რატომ დაკარგეს და-ძმა კალაძეებმა ერთმანეთი და რაზე ლაპარაკობს ლევან კალაძის დედა ცხრა წლის შემდეგ
მომავალ წელს ცხრა წელი სრულდება კახი კალაძის ძმის გატაცებიდან. ერთ მშვენიერ დღეს მეხუთე კურსის, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, ლევან კალაძე უნივერსიტეტში მიმავალი, გაუჩინარდა. დღემდე არავინ იცის, სინამდვილეში რის გამო ჩაიდინეს ეს ბოროტმოქმედება, ვინაიდან გამტაცებლებმა დასახელებულ თანხაზე – ექვსასი ათას დოლარზე, უარი განაცხადეს. ოთხი წლის წინ ოჯახს ლევანის ცხედარი გადასცეს, ოღონდ ჩონჩხი, რომელიც „დეენემის“ ანალიზით იქნა ამოცნობილი, თუმცა, შანსი და ალბათობა იმისა, რომ შესაძლოა, ის ცოცხალი იყოს, არ გამქრალა. კახისა და ლევანიკოს ბავშვობაზე მათი დედა, ქალბატონი მედეა გიამბობთ.
– ქალბატონო მედიკო, სად გაიცანით კარლო კალაძე?
– კარლო მეზობლის ქორწილში თამადა იყო. მაშინ 28 წლის ვიყავი, დედისერთა, ცხოვრებით გალაღებული და არ მინდოდა თავი დამეტვირთა ვალდებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, არ ვჩქარობდი, მაგრამ ალბათ, ბედი იყო. მაგიდასთან ვტრიალებდი, სტუმრებს ვემსახურებოდი. დავუნახივარ და მოვწონებივარ. თავს ვიკავებდი, იმიტომ რომ, სიყვარული არ იყო. ქუთაისში ვმუშაობდი. ჩემი მომავალი მული დამხვდა სამსახურთან და მითხრა – ჩემს ძმას რაღაც უნდა, რომ გითხრას, რა პრობლემაა, მანქანაში დაჯექი, სახლამდე მიგიყვანთ, მეც თქვენთან ერთად ჩავჯდებიო და ასე წამიყვანეს მოტყუებით. მას შემდეგ 32 წელი გავიდა.
– უკვე იცოდით, რომ ცოლ-შვილი ჰყავდა?
– სწორედ ეგ იყო მიზეზი, რატომაც თავს ვიკავებდი, თორემ გარეგნულად ძალიან კარგი ბიჭი იყო, ვერ დაიწუნებდი. ვფიქრობდი, ისეთებზე ვთქვი უარი და ხალხი რას იტყვის, ორშვილიან კაცს გაჰყვა ცოლად, ალბათ, რაღაც უჭირდაო. ორი წლის დაცილებულები იყვნენ. მთელმა სამტრედიამ იცოდა ეს ამბავი. ერთი გოგო გათხოვილია და მეორე – გასათხოვარი. სამწუხაროდ, ოჯახი დაენგრა. ახლა რომ ცხოვრობენ, ის ბინა ვისი ფულით არის ნაყიდი? სანახევროდ კახას ფულითაა შეძენილი. რაც ეკუთვნოდათ, ყველაფერში დაეხმარა მათ მამამისი. პატარები რომ იყვნენ, დარეკავდა კარლო, ბავშვები მომყავს სკოლიდანო. გემრიელ სადილს დავახვედრებდი. არ ყოფილა შემთხვევა, აქედან უსაჩუქროდ გამეშვა. ტექნიკუმი დაამთავრეს, შემდეგ – უმაღლესი სასწავლებელი. მერე რაღაც პრობლემები შეექმნათ, ვიღაც ბიჭები ავიწროებდნენ, დაურეკეს მამამისს და კარლომაც ჩააკითხა. ჩემი მულის ქმარიც თან გაჰყვა.
– კახას ბავშვობაზე გვიამბეთ.
– კახა რომ გაჩნდა, თავისთავად, დიდი სიხარული იყო კარლოსთვის ორი გოგოს შემდეგ. ჩემთვის პირველი შვილი იყო და ბიჭი იქნებოდა თუ გოგო, ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ერთი წლის შემდეგ გაჩნდა ლევანიკო. კახა ცეკვაზე დაგვყავდა. მე მინდოდა, ცეკვას გაჰყოლოდა და ამის გამო მე და ჩემს მეუღლეს შორის დიდი ბრძოლა იყო. მამა-შვილმა თავისი გაიტანა და ფეხბურთი აირჩიეს. ტრავმები რომ მოსდიოდა, ამას საშინლად განვიცდიდი. კარლო ყოფილი ფეხბურთელია. მთელი წლების განმავლობაში სამტრედიის ლოკომოტივის პრეზიდენტი იყო. ასე თუ ისე, ფეხბურთთან მაინც სიახლოვე მქონდა და ვიცოდი, რა შრომატევადი საქმეც იყო. კახამ სულ ხუთებზე დაამთავრა საშუალო. მასწავლებლები ძალიან განიცდიდნენ, თბილისში რომ წამოვიყვანეთ – ჩვენ კახასგან უფრო მეტს ველოდებოდით, ნუთუ ფეხბურთისთვის გაიმეტეთო. მაშინ 13 წლის იყო. თბილისის „დინამოში“ გადმოვიყვანეთ, ახალგაზრდულ ნაკრებში, თუმცა სკოლის დირექტორმა საშუალება არ მოგვცა სასწავლებლად აქეთ გადმოსულიყო. ამიტომ, წელიწადში ორჯერ ჩადიოდა და გამოცდებს აბარებდა სამტრედიაში. მესამე საშუალო გიმნაზია დაამთავრა. მერე უნივერსიტეტში ისტორიულ ფაკულტეტზე ჩააბარა.
– თვითონ თუ ჰქონდა ცეკვისადმი ინტერესი?
– მეშვიდე კლასამდე „გავქაჩეთ“. ხუთი წელი, ზაფხულობით მოსკოვში დავდიოდით. ანსამბლს მიწვევები ჰქონდა. მაინც ფეხბურთს ვითამაშებო, სულ ამბობდა. მალდინი იყო მისი საყვარელი ფეხბურთელი.
– რა პარალელს გაავლებდით კახას და ლევანიკოს შორის?
– ლევანიკო თავისებური ბავშვი იყო. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კახასთვის ჯერ სერიოზული შენიშვნა არ მიმიცია. ისიც არ სჭირდებოდა მეთქვა, დაჯექი და გაკვეთილები ისწავლე-მეთქი. თავიდანვე ჩამოყალიბებული ბავშვი იყო. თავის ასაკთან შედარებით უფრო ზრდასრულ ადამიანს ჰგავდა. სულ დიდებთან მეგობრობა უყვარდა. თავის ტოლ ბიჭებთან არ მეგობრობდა. უბანშიც ასე იყო. ბავშვებმა ამბების მოტანა რომ იციან, ასეთი რამ არ იცოდა. პირიქით, ხანდახან ლევანიკომ იცოდა, სკოლაში რამე თუ მოხდებოდა, ენას მოიტანდა. კახა ოდნავ თმას მოქაჩავდა და ეტყოდა – ჭორიკანა ხომ არ ხარ, სახლში რომ მოგაქვს ამბავიო. ჩემი მეუღლე წლების განმავლობაში რესტორნის დირექტორი იყო. პურმარილიანი ოჯახი გვქონდა. კახა გავიდოდა თავის ოთახში, გამოიცვლიდა და სამეცადინოდ დაჯდებოდა. სანამ გაკვეთილს არ ისწავლიდა, რაც არ უნდა მომხდარიყო სახლში, მასზე არ მოქმედებდა. ისტორია უყვარდა ყველაზე მეტად. დეტექტივებსა და სათავგადასავლო წიგნებს კითხულობდა.
– ფეხბურთის გარდა კიდევ რისი ინტერესი ჰქონდა?
– ძალიან მიზანდასახული იყო და რასაც ჩაიფიქრებდა, იმ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. ტექნიკაში ერკვეოდა ძალიან კარგად და ახლა, მით უმეტეს – კარგად ეხერხება. ტელევიზორი ან რაღაც თუ გაფუჭდებოდა, ის აკეთებდა. ლევანიკოს სწავლა ეზარებოდა. მესამე კლასამდე მე და ლევანიკო სწავლის გამო ვჩხუბობდით. რომ გავუბრაზდებოდი ტირილს იწყებდა. არ ამყვა ეს ბავშვი. წარმოიდგინე, ის ისეთი გამორჩეული და ეს ასეთი გადარეული. მეშვიდე კლასამდე კახას გაკვეთილებს ვიბარებდი. სპეციალობით ინჟინერი ვარ. თუ ამოცანას ვერ ამოხსნიდა, ვეხმარებოდი. დანარჩენს, ყველაფერს თვითონ აკეთებდა. დაბადების დღეებზე, კინოში ან სადმე გასართობად სიარული არ უყვარდა. სკოლაში წარჩინებული იყო და თუ რაიმე ღონისძიება ტარდებოდა სკოლაში, სულ მონაწილეობდა.
ერთ დღეს კახა ცეკვაზე იყო და სახლში მოსვლა დააგვიანდა. იმ პერიოდში სამტრედიაში ცირკი – „შაპიტო“ იყო ჩამოსული. ამასობაში მამამისი მოვიდა სამსახურიდან და იკითხა, კახა არ მოსულა სკოლიდანო. გადავრეკე სკოლაში და მასწავლებელმა მითხრა, ცეკვა დავამთავრეთ უკვე, ბავშვები წავიდნენო. მერე ვიფიქრე, ნეტავ, ცირკში ხომ არ წავიდა-მეთქი. ბიჭები შეუშვია ცირკში ჩემს ქმარს, მაგრამ ჩაბნელებული რომ იყო, ვერ დაუნახავს. თურმე, იქ ზის ბავშვი. ძალიან ცუდი პერიოდი იყო. ვინც ცოტა ნორმალურად ცხოვრობდა, სახლში ურეკავდნენ და ფულს სთხოვდნენ. ჩვენც გვქონდა მიღებული ასეთი წერილი, ამა და ამ ადგილზე თუ ფულს არ დადებ, ცუდ საქმეს დაგმართებთო. მერე კი გავიგეთ, ვინც იყო. ბიჭებმა საკადრისი მიუზღეს. ამასობაში დამთავრებულა წარმოდგენა და გზაში აცდა მის საძებნელად წასული. მამამისი ისე გაბრაზებული მოვიდა, რომ შეხვედროდა, ალბათ, მოკლავდა. წუთით მოვასწარით, მეზობელთან გადამალვა. ის დღე იყო და ის. დავუშვათ, არსად წასულა. მამამისი რამეს მოუტანდა, წავიდოდა სკოლაში, ამხანაგებს დაურიგებდა. მასაც თუ მოეწონებოდა რამე სხვისი, იმდენს სთხოვდა, წაართმევდა. უცხო ნივთს რომ მოიტანდა სახლში ხომ შევატყობდი, რომ ჩემი ნაყიდი არ იყო, სანამ არ გავიგებდი, ვის გამოართვა, სახლში არ დავატოვებინებდი.
– ძმები ერთმანეთისგან ხასიათებითაც განსხვავდებოდნენ?
– მაგალითად, ლევანიკოს რა უყვარდა, იცი? ვინმეს საახლობლოში დაბადების დღე ან რაღაც სუფრა რომ ჰქონდა, აგიწერდა, ვის რა ეცვა, რა ფერის, როგორ იყო. ისეთი თბილი ბავშვი იყო, ვერ აღვწერ. კახაც თბილია, მაგრამ ვერ ამჟღავნებს. ლექტორები გიჟდებოდნენ, განსაკუთრებული სტუდენტიაო. იმდენად თბილი და ყურადღებიანია, ერთ ნიშანს ყოველთვის ვუმატებთ მისი ზრდილობისა და პასუხისმგებლობის გამოო. ჩვენი დახმარებით მოვაწყვეთ სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინოზე. მეხუთე კურსზე იყო, როცა ეს უბედურება დაგვატყდა თავს. 11 მაისს 21 წლის გახდა და 23 მაისს წაიყვანეს.
– გაიხსენეთ ის დღე, როცა თქვენი შვილი გაუჩინარდა.
– კარლო მეზობელთან ერთად იყო წასული იტალიაში, ჩემპიონთა ლიგის თამაშზე. მე აქ ვიყავი, თბილისში და ორი დღით წავედი სამტრედიაში. კახას ერთკვირიანი შვებულება ჰქონდა და მამამისთან ერთად უნდა ჩამოსულიყო. ეს სახლი ახალი ნაყიდი გვქონდა და ლევანიკოს ვუთხარი, სანამ ჩამოვალ, მარტო მაინც ნუ გაჩერდები, ახალი გადმოსულები ვართ, არავინ შეგაშინოს და მამიდაშენთან გადადი-მეთქი. კახა მილანში რომ გადავიდა, ჰონორარი მისცეს და იმ ფულით ვიყიდეთ ეს სახლი. ასეც მოიქცა, წავიდა მამიდასთან. ლექციები დილით ჰქონდა და ორი საათიდან პრაქტიკებზე იყო ხოლმე. დილას ამდგარა, თავი მოუწესრიგებია, უბანავია, პირი გაუპარსავს. მამიდა, მაიონეზიანი სალათის პროდუქტებს ამოგიტან და მომიმზადეო – უთქვამს. ამოუტანია და წასულა. თან, ერთი წლის ნაოპერაციები იყო სწორ ნაწლავზე. გაღიზიანებული ჰქონდა მაშინ და რომ გადიოდა სახლიდან უთქვამს, – ბარემ, ექიმთან ანალიზს ჩავაბარებ და მერე წავალ პრაქტიკაზეო. ყოველწუთს იცოდა ტელეფონზე შეხმიანება, იმდენად შემაწუხებლად, რომ ვეჩხუბებოდი. ის დღე ისე გავიდა, ლევანი არ შემხმიანებია. დავრეკე ჩემს მულთან, მითხრა, ჯერ არ მოსულაო. ექვს საათს რომ გადასცილდა, ისევ დავურეკე, – ქალო, რა გაჩერებს სახლში, ბავშვი ამდენ ხანს რომ არსად ჩანს-მეთქი. თურმე რა აჩერებს კი არა, მთელი პოლიცია და საავადმყოფოები აწრიალებული აქვს, ავარიაში ხომ არ მოჰყვა ან მკვლელობა ხომ არ მოხდაო, მთელი ჩვენი საახლობლო დარბის და მე არაფერს მეუბნებიან, მანუგეშებენ. ათი საათი რომ გახდა, ნერვები ვეღარ მოვთოკე და ისტერიკული კივილი დავიწყე. ღამის ორი საათი იყო, რომ ჩამოვედით. სახლი სავსე იყო ხალხით. ახალი დარეკილი ჰქონდათ – არ ინერვიულოთ, ლევანი გაუგებრობაში მოხვდაო. ჩემს მულთან დაურეკავთ, ექვსასი ათას დოლარს ითხოვდნენ. წერილებიც გამოაგზავნეს, იგივე თანხა ეწერა იქაც. ორგანოს ხალხიც აქ იყვნენ, გამტაცებლები რომ დარეკავდნენ, მათ მოესმინათ. სად გვქონდა ექვსასი ათასი, მანქანა გავყიდეთ. ჩემი მეუღლე დაელაპარაკა, რომ არ მაქვს ამდენი ფული, მაგრამ რაც მაქვს იმას მოგცემთო. მოვილაპარაკეთ. იმათ უთხრეს, თბილისში ვერ ავიღებთ ამ თანხას, დასავლეთში, ხობისკენ წამოდიო. წავიდა ჩემი ქმარი ფულით. გზა და გზა ურეკავდნენ, ხიდზე გადმოდი, მერე ტყეში შემოდიო... ტყეში ვერ შემოვალო, კარლომ უთხრა. ორგანოს მუშაკები ახლდნენ, მაგრამ ისეთი მანქანებით, რომ შესამჩნევი არ ყოფილიყო. სპეცოპერაცია ჩატარდა. კარლომ ტელეფონზე უთხრა, მოვედი, ბავშვი დამანახეთ, ფულს გადმოვაგდებ, მე არ შეგხვდებითო – ჩაიშალა. არ წამოვიდნენ ამ წინადადებაზე. მაგ დროს წერილი მოვიდა სახლში – ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, ამა და ამ ადგილზე წერილია და ნახეთო. ნახა კარლომ და იგივე თანხას ითხოვდნენ. ხან ვინ რეკავდა, ხან – ვინ, რომ ვითომ სვანებში იყო, ძმებ აფრასიძეებზე იყო საუბარი, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა. მგონი, მათთანაც გააგზავნეს ფული. ყველა იმას ამბობდა, ლევანიკო ისეთი თბილი ბუნების ბავშვია, თავს არავის მოაკვლევინებსო. ანდა რას ერჩოდნენ, ფულს თხოულობდნენ და ვაძლევდით. მთელი ამერიკა, იტალია გამოეხმაურა ჩვენს ამბავს. მილანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა – ჩვენ გადაგიხდით ამ თანხასო. ამხელა რეზონანსი რომ მოჰყვა, შეშინდნენ. თურმე წაყვანილი რომ ჰყავდათ მალე მოუკლავთ. ნეტავ, სასწაული მოხდეს და ცოცხალი იყოს, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდეს.
– ძმის დაკარგვით გამოწვეულმა ტრაგედიამ, კახას კარგა ხანს არ მისცა ნორმალურად თამაშის საშუალება, ძალიან დათრგუნული იყო. სახლში რას ამბობდა?
– კახა ახლაც დათრგუნულია. ფაქტობრივად, მის კარიერას შეეწირა მისი ძმა. 18 მილიონად გაიყიდა კახაო – გაზეთებში წერდნენ. კი გაიყიდა 18 მილიონად, მაგრამ იმ თანხას ფეხბურთელებს ვინ მისცემს. ის ფული წაიღო კიევის დინამომ. რაც შეეხება საუბარს, კახა რომ დაჯდეს დილიდან საღამომდე, თუ არ შეეკითხე, არ დაგელაპარაკება. ძალიან სიტყვაძუნწია. ერთხელ ინტერვიუში ჰკითხეს – მიგაჩნია თუ არა თავი ბედნიერადო. კახამ უპასუხა – ბედნიერი არასდროს ვიქნები, ერთადერთი ძმა მომიკლესო. ჩვენს ოჯახს ვინმესთვის ცუდი რომ ჰქონდეს გაკეთებული, ვიტყოდი, ღირსი ვიყავი და სამაგიერო გადაგვიხადეს-მეთქი, მაგრამ რატომ? როგორია, რვა წელი რომ ელოდები შვილს, მეზობელი ამოდის სადარბაზოდან ან ვინმე და გგონია, ის არის. აი, ახლა გამოჩნდება, სადაც არის, აი, ახლა... რამდენი უძილო ღამე იყო. ჯერ ისედაც არ ვიყავი კარგად და ახლა არაფერია ისეთი, რომ არ მტკიოდეს. 21 წლის ანგელოზივით შვილი მყავდა, მეხუთე კურსის სტუდენტი, რომელსაც ქვეყანაზე ჭიანჭველისთვის არ აქვს ფეხი დადგმული და მომიკლეს. რატომ? მთელი ცხოვრება ის მექნება საამაყოდ, რომ ჩემი შვილებისთვის ზედმეტი საყვედური არავის უთქვამს. აი, ესაა გასაკვირი, თორემ ერთი შვილი ჰყავთ და ზოგი ავარიით უკვდებათ, ზოგი უკურნებელი სენით, მაგრამ მე რომ დამემართა, ამისთანა არავის დამართნია. ყური მაქვს მოკრული, რომ საწყალი ბიჭი ტანჯვით ჰყავთ მოკლულიო. ჩემმა მულმა თუკი ვინმე ნათელმხილველი და მკითხავი არსებობდა საქართველოში, არავინ დატოვა. ყველა იმას ამბობდა, ცოცხალიაო, მაგრამ... ყველაფერს, წარმოვიდგენდი, ოღონდ ლევანიკოს სიკვდილს არა. კარლოს ნერვიულობაზე შაქარი დაემართა და წნევები აქვს.
– კახა კარგა ხანს ამბობდა, ცოლის მოყვანას ჯერ არ ვაპირებო და მოულოდნელად მოიყვანა. ალბათ, ესეც ერთგვარი საშუალება იყო მისთვის ამ ტრაგედიაზე ფიქრებს და მისგან გამოწვეულ დეპრესიას ცოტა ხნით მაინც გაქცეოდა.
– სულ ეუბნებოდა მამამისი, შვილიშვილს მომასწარი, ჩემს სიკვდილს ხომ არ უყურებო. ცოლი 31 წლისამ მოიყვანა. კიევის „დინამოში“ რომ წავიდა, მაშინ ამბობდა, 28 წლამდე ცოლს არ მოვიყვანო. ძალიან სათუთად ეკიდება თავის საქმეს. მთელს გულს და სულს დებს. ბავშვს, ოჯახს თავისებური ყურადღება უნდა და ფეხბურთს როცა თამაშობ, მთლიანად იმაზე ხარ გადართულიო – ამბობდა. ერთ დღესაც დარეკა და მითხრა – შეყვარებული ვარ და ცოლი მომყავსო. ძალიან კარგი, გამახარე-მეთქი. ჩამოიყვანა და გაგვაცნო. კარგი გოგოა, კარგად აღზრდილი. მის გარეგნობაზე რომ არაფერი ვთქვათ. ათი წელია სხვაობა ანუკისა და კახას შორის. უკვე პატარა ლევანიკო გვყავს. სამი თვის გახდა. ტუჩებით მამას ჰგავს, დედამისს – ფერით და თვალებით. ლოყები ლევანიკოსავით ეჩვრიტება, როცა იცინის. ორი კვირით ვიყავით ჩასულები და ძალიან გაგვიჭირდა წამოსვლა, ბავშვი გვენატრება.