ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: ჩემი ოჯახის წევრს სასჯელად შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნახვის დროს შევამჩნიე, რომ ის იყო ნაცემი. თუმცა თავიდან უარყოფდა აღნიშნულ ფაქტს, მაგრამ, შემდეგ გამომიტყდა, რომ ის სასტიკად სცემეს და სხვა უამრავ დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ ქმედებებსაც ჰქონდა მის მიმართ ადგილი ციხის თანამშრომლების მხრიდან. იგი შიშის გამო კატეგორიული წინააღმდეგია, რომ ოფიციალურად განაცხადოს ამის შესახებ. გთხოვთ, განმიმარტოთ, რა რეაგირება შეიძლება მოვახდინო აღნიშნულის შესახებ და რა დანაშაულს წარმოადგენს ციხეში პატიმრის ცემა და შეურაცხყოფა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ აღნიშნული ქმედება, თუ მართლაც მოხდა ასეთი რამ, არის მძიმე დანაშაული. „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” მესამე მუხლი პირდაპირ ადგენს, რომ „ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია”. ევროპული კონვენციის ეს მოთხოვნა ასახულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში. კერძოდ, ზემოაღნიშნული ქმედება, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდება წამებად ან არაადამიანურ მოპყრობად, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-1443-ე მუხლები. განგიმარტავთ, რომ აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებზე არ ვრცელდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადები, რაც იმას ნიშნავს, რომ წამებისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისთვის პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ დანაშაულის ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო და რა ვადებია ამ შემთხვევაში დადგენილი სისხლის სამართლის კოდექსით?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო გულისხმობს იმას, რომ პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ გავიდა: ორი წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას; ექვსი წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; თხუთმეტი წელი სამოხელეო დანაშაულებისთვის, თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ოცდახუთი წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე.
კითხვა: ხშირად მესმის პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ტერმინი, ეგრეთ წოდებული „უდო”. გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს აღნიშნული ტერმინი და ვის მიმართ ხდება ეგრეთ წოდებული „უდოს” გამოყენება?
პასუხი: ეგრეთ წოდებული „უდო” არის შემორჩენილი რუსული ტერმინი, აბრევიატურა, რომელსაც ხშირად იყენებენ ხოლმე. მისი სწორი ფორმაა „სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება”, რაც გულისხმობს, რომ ის, ვინც სასჯელს იხდის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის ან თავისუფლების შეზღუდვის სახით, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისთვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, ხოლო, თუ პირი სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით, იგი შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს, თუ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისთვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთან, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისგანაც.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ ვის მიმართ შეიძლება იქნეს გამოყენებული შეწყალება?
პასუხი: შეწყალება გამოიყენება: იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე; იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია სხვა სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და იმ სასჯელმოხდილი პირის მიმართ, რომელსაც არ აქვს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის დოკუმენტს გამოსცემს საქართველოს პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების დროს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ შეწყალების აქტი გამოიცემა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში მითითებული უნდა იყოს შეწყალებული პირის ბიოგრაფიული მონაცემები, სასამართლო განაჩენი, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზეც იქნა მსჯავრდებული, შეწყალების ღონისძიების სახე და საფუძველი. განკარგულებაში შესაძლებელია, ასევე, მითითებულ იქნეს შეწყალების ღონისძიების გამოყენების მოტივი.
კითხვა: ორი თვის წინ საქართველოს პრეზიდენტს მივმართე განცხადებით ჩემი მსჯავრდებული შვილის შეწყალების თაობაზე. განცხადების დაკმაყოფილებაზე მივიღე უარი. მაინტერესებს, მაქვს თუ არა უფლება, განმეორებით მივმართო პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით?
პასუხი: გაცნობებთ, რომ შეწყალების შუამდგომლობის (თხოვნის) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიაზე განსახილველად განმეორებითი თხოვნა შეიძლება შეტანილ იქნეს შუამდგომლობის (თხოვნის) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების დღიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, მონაწილეობს თუ არა პროკურატურა მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხის გადაწყვეტაში და აქვს თუ არა კანონიერი უფლება, მონაწილეობა მიიღოს მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, „შეწყალების გამოყენების წესის შესახებ”, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია, მონაწილეობდეს მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხის გადაწყვეტაში. კერძოდ, შეწყალების საკითხთა კომისიის გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, შეწყალების შუამდგომლობა (თხოვნა) დასკვნისათვის შეწყალების საქმის მასალებთან ერთად, შეიძლება გაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებს. აღნიშნულმა ორგანოებმა თავიანთი დასკვნები შეწყალების საკითხთა კომისიას უნდა წარუდგინონ შეწყალების საქმის მიღებიდან ორ კვირაში.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და ითვლება თუ არა ეს დანაშაულად?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ უკანონო სამეწარმეო საქმიანობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით და შესაბამისად, დანაშაულს წარმოადგენს. უკანონო სამეწარმეო საქმიანობაა: სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე, აგრეთვე, სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.