კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოქმედებს მოძალადე ქმრებზე გამომაფხიზლებლად პოლიციელის დანახვა და რა ჯადოსნური ფრაზა უნდა გამოიყენონ ქალებმა აბეზარი და უზრდელი მამაკაცების მყისიერად გამოსასწორებლად

გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ რუსუდან კერვალიშვილმა, რაკი გადაწყვიტა, ოჯახურ ძალადობას ნულოვანი ტოლერანტობა გამოუცხადოს, საკანონმდებლო ინიციატივა წამოაყენა. კერძოდ, ცვლილებები უნდა შევიდეს ოჯახური ძალადობის შესახებ კანონში (კანონი 2006 წელსაა მიღებული და იმ სხდომაზე პარლამენტარი მამაკაცები, თუმცაღა იძულებულნი იყვნენ, კანონისთვის მხარი დაეჭირათ, საკმაოდ ირონიულ კომენტარებს აკეთებდნენ, იმდენადაც, რომ ტრიბუნასთან მდგარი მომხსენებელი, მათი კოლეგა ქალბატონი რამდენჯერმე გააწითლეს კიდეც). ცვლილებები შემდეგნაირია: ოჯახის წევრის სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ზეწოლა დაისაჯოს: ჯარიმით დაწყებული და 20 წლამდე პატიმრობით დამთავრებული. ჯერჯერობით უცნობია, კუნთმაგარ ქმარს თუ კუნთმაგარ ცოლს კონკრეტულად რომელი ქმედებისთვის მიესჯება 20 წლამდე ვადით პატიმრობა, თუმცა ფსიქოლოგები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სარეაბილიტაციო პროგრამების ამოქმედების გარეშე ოჯახური მოძალადის მკაცრად დასჯა არანაირ შედეგს არ მოიტანს. რაკი ჩვენს სამშობლოში, ძირითადად, ქმრები ჩაგრავენ ცოლებს (თუმცა კანონი, ბუნებრივია, ქმრების მჩაგვრელ ცოლებზეც ვრცელდება), ნინო ციხისთავთან ერთად შევეცდებით იმის გარკვევას, ეს ინიციატივა, მართლაც, ქალის მიმართ ძალადობის აღმოფხვრას ემსახურება თუ ჯარიმებით შემოსავლის მორიგი წყაროს გაჩენას.

 

– რამდენად ადეკვატურად და დროულად მიგაჩნიათ ეს საკანონმდებლო ცვლილება?

– ცვლილება კანონში, ოჯახური ძალადობის აღკვეთის შესახებ, აუცილებელია. ამ კანონის მიღებას პარლამენტი იმთავითვე ეწინააღმდეგებოდა და ოღონდ პარლამენტს რამე სახით მიეღო ის, იმდენად დავარცხნეს, რომ პირველადი ვარიანტისგან, რომლის შემუშავებაშიც ქალთა უამრავი ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას, თითქმის არაფერი დარჩა. მივიღეთ კიდევ ერთი კასტრირებული კანონი, მსგავსად  იმ სხვა კანონებისა, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვისა და თანასწორობის საკითხებს ეხება. ამდენად, მეც მათ რიცხვში ვარ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ კანონში ბევრი ცვლილებაა შესატანი, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ კვაზი კანონია, არც ის მუშაობს, რაც არის. მაგალითად, საერთოდ არ მუშაობს თავი, რომელიც ეხება ოჯახური ძალადობის პრევენციას. ერთადერთი მუშაობს ის, რომ, როდესაც შედის შეტყობინება შესაბამის ძალოვან სტრუქტურაში, ამას რეაგირება მოჰყვება ხოლმე, მაგრამ კანონი არაფერს ამბობს იმ შემთხვევებზე, როდესაც ინფორმაცია ვერ აღწევს სათანადო ორგანოებამდე.

– რა შეიძლება, იყოს ოჯახური ძალადობის პრევენცია?

– პრევენციის უამრავი მიდგომაა და თვითონ კანონშია ჩამოყალიბებული. ისინი შემუშავებულია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ასევე, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების სარეკომენდაციო პაკეტი. სხვათა შორის, არის სახალხო  დამცველის რეკომენდაციებიც. ერთი სიტყვით, არაფრის გამოგონება არ გვჭირდება, ეს ყველაფერი უკვე არსებობს.

– კონკრეტულად, როგორ გადავაჩვიოთ ქმრები ცოლების ცემის მავნე ჩვევას?

– ერთ-ერთი საპრევენციო საშუალებაა ინფორმაციის გავრცელება. დღეს საქართველოში არ იციან, რომ ძალადობა არ არის ოჯახის შიდა საქმე და ასეთი ქმედება ისჯება. ისევ ცვლილებებს დავუბრუნდები და პრევენციის საშუალებებზე მოგვიანებით ვისაუბრებ. პირადად მე, ვერ ვამართლებ ისეთ ცვლილებას, რომელიც, არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, ისეთი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, სადაც ჯერ კიდევ სჯერათ, რომ სასჯელის გამკაცრება ამცირებს სასჯელს. ასეთი მიდგომა ტიპურია ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც განვითარების უფრო დაბალ დონეზე არიან, სადაც ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფულია, მაღალია უმუშევრობა. მე არ ვიცი, რა მანქანებით განხორციელდა ეს ცვლილებები, არის თუ არა გაეროს პროექტი, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ არის, რადგან გაეროს კონკრეტულ რეკომენდაციებს აწვდის საპარლამენტო საბჭოს. ზოგადად, მე არ მივესალმები სასჯელის გამკაცრებას არც ერთ დანაშაულთან მიმართებაში.

– ჩვენი ყოფისთვის აშკარადაა დამახასიათებელი სუსტის დაჩაგვრის ტენდენცია. რა არის ცუდი იმაში, თუ ეცოდინებათ, რომ 20-წლიანი ციხე ელით, თუკი ცოლს სცემენ?

– მე მინდა, ამ საკითხს სახელმწიფოებრივად შევხედოთ, იმიტომ რომ ეს სახელმწიფოებრივი საკითხია.

– ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენც არაერთხელ გითქვამთ, როგორც კი პოლიციელი შედის ოჯახში, ვითომ უგონოდ მყოფი მთვრალი ქმარი უცბად ხდება ძალიან ხავერდოვანი?

– მესმის, მაგრამ, თუ სახელმწიფოებრივად შევხედავთ, დავთვალოთ, თუნდაც, მატერიალურად, რა უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს, რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა იმ ადამიანისთვის, რომელმაც მეუღლეს შეაგინა თუ პრევენცია?! მეორე მხრივ, რა უფრო ჰუმანური და წარმატებული გზაა სახელმწიფოსთვის: პრევენცია გაატაროს და დაიცვას ოჯახი ძალადობისგან თუ ძალადობის ფაქტზე ირეაგიროს?! მხოლოდ ციხით მუქარა არ მეჩვენება მისაღებ ფორმად ჩემი ქვეყნისთვის. განვიხილოთ ავსტრიის მაგალითი: თუ პირი შემჩნეულია ოჯახურ ძალადობაში, თუ არსებობს ამის ჩანაწერი, პოლიციელის გამოძახების ფაქტი ან სხვა ირიბი ინფორმაცია, რომელსაც, ასევე, აგროვებენ, შესაბამისი სტრუქტურები, მას მნიშვნელოვანი კარიერული წინაღობა ექმნება ამის გამო. არსებობს ცივილიზებული ქვეყნების უამრავი სხვა არანაკლებ კარგი გამოცდილება, მაგალითად, როდესაც ძალადობაში შემჩნეულ ადამიანს ბანკები უზღუდავენ სესხებს და ასე შემდეგ.

– ანუ დასავლეთი წავიდა იმ მიმართულებით, რომ მოძალადეს შეუზღუდა სამოქალაქო უფლებები?

– იქ ადამიანის პროფილს აყალიბებს ის, არის თუ არა მოძალადე ოჯახში და ეს არ ნიშნავს მხოლოდ ადამიანის გისოსებს მიღმა მოთავსებას. ჩვენ უკვე გვაქვს ახალი პირადობის მოწმობები, რომლებზეც ადამიანის შესახებ მთელი ინფორმაციაა თავმოყრილი. შესაძლებელია იმ ინფორმაციის დამატებაც, არის თუ არა ადამიანი შემჩნეული ოჯახურ ძალადობაში. არ ვიცი, რამდენად კარგად აგიხსენით, მაგრამ ძალადობაზე ძალადობის პასუხით ვერასდროს შევაჩერებთ ვერც ერთ ძალდობას. მეტიც, ისეთი ტრადიციების მქონე ქვეყნებში, როგორიც ჩვენია, სადაც ქალთა ემანსიპაციისა და თანასწორობის საკითხი ისედაც ჭრიალით მიდის წინ და ბევრი კითხვის ნიშანია არათუ ხელისუფლებაში, თვითონ საზოგადოებაში, ქალის შეურაცხყოფისთვის მამაკაცებისთვის სასჯელის გამკაცრებამ შეიძლება, გამოიწვიოს ირონია და შექმნას უფრო მეტი ბარიერი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი დანაშაული უნდა დაისაჯოს, მაგრამ სასჯელის გაზრდით დანაშაული არ მცირდება. იმისთვის, რომ სწორად გაიგოს მკითხველმა ჩვენი მოსაზრება, გაგახსენებთ შემთხვევას, როდესაც ჩვენმა პარლამენტმა რამდენიმე წლის წინათ დიდი ჟრიამულით მიიღო გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც, ორი წლით გაიზარდა სასჯელი გაუპატიურებისთვის.

– საერთო ჯამში, რამდენწლიანია ეს სასჯელი?

– 5-დან 7 წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ ორი წლით გაზარდეს, ვერავინ მეტყვის, რომ დღეს გაუპატიურების უფრო ნაკლები შემთხვევა გვაქვს, ვიდრე სასჯელის გამკაცრებამდე გვქონდა. იმის გამო, რომ გაიზარდა სასჯელი, ვინმემ გამოიძია, ომის დროს მომხდარი გაუპატიურების შემთხვევები?! ეს მოწმობს, რომ სასჯელის გაზრდით დანაშაული არ მცირდება და კიდევ უამრავი სხვა მაგალითის მოყვანაც შეიძლება. ჩვენი პოზიცია ასეთია, ჩვენს ვამბობ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ჩვენნაირად, სამართალი მიმართული უნდა იყოს ჰუმანიზმისკენ –  არა სასჯელის გაზრდისკენ, არამედ პრევენციისკენ, რაც ჩემი სახელმწიფოსა და მთავრობის ვალდებულებაა. მთავრობაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ დანაშაულის პრევენცია მოახდინოს სხვა მექანიზმებით და არ იყოს ორიენტირებული მხოლოდ სასჯელის გაზრდაზე.

– ოჯახური ძალადობის დასჯის ფორმად ჯარიმის დაწესებაც ძალიან საკამათოა: რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას. ქალი დაფიქრდება, რა უფრო უღირს: არ აიტანოს ცემა და დამცირება თუ ოჯახი არ დააზარალოს მატერიალურად. ქმრის მიერ გადახდილი ჯარიმა ხომ ოჯახის ბიუჯეტიდან დაიხარჯება? ანუ პირიქით, ეს ნორმა ხომ არ შეუმცირებს ცოლებს მოძალადე ქმრების მხილების ისედაც სუსტ სურვილს? 

– მე შემიძლია, გითხრათ, რომ ამით ოჯახური ძალადობა არ აღიკვეთება. შესაძლოა, ოჯახის წევრმა, არ აქვს მნიშვნელობა, ცოლია თუ ქმარი, დამალოს ძალადობა სწორედ იმიტომ, რომ მატერიალური ზიანი არ მიაყენოს ოჯახს. შეეცდებიან, დაელოდონ აფექტური მდგომარეობის ჩაცხრომას და, როგორც კი ამაში გონება ჩაერთვება, გაჩნდება მცდელობა, არ გაახმაურონ ძალადობის ფაქტი, არ გამოიძახონ პოლიცია და ძალადობა კიდევ უფრო ჩაიკეტება, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, მოსახლეობას უჭირს და მაღალია უმუშევრობის დონე. მე მინდა, მოგიყვანოთ ერთი მაგალითი, რომელიც პროსტიტუციას ეხება. მსოფლიოში პირველად შვედეთმა შეცვალა თავისი კანონმდებლობა, პირველმა გააკეთა ახალი დანაშაულის ოფიციალური დეფინიცია და პროსტიტუტი ქალი კი არ დასაჯა, არამედ –  ბაზრის მომხმარებელი. ჩათვალა, რომ ის, რასაც ქალი სთავაზობს ბაზარს, არის პროდუქცია და, თუ მყიდველი დაისჯება, მაშინ ეს პროდუქციაც აღარ იქნება საჭირო და აღარავინ დაადგება ამ გზას. ძალიან დიდი ჯარიმები დააკისრეს ბაზრის მომხმარებლებს ექვს თვემდე თავისუფლების აღკვეთის ჩათვლითაც. სამართლის დარგის ექსპერტების ძალიან დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა ამ კანონმა და ძალიან კარგ შედეგებსაც ელოდნენ, თუმცა, როგორც კი რეალური გახდა მატერიალური ზარალი და ექვს თვემდე თავისუფლების აღკვეთა, ჩემმა შვედმა კოლეგებმა მითხრეს, რომ ამ პროცესმა გადაინაცვლა ელექტრონულ სივრცეში. ანუ უკვე ქუჩაში კი აღარ ეძებდნენ ერთმანეთს, არამედ ინტერნეტით. ეს პროცესი მაინც გაგრძელდა და დღესაც გრძელდება, უბრალოდ თვალში საცემი აღარ არის. ვშიშობ, რომ საქართველოშიც ამ ცვლილებებით, ასევე, გადაიფარება ოჯახური ძალადობა. ამ პრობლემას გადაეფარება მუქი საბურველი და საზოგადოებას აღარ ეცოდინება, იზრდება თუ მცირდება ოჯახური ძალადობა, რა ტენდენციებია, რაც გამოიწვევს ამ პრობლემის დამძიმებას, მაგრამ ინფორმაცია ჩვენთვის ხელმიუწვდომელი გახდება.

– თქვით, რომ ისედაც ნელა მიდის ქალთა უფლებების აღიარების პროცესი და ამ ცვლილებებმა შესაძლოა, ირონიაც კი გამოიწვიოს ქალების მიმართო, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ აბეზარი და უზრდელი ადამიანები ადეკვატურად აღიქვამენ ჯადოსნურ ფრაზას: ახლავე პატრულს გამოვუძახებ! პრობლემა გვაქვს –  რატომ ვითხოვთ ჩვენივე ქცევით ძალისმიერ სასჯელებს?

– პოლიციის გამოძახება არ ნიშნავს, რომ პოლიცია დააკავებს ვინმეს. პოლიციელს, უპირველესად, ევალება გაუგებრობის დროს მხარეების დაშორიშორება და იმის გარკვევა, რა მოხდა. მან დაცვის გარანტიები უნდა შესთავაზოს მოქალაქეს, რომელიც თავს დაუცველად გრძნობს. ის, რაც თქვენ თქვით, ხდება ქუჩაში, მაგრამ ოჯახში, როგორც კი დადგება არჩევანი, რომ რომელიმე შეურაცხყოფილმა მხარემ, სულერთია ქალმა თუ კაცმა, ჯარიმა უნდა გადაიხადოს, ფულის ამოღება კი, ვიცი, როგორ უყვარს ხელისუფლებას, ის დაფიქრდება, უღირს იმ თანხის ჯარიმაში გადახდა, რომელიც ბავშვის განათლებისთვის ან მის გამოსაკვებად აქვს გამიზნული?! ამიტომ ის გაჩუმდება და აღარ მისცემს ინფორმაციას პოლიციას. ხომ გესმით, რას ვამბობ?!

– რა თქმა უნდა.

– აი, ამაზეა ლაპარაკი: ეს ძალიან გაართულებს აღრიცხვიანობას, სტატისტიკა კი ის საფუძველია, რაზეც უნდა აეგოს სახელმწიფო პოლიტიკა, ღონისძიებები და ასე შემდეგ. აი, ესაა პრობლემა, ჩვენ კი სწორედ იქითკენ მივდივართ, რომ გაჩნდეს შემოვლითი გზები, რაც რეალურად ისევ და ისევ პოტენციალურ მსხვერპლს დააზარალებს.

– როგორ ფიქრობთ, ოცდამეერთე საუკუნეში რატომ გახდა ჩვენთვის პრობლემა იმის გაგება, რომ კაცი არ არის განსაკუთრებული არსება, რომ ადამიანები თანასწორნი არიან, მათ შორის, მიუხედავად სქესისა?

– ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, უბრალოდ ჩვენთან ამ ბოლო დროს, რასაც მე აშკარად ვხედავ, ძალიან გაიზარდა აგრესიის დონე. ეს ყველგან იგრძნობა და ამას აქვს თავისი მეცნიერული საფუძვლებიც. ცნობილია, რას ეყრდნობა აგრესია, როგორ იზრდება და სხვა. მარტივად რომ ვთქვა, კარგა ხანია, ეს ფრუსტრირების, იმედგაცრუების პროცესი, განსაკუთრებით ომის შემდეგ, გადაიზარდა აგრესიაში. ცხოვრება ძვირდება, ხელფასები მცირდება, სამუშაო ადგილები არ ჩანს.

– და საჭიროა განტევების ვაცი, ასეთად კი იდეალური ფიზიკურად სუსტი, ანუ ქალია?

– სადღაც უნდა ამოუშვან ეს აგრესია, ტრადიციულად ასე ხდება: ან უნდა დალიონ და შემდეგ ერთმანეთს დაერიონ, ან სახლში, სუსტი ვინც მოხვდება, იმას უყვირონ. სხვათა შორის, თავის დროზე, თოქ-შოუს შექმნის ერთ-ერთი ფუნქციაც ის იყო, რომ საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებულ მხარეებს ბოლი გამოეშვათ. ანუ მედიაც ერთ-ერთი კომპონენტია ამ პრობლემის გადაჭრაში. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ამის ერთად ამუშავებას ჰქვია პრევენცია, დემოკრატიისკენ სვლა და ნორმალური საზოგადოების აშენება. ის, რომ მე მუშტს დაგიქნევ და შენ გაჩუმდები, შედეგს არ მოგვიტანს.

 

 

скачать dle 11.3