კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იგავი ტალანტებზე

 

„ერთმა ბატონმა გამგზავრებამდე მონები მოიხმო და თავისი ქონება მისცა: ერთს – ხუთი ტალანტი, მეორეს – ორი და მესამეს – ერთი. თითოეულს მისი შესაძლებლობის მიხედვით მისცა და მაშინვე  წავიდა. ხუთი ტალანტი ვინც მიიღო, ასარგებლა ეს ფული, საქმეში გამოიყენა და სხვა ხუთი ტალანტი შემატა. ორი ტალანტის მქონემაც სხვა ორი შემატა, ხოლო ერთი ტალანტის მქონე წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი.

დიდი ხნის შემდეგ მოვიდა ამ მონების ბატონი და ანგარიში მოსთხოვა მათ. ეახლა ხუთი ტალანტის პატრონი და მიართვა სხვა ხუთი ტალანტიც, და უთხრა: ბატონო, ხუთი ტალანტი მომეცი და, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი შევმატე მას. ბატონმა მას უთხრა: კარგი, კეთილო და სარწმუნო მონავ, მცირედი მოგანდე და მრავალსაც განდობ; ორი ტალანტის მქონეც მივიდა და უთხრა: ბატონო, ორი ტალანტი მომეცი და, აჰა, სხვა ორი ტალანტი შევმატე მას. ბატონმა უთხრა: კარგი, კეთილო და სარწმუნო მონავ, მცირედი მოგანდე და მრავალსაც განდობ; შედი შენი ბატონის სიხარულში.

მოვიდა ერთი ტალანტის მქონე და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს და კრებ, სადაც არ დაგიბნევია. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი; აჰა, შენი შენთან იყოს. ბატონმა კი მიუგო: ბოროტო და ზარმაცო მონავ, იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია. ამიტომ უნდა მიგეცა ჩემი ვერცხლი ვაჭრებისთვის და, როცა მოვიდოდი, ჩემსასაც ავიღებდი და მონაგებსაც.

თქვა ეს ბატონმა და ბრძანა: წაართვით მაგას ეგ ტალანტი და იმას მიეცით, ვისაც ათი ტალანტი აქვს. რადგან ყველას, ვისაც აქვს, მიეცემა და მიემატება, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს. ეგ ურგები მონა კი ბნელ გარესკნელში გააგდეთ; იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა“.

მათე 25, 14-30

როგორ ემსახურები უფალს

ნიჭიერ ადამიანზე ვამბობთ ხოლმე – ტალანტიანიაო. იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების დროს, ოცი საუკუნის წინათ, ტალანტი საკმაოდ დიდი ოდენობის ფულის ერთეული იყო. ერთი ვერცხლის ტალანტი დაახლოებით ათას ლარს უდრიდა. არსებობდა ოქროს ტალანტიც, რომელიც დაახლოებით ათას რვაასი ლარის ტოლფასი იყო.

ამ იგავში ბატონმა წასვლის წინ სწორედ ტალანტები მისცა თავის მონებს: ერთს ხუთი ერგო, მეორეს – ორი და მესამეს – ერთი. ბატონი ქრისტეა, რომელმაც ზეცად ამაღლებამდე თავის მონებს – მოციქულებსა და ქრისტიანებს სხვადასხვაგვარი ნიჭი უბოძა, განსხვავებული ტალანტებით დააჯილდოვა.

ხუთი და ორი ტალანტის მქონე მონებმა გონივრულად გამოიყენეს ბატონის წყალობით მიღებული ქონება. მათ იშრომეს, კეთილ საქმეს მოჰკიდეს ხელი და, ბატონისგან რაც მიიღეს, ერთი იმდენი შემატეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ორივემ ერთგულად შეასრულა თავისი მოვალეობა. უფალი ნიჭსა და ტალანტს იმისთვის გაძლევს, რომ გამოიყენო, თან ისე, რომ შენც ისარგებლო, სხვაც ასარგებლო და უფალსაც მოეწონოს.

ერთი ტალანტის მქონე მონა სხვაგვარად მოიქცა. იმის მაგივრად, რომ თავისი მცირე ქონება გაემრავლებინა, უქმად დატოვა, მიწას შეაჭამა. ეს მონა ზარმაცი და დაუდევარია, მაგრამ უგუნურიც არის: საკუთარ უქნარობას ბატონს აბრალებს და უდიერად ეუბნება: სასტიკი და დაუნდობელი ხარ, ამისი შემეშინდა და იმიტომ ჩავფალი მიწაში ეს ტალანტიო.

ამ მონის მსგავს ადამიანს თითქმის ყველაფრის ეშინია: იმისიც, რომ ანგარიშს მოსთხოვენ და იმისიც, რომ არ მოსთხოვენ, ზარალისაც ეშინია და საფრთხისაც, ცახცახით შესცქერის ხვალინდელ დღეს. კიდევ ერთი უკეთურობა სჭირს ამ მონას: მარტო ამქვეყნიურია, ხორციელი სურვილები ეძალება. მან თავისი ერთადერთი ტალანტი, რომელიც ღვთისაგან მიეცა, მიწას შეაჭამა. ასევე ამოგვიჭამს ხოლმე შემოჩვეული ცოდვა გულსა და გონებას, სულსა და სიწმინდეს.

იგავში უფალი ამბობს, რომ ტალანტები თითოეულს მათი შესაძლებლობის მიხედვით მიეცა. ყველაზე უკეთ უფალმა ღმერთმა იცის, ვის რა და რამდენი სჭირდება. ის არასოდეს მოგვცემს იმაზე მეტს ან ნაკლებს, რისი ზიდვაც და შესრულებაც შეგვიძლია.

ერთი ტალანტის მქონემ ეს არ იცოდა ან, იქნებ, აღარ ახსოვდა, და შეცდომაც ამიტომ დაუშვა. ეს შეცდომა მას ძვირად დაუჯდა: ერთადერთი ტალანტი სამუდამოდ დაკარგა, თვითონ კი ბნელი გარესკნელი, ანუ ჯოჯოხეთი ერგო.

ბატონის ბრძანებით, ის ერთი ტალანტი ხუთი ტალანტის პატრონს ერგო. იგავის ბოლოს უფალი გამოცანასავით დაურთავს თავის შეგონებას: „ვისაც აქვს, მიეცემა და მიემატებაო“. მართლაც ასეა, ვისაც აქვს გულმოდგინება, სიბეჯითე, ვინც ერთგულია და მადლიერებით სავსე აკეთებს თავის საქმეს, იმას არასოდეს მოაკლდება  ღვთის მადლი და წყალობა.

„ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს“ – ეს კი დაუდევრის, ზარმაცის, უგუნურისა და უმოწყალოს მისამართით არის ნათქვამი, რადგან შრომას გადაჩვეული კაცი უქნარობის ჭაობში იძირება ხოლმე და ცოდვასაც  ეჩვევა. ის აუცილებლად დაკარგავს უფლის წყალობას.

მზრუნველი უფალი ამ იგავით გვაფრთხილებს, რომ ჩვენი საქმეები მეორედ მოსვლის დღეს გამჟღავნდება. კეთილი, გულმოწყალე და სარწმუნო ადამიანი შევა უფლის სიხარულში, ესე იგი – სასუფეველში დამკვიდრდება. უგუნური კი პირიქით.

 

скачать dle 11.3