რა შეიძლება იყოს ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ღალატზე უარესი
სქესთა შორის ბალანსი დიდი ხანია, დარღვეულია. რაც უნდა ამტკიცონ მამაკაცებმა, რომ სუსტ სქესს სრული თავისუფლება მიანიჭეს და მათი უფლებები არაფერში იზღუდება, ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს. ქალებს გაცილებით მეტი ვალდებულებები აქვთ და საზოგადოებაც ჯერ კიდევ, კაცზე მეტ პასუხისმგებლობას ქალს აკისრებს. თუმცა გაუგებარია, თუნდაც შვილებთან დამოკიდებულების საკითხში, რატომ უნდა ზიდოს მთელი ტვირთი დედამ, მამამ კი ეს ყველაფერი მხოლოდ შეიფეროს და მიიწეროს. როცა მამა მხოლოდ ფორმალურად მონაწილეობს შვილების აღზრდაში და შვილთან მისი ურთიერთობა თავზე ხელის გადასმით ან თვეში ერთხელ სასეირნოდ წაყვანით შემოიფარგლება, არც სიყვარული ექნება მის მიმართ ძლიერი და არც პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, მამაკაცები ვერ ხედავენ და არც ხედავენ იმ შრომას, რომელსაც ქალი სწევს ოჯახში. ეს ანგარიშში ჩასაგდებიც არ არის, რადგან, კაცს მიაჩნია, რომ დალაგებული სახლი, მოვლილი და კმაყოფილი შვილები, კომფორტი და გემრიელი, თბილი კერძები, ბუნებრივად, თავისით ცვივა ციდან და არც გათენებულ ღამეებს მოითხოვს, არც პირად სიამოვნებებზე უარის თქმას. ყველაზე შეურაცხმყოფელი ქალისთვის სწორედ მისი ღვაწლისა და დამსახურებების სრული იგნორირებაა.
მარიშკა (37 წლის): დღეს მე თავისუფალი და ბედნიერი ქალი ვარ – ამას ვამბობ სრულიად გაცნობიერებულად და ამაყადაც კი. ძალიან ბევრს გავუძელი და, მქონდა მომენტები, როცა საკუთარი ცრემლები მახრჩობდა, თუმცა, იმედი არ დამიკარგავს, რომ ღმერთი დამეხმარებოდა. რაღაც მომენტში, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. იმიტომ არა, რომ ვინმეზე ჭკვიანი ვარ, უბრალოდ, შინაგანმა ხმამ მიკარნახა გამოსავალი და მეც მივენდე. ქალები ძალიან ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, იმიტომ, რომ გულს ვუსმენთ და არა შინაგან ხმას. რომ ამბობენ, ქალის შურისძიება საშინელებააო. მე გეტყვით, რომ ეს არ არის მართალი. საშინელი იმ ქალის შურისძიებაა, რომელიც გონებით მოქმედებს. დღეს მე არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს და ცუდ მდგომარეობაშია ის, ვინც მატკინა გული და საკუთარი ცხოვრება სხვა თვალით დამანახა. საკუთარ თავს დააბრალოს, რომ ვერ შეიფერა კარგი და უშფოთველი ცხოვრება. ადამიანების უმრავლესობა ხომ ასეა – სანამ არ დაკარგავს იმას, რაც აქვს, ვერ აფასებს. ძალიან ცუდია, როცა კაცი ეჩვევა ცოლის ერთგულებასა და თავგანწირვას – მერე ფიქრობს, რომ მან ეს დაიმსახურა, რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა, ყოფილიყო და პრობლემებიც აქედან იწყება. საკმაოდ დიდხანს ვიყავი სირაქლემის პოზაში – ოღონდ, თავი ქვიშაში კი არა, საკუთარ პრობლემებში მქონდა ჩარგული, რომლებსაც ჯიუტად არ ვხედავდი. შეიძლება იმიტომ, რომ დრო არ მქონდა. არაფრისთვის არ მქონდა დრო და, რაც კიდევ უფრო ცუდია, ვფიქრობდი, ღალატზე დიდი საშინელება რა შეიძლება იყოს-მეთქი. არ ყოფილა ასე.
– გააჩნია, რას შევადარებთ და რას ვიგულისხმებთ.
– მე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას ვგულისხმობ, თორემ, გლობალურ კატასტროფებთან შედარებით, უბრალოდ, სასაცილოა.
– ღალატი არ არის კატასტროფა?
– როგორ არ არის, თუმცა, ძალიან მინიატურული და ინდივიდუალური. ზოგი მეტად განიცდის ამას, ზოგიც – ნაკლებად, ზოგიც, საერთოდ, ფეხებზე იკიდებს.
– თუ გიყვარს ის ადამიანი, ღალატი ფეხებზე როგორ უნდა დაიკიდო?
– სიყვარულის ხასიათს გააჩნია. თუ შენი თავი უფრო გიყვარს და ის ადამიანი გინდა იმიტომ, რომ შენ იყო კარგად, მაშინ აუცილებლად დაიკიდებ ფეხებზე. ანუ, ვგულისხმობ იმას, რომ საკუთარ თავზე მეტად არავინ არ უნდა გიყვარდეს, მით უფრო, მამაკაცი (შვილებზე არ ვლაპარაკობ. შვილები აბსოლუტურად სხვა თემა და განზომილებაა ქალისთვის). რაღაც მომენტში, ეს დამავიწყდა და მე სულელმა გადავწყვიტე, მაქსიმალური თავგანწირვის მაგალითი მეჩვენებინა ჩემი ქმრისთვის. თურმე, ვის სჭირდება? იცით, რა უხეშად და ხელის ერთი მოსმით ამიხილა ქმარმა თვალები?! ახლა მეხვეწება, მაპატიეო და ვერ ხვდება, რომ, კი ვაპატიე, მაგრამ, ამ პატიებას ჩემი მისდამი სიყვარული გაჰყვა თან. იცით, როგორი თავდადებული ცოლი და დედა ვიყავი?! ათი წლის განმავლობაში ოთხი შვილი გავუჩინე, იმიტომ, რომ ბევრი შვილი უნდოდა, დიდ, ხმაურიან ოჯახზე ოცნებობდა, არადა, საკმაოდ კარგი სამსახური და კარიერული წინსვლის პერსპექტივა მქონდა, ცოლად რომ გავყევი. გავაჩინე ბავშვი და დავჯექი სახლში. მერე მეორე გაჩნდა... მესამე... ერთოთახიანი ბინა გვქონდა. ცოდვას ვერ ვიტყვი, ჩემი ქმარი მუხლჩაუხრელად მუშაობდა დილიდან დაღამებამდე, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მე ვიყავი ყველაფერი ოჯახში – ამ სიტყვის პირდაპირი და ფართო მნიშვნელობით. არ ვიცი, როგორ ვასწრებდი ამდენ საქმეს.
– არავინ გეხმარებოდათ? მაგალითად, ძიძა...
– თავიდან იმის ფუფუნება არ გვქონდა, რომ ძიძა აგვეყვანა. მიზნად დავისახეთ, რომ საკუთარი სახლი გვექნებოდა. ჩემი ქმარი სწრაფად მიიწევდა წინ კარიერულ კიბეზე და საკმაოდ სერიოზულ საქმეებს ანდობდნენ. მერე მისმა შეფმა „შვილობილი კომპანია“ გახსნა – ბიზნესი გააფართოვა და ჩემი ქმარი დირექტორი გახდა. ნაკვეთი ვიყიდეთ, სახლი ავაშენეთ და ისე მოვაწყვეთ, როგორც გვინდოდა. უკვე ნამდვილად გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ძიძა აგვეყვანა, მაგრამ, ეტყობა, ჩემი ბრალი იყო, რომ ჩემმა ქმარმა ამის აუცილებლობა ვერ დაინახა. მენანებოდა ის ფული, ძიძისთვის რომ უნდა გადაგვეხადა – ოჯახს რატომ მოვაკლო, მე რისთვის ვარ-მეთქი. სამაგიეროდ, საერთოდ დამავიწყდა საკუთარი თავი და შედეგიც სათანადო მივიღე. როგორი ბრმა ვიყავი, რატომ ვერ ვხვდებოდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი ძვირფასი ქმრის მუდმივი დაგვიანების მიზეზი?! ღამით თათბირები და საქმიანი შეხვედრები აღარ გამოელია.
– საერთოდ არ გიეჭვიათ, რომ გღალატობდათ?
– არა. მაგისთვისაც კი არ მეცალა. თანაც, უკვე მეოთხეც მყავდა. როგორც კი ბავშვები ბაღში და სკოლაში წავიდნენ, მე სამსახურში გავედი. სხვათა შორის, სწრაფად ვიშოვე ჩემთვის შესაფერისი სამსახური. მაგრამ... ქორწინების სამი წლისთავზე მშობლებმა საგზური გვაჩუქეს და თორმეტი დღით ეგვიპტეში წავედით. ისეთი კარგი იყო ყველაფერი, თუმცა... ჩემს ქმარს გაუხარდა, მეორე რომ გაგვიჩნდებოდა. მეც არ ვიყავი წინააღმდეგი, მაგრამ, ძალიან დამწყდა გული, ისევ სახლში რომ უნდა დავმჯდარიყავი. ჩემმა ქმარმა დამამშვიდა – შენ ისეთ საქმეს მიკეთებ, უკეთესი რა უნდა გააკეთოო და, ამ ყველაფრის მერე რანაირად უნდა მეფიქრა, რომ მღალატობდა?
– როგორ გაიგეთ?
– თვითონ მითხრა, ეყო თავხედობა. საღამოს მითხრა, უნდა ვილაპარაკოთო. არც მიეჭვია, კარგი-მეთქი. ვერანდაზე ვისხედით. შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ, ბავშვებიც ძალიან მიყვარს და ყველაზე მთავარი სწორედ ისინი არიან, მაგრამ, უნდა გითხრა, რომ ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ქალი, რომელთან ყოფნაც ძალიან მინდა და მიხარიაო. ამას რომ ამბობდა, თვალებში არ მიყურებდა. პირველი ემოცია აბსოლუტურად ბუნებრივი იყო – ისტერიკა! თუმცა, ისტერიკა ჩურჩულით. არ მინდოდა, ბავშვებს გაღვიძებოდათ. მივახალე, ნაძირალა ხარ, სანამ მე შენს შვილებს ვზრდი და კომფორტს გიქმნი, შენ, თურმე ბოზებში დაეთრევი. მერე მოდიხარ და „მაბოლებ”, რომ ჩვენ კი ვართ შენთვის ძვირფასი, მაგრამ, იმასთან ყოფნა გიხარია. რა გიწოდო, თუ არა, ნაძირალა-მეთქი... იცით, რა მიპასუხა? პრიმიტიული და ვულგარული ხარ, თანაც, აშარიც და ამდენი წელი როგორ გავძელი შენ გვერდით. ის ბოზი კი ძალიან კარგი ქალია, ჭკვიანი, საინტერესო, გრაციოზული და გემოვნებიანი. პიროვნებაა შენგან განსხვავებით და ძალიან გამიმართლა, რომ მე გამომარჩიაო. როგორ უნდა მომეთმინა და გადამეყლაპა ასეთი შეურაცხყოფა?! ესე იგი, ის პიროვნებაა, მე – ვულგარული... ბავშვებს რომ აკეთებდი, მაშინ არ ვიყავი ვულგარული? მაშინ გაკმაყოფილებდი? ეტყობა, შენი ტრუსები გავრეცხე ვულგარულად, ის ტრუსები, იმ დიდებულ პიროვნებასთან „საქმიან“ პაემნებზე რომ გეცვა-მეთქი, – მივახალე. საერთოდ არ შერცხვა თავისი საქციელის. ღმერთო, ეს მამაკაცები!.. როგორ შეუძლიათ, ყველაფერს ერთბაშად გადაუსვან ხაზი, მერე კი, ბოდიში მოიხადონ, ვითომ არაფერი ყოფილა? ვერც, მიხვდა, როგორ დამამცირა მე, მისი შვილების დედა, ვიღაც კახპასთან. სულელი ქათამი ხარ. შეხედე, რას ჰგავხარ, რას დაემსგავსე, ან რა გაცვია; აღარც კი გახსოვს, თმა ბოლოს როდის დაივარცხნეო. თითქოს გული ამომგლიჯეს. ხომ არ ფიქრობთ, რომ მართლა არ ვივარცხნიდი თმას, მაგრამ, „ფორმაში“ ნამდვილად არ ვიყავი. ოთხი შვილი ხუმრობა არ არის. განა ვინმეს ვადანაშაულებ, არანაირად. ყველაფერში თავად ვარ დამნაშავე. ეტყობა, ამის გაცნობიერებამ მიმიყვანა სწორ გადაწყვეტილებამდე. ჯერ ვუთხარი, წაეთრიე იმ შენ კახპასთან, შენი დანახვაც აღარ მინდა-მეთქი და, როცა გავიდა, ტირილი დავიწყე. მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, არ უნდა გამეშვა გასართობად იალაღზე. გამარჯვება არ უნდა ეზეიმა, არც მას და არც მის კახპას. როგორღაც მოვერიე საკუთარ თავს და ავედი ოთახში. თავის ნივთებს ალაგებდა – მიდიოდა ნაძირალა. მაშინ მივხვდი, რომ ჩემმა დიდმა სიყვარულმა დათვური სამსახური გამიწია. რაც ჩემს ქმარს შევხვდი, ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მას უნდოდა, მის ოცნებებს ვახორციელებდი ჩემს ხარჯზე: დიდი ოჯახი და სიმყუდროვე უნდოდა? – შევუქმენი; ბევრი და ლამაზი შვილი უნდოდა? – გავუჩინე; სახლზე ოცნებობდა, მის მხარდახარ, აგურ-აგურ ვაშენე მისი ოცნების სახლი... და მე არსად არ ვიყავი, ჩემი პიროვნული „მე“ გაქრა და გაითქვიფა, იმიტომაც დაიკარგა ჩემი პიროვნება. ხელახლა უნდა დავენახე და აღმოვეჩინე ჩემს ქმარს. არავინ გეტყვის მადლობას თავგანწირვისთვის. როგორც მოძველებული, ნახმარი ფეხსაცმელი, ისე გამიმეტა და გადაგდება დამიპირა და ეს როგორ უნდა მეპატიებინა?! „ესეც მოვასწრო, ისიც მოვასწრომ“ დამღუპა. მოკლედ, მივედი ჩემს ქმართან და ვუთხარი: ასე არ გამოვა. ვიფიქრე და, მიუხედავად იმისა, რომ შენმა აღიარებამ ძალიან მატკინა გული, შოკშიც კი ჩამაგდო, მაინც გადავწყვიტე, რომ გაპატიო-მეთქი. გაშტერდა – რანაირად მპატიობო? ისე, არ მინდა განქორწინება, ოთხი შვილი გვყავს და მათ კიდევ ბევრი რამ სჭირდებათ, რაც მთავარია, დედა და მამა სჭირდებათ. ამიტომ, ვერსად ვერ წახვალ. მირჩევნია, ისევ მე დავიტანჯო და მოვითმინო. სასტუმრო ოთახში დაიძინებ, მაგრამ, ყოველდღე ჩვეულებრივად მოხვალ სახლში. დანარჩენს დილით გეტყვი-მეთქი.
– დარჩა?
– კი. მამაკაცები ნამდვილი ქათმები არიან. უტვინო პრიმიტივები. აბა, რა გგონიათ, რატომ გამოიჭერენ ხოლმე ადვილად მათ „სტერვები“? არაფერი არ უნდა ამას, მხოლოდ მონდომება და სურვილი. მე არცთუ მარტივი თამაში წამოვიწყე, სწორედ მამაკაცური სიბეცის იმედით. „ვა-ბანკზე“ წავედი, თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ გაამართლებდა. დილით ვუთხარი, არ მაინტერესებს, ვისთან გაერთობი, მაგრამ, ქმარი ჩემი იქნები. ჩვენი ცხოვრებაც აუცილებლად შეიცვლება: მე ვიწყებ მუშაობას. ბავშვებს მიხედავს ძიძა და მას შენ გადაუხდი. საკმარისია, აქამდე ჩემი სახით უფასო მონა რომ გყავდა, ამას უკვე ბოლო მოეღო. შენი საღამოებიც ვეღარ იქნება მხოლოდ იმ ქალბატონის განკარგულებაში. ბოდიში, მაგრამ, სიხარული უნდა ჩაგაშხამო – ოთხი შვილი გყავს და, დროა, მათი მამა მარტო ფორმალურად არ იყო. კვირაში ორ დღეს, ხუთი საათის შემდეგ, შენ იქნები მათთან და გამოსასვლელ დღეებსაც მათთან ერთად გაატარებ. ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ იმ ფანტასტიკურ ქალთან გინდა ყოფნა – ბავშვებიანად წადი მასთან. რა, არ იცოდა, რომ შვილები გყავდა?! თუ უყვარხარ, შვილებიანად უნდა უნდოდე და უყვარდე. პრინციპში, ეს უკვე შენი მოსაგვარებელია. მე ჩემი გითხარი-მეთქი. თუ არ დაგეთანხმები, მაშინ რა მოხდებაო? – უნამუსოდ მკითხა ჩემმა ქმარმა, დადარაჯებულივით. მაშინ გაგეყრები და გაგაკოტრებ-მეთქი. აქ ევროპა არ არის, საქართველოა და, არავის გაუკვირდება, თუ მე, ოთხი შვილის დედა, ჩემი შვილებისთვის რაც შეიძლება მეტს „დავითრევ“ იმ ქონებიდან, რომლის დაგროვებაში ძალიან დიდი წვლილი მეც შევიტანე. მე რომ არ შემეწყო შენთვის ხელი, ისეთივე მათხოვარი იქნებოდი, როგორც ჩვენი შეხვედრისას იყავი. სახლი მე და ბავშვებს დაგვრჩება, მანქანა ისედაც ჩემზეა გაფორმებული. ამას დაუმატე ალიმენტი ოთხ შვილზე და, კიდევ, ვიცი, რაც ხდება თქვენს ფირმაში. დავიკიდებ თავმოყვარეობას და გაგიჩალიჩებ იმას, რომ ფინანსური მაქინაციებისთვის ჩაგაყუდონ-მეთქი. გაგიჟდა. შენ იმისთანა სტერვა ხარ, მართლა იზამ ამასო. ეჭვი არ შეგეპაროს-მეთქი. ჩემმა გეგმამ გაამართლა. სამი თვეა გასული და, შემომხედეთ, როგორ გამოვიყურები. ერთ დღეში მიღებულმა გადაწყვეტილებამ საკუთარი თავი მაპოვნინა. ვმუშაობ, დავდივარ ფიტნეს-კლუბში, სოლარიუმში. გავიკეთე პლასტიკური მანიპულაციები. მთელი გარდერობი შევცვალე. ახლა ძიძაც მყავს და დამხმარეც. მანიკიურ-პედიკიურს ყოველკვირა ვიკეთებ. ჩემი ძვირფასი ქმარი კი თავისმა უნიკალურმა „აღმოჩენამ“ დაიკიდა. აბა, რა, იმას ფულიანი, ხელგაშლილი, მეწველი ძროხა უნდოდა და არა ოთხშვილაკიდებული მამიკო. ზოგჯერ შუაღამემდე არ მივდივარ სახლში – მეგობრებთან ვერთობი. ჩემი ქმარი დაჩოქილი მეხვეწება, ოღონდ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ადრე და აღარასოდეს გიღალატებ, ყველაფერში მოგეხმარები, არც მუშაობას დაგიშლი, ოღონდ ასე ნუ მექცევი და მაპატიეო. კიდევ ვერ ხვდება, რას ითხოვს. პატიობენ იმას, ვინც უყვართ, მე კი აღარ მიყვარს ჩემი ქმარი... მთლიანად დავკარგე მისი პატივისცემა. მხოლოდ ერქმევა ჩემი ქმარი, და, ისიც, მხოლოდ შვილების გამო, მაგრამ, მისი ქალი აღარასოდეს ვიქნები.