როგორ შემოვიდა თეატრალურ სამყაროში პაპუაშვილების დინასტიის მეხუთე წარმომადგენელი და რა წარმატებას მიაღწია მან 20 წლის ასაკში
მართალია, ახალბედა რეჟისორი ჯაბა პაპუაშვილი თეატრალური უნივერსიტეტის ბოლო კურსზე სწავლობს, მაგრამ მან აპრილში მარჯანიშვილის თეატრში უკვე პირველი, სადებიუტო სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს. მისი სადებიუტო ნამუშევარია, სპექტაკლი ალექსანდრე ვამპილოვის პიესის მიხედვით, „უფროსი ვაჟი.” ჩვენი რესპონდენტი, თეატრალურ სამყაროში, პაპუაშვილების გვარის უკვე მეხუთე წარმომადგენელია. ის ცნობილი მსახიობის, ზაზა პაპუაშვილის ვაჟია.
– ახლახან მარჯანიშვილის თეატრში შედგა სპექტაკლის პრემიერა, რომლის რეჟისორიც შენ ხარ.
– სპექტაკლი ალექსანდრე ვამპილოვის პიესის მიხედვით დაიდგა. ჩვენ ადაპტირება მოვახდინეთ და მის მიხედვით ქართული ვარიანტი შევქმენით. დაახლოებით ორი თვე ვიმუშავეთ. ეს ჩემი დებიუტია, პირველად ვიმუშავე პროფესიულ სცენაზე, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად. იყო პრობლემებიც და გამართლებაც, მაგრამ სპექტაკლს საბოლოო სახე მიეცა და უკვე მაყურებელმაც იხილა. უპირველესად ძალიან დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა მსახიობებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სპექტაკლზე მუშაობდა.
– რამდენი მსახიობია დაკავებული?
– სპექტაკლში 7 მსახიობია დაკავებული. ესენი არიან: გივი ჩუგუაშვილი, პაატა პაპუაშვილი, ჯაბა კილაძე, თამუნა ბუხნიკაშვილი, ბექა გოდერძიშვილი, ნათია გუბენკო და გიორგი კიკნაძე.
– ბატონი გივი ძალიან გამოცდილი და სტაჟიანი მსახიობია. ხომ არ გქონდა მუშაობის დროს მასთან მორიდების მომენტი?
– რა თქმა უნდა, მორიდებაც იყო, მაგრამ როცა სამუშაო პროცესია, ჩვეულებრივად მიდის ყველაფერი.
– რატომ მარჯანიშვილის თეატრი და არა სხვა?
– მე ლევან წულაძის ჯგუფში ვსწავლობ. ბატონმა ლევანმა კი თავისი მცირე სცენა დაგვითმო და მამუშავა პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას.
– თეატრი შენთვის უცხო არ არის, ბავშვობიდან, და ასე ვთქვათ, კულისებში ხარ გაზრდილი.
– უცხო იმ გაგებით იყო, რომ პირველად მომიწია მუშაობა როგორც რეჟისორს, თორემ სხვა მხრივ ჩემთვის თეატრი უცხო ნამდვილად არ არის.
– ხომ არ გეგმავ ისეთი სპექტაკლის დადგმას, სადაც მამას, ზაზა პაპუაშვილს დააკავებ ერთ-ერთ როლზე?
– ო, ეს, ალბათ, მომავლის საქმეა და არა უახლოესი. ჩემს სპექტაკლში ზაზას დაკავებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი და სხვადასხვა ეტაპები გადასალახი.
– ხომ არ ყოფილა მამა შენი არჩევნის წინააღმდეგი, ანუ როცა თეატრალურ უნივერსიტეტში გადაწყვიტე ჩაბარება?
– მე და მამას ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა ყოველთვის და გვაქვს კიდეც. ძალიან მშვიდად დავსხედით და ვილაპარაკეთ ჩემს არჩევანთან დაკავშირებით. შეიძლება წინააღმდეგიც იყო, მაგრამ ჩემთვის არ უთქვამს.
– მართალია ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ, ალბათ, საჭირო დროს მკაცრიც იქნება.
– რა თქმა უნდა. უპირველესად ის ჩემი მამაა და მის მიმართ ძალიან დიდ სიყვარულსა და რიდს ვგრძნობ. ჩვენ ვმეგობრობთ, მაგრამ ზაზა ყოველთვის მომთხოვნი იყო ჩემს მიმართ.
– შენც, ალბათ, დამჯერი შვილი იყავი.
– ალბათ, მეც დამჯერი შვილი ვიყავი და ვარ დღემდე.
– დამეთანხმები, რომ ზაზა ძალიან ნიჭიერი და პოპულარული მსახიობია. როცა შენი არჩევანი გააკეთე მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით, ხომ არ გქონდა იმის ერთგვარი შიში ან კომპლექსი, რომ მამის ჩრდილში მოექცეოდი და შენი გვარის ყურადღება მისკენ გადაინაცვლებდა?
– შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ჩემთვის ეს დაბრკოლება არ არის. ამით მე არ ვშინდები, პირიქით, ჩემი სტიმული და ძალაა, ზაზა ასეთი პოპულარული რომ არის. მამაჩემი ძალას მაძლევს და სტიმულსა და ენერგიას მმატებს, ერთ ადგილზე რომ არ გავჩერდე.
– მერამდენე პაპუაშვილი ხარ ამ სფეროში?
– ზუსტად არ ვიცი, მგონი, მეხუთე.
– მახსოვს, სპექტაკლში „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი,” სამი პაპუაშვილი ერთად იდგა სცენაზე.
– კი, ამ სპექტაკლში ერთად თამაშობდნენ, დათო, ზაზა და ზუკა პაპუაშვილები.
– შენ თუ გაქვს სურვილი, რომ უკვე 4 პაპუაშვილი ერთად დააკავო შენს სპექტაკლში?
– ნამდვილად საინტერესო იქნება.
– მკაცრი ხარ როგორც რეჟისორი?
– მკაცრი იქნები თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, საქმე გაკეთდეს, იყოს კარგი სამუშაო აურა და განწყობა.
– რატომ სარეჟისორო და არა სამსახიობო? ალბათ, ბევრს გაუკვირდებოდა შენი გადაწყვეტილება.
– ეს კითხვა ჩემთვის დაუსვამთ, მაგრამ როცა ვაბარებდი, რატომღაც მაინც სარეჟისოროსკენ მიბიძგა გულმა.
– რამდენი წლის ხარ?
– 20-ის.
– ალბათ, ისიც დიდი გამართლებაა, რომ 20 წლის ასაკში პროფესიონალურ სცენაზე, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად სპექტაკლის დადგმის საშუალება გეძლევა.
– არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია ამ პროფესიაში.
– პირველ ნაბიჯს, მეორე როდის მოჰყვება?
– მეორე ნაბიჯის გადადგმას ძალიან მალე ვაპირებ, ზუსტად არ გეტყვით, მაგრამ დიდი პაუზა ნამდვილად არ მექნება.
– რუსთაველის თეატრშიც რომ დადგა სპექტაკლი, ალბათ, ამის დიდი სურვილი გექნება.
– რა თქმა უნდა, ამის სურვილი მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე ფიქრი ადრეა.
– რეჟისორობის გარდა, კიდევ რით არის ჯაბა პაპუაშვილი დაკავებული?
– დაკავებული ძალიან ბევრი რამით ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგას მივანიჭებ უპირატესობას. ვგულშემატკივრობ ჩემს საყვარელ გუნდს, მადრიდის „რეალს“. ბოლო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში თეატრი და ფეხბურთია. საერთოდ, ჩემი და ფეხბურთის ახლო დამოკიდებულება ბავშვობიდანვე ჩამოყალიბდა. მეც ვვარჯიშობდი და დავდიოდი ფეხბურთზე. მთელი ბავშვობა ყველგან ფეხბურთს ვთამაშობდი.
– კიდევ რით იყავი დაკავებული ბავშვობაში?
– ძალიან ცოტა ხანს დავდიოდი ფორტეპიანოზე, მაგრამ მალევე დავანებე თავი.
– რისი კომპლექსი გაქვს ცხოვრებაში?
– კომპლექსი, ალბათ, არაფრის. უბრალოდ, საკუთარი პრინციპები და დამოკიდებულება მაქვს სხვადასხვა რაღაცის მიმართ. რა თქმა უნდა, რაღაცეები ჩემთვის მიუღებელია, რაღაცეები მისაღები.
– ყოველთვის მყარად იცავ შენს პრინციპებს?
– საერთოდ, პრინციპებს არ უნდა უღალატო, მაგრამ ადამიანები ვართ და ცხოვრებაა. ჩემი აზრით, შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ, შინაურ წრეში, რაღაცეები გაატარო, მოითმინო, დათმო და აპატიო ადამიანებს.
– ალბათ, გოგონებში ძალიან პოპულარული ხარ.
– ეგ გოგონებს უნდა ჰკითხოთ, არ ვიცი.
– მაშინ ის მითხარი, როგორია შენი სასურველი გოგო?
– ყველაზე მეტად მანდილოსანში ვაფასებ წესიერებას, ერთგულებას და რა თქმა უნდა, სილამაზეს.
– ყოფილხარ შეყვარებული?
– კი.
– იცვლები, როცა შეყვარებული ხარ?
– ჩემი აზრით, ყველა იცვლება როცა შეყვარებულია. ამ დროს ადამიანი ორმაგად ბედნიერია, ორმაგად უხარია და ორმაგად განიცდის.
– თუ არის ისეთი რამ, რასაც საკუთარ თავს უკრძალავ?
– კი, ასეთი ბევრი რამ არის. ბევრი რამე ტაბუდადებულია. რისი გამოსწორება და შეცვლაც შეიძლება, მას თავისთავად ებრძვი, რის შემდეგაც ან გადალახავ, ან ვერა. ყოველ შემთხვევაში, ერთ ადგილას გაჩერება ნამდვილად არ შეიძლება.
– მებრძოლი ბუნების ხარ?
– რატომაც არა.
– შენი ცხოვრების სტილი როგორია?
– ძალიან აქტიური.
– პასიურ ადამიანებთან თუ შეგიძლია ურთიერთობა?
– არა. პასიურ და ზედმეტად მშვიდ ადამიანებთან ურთიერთობა ჩემთვის მიუღებელია, არც გამომდის. ვერ ვიტან მდუმარე, მძინარე, მშვიდ ადამიანებს. ცოცხალი, ფხიზელი, სიცოცხლით სავსე ადამიანების მოყვარული ვარ.