რა უნდა იცოდეს სახელმწიფოს მიერ დაზღვეულმა 900 000-მა უმწეომ, რომ ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ვაუჩერით
სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშითაც დასტურდება, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვა დიდი ფუფუნებაა. სახალხო დამცველის მტკიცებით, ბოლო წლებში ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების წილი კიდევ უფრო შემცირდა. ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხა მთელი ამ ჩვენი გაზრდილი ბიუჯეტის მხოლოდ 2,8 პროცენტს შეადგენს, მაშინ, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებისთვის იგივე მაჩვენებელი, საშუალოდ, 14-15 პროცენტია (უფრო მეტიც, ამ მაჩვენებლით, საქართველო არა მხოლოდ ევროპის, დსთ-ის ქვეყნებს შორისაც კი ბოლო ადგილზეა). არანაკლებ საინტერესოა მეორე პარალელიც: საქართველოში ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებაში სახელმწიფო წილი 30 პროცენტს არ აღემატება, ევროკავშირის ქვეყნებისთვის კი იგივე მაჩვენებელი 75-80 პროცენტია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში უმწეო მოსახლეობა 25,3 პროცენტია, რაც ციფრებში მილიონ 100 ათასზე მეტ ადამიანს ნიშნავს. უმწეოთა პროგრამაში კი მხოლოდ 700 000 ბენეფიციარია (ანუ, ოფიციალური მონაცემებითაც კი, 400 000 უმწეო ადამიანის ჯანმრთელობა და, შესაბამისად, სიცოცხლე სრულიად დაუცველია). გამოიკვეთა აშკარა ტენდენცია, რომ ავადმყოფობა საქართველოში ოჯახების გაღარიბების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
სადაზღვევო სექტორის განვითარების გარეშე მოსახლეობის ჯანდაცვა, ფაქტობრივად, გამორიცხულია. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ინფორმაციით, ქართული სადაზღვევო ბაზრის წილი დაზღვევის სახეობების მიხედვით შემდეგნაირადაა გადანაწილებული: ყველაზე დიდი მოთხოვნა ჯანმრთელობის დაზღვევაზეა და მისი წილი მთლიან სადაზღვევო სისტემაში 73,18 პროცენტია, შემდეგ ადგილზეა ქონების დაზღვევა (9 პროცენტი), მას მოსდევს მანქანის დაზღვევა (6,39 პროცენტი) და ასე შემდეგ. საერთო ჯამში, საქართველოში მილიონ-ნახევარი მოქალაქეა დაზღვეული. როგორც მოგახსენეთ, მილიონ 100 ათასი – სამთავრობო პროგრამებით, მათგან 900 000 სოციალურად დაუცველია, 100 000 მასწავლებელი, ხოლო დანარჩენებს თბილისის მუნიციპალური პროგრამა აზღვევს. 400 000 მოქალაქე დაზღვეულია საკუთარი ხარჯით, ინდივიდუალურად ან კორპორატიულად.
თუ გავითვალისწინებთ, რომ სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ჩვენს ქვეყანაში ოთხ-ნახევარი მილიონი ადამიანია (თუმცა დემოგრაფების გათვლებით, რეალური რაოდენობა ამაზე 500-700 ათასით ნაკლებია), გამოდის, რომ ჩვენს ქვეყანაში 3 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობა არ არის დაზღვეული, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მათთვის სამედიცინო მომსახურება ოცნების სფეროა.
ამის პარალელურად, პრობლემაა, ახერხებს თუ არა სახელმწიფოს ხარჯით დაზღვეული 900 000 ჩვენი უმწეო თანამოქალაქე სადაზღვევო პოლისებით სარგებლობას. ხშირად ისინი ვერ ახერხებენ მათთვის განკუთვნილი სამედიცინო მომსახურების მიღებას სხვადასხვა მიზეზით: არაინფორმირებულობის, სამედიცინო დაწესებულების თუ სადაზღვევო კომპანიის არაკეთილსინდისიერების გამო. იმ მიზეზით, რომ კანონითაა გაწერილი, რა სამედიცინო მომსახურებებს ითვალისწინებს უმწეოთა ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი, გთავაზობთ იმ მომსახურებათა ჩამონათვალს, რომლებიც უნდა მოითხოვონ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფმა დაზღვეულმა მოსახლეობამ:
ამბულატორიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება – ოჯახის ექიმის ან უბნის ექიმის მიერ მიწოდებული მომსახურება; სპეციალისტების მიერ მიწოდებული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება; ოჯახის ექიმის, უბნის ექიმის, ექთნის მომსახურება ბინაზე საჭიროების შემთხვევაში;
ექიმის დანიშნულებით ელექტროკარდიოგრაფიული, ექოსკოპიური და რენდგენოლოგიური გამოკვლევები, გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები;
ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი და კრეატინი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, ორსულობის ტესტი, ჰემოგლობინი, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა; ამბულატორიულ დონეზე ყველა სახის სამედიცინო ცნობისა და რეცეპტის გაცემა;
სტაციონარული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება – მათ შორის გართულებულ ორსულობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია; გეგმური ქირურგიული ოპერაციები, სადაზღვევო წლიური ლიმიტი – 15 000 ლარი;
ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯები; სადაზღვევო წლიური ლიმიტი – 12 000 ლარი;
მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები – 400 ლარი.
როგორ არის გადაწყვეტილი ცივილიზებულ ქვეყნებში მოქალაქეთა სამედიცინო დაზღვევის საკითხი, როგორ უნდა მოიქცეს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი დაზღვეული მოსახლეობა, რომ მათთვის კანონით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურება მიიღონ (იმედია, რომ დაზღვეული პედაგოგები როგორმე თავად მოახერხებენ, დაიცვან საკუთარი სადაზღვევო უფლებები) და, საერთოდაც, რა პერსპექტივა აქვს მოცემულ პირობებში ჩვენს ჯანმრთელობას, საკითხს ვიქტორ დოლიძესთან ერთად განვიხილავთ.
– მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აფინანსებს მოსახლეობის გარკვეული სეგმენტის სამედიცინო დაზღვევას, მაინც პრობლემებია. რა არის ამის მიზეზი?
– არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენთან არ არსებობს აწყობილი სოციალური სისტემა და ეს არასისტემური მიდგომა დიდ პრობლემას უქმნის როგორც ჯანდაცვას, ისე სოციალურ სფეროს. ძალიან ფრაგმენტულია ეს რეფორმები. მეტიც, მე ამას რეფორმას ვერც დავარქმევდი. სადაზღვევო კომპანიები დაავალდებულეს, აეშენებინათ საავადმყოფოები და ახლა უკვე კერძო კომპანიების ხელშია: სადაზღვევო სისტემაც, ჰოსპიტალური და ფარმაცევტული სექტორები. ამ ჯაჭვს აკლია მხოლოდ დამკრძალავი სამსახური „ჰერმესი“ და, თუ ამასაც დაამატებენ, ადამიანი დაბადებიდან გარდაცვალებამდე, ფაქტობრივად, ამ კერძო კომპანიების ხელში იქნება. ისე არ გაიგოთ, თითქოს ჩვენ ბაზარზე კერძო კომპანიების ოპერირების წინააღმდეგი ვიყოთ, მაგრამ წარმოუდგენელია, არ არსებობდეს სახელმწიფო ჯანდაცვისა და სადაზღვევო სისტემები, მათ შორის, მუნიციპალური, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თუკი ვამბობთ, რომ ევროპისკენ მივდივართ, ევროპის მოდელი მოიცავს როგორც სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას, ისე სახელმწიფო ჯანდაცვის სექტორის არსებობას, როგორც ინდივიდუალურს და არასავალდებულოს. დღეს ჩვენთან ამგვარი რამ არ არსებობს.
– ძალიან დიდი პრობლემაა, რომ დაზღვეული უმწეო მოსახლეობა ვერ იყენებს სახელმწიფოს მიერ მათთვის შესყიდულ პოლისებს, არადა მათ ყიდულობენ ჩვენი, გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდილი თანხიდან?
– ხელისუფლება სადაზღვევო პოლისების ბითუმად შესასყიდად გამოყოფს ასობით მილიონ ლარს. 2008-2010 წლების განმავლობაში ხელისუფლების მიერ სადაზღვევო პოლისების ბითუმად შესასყიდად გამოყოფილია 340 მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 150 მილიონი ლარი მივიდა ბენეფიციარებამდე. ეს არ არის ჩემი გათვლები, ეს არის კონტროლის პალატის მონაცემები, მაგრამ, რატომღაც, ნათია მოგელაძეს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. აი, ასეთ სისტემასთან გვაქვს საქმე და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ პირობებში ადამიანმა თავისი სადაზღვევო მოთხოვნები დაიკმაყოფილოს?! ერთ-ერთ საავადმყოფოში ვიყავი. გარეთ იდგა ქალბატონი, მესამე შვილს ელოდებოდა და ვერ შედიოდა საავადმყოფოში, იმიტომ რომ არ ჰქონდა არც სამედიცინო დაზღვევა და არც თანხა. საქმე ის არის, რომ სახელმწიფომ მოიხსნა თავისი პასუხისმგებლობა ჯანდაცვასთან და სოციალურ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში და გადასცა კერძო სექტორს. დაავალა მათ საავადმყოფოების აშენება, სადაც ხალხი ვერ შედის, მაგრამ კიდევ კარგი, რომ რაღაც კატეგორიას მაინც აქვს დაზღვევა. ვერ წარმომიდგენია ქვეყანა, სადაც არ იყოს განვითარებული სადაზღვევო სექტორი, მაგრამ ის, რაც ჩვენთან ხდება, არ არის სისტემა. პენსიონერს კანონი უნდა განუსაზღვრავდეს პენსიის ოდენობას, პენსიის რაოდენობას კი უნდა განსაზღვრავდეს პენსიონრის სტაჟი და დამსახურება. ასეთი კანონი თავის დროზე არსებობდა, მაგრამ ის გააუქმეს და ამის შემდეგ კანონი აღარ არეგულირებს სოციალურ დაცვას. ასეთი რამ, მაგალითად, ევროპაში წარმოუდგენელია.
– რა შეიძლება ვურჩიოთ სახელმწიფოს მიერ დაზღვეულებს, რომელთაც საკმაოდ კარგი პოლისები აქვთ, რომ შეძლონ მათთვის დადგენილი სამედიცინო მომსახურების მიღება?
– ჩემი რჩევა ასეთი იქნება, იმ სადაზღვევო საბაზისო პაკეტში, რომელსაც დაზღვეულს აძლევენ, უნდა ეწეროს ბაზისური მომსახურების რა ელემენტებია გათვალისწინებული. ეს მათ კარგად უნდა წაიკითხონ და მოითხოვონ ის მომსახურება, რაც ეკუთვნით. მე ბევრი შემთხვევა მქონია, როდესაც სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ ადამიანებს არ უწევდნენ კუთვნილ სამედიცინო მომსახურებას და ჩვენ ვეხმარებოდით მათ ქალაქის მერიის შესაბამის სამსახურთან ერთად.
– გარდა მედიაციის სამსახურისა, არსებობს კიდევ რამე სტრუქტურა, რომელსაც შეიძლება, მიმართონ ასეთ შემთხვევაში?
– მედიაციის სამსახური, მართლაც, არის, თუმცა მათგან ზეპირი განცხადებებისა და ფიარშეხვედრების მეტი, არაფერი მინახავს. ხალხი მოდიოდა საკრებულოში და ამბობდა, სადაზღვევო პოლისში მიწერია ამა და ამ სამედიცინო მომსახურების გაწევა, მაგრამ სადაზღვევო ამბობს, არ გეკუთვნისო. შესაძლოა, ჩვენს მოსახლეობასაც ნაკლებად აქვს სადაზღვევო კულტურა, რაც გასაგებია, იმიტომ რომ აქამდე დაზღვევა არ არსებობდა და ამასთან შეგუებას დრო სჭირდება, მაგრამ აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირებაც. უამრავ რეკლამას აკეთებს ხელისუფლება, ამიტომ კეთილი ინებონ და დაამზადონ სარეკლამო რგოლები, რომლებითაც აუხსნიან დაზღვეულებს, რომელ საავადმყოფოში მივიდნენ და როგორ იხელმძღვანელონ სადაზღვევო პაკეტით. ანუ, სადაზღვევო ვაუჩერების დარიგების ამ პროცესს საინფორმაციო სტრატეგია უნდა ახლდეს.
– ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ სახელმწიფოს მიერ დაზღვეულები ვერ იღებენ კუთვნილ სამედიცინო მომსახურებას?
– სახელმწიფოც და სადაზღვევო კომპანიაც. სადაზღვევოები კერძო კომპანიებია და მათი ნებაა, მომსახურებას, პირობითად ვამბობ, ერთ ლარს დაადებენ თუ ათ ლარს და ისინი აბსოლუტურად დამოუკიდებლები უნდა იყვნენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ისინი რეალურად დამოუკიდებლები არ არიან?! პარალელურად, არ არსებობს სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია, რომელიც თავის თავზე აიღებს თითოეული ადამიანის, სოციალურად დაუცველისა თუ დაცულის, დაზღვევას და, თუ მე დიდი ხელფასი მაქვს, თავად გადავწყვეტ, სად მივიდე: კერძო თუ სახელმწიფო კომპანიაში და რამდენს გავიღებ ჩემი ჯიბიდან ჩემი და ჩემი ოჯახის დასაზღვევად. ამაზეა ლაპარაკი: რა თქმა უნდა, ადამიანს უნდა ჰქონდეს კომფორტის საშუალება, მაგრამ კომფორტი არის მაშინ, როდესაც ხარ დასაქმებული, გაქვს ხელფასი, იხდი, მაგალითად, 100-200 ლარზე მეტს დაზღვევაში ან კორპორატიულად ხარ დაზღვეული და მიდიხარ ნებისმიერ საავადმყოფოში, მათ შორის, კერძო კლინიკებში. მაგრამ მაშინ, როდესაც, ოფიციალურად, ორ მილიონამდე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, რეალურად კი მათი რაოდენობა ამაზე მეტია, ამ ადამიანებმა როგორ უნდა გადაიხადონ თანხა დაზღვევაში?! მათ, როგორ შეიძლება, სახელმწიფომ არ შესთავაზოს სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტი და ქვეყანაში არ არსებობდეს მუნიციპალური კლინიკა, მუნიციპალური სააფთიაქო ქსელი, სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევა?!
– როგორი სადაზღვევო სისტემაა უცხოეთში?
– დაზღვევით მისარგებლია როგორც ოკეანის გაღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე დასავლეთში. იქ მოქმედებს სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევა, ასევე, სახელმწიფო ფარმაცევტული და ჰოსპიტალური სექტორები. იქ წარმოუდგენელია, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიას ჰქონდეს ჰოსპიტალური სექტორიც და ფარმაცევტულიც. თუმცა, ბუნებრივია, იქ არის კერძო სადაზღვევო კომპანიებიც. ელჩად მუშაობის პერიოდში ხელფასი უფრო მეტი მქონდა, ვიდრე რიგით დიპლომატს და, ამდენად, შემეძლო, შემერჩია რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანია. თუმცა ეს არ იყო სავალდებულო, შემეძლო, ამერჩია სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია, სადაც ნაკლებ ფულს გადავიხდიდი და ჩვეულებრივ საავადმყოფოში ვიმკურნალებდი.
– განსხვავება არის კომფორტში და არა სამედიცინო მომსახურების ხარისხში?
– ბუნებრივია, გაქვს არჩევანი: კერძო თუ სახელმწიფო ჰოსპიტალი, მაგრამ, თუ ხარ სოციალურად დაუცველი ან საშუალოზე დაბალი ფენის წარმომადგენელი, იმის საშუალება მაინც გაქვს, რომ მიიღო ბაზისური სამედიცინო და ფარმაცევტული მომსახურება. ეს გარანტირებულია. მოდი, ნუ მივდივართ ვენასა და ბრიუსელში, სადაც სისტემა აწყობილია, არამედ ავიღოთ დსთ-ის სივრცე: უზბეკმა თუ ტაჯიკმა პენსიონერმა იცის, კანონით რამდენი პენსია აქვს განსაზღვრული და რა წილი უკავია იმ პენსიაში მის ასაკს, სტაჟსა და დამსახურებას. ქართველმა პენსიონერმა ეს არ იცის, მან იცის, რომ მისცეს 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერი, 20-ლარიანი ენერგეტიკული ვაუჩერი. ეს არ არის ევროპული გამოცდილება, მაგრამ, სამაგიეროდ, აპრობირებულია ისეთ ქვეყნებში, სადაც უნდათ, რომ ადამიანი რაც შეიძლება, მეტად იყოს მიბმული ხელისუფლებასთან, რაც ხელისუფლებას კონტროლის მეტ საშუალებას აძლევს.
– რა ღირს ჯანმრთელობის დაზღვევა ევროპაში?
– სახელმწიფო დაზღვევა უფრო იაფი ღირს, ვიდრე კერძო. მაგალითად, „ალიანსში“ 130 ევრომდე ჯდებოდა სადაზღვევო პაკეტი მთელი ოჯახისთვის, და მოიცავდა ყველანაირ სამედიცინო მომსახურებას: ექიმის კონსულტაციით დაწყებული და ოპერაციული ჩარევით დამთავრებული. პირადად მე, იქ ბრმა ნაწლავის ოპერაცია გავიკეთე, თანხა გადაიხადა სახელმწიფომ, არაჩვეულებრივი სამედიცინო მომსახურება გამიწიეს. თუმცა იქ არის კერძო კლინიკებიც, რომლებიც 5-ვარსკვლავიან სასტუმროზე უკეთესი გეგონება, ოღონდ არანაკლები სამედიცინო მომსახურებაა მუნიციპალურ კლინიკაშიც.
– მე მესმის, რომ დასავლეთის ქვეყნებში მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიგა პროდუქტი ჩვენს იმავე მაჩვენებელს მინიმუმ 15-ჯერ, ზოგან 40-ჯერაც აღემატება, მაგრამ 130 ევრო ყოველთვიურად მაინც დიდი თანხაა ჩვენი მოსახლეობისთვის.
– ბუნებრივია, 130 ევრო ვენაში მცხოვრები ადამიანისთვის არ არის დიდი თანხა და საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანს თუ შეუძლია ასეთი თანხის გაღება დაზღვევისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, სისტემის აწყობას რესურსი დასჭირდება და ეს უცბადაც ვერ მოხდება, მაგრამ ხომ უნდა დაიწყო ოდესმე?!