რატომ გაიპარა ქართლის ვექილად დანიშნული გივი ამილახვარი თბილისიდან ბზობის ღამეს
გვიანფეოდალური ხანის საქართველოს უდიდესი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიას, საბჭოთა ეპოქის მკვლევრები ცოტათი შეალამაზებდნენ ხოლმე, – ასე მიიჩნევს ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე, რომელიც ამ მოსაზრების დასაბუთებას სათანადო არგუმენტებით შეეცდება.
– ბატონო გელა, რით იყო განპირობებული საბჭოთა ცენზურის ქმედება სულხან-საბას მიმართ? ათეისტურ ქვეყანაში ბატონყმური ეპოქის სასულიერო პირის ცხოვრების შელამაზებას რა ედო სარჩულად?
– ჩემი თვალსაზრისის დასასაბუთებლად სულხან-საბას ბიოგრაფიის ოთხ სხვადასხვა ეპიზოდზე შევჩერდები. ესენია: 1. სულხანის დედის საგვარეულოს, რბილად ვიტყოდი, არცთუ სახარბიელო სვე-ბედი; 2. სულხანის მამის საგვარეულოს არცთუ სანაქებო რეპუტაცია; 3. სულხანის ახლო ნათესავის, ცნობილი მემატიანის, პაპუნა ორბელიანის მიერ მთელი საგვარეულოს სახელით, ერთობ საეჭვო შინაარსის წატრაბახება; 4. სულხანის ღვიძლი ძმის, ერასტის როლი ქართლის ისტორიაში.
მარქსისტულ-ლენინური მსოფლმხედველობა გენეტიკისადმი მწყრალად იყო განწყობილი. თუ რომელიმე ცნობილი პიროვნების საგვარეულოს რაღაც გარკვეული პოზიტიური ღვაწლი ჰქონდა, ამ პიროვნების დახასიათებისას, ღვაწლის შესახებ დუმილს ამჯობინებდნენ...
– სულხან-საბას დედა გახლდათ დიდი ფეოდალის, ბახტრიონის აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ზაალ არაგვის ერისთავის ასული – თამარი. რატომ ფიქრობთ, რომ არაგვის ერისთავებს არცთუ სახარბიელო სვე-ბედი ჰქონდათ?
– მეთექვსმეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე ზაალის წინაპრები ლიახვის ხეობაში მდებარე სოფელ ვანათში სახლობდნენ აზნაურის წოდებით. სვიმონ პირველის მეფობაში, აქაური ციხის მპყრობელი უკუდგა. მეფის ბრძანებით, ზაალის წინაპარმა შეტყუებით აიღო ციხე, რასაც სვიმონის მხრიდან მამულების წყალობა მოჰყვა ჯილდოდ. მოგვიანებით, სვიმონის ყიზილბაშთა ტყვეობაში ყოფნისას, ციხის ამღებმა ქსნის ერისთავთა დახმარებით, ამოწყვიტა თექთურმანიძე, ჭარმეული და მათ მფლობელობაში არსებულ ბაზალეთს დაეუფლა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ხარჭისგან ნაშობმა მისმავე ვაჟმა, თავისი ძმები ერთიანად გაჟლიტა. ცოცხლად გადარჩენილმა ნათესავებმა, მცირეწლოვანი ნუგზარის (ზაალის მამის) გარიდება მოახერხეს. როცა ნუგზარი წამოიზარდა, მკვლელები დაიქირავა, რომლებმაც ბიძამისი მოკლეს და ბაზალეთი ახლა მას დარჩა. უფრო გვიან, მანვე მთიულეთიც დაიმორჩილა.
ერთი სიტყვით, არაგვის ერისთავთა რანგში, ვანათელ სიდამონიძეთა – ასე ჟღერდა მათი ფუძე-გვარი – ლეგიტიმაცია სვიმონის მეფობაში დამყარდა. მაგრამ, მათდა სავალალოდ, მათი ერისთავობა ფეხბედნიერი არ ყოფილა – 1743 წლამდე, სულ რამდენიმე ერისთავი გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით – უმრავლესობა ხმლის წერა გახდა!
თავად ნუგზარი სიბერით აღესრულა, მაგრამ, მისი ექვსი ვაჟიდან მხოლოდ რევაზი დაბერდა, ისიც, ალბათ, იმიტომ, რომ ერისთავობა ძალიან გვიან ერგო...
უფროსი ვაჟი, ბაინდური, რომელსაც ვახუშტი ბაადურად მოიხსენიებს, საკუთარი ცოლის ავხორცობის მსხვერპლი უფრო იყო, ვიდრე საზვერელ ჩიჯავაძისა. საზვერელმა „ტრფიალის” დასტურით გამოუყვანა წირვა სულხანის დედის უფროს ბიძას.
– კი მაგრამ, ბაინდური თუ ბაადური, გიორგი სააკაძის ცოლის ძმა არ არის? ნუთუ, საზვერელს, ერისთავებისა თუ არა, დიდი მოურავისა მაინც არ შეეშინდა?
– სიყვარული ადამიანს ზედმეტად ათამამებს... ღვიძლი ძმის სისხლი ზურაბმა მოიკითხა და საზვერელს თავი მოჰკვეთა, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, მისივე გაძევებული რომ არ ყოფილიყო შეიძლება, ბაადური არც გამხდარიყო ჩიჯავაძის მსხვერპლი.
– ქვრივს რა ბედი ეწია?
– ბაადურის ქვრივი ამ საქმიდან მშრალად გამოვიდა. ძალიანაც უნდოდა ზურაბს თავისი რძლის დასჯა, მაგრამ, ეს უკანასკნელი მიუვალ ციხეში დაბანაკდა და ზურაბმა ვერაფერი ავნო.
ვახუშტი იძლევა ცნობას, რომ წინა ღამით ამ ქალბატონმა ავის მომასწავებელი სიზმარი ნახა: თითქოს საზვერელი მოკლეს, თავად კი დაატყვევეს. სიზმრის შესახებ თავის კუროს მოახსენა, მაგრამ, მან „არა უსმინა”... ქალმა კი ციხე გაამაგრა და თავიც გადაირჩინა.
თვითონ ზურაბი თეიმურაზ პირველმა მოაკვლევინა. საბაბად ის გამოიყენა – ჩემი ცოლის ბიძაშვილი, სვიმონ მეორე არ უნდა მოეკლაო... ეს არგუმენტი როსტომ მეფემ სარწმუნოდ არ მიიღო. თავის მხრივ, როსტომმაც გაისვარა ხელი ნუგზარის ერთ-ერთი ვაჟის, დათუნას სიკვდილში; აი, თამარის მამა, ზაალი კი, როსტომის შვილობილმა, ვახტანგ მეხუთემ მოაკვლევინა თავისავე ძმისშვილებს, რომლებიც, ამავე დროს, თავად ვახტანგის დისშვილები იყვნენ...
თეიმურაზმა და მისმა სიძემ, ზურაბმა, მეჩვიდმეტე საუკუნის ოციანი წლების მიწურულს, თამარის კიდევ ერთ ბიძას – გიორგის, თვალები დასთხარეს...
– სწორედ ამ გიორგის შვილებმა არ დაიდეს თავიანთი ბიძის ცოდვა კისერზე?
– სწორედ მათ: ოთარმა, ედიშერმა, იასონმა, პაპუნამ და დათუნამ... მოგვიანებით, არც მკვლელებს ერგოთ ია-ვარდით მოფენილი გზა და არც მათ შთამომავლებს: იასონი გიორგი მეთერთმეტემ თოკით მოახრჩობინა, როცა ეს უკანასკნელი ისეთ საქმეზე იყო გამოსული სახლიდან, მეფენიც რომ თავისი ფეხით მიდიან... გიორგი ერისთავს საკუთარმა ქალიშვილის ქმარმა – მეფე ბაქარმა გააგდებინა თავი; უთრუთ ერისთავმა უპატიებელი იკადრა და შანშე ქსნის ერისთავმა გამოწვა ცეცხლში თავის სახლიკაცებთან და მათ ოჯახებთან ერთად; ბეჟან ერისთავი ყმა-აზნაურებმა გაისტუმრეს იმქვეყნად...
– ახლა, მეორე ეპიზოდზე გადავიდეთ. რატომ მიგაჩნიათ, რომ ყაფლანიშვილ-ორბელიანები სანაქებო რეპუტაციით არ გამოირჩეოდნენ?
– გვარის დამდები, ყაფლან ბარათაშვილი, მარაბდის ბრძოლაში მონაწილეობდა... სპარსელების მხარეს. იგი სულხანის პაპა გახლდათ და, სულხანის მამის – ვახტანგის გარდა, კიდევ ხუთი ვაჟის პატრონი. მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა, მეწინავე სადროშოს სარდალმა თამაზ ყაფლანიშვილმა, თავის დისშვილს, ქართლის მეფეს, გიორგი მეთერთმეტეს უღალატა...
– როგორც ცნობილია, მაშინ მან საკუთარი ქალიშვილის ქმარი – გიორგი არაგვის ერისთავი ვერ გაიმეტა სასიკვდილოდ...
– სიმამრისგან დანდობილი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სიძემ – ბაქარმა არ დაინდო. კახეთის მეფისგან, კონსტანტინე მეორესაგან დამარცხებული ბაქარი სიმამრს დახმარების მიღების იმედით მიადგა, მან კი, დახმარება კი არა, ცხენიც ვერ გაიმეტა მისთვის...
– მთელი საგვარეულოს სახელით, მაინც, რა წაიტრაბახა პაპუნა ორბელიანმა?
– 1742 წელს, აპრილში, ბზობის ღამეს, გივი ამილახვარი, რომელიც ნადირშაჰისგან ქართლის ვექილად იყო დანიშნული, თბილისიდან გაიპარა. მან ციხეები გაამაგრა და მორჩილებაზე უარი განაცხადა.
ამილახორს ცოლად ჰყავდა სულხან-საბას ძმის, ვახუშტი ყაფლანიშვილის ასული ბანგუა (ვახუშტიც და სულხანიც ამ დროს გარდაცვლილები არიან). ამ ბანგუას ძმები – ელიზბარი და ვახტანგი, აგრეთვე, ბიძაშვილები – გიორგი და სულხანიც აიყარნენ და საცხოვრებელი მიატოვეს, რათა რაჭაში გახიზნულიყვნენ მოყვრებთან.
– როგორც გავიგე, თქვენ იმაზე ამახვილებთ ყურადღებას – რა სატრაბახოა, მტრის ორგული თუ არ ხარ და მისთვის არასოდეს გიღალატია, ხომ ასეა?
– რასაკვირველია. „ხელმწიფე” – ასე მოიხსენიებდნენ ფეოდალურ ხანაში ქართველები სპარსეთის შაჰს. თავიანთ მეფეებს კი „ბატონს” უწოდებდნენ.
– და თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ტრაბახით ორბელიან-ყაფლანიშვილთა საგვარეულო დაკნინებულია?
– პაპუნამ კი არ წაიტრაბახა, რეალური ვითარება გადმოსცა. თუ გადავხედავთ ამ გვარის წარმომადგენელთა საქმიანობას, დავინახავთ, რომ სპარსეთის ინტერესებს მართლაც ერთგულად ემსახურებოდნენ! ერთ პიროვნებასაც ვერ იპოვით (სულხან-საბას გარდა), რომელიც მათ (მტრებს) რამეში ეწინააღმდეგებოდა.
რაც შეეხება ერასტის, იგი ორ ფრონტზე „იბრძოდა” – სპარსელებსაც თანაუგრძნობდა და ოსმალებსაც!
– თქვენ ამჯერად, ალბათ, იმის შეხსენება გინდათ, რომ ერასტი და მისი სიძე – ღვიძლი ქალიშვილის, მარიამის ქმარი, მეფე იასე, როგორ მოღალატურად მოიქცნენ ზედაველას მინდორზე 1724 წელს გამართული ბრძოლისას.
– მათ გვერდით იბრძოდა იასეს ქვისლი და ერასტის კიდევ ერთი სიძე, ზემოთნახსენები გივი ამილახვარიც...
– გვერდით, თუ წინააღმდეგ? ბევრ მკვლევარს მიაჩნია, რომ გივი ამილახვარი კახთა მხარეს იბრძოდა.
– მკვლევარმა-თურქოლოგმა მიხეილ სვანიძემ კი, კარგა ხანია, დაასაბუთა, რომ გივის არც ქვისლისთვის უღალატია და არც სიმამრისთვის! მხოლოდ მოგვიანებით გაახსენდა სამშობლო, როცა ჯერ იასე (1727 წელი) გარდაიცვალა, შემდეგ კი ერასტი (1731 წელი) და ბევრისთვის იგი ეროვნული დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ იქცა!
– მაინც, ვისთვის?
– თუნდაც, 1832 წლის შეთქმულების მონაწილეთათვის. როდესაც ყაფლანიშვილთა შთამომავალმა გრიგოლმა 1831 წელს კონდრატე რილეევის ლექსი „ნალივაიკოს აღსარება” თარგმნა, უფრო სწორად – გადმოაქართულა, დედნისეული სათაურის ნაცვლად, სხვა დასათაურება არჩია – „გივი ამილახვრის აღსარება”.
აქვე უნდა გავიხსენოთ „ჯაყოს ხიზნები”, სადაც მარგოს გვარი საეჭვოდაა ყაფლანიშვილი!
– რატომ – საეჭვოდ?
– სხვა პერსონაჟებს გამოგონილი გვარები აქვთ – ხევისთავი, ჯივაშვილი, დევდარიშვილი...
– სულხან-საბა თავის „კარგ” ძმებთან და ბიძაშვილებთან ერთად, ვახტანგ მეექვსის ამალას გაჰყვა რუსეთში 1724 წლის ზაფხულში. სულხანი როგორ გააკონტროლებდა ქართლში დარჩენილ ერასტის, რომელმაც სამშობლოს იმავე წლის შემოდგომაზე უღალატა ატენის ომში?
– ერასტი გაცილებით ადრეც გარეწარი გახლდათ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თავისი 14 წლის ქალიშვილი 90 წლის ქაიხოსრო ამირეჯიბს მიათხოვა. ბარემ იმასაც გავიხსენებ, რომ ცნობილი ლექსი – „სამშობლო ხევსურისა”, სწორედ არაგვის ერისთავთა შთამომავალს, რაფიელს ეკუთვნის.