კუბელი „დურუ ხუნჭუა“ და რესტორანში აგუგუნებული „ოდოია”…
მე და ჩემი მეგობარი, ომარ ჭითანავა, ჯერ კიდევ ზუგდიდში ვსწავლობდით ერთად, შემდეგ თბილისში მოვეწყვეთ, ჯერ უნივერსიტეტში, შემდეგ მილიციის სამმართველოში და თითქმის ყველგან განუყრელად ვიყავით. საქმეებსაც ერთად ვაკეთებდით, დროსაც ერთად ვატარებდით და ერთად ვიზიარებდით ჭირ-ვარამს.
ერთხელ პოლონეთში მოგვიწია გამგზავრება სოციალისტური ქვეყნების მილიციის უწყებების სიმპოზიუმ-შეჯიბრებაზე. ეს ღონისძიება მოძმე სახელმწიფოებს შორის გამოცდილების გაზიარებას და სხვადასხვა სპეციალობაში შეჯიბრებას ისახავდა მიზნად. იმ პერიოდში მე და ომარი „მურში” ვმუშაობდით და, თუ ტრაბახში არ ჩამომართმევთ, გეტყვით, რომ საკმაოდ კარგი „ოპერები“ ვიყავით, თანაც, არცთუ ურიგო სპორტსმენებად ვითვლებოდით. მე სროლაში ვიღებდი მონაწილეობას, ომარი კი – კლასიკურ ჭიდაობაში.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ომარმა ფინალამდე მიაღწია და გადამწყვეტ შეხვედრაში კუბელ ფალავანს უნდა შეხვედროდა, რომელიც რკინის კაცს ჰგავდა. მასთან გამარჯვების შანსი ჩემს მეგობარს, ფაქტობრივად, არ ჰქონდა – ის ოხერი ყველა თავის მოწინააღმდეგეს ოცდაათ წამში ამარცხებდა.
ომარს ვუთხარი:
– ბიჭო, იქნებ, ცოტა ხანს მაინც გაუძლო იმ შეჩვენებულს, რომ სირცხვილი არ ვჭამოთ. ჭიდაობის ქვეყნიდან ვართ და თავი მოგვეჭრება, ვიღაც უთვისტომო კუბელმა ასე იოლად რომ დაგამარცხოს-მეთქი.
– რამეს მოვიფიქრებო, – მითხრა ომარმა და ხალიჩაზე გავიდა.
„სხვატკა” რომ დაიწყო, ის შეჩვენებული კუბელი ხარივით ეტაკა ომარს, მაგრამ ჩემმა მეგობარმა ეშმაკობა იხმარა და მას ტექნიკურად თითი ატაკა თვალში. კუბელმა ომარს რაღაც უთხრა და ამის შემდეგ სასწაული მოხდა. ჩემმა ძმაკაცმა ეს მთასავით ზანგი ჯერ გაშმაგებით დააგდო ხალიჩაზე, შემდეგ კისრულზე წამოიღო და პანტასავით დაანარცხა ძირს.
ჭიდაობა დასრულდა, ომარი დააჯილდოვეს. როგორც იქნა, დავიმარტოხელე და ვკითხე:
– ყოჩაღ ძამია, მარა, ისეთი რა მოხდა, რომ ეს მთასავით კაცი ასე გაანადგურე?
ომარს გაეცინა და მითხრა:
– არ დაიჯერებ, მაგრამ კუბელმა მეგრულად მითხრა: – „სკან დიდა ფხ…” – შენი დედაო. ამან გამამწარა და იმიტომ მოვუგე.
მე კინოფილმი „რეკორდი” წარმომიდგა თვალწინ და სიცილი ამიტყდა, მაგრამ, ომარს არ დავუჯერე და მისი შემოწმება გადავწყვიტე. ამიტომ, საღამოს ის გოლიათი კუბელი რესტორანში დავპატიჟე ომართან შერიგების საბაბით, სინამდვილეში კი მისი შემოწმება მინდოდა.
ექსპერიმენტმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა: ზანგი მშვენივრად ფლობდა მეგრულ ენას და, თქვენ წარმოიდგინეთ, მეგრულ სიმღერებსაც მღეროდა – როცა დათვრა, „ოდოია” დასჭექა… საქმე კი ის იყო, რომ კუბელს მოსკოვში ჰქონდა დამთავრებული ინსტიტუტი, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა და მეგრული მან ჩვენი მეგობრის – ოთარ ქირიასგან ისწავლა, რომელიც მის ოთახში ცხოვრობდა…
ვიცე-პოლკოვნიკ მერაბ პერტაიას
ნაამბობის მიხედვით მოამზადა