როდის სჭირდება რანუნკულუსს აივანზე დადგმა და რა შემთხვევაში ჩამოყრის ფოთლებს ის
ზაფხულის ცხელ დღეებში შესაძლებელია ზოგიერთი მცენარე გამოშრეს, გახმეს ან სულაც დაიღუპოს. როგორ მოვუაროთ გაზაფხულსა და ზაფხულში რანუნკულუსს, შეგვიძლია თუ არა მისი დიდი ხნით მოურწყველად დატოვება და როდის ემუქრება მას გახმობის საფრთხე, ამ ყველაფერზე „ფლორა ინტერნაციონალის”, ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი ბატონი ამირან ბიწაძე ისაუბრებს.
– ბატონო ამირან, როგორი მცენარეა რანუნკულუსი და რას გვეტყვით მის შესახებ?
– რანუნკულუსი ულამაზესი მცენარეა, მისი სამშობლო აზიაა, ანუ ნახევრად ტროპიკულ ადგილებში ხარობს. არის სხვადასხვა ფერის. საქართველოს პირობებში მის ფერებში ძირითადად ყვითელი, წითელი და ვარდისფერი ჭარბობს.
– იოლად ეგუება თუ არა ის საქართველოს პირობებს და როგორ გავახაროთ ის ოთახის პირობებში?
– საქართველოს კლიმატში კარგად ხარობს, მშვენივრად ეგუება ამ პირობებს. რაც შეეხება სახლის პირობებს რანუნკულუსი სწორედ რომ, ოთახის მცენარეა.
– რა სიმაღლის შეიძლება გაიზარდოს მცენარე და კომპაქტური და მოსახერხებელი თუა ის ოთახის პირობებში?
– მისი სიმაღლე არ აღემატება 30 სანტიმეტრს, იზრდება ძირითადად 15-დან 25 სანტიმეტრამდე. ის საკმაოდ მომცრო ზომისაა და ოთახის ნებისმიერ ადგილას დაეტევა.
– როდის ყვავილობს რანუნკულუსი?
– მისი ყვავილობა, მცენარის დათესვის დროზეა დამოკიდებული. თუ გსურთ, რომ მცენარემ ახლა იყვავილოს, მაშინ უნდა დაგეთესათ იანვარში. თუ უფრო მოგვიანებით დარგეთ, ამ შემთხვევაში მცენარე ზაფხულში იყვავილებს.
– რით გვირჩევთ მის გამრავლებას?
– თუ მცენარეს თესლით გაამრავლებთ, დათესვიდან მესამე წელს იყვავილებს, მაგრამ თუკი შეიძენთ მის „ფესვგორგლს” და ჩარგავთ მცენარე იმავე წელს იყვავილებს.
– სად შეიძლება მისი „ფესვგორგლის” შეძენა?
– ეს რთულად საშოვნელი ნამდვილად არ არის, მოიკითხეთ ორანჟერეებში, სათბურებში. შეგიძლიათ შეიძინოთ ინტერნეტ-მაღაზიებში, ან ყვავილების მაღაზიებში.
– რა სიხშირით ყვავილობს რანუნკულუსი, როგორ დავეხმაროთ და მოვუაროთ მცენარეს, რომ მან უხვად და ხანგრძლივად იყვავილოს?
– მცენარე მორიგეობით ყვავილობს. ის უნდა იყოს ტორფიან მიწაში. მის ნიადაგში უნდა შედიოდეს ტორფი, ნაკელი და პერლიტი. თუ მის ნიადაგს გაურევთ პერლიტს, ის შეინარჩუნებს ნესტს და მცენარე მორწყვიდან მორწყვამდე არ შრება.
– რა სიხშირით მოვრწყათ ამ გაზაფხულზე რანუნკულუსი?
– თუ მისი მიწა პერლიტიანია, მცენარე ირწყვება ყოველ მეოთხე დღეს, ხოლო პერლიტის გარეშე – ყოველ მეორე დღეს.
– ხშირი მორწყვა თუ სჭირდება რანუნკულუსს ცხელ დღეებში, ანუ ზაფხულის სეზონზე?
– ცხელ დღეებში, თუ ძალიან მაღალია ტემპერატურა და მის ნიადაგში არ შედის პერლიტი, უმჯობესია, მორწყათ ყოველდღე. რაც შეეხება ცივ დღეებს, დაბალ ტემპერატურაზე მცენარე მორწყეთ კვირაში ერთხელ.
– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ რანუნკულუსი წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?
– ზაფხულის მაღალი ტემპერატურა მასზე ცუდად არ მოქმედებს. თუკი ზამთრის სეზონზე 20 გრადუს ტემპერატურაზე ამყოფებთ, რანუნკულუსი მშვენიერი ფოთლოვანი მცენარეა და ჩვეულებრივად გააგრძელებს ზრდას ცივ დღეებშიც. მაგრამ, თუ ტემპერატურა 5-10 გრადუსი იქნება, ის მიწაში ჩავა და გაზაფხულზე კვლავ ამოვა.
– სად გვირჩევთ ახლა მცენარის დადგმას?
– გაზაფხულზე რანუნკულუსი სასურველია გარეთ გაიტანოთ: ბაღში, აივანზე, მისთვის სასურველია კაშკაშა მზის სხივები, კარგი მზე და ნათელი ადგილი.
– რა მოუვა მცენარეს, თუ მას ამ სეზონზე ბინაში დავტოვებთ?
– მცენარე ჩვეულ რიტმში გაიზრდება და იყვავილებს. მხოლოდ გახსოვდეთ, რომ ფანჯარასთან ახლოს დადგათ, რომ მზის სხივები მოხვდეს. რაც უფრო მწველია სხივები, მით უფრო მეტი საყვავილე ღერო ამოაქვს და უხვად ყვავილობს.
– გაფანტულ მზის სხივებზე რაიმე საფრთხე ხომ არ დაემუქრება რანუნკულუსს?
– ეს მცენარე მწველი მზის მოყვარულია, მაგრამ თუ ოდნავ მოჩრდილულ ადგილას, გაფანტულ მზეზე დადგამთ, მაშინ მისგან უხვ ყვავილობას ნუ ელით. ასეთ შემთხვევაში შედარებით ნაკლებად მოგიწევთ მორწყვა.
– რას გვეტყვით მის გადარგვაზე?
– მისი გადარგვა შეიძლება 5 წელიწადში ერთხელ. მცენარეს არ სჭირდება ხშირი გადარგვა. თუ მისი გამრავლება გსურთ, უნდა მოხდეს ფესვის გაყოფა. ამიტომ ამ დროს გაყავით ფესვები და გადარგეთ უფრო მოზრდილ ქოთანში.
– თუ გარე გრუნტში გვაქვს რანუნკულუსი დარგული, ამ შემთხვევაში როგორ მოვუაროთ მცენარეს?
– შემოდგომიდან შეიტანეთ ბინაში, რომ მცენარე იქ იყოს ზამთრის სეზონზეც. მაგრამ, თუ დატოვებთ გარე ნიადაგში, მაშინ რანუნკულუსი ჩაიძინებს და გაზაფხულის პირზე კვლავ ამოვა.
– ბინაში რომელ ადგილას დავდგათ?
– რანუნკულუსი დადგით თქვენთვის სასურველ მხარეს, მთავარია, სინათლე ხვდებოდეს, ზამთარში კი გამათბობელთან ახლოს დადგით, რომ მიწაში არ ჩაიძინოს.
– რა მავნებელი შეიძლება გაუჩნდეს რანუნკულუსს?
– ამ სეზონზე მას შეიძლება შეესიოს ბუგრი, ანუ მწვანე მატლი. მოაყარეთ გოგირდი, დუსტი ან დეცისი მოასხით ფოთლებზე.
– თუ ზაფხულში მორწყვა დაგვავიწყდა, შესაძლებელია თუ არა ამ დროს გახმეს მცენარე?
– ის არ გახმება, მოიწყენს, ფოთლებს დაბლა დაუშვებს და ამით მიხვდებით, რომ მორწყვა სჭირდება. თუ დიდი ხნით დასასვენებლად წახვალთ და მოურწყავი იქნება მცენარე, არც ამ შემთხვევაში გახმება, მხოლოდ მიწაში ჩავა და ჩაიძინებს.