როგორ დაუტოვა მოძალადე ქურდმა დაზარალებულ ქალბატონს სახლში მთავარი ნივთმტკიცება
31 წლის გურამ ყურაშვილი სამართალდამცველებმა ნაქურდალი ძვირფასეულობის რეალიზაციის დროს დააკავეს. ოპერატიულმა სამსახურმა ინფორმაცია ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ჩადენილი რამდენიმე დანაშაულის შესახებ, დაკავებამდე ორი კვირით ადრე მოიპოვა და, შეიძლება ითქვას, კვალშიც ჩაუდგა, თუმცა, მოხერხებულ და გამოცდილ ქურდს, რომელიც თაღლითობაშიც იყო გაწაფული, სამართალდამცველების ხელიდან დასხლტომა რამდენჯერმე წარმატებით გამოუვიდა. მაგრამ, ამჯერად გურამ ყურაშვილს არ გაუმართლა, რადგან მისი უკანასკნელი მსხვერპლი პროფესიით ექიმი ქალბატონი, იმაზე მარჯვე აღმოჩნდა, ვიდრე დამნაშავე წარმოიდგენდა.
44 წლის ნანა ს-ძე თაღლითი ქურდის მსხვერპლი ერთი უცნაური შემთხვევის წყალობით გახდა: გაუთხოვარი ქალბატონი ფეშენებელურ სახლში მარტო ცხოვრობდა. ერთ დღეს ქალბატონმა ნანამ სარეკლამო გაზეთში მეტად საინტერესო განცხადება ამოიკითხა, რომლის მიხედვითაც, ვინმე გურამი, ანტიკვარული ნივთების რესტავრაციითა და ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული. ნანა ს-ძეს რამდენიმე ძველი ნივთის განახლება და გაყიდვა ჰქონდა დაგეგმილი, ამიტომაც, მაშინვე დაუკავშირდა ბატონ გურამს და შეხვედრაზეც შეუთანხმდა.
ამონაწერი ნანა ს-ძის ჩვენებიდან: „ტელეფონზე საუბრის დროს გურამის ხმა ძალიან სანდომიანად მომეჩვენა, საერთოდ არ ამიღია ეჭვი, ისე შევთანხმდით შეხვედრაზე. დღისით არ მცალია და გვიან მოვალო, მითხრა, რაზეც უსიტყვოდ დავთანხმდი. გურამი დათქმულ დროს მოვიდა. საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო და ძალიან გალანტურად იქცეოდა. შოკოლადის ფილა მომართვა, მეც ჩაი შევთავაზე. ხან რაზე ვისაუბრეთ, ხან – რაზე, მერე ვუთხარი, ახლა საქმეზე გადავიდეთ-მეთქი. ჯერ სასტუმრო ოთახში დავათვალიერებინე ძველი გარნიტური, რომლის რესტავრაციასაც ვგეგმავდი. ფოტოები უნდა გადავიღოო – მითხრა. მე იქვე მედო ფოტოაპარატი და სანამ თვითონ ჩემს „გორკას” ფოტოებს უღებდა, მეც გადავიღე რამდენიმე ფოტო, სადაც გურამიც მოყვა კადრში. სასტუმრო ოთახიდან საძინებელში გავიყვანე, სადაც ძველებური კომოდი და ტორშერი მქონდა, ტორშერი დაზიანებული იყო. გურამმა მითხრა, ამ ტორშერს ნუ გაყიდით, ძალიან ძველია, კომოდის გაყიდვაში კი მე დაგეხმარებითო. ჩვენი საუბრის განმავლობაში გურამი კომპლიმენტებს არ იშურებდა ჩემთვის, მაგრამ საძინებელში ყოფნისას უცებ მისგან აგზნებული მზერა ვიგრძენი, რამაც, ცოტა არ იყოს, შემაშინა. ჩემი შიში უსაფუძვლო არ აღმოჩნდა, ხუთი წუთიც არ იყო გასული, გურამმა უკნიდან ხელები შემომხვია, ხელში ამიყვანა და, ვერც კი მივხვდი, ისე აღმოვჩნდი საწოლზე, სადაც გურამი ჟინმორეული დამეძგერა. წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, მაგრამ, ძალიან ღონიერ მამაკაცთან ვერაფერს გავხდი, მან ტანსაცმელი შემომახია. ამ ბრძოლაში ძალა გამომელია, თითქოს გულიც კი წამივიდა. გურამმა სადისტურად გამაუპატიურა. ჟინი რომ მოიკლა, თმით გამათრია აბაზანაში, ძირს დამაგდო, აბაზანის კარი გარედან ჩაკეტა და იქ დამტოვა. მთელი ღამე აბაზანაში, იატაკზე დაგდებულმა გავატარე, გონზე რომ მოვედი, ყვირილი დავიწყე, მაგრამ, ხმა ვერავის გავაგონე, რომ ჩემთვის ეშველათ. ჩემი მხსნელი ჩემი მოსამსახურე აღმოჩნდა, მან მეორე დილით მიპოვა აბაზანაში გამოკეტილი“.
ნანა ს-ძეს სახლი გაქურდული დახვდა და ამის შესახებ სამართალდამცველებთან განაცხადა. სახლიდან მოპარული იყო ორი ძვირფასი ლარნაკი, ანტიკვარული სტატუეტი და ქალის კუთვნილი სამკაულები, რომელებიც საძინებელში, ტუმბოს უჯრაში ჰქონდა შენახული. ქურდს მისი პოვნა, როგორც ჩანს, არ გასჭირვებია. შემთხვევის ადგილზე მოსულ სამართალდამცველებს, ქალბატონმა დაწვრილებით მოუთხრო, რაც წინა ღამეს მის ბინაში მოხდა. თაღლითი ქურდის გარეგნობაც სრული სიზუსტით აღწერა და უცებ ისიც გაიხსენა, რომ მისი ფოტოც ჰქონდა, რადგან, წინა საღამოს ავეჯის გადაღებისას, „რესტავრატორიც” მოჰყვა კადრში. ეს მთავარი მტკიცებულება აღმოჩნდა სამართალდამცველებისთვის, რომლებმაც ხელოსნის როლს ამოფარებული ქურდის ძებნა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დაიწყეს. გამოძიების დროს დადგინდა, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილ პიროვნებას, რომლის ვინაობაც ცნობილი არ იყო, თუ არ ჩავთვლით მის სახელს – გურამს, რამდენიმე ანალოგიური დანაშაული კიდევ ჰქონდა ჩადენილი, თუმცა, წინა შემთხვევებში მას ერთხელ სანტექნიკის როლი ჰქონდა მორგებული, მეორედ კი – როიალის შემკეთებლის, თუმცა, ამ ორ ეპიზოდში მომხდარი იყო მხოლოდ ქურდობა, გაუპატიურების გარეშე.
სამართალდამცველებმა გურამ ყურაშვილი ოქროს სამკაულების გაყიდვის დროს დააკავეს. თავიდან ის უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს და განაცხადა, რომ აღნიშნული ძვირფასეულობა მის ყოფილ ცოლს ეკუთვნოდა, რომელსაც ფინანსური პრობლემების გამო ყიდდა, თუმცა, როგორც გაირკვა, გურამ ყურაშვილს ცოლი საერთოდ არ ჰყოლია. ყველაზე არაორდინალურია დაზარალებულისა და მოძალადე ქურდის დაპირისპირება, როდესაც გურამ ყურაშვილმა სექსუალურ ძალადობაში თავად ქალბატონი დაადანაშაულა. მან სამართალდამცველებთან განაცხადა: „ადრე ქურდობისთვის ვარ ნასამართლევი, მაგრამ ჩემი დანაშაულისთვის სასჯელი დიდი ხნის წინ მოვიხადე. პროფესიით გეოლოგი ვარ, ორი წლის წინ კი მართლაც დავიწყე ანტიკვარებით ვაჭრობა. ბაბუაჩემი იყო ამით დაკავებული და მეც სულ მეუბნებოდა, რომ ეს საკმაოდ სარფიანი და შემოსავლიანი საქმე იყო. ერთი-ორჯერ მართლაც დავეხმარე მეზობლებს სურათებისა და ავეჯის გაყიდვაში, მაგრამ, კლიენტურის მოძებნა გამიჭირდა და ამიტომ გაზეთში გამოვაქვეყნე განცხადება. ამ ქალბატონთან გასაქურდად წინასწარი განზრახვით არ მივსულვარ, მაგრამ, სახლში რომ შევედი, ისეთი სიტუაცია დამხვდა, თვითონ ამ ქალმა გამომიწვია. ჯერ ერთი, ძალიან გამომწვევად ეცვა; მერე რამდენჯერმე ისე ამხედ-ჩამხედა, ვიფიქრე, თვითონაც თანახმა უნდა ყოფილიყო ჩემთან ინტიმურ ურთიერთობაზე. თავიდან საწოლზე რომ გადავაწვინე, ძალიან არ გამძალიანებია, მერე გამიწია წინააღმდეგობა. მეც გონება დამებინდა და ძალა გამოვიყენე. აბაზანაში რომ გამოვკეტე, მერე გავაცნობიერე, რაც ჩავიდინე, მაგრამ, უკან დასახევი აღარ მქონდა. სასტუმრო ოთახში ორი ვაზა და ძვირფასი სტატუეტები ავიღე. მივხვდი, ძვირფასეულობაც რომ ექნებოდა. სად შეინახავს ქალი სამკაულებს? რა თქმა უნდა, კომოდში. მართლაც პირველივე უჯრაში ეწყო ბეჭდები და ორი სამაჯური, ყველაფერი ავიღე, სახლის კარი გამოვხურე და შემთხვევის ადგილი დავტოვე. მეორე დღეს გამახსენდა, რომ ქალმა ჩემი მისვლის დროს ავეჯის ფოტოები გადაიღო და ამან ძალიან შემაშინა. რატომღაც, ვიფიქრე, რომ, შეიძლებოდა, მათზე მეც ვყოფილიყავი აღბეჭდილი. ამიტომ, მაშინვე იმ სახლთან მივედი, იმ იმედით, რომ, თუ საშუალება მომეცემოდა, სახლში შევსულიყავი. იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ასეთი ინტელიგენტი ქალი, როგორიც ეს ქალბატონი იყო, შესაძლოა, საერთოდ არ წასულიყო პოლიციაში და გაუპატიურების შესახებ არც კი განეცხადებინა. სახლი შორიდან შევათვალიერე და, როცა დავინახე, იქ უამრავი ხალხი ირეოდა, მივხვდი, რომ ჩემი მისვლა დაგვიანებული იყო”.
გურამ ყურაშვილის აღიარება ერთი შეხედვით სარწმუნო შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ არა მის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულები, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ. პირველად გურამ ყურაშვილი ციხეში 23 წლის ასაკში მოხვდა და სამწლიანი სასჯელი მეზობლის აგარაკის გაქურდვისთვის მოიხადა; მეორედ იგი ჯიბის ქურდობისთვის დააკავეს, ციხიდან გათავისუფლებულმა, სოფელში ფერმერობა გადაწყვიტა, მაგრამ ნათქვამია, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და სოფელში ჩადენილი ქურდობისთვის ისევ ციხეში მოხვდა, ოღონდ ამჯერად ამნისტიის წყალობით დააღწია თავი გისოსებს. მოგვიანებით გურამ ყურაშვილმა იმ დანაშაულების შესახებაც აღიარა, რომელიც გასულ წელს ჩაიდინა: პირველი შემთხვევა, როდესაც ის „სანტექნიკის ხელოსანი” იყო, ასევე მარტოხელა ქალბატონთან იყო დაკავშირებული, რომელმაც „ხელოსანი გურამი” ელიავას ბაზრობასთან იპოვა, მაშინ გურამ ყურაშვილმა ქალბატონის სახლიდან ქურქი და სხვა ძვირფასი ნივთები მოიპარა. მეორე მსხვერპლმა „ხელოსანი გურამი”, რომელიც ამჯერად როიალის შემკეთებლად გადაიქცა, სარეკლამო გაზეთით იპოვა და ეს გზა მას იმდენად მოეწონა, რომ მესამე „მსხვერპლის” გასაქურდავად ისევ ნაცად ხერხს მიმართა, თუმცა მისი მორიგი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
სასამართლომ გურამ ყურაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ კი, დაზარალებულ ექიმს, რომლის წყალობითაც იგი კვლავ ციხეში მოხვდა, დანანებით მიმართა და დაჰპირდა: აბაზანაშიც უნდა ამესრულებინა ჩემი წადილი, არა უშავს, შვიდი წლის მერე კიდევ შეგხვდებიო.