ინტიმური საუბრები
ქალი, რომელიც დედა მეგონა, ბებიაჩემი ყოფილა
მსგავსი ისტორია მეც გამიგონია და წამიკითხავს, მაგრამ, თავად თუ აღმოვჩნდებოდი ასეთი სიცრუის მსხვერპლთა სიაში, ამას როგორ წარმოვიდგენდი.
ბედნიერი ბავშვობა მქონდა, იმის მიუხედავად, რომ მამა არ მახსოვდა და დედა მარტო მზრდიდა. საკმაოდ მაღალხელფასიანი სამსახური ჰქონდა, თავისმა მშობლებმა და ქმარმაც კარგად დატოვეს მატერიალურად და, აქედან გამომდინარე, არასდროს არაფერი მაკლდა. მყავდა ჩემზე 16 წლის უფროსი და, რომელიც უცხოეთში სწავლობდა და თბილისში წელიწადში ერთხელ ძლივს ახერხებდა ჩამოსვლას. ასე რომ, მე და დედაჩემი, პრაქტიკულად, მარტო ვცხოვრობდით. მე და ჩემი და, ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, საოცრად ვგავდით ერთმანეთს, დედა კი სულ სხვა ტიპაჟი იყო გარეგნობითაც და ხასიათითაც, თუმცა, მაინც კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს. მე ძალიან მიხაროდა ხოლმე ჩემი დის ჩამოსვლა, მაგრამ, დედაჩემი, რატომღაც, სულ დაძაბული და გაღიზიანებული იყო, ლიკა რომ ჩამოდიოდა და, თითქოს, ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა. რომ წამოვიზარდე, უკვე აშკარად ვამჩნევდი, რომ დედაჩემი საკმაოდ ცივად ექცეოდა ლიკას, რაც ძალიან არ მომწონდა და მიკვირდა, რადგან, როცა მარტო ჩვენ ორნი ვიყავით, ჩემ მიმართ განსაკუთრებით თბილი, მზრუნველი და ყურადღებიანი იყო, მაგრამ მე მაინც ერთი სული მქონდა, ლიკა როდის ჩამოვიდოდა, რადგან, უცნაური ლტოლვა მქონდა მისადმი – სულ მინდოდა, მის გვერდით ვყოფილიყავი, ყველგან მასთან ერთად მევლო. თვითონაც განსაკუთრებით მეფერებოდა ხოლმე, ოღონდ, ძირითადად მაშინ, როცა დედა ვერ გვხედავდა.
ძალიან ბუნდოვნად მახსოვდა ერთი პატარა ეპიზოდი. იმდენად ბუნდოვნად, რომ, არ ვიყავი დარწმუნებული, მართლა მოხდა თუ სიზმარში ვნახე: ერთხელ, ლიკა რომ იყო ჩამოსული, ავად გავხდი და ძალიან მაღალი სიცხე მომცა. იმ ღამეს ლიკას თვალი არ მოუხუჭავს, არც კი წამოწოლილა, ამხელა გოგო დილამდე ხელში ვეჭირე და მარწევდა. 4-5 წლის ვიყავი და ფილმის კადრებივით მახსენდება ყოველი წუთი. რაღაც წამალი დამალევინეს და ჩამთვლიმა, მაგრამ მალე ტირილით გავიღვიძე. ლიკას ისევ კალთაში ვეწვინე. ჩამიხუტა გულში და ცრემლიანი ხმით თქვა: „უთხარი შენს დედიკოს, რა გაწუხებს და მოგარჩენ“... რატომღაც, იმ მომენტში მეგონა, რომ ჩემი გართობა უნდოდა და „დედა-შვილობანას“ მეთამაშებოდა. ცოტა ხნის შემდეგ, ისევ რომ ავტირდი, შუბლზე ტუჩით შემეხო და ჩაილაპარაკა: „რა დღეში მყავხარ, მოგიკვდეს დედა“... ის წუთები არასდროს დამვიწყებია, ყოველ გახსენებაზე უცნაური სითბო მეღვრებოდა და გული მიჩუყდებოდა ხოლმე, მაგრამ, არასდროს არავისთან არ წამომცდენია.
სკოლას რომ ვამთავრებდი, დედაჩემი გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ლიკა ჩამოვიდა (იმ პერიოდში უკვე მუშაობდა უცხოეთში). უამრავი ხალხი მოვიდა გასვენებაში. მე და ლიკა გვერდიგვერდ ვისხედით და მწარედ ვტიროდით. კუბო გარეთ რომ გაიტანეს, ჩვენც უკან გამოვყევით და უცებ, ჩემს ზურგს უკან, ვიღაც ქალის ჩურჩული გავიგონე: იშვიათად მინახავს, დედა-შვილი ასე ჰგავდეს ერთმანეთს. ცოდვაა ეს ბავშვი, როდემდე უნდა დაუმალონ სიმართლეო. ამ სიტყვებმა დამაინტრიგა და დასაფლავების მეორე დღესვე გადავეკიდე ლიკას, მითხარი, რას მიმალავთ-მეთქი. იმანაც, ვეღარ გაუძლო ჩემს კატეგორიულ მოთხოვნას და ყველაფერში გამომიტყდა: როგორ გაირკვა, 15 წლის რომ იყო, თავისი შეყვარებულისგან დაორსულდა, მაგრამ იმას ცოლად აღარ შეურთავს, ლიკა კი ცოცხალი თავით არ დათანხმებულა აბორტზე. მაშინ, დედამისმა (ანუ, ბებიაჩემმა, რომელმაც გამზარდა და ჩემი დედა მეგონა), ლიკა სხვა ქალაქში ამშობიარა, მერე მე ოფიციალურად მიშვილა და გამზარდა, ლიკა კი უცხოეთში გაუშვა სასწავლებლად. ბაბუაჩემს ეს ყველაფერი ვერ გადაუტანია და მე რომ 1 წლის ვიყავი, მაშინ გარდაცვლილა.
ამ ისტორიამ ჩემზე ძალიან იმოქმედა, თუმცა, ბებიაჩემი, რომელსაც მთელი ცხოვრება „დედას“ ვეძახდი, კიდევ უფრო შემიყვარდა, ლიკა ხომ ჩემს საფიცარ ხატად იქცა.
ახლა რომ ვფიქრობ, ბებია არასწორად მოიქცა, მაგრამ, ამჟამად მე მყავს ძალიან ახალგაზრდა დედა, რომელიც, ამავე დროს, ჩემი უახლოესი მეგობარიცაა, თუმცა, პატარა გოგო მეც აღარ ვარ – მალე 30 წელი შემისრულდება და უკვე ჩემი ოჯახი მაქვს. სხვათა შორის, იმდენი ტკივილი მომაყენა ტყუილებმა, რომ ჩემი ქმარ-შვილისთვის არაფერი დამიმალავს და, ახლა, შემიძლია, ვთქვა, რომ თავისუფლად ვსუნთქავ, რადგან არავისგან არაფერი დასამალი ან დამალული არ მაქვს.
მაგდა, 30 წლის.
ჩემმა რძალმა შვილი გადამიგვარა
ისეთი გაბრაზებული ვარ ჩემს რძალზე, გადავწყვიტე, მოგწეროთ და, ძალიან გთხოვთ, დამიბეჭდეთ ეს წერილი.
იმით დავიწყებ, რომ სულაც არ მომწონდა ეს გოგო და არ მინდოდა, რომ ჩემს შვილს ცოლად შეერთო. გარეგნობით არა უშავს, მაგრამ, ჩემს ბიჭს უფრო სხვანაირი ქალი შეეფერებოდა. ამან კი ქვა რომ ააგდო და თავი შეუშვირა – ან ქეთის შევირთავ და ან არავისო, ვეღარ გადავათქმევინეთ. სხვა რა გზა მქონდა, ჩემს დედისერთა და განებივრებულ შვილს ამის გამო ხომ არ გავუხეთქავდი გულს, დავთანხმდი და მივიღე ქალბატონი სავსე ოჯახში. მაგრამ, არ შეიფერა პატივისცემა, ბატონობა დაიწყო – მოისურვა, რომ ყველაფერში მისი სიტყვა გასულიყო.
ქმარი რამდენიმე წლის წინ გარდამეცვალა და, მინდოდა, ჩემი პირველი შვილიშვილისთვის მისი სახელი დამერქმია, მაგრამ, თითქოს ჯინაზე, გოგო გააჩინა. მაშინ, ჩემი სახელი დავარქვათ-მეთქი, – შევუთვალე სამშობიაროში. პასუხად მომწერა, ბავშვი მარიამობის დღეს დაიბადა და ნადეჟდა რატომ უნდა დავარქვაო. მერე რა მოხდა, ნადიკოს დავუძახებდით, როგორც მე მეძახიან-მეთქი, მაგრამ, არა, მაინც თავისი გაიტანა, ნამდვილი ქვის ნატეხია. ეს ჩემი შვილიც, გამოლენჩდა, რაც მაგ ქალს გადაეყარა, ყველაფერში ეთანხმება და მის ჭკუაზე დადის, საერთოდ არაფერს აღარ მიჯერებს. მეორე შვილი ბიჭი გააჩინეს და არც იმას დაარქვეს ჩემი ქმრის სახელი – შვილს გერონტი როგორ დავუძახოთო. კაი, ბატონო, გეგა დაუძახეთ-მეთქი, მაგრამ, არა, ორივემ გაიგიჟა თავი და გიორგი დაარქვეს. ჩემმა შვილმა მომახსენა, რა აზრი აქვს მამაჩემის სახელის დარქმევას, თუ მარტო პასპორტში და დაბადების მოწმობაში ეწერება, ისე კი სხვა სახელს დავუძახებთო. მოკლედ, ყველანაირად გადამიარეს თავზე. თან გადავყევი ოჯახს და იმის ღირსიც არ გამხადეს, ერთი სიტყვა მაინც შემისრულონ. ეს ჩემი ბულკივით შვილი მთლიანად ამოტრიალებულია – არაფერი ჩემი გაკეთებული ან ჩემი ნათქვამი არ მოსწონს, ყველაფერში ცოლს ეთანხმება და თვალებში შესციცინებს. მინდოდა, ჩემი შვილიშვილები აკვანში გამეზარდა, მაგრამ, ესეც არ ქნეს – თავი გაუბრტყელდებათო. ასე რომ იყოს, ნახევარ საქართველოს ბრტყელი თავი ექნებოდა, მაგრამ, ამას ჩემს ჯინაზე აკეთებს ქალბატონი.
ბავშვები ბაღში რომ მიიყვანეს, ჩემი რძალი სამსახურში გაბრძანდა – ადგილს ხომ არ დავკარგავ, ამხელა ხელფასს სად მომცემენო. მერე მე რაში მარგია, დიდი ხელფასი თუ აქვს! რამდენჯერ ვუთხარი, მე ჩამაბარეთ ფული, შეგინახავთ და გამოგიზოგავთ-მეთქი, მაგრამ, კატეგორიული უარი მითხრა – ყოველ კაპიკზე თქვენ რატომ უნდა გეხვეწოთ, ჩემი ხელფასიდან ლარი მომეცითო. ის კი არა, ჩემი შვილიც აღარ მაძლევს შესანახად თავის ხელფასს, მარტო ორას ლარს მომიგდებს ხოლმე და მეუბნება, ასი ლარიც ხომ გაქვს პენსია, ჰოდა, შენი პირადი საჭიროებისთვის თვეში სამასი ლარი იმყოფინეო.
ერთ დღეს ჩემი ბიჭი დავიმარტოხელე და ვუთხარი, ძალიან ნუ გაათამამე შენი ცოლი, ის მაინც დამიჯერე, რომ ხელფასი შენ ჩაგაბაროს-მეთქი. იმის ნაცვლად, რომ დაეჯერებინა, მიპასუხა: რა ვიცი, მამაჩემი, პირიქით, შენ გაბარებდა თავის ხელფასს და არც გეკითხებოდა, რაში ხარჯავდი და, არც ბებიაჩემისთვის არასდროს არ ჩაგიბარებიათ თქვენი ფულიო. რა უნდა ელაპარაკო ამ სულელს. ვუთხარი კიდეც, ბებიაშენი ჩემსავით ჭკვიანი ქალი რომ ყოფილიყო, ჩავაბარებდი-მეთქი, შენი ცოლი კი ბებიაშენზე უფრო ქარაფშუტაა და მთელ თავის ხელფასს რაში ანიავებს, ღმერთმა იცის-მეთქი. ამაზე ჩემი შვილი გამიბრაზდა და მითხრა: ჯერ ერთი, ჩვენ თანაბრად ვიყოფთ ოჯახის ხარჯებს, მეორეც, თავის ხელფასს როგორ დახარჯავს, შენი საქმე არ არის და, ძალიან გთხოვ, ჩვენს პირად საქმეში აღარასოდეს ჩაერიო, თორემ, დამკარგავო.
აი, ასეა, ბატონო, ჩემი საქმე. ამ ალქაჯმა ისე გადამიგვარა შვილი, თანდათან ვრწმუნდები, რომ რაღაც ჯადო გაუკეთა. მინდა, გადავარჩინო ჩემი ბიჭი, თუმცა მისი შიშით ხმას ვერ ვიღებ და საკუთარ გულს ვასკდები. როგორ მოვიქცე, აღარ ვიცი. ისღა დამრჩენია, შევეგუო, მაგრამ, არ გამომდის.
ღმერთს ვეხვეწები, ჩემს რძალს თავისნაირი რძალი შეხვდეს, მასავით გაამწაროს და მერე მიხვდება, რა დღეში ვყავდი წლების განმავლობაში.
ნადიკო, 67 წლის.