, მიუხედავად იმისა, რომ პირის ღრუს სერიოზულად ვუვლი. რა შეიძლება მოვიმოქმედო?
პასუხი: პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება იყოს: სტომატოლოგიური პრობლემები, პირ-ხახის, ფილტვების ან კუჭის დაავადებები. მსგავს სიმპტომებს იწვევს კუჭის ევაკუატორული ფუნქციის დარღვევა ან ჰელიკობაქტერ პილორის ინფექციის არსებობა. უნდა ჩაიტაროთ (გამოკვლევები გასტროენტეროლოგის დანიშნულებით).
კითხვა: საშიშია თუ არა განგრენული აპენდიციტი?
პასუხი: განგრენული აპენდიციტი სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დიდ საშიშროებას უქმნის, რადგან, შესაძლებელია პერიტონიტის განვითარება.
კითხვა: ორი კვირის წინ მქონდა „კვინკეს შეშუპება” (საკვებისმიერი ალერგია). დამსვეს მკაცრ დიეტაზე. როდის შეიძლება ნორმალური კვების დაწყება?
პასუხი: მკაცრი დიეტა აუცილებელია ორი კვირის განმავლობაში, რაციონის თანდათანობითი გაფართოებით. მოერიდეთ მჟავე, ცხარე, შემწვარ-მოხრაკულ, ცხიმიან საკვებს, ციტრუსებსა და ალკოჰოლურ სასმელებს.
კითხვა: აქვს თუ არა შიდსს სიმპტომები, რომლებიც ადრეულ ეტაპზე გამოვლინდება?
პასუხი: იმუნოდეფიციტის ვირუსი, შესაძლოა, დიდი ხნის (წლების) განმავლობაში არ გამოვლინდეს. მხოლოდ მაშინ, როცა ვითარდება იმუნოდეფიციტი – დაავადების ბოლო სტადია (რომელსაც, კერძოდ, შიდსი ეწოდება), ვითარდება გაუთავებელი ინფექციები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება, ასევე, ონკოლოგიური დაავადებები და ასე შემდეგ.
კითხვა: შეიძლება თუ არა 17 კვირის ორსულისთვის დუნდულაზე ჩირქგროვის მკურნალობა ვიშნევსკის მალამოთი?
პასუხი: ორსულობის დროს კანზე ჩირქოვანი წარმონაქმნების სამკურნალოდ მიზანშეწონილია უფრო ეფექტური და ნაკლებად ტოკსიკური სამკურნალო პრეპარატების გამოყენება. თვითმკურნალობას არ გირჩევთ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს!
კითხვა: რა არის ქრონიკული შეკრულობა?
პასუხი: შეიძლება, ბევრს ჰქონია, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანი პრობლემაა, მაგრამ, ქრონიკული ყაბზობა (შეკრულობა) ორგანიზმში ბევრი უსიამოვნო შეგრძნების მიზეზი შეიძლება გახდეს: მუცლის შებერილობის, თავის ტკივილის, გაღიზიანების. ასევე, შესაძლოა, იმოქმედოს შრომისუნარიანობაზე და ხალხში გასვლაზეც კი უარი ათქმევინოს ადამიანს. ქრონიკული ყაბზობის დროს კუჭის მოქმედება ხდება არაუხშირეს 3-ჯერ კვირაში, რამდენიმე თვის განმავლობაში.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი