ექიმის რჩევები
კითხვა: რა არის სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომა და დიფუზური მასტოპათია?
პასუხი: დიფუზური მასტოპათიის დროს ხდება სარძევე ჯირკვლის ნორმალური ქსოვილის ჩანაცვლება ან შემაერთებელი ქსოვილით ან კისტებით, ანდა, აქვს შერეული სტრუქტურა. ფიბროადენომა არის კეთილთვისებიანი სიმსივნე. სარძევე ჯირკვლების დაავადებები მოითხოვს მამოლოგის კონსულტაციას.
კითხვა: მყავს 9 წლის ბიჭი. როდესაც იცინის, პირის ირგვლივ უჩნდება ოდნავი სილურჯე, ზოგჯერ თავის ტკივილებსაც უჩივის.
პასუხი: პირის ირგვლივ სილურჯე (ექიმები პერიორალურ ციანოზს უწოდებენ), განსაკუთრებით – ფიზიკური დატვირთვის დროს, შეიძლება, ჟანგბადის ნაკლებობის მაჩვენებელი იყოს, მაგალითად, გულის უკმარისობის დროს. ჩემი რჩევაა, მიიყვანეთ ბავშვი პედიატრ-კარდიორევმატოლოგთან.
კითხვა: რა შეიძლება იყოს თავში გაუთავებელი ხმაურის მიზეზი?
პასუხი: ან თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგია ან სმენის ნერვის დაავადებები (კოხლეალური ნევრიტი). მიზეზის დადგენაში ნევროპათოლოგი ან ყელ-ყურის სპეციალისტი დაგეხმარებათ.
კითხვა: რა შეიძლება იყოს ენაზე თეთრი ნადების მიზეზი?
პასუხი: ენაზე თეთრი ნადების გასტროენტეროლოგიურ მიზეზებს განეკუთვნება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიები (გასტროდუოდენიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული) ან სანაღვლე გზების (მაგალითად, ქრონიკული ქოლეცისტიტი ან სანაღვლე სადინარების) დისკინეზია. სავარაუდოდ, ექიმი გირჩევთ მუცლის ღრუს ექოსკოპიას, გასტროსკოპიასა და სხვა ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს. ამას გარდა, შესაძლებელია სტომატოლოგიური მიზეზიც, მაგალითად, კარიესი.
კითხვა: რა ვიტამინებს გვირჩევთ სიმაღლის მოსამატებლად?
პასუხი: ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის დასრულებული ხრტილოვანი ზრდის ზონის გაძვლოვანება (საჭიროა ხელის მტევნის რენტგენი). ბავშვებსა და მოზარდებს აქტიური ზრდის პერიოდში უნიშნავენ პოლივიტამინებს, რომლებიც შეიცავენ D ვიტამინსა და კალციუმს – ეს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებას უწყობს ხელს.
კითხვა: რა არის „წიკი“?
პასუხი: ეს ფსიქონევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც ფსიქიატრმა უნდა უმკურნალოს. მარტივ შემთხვევაში, მონაწილეობს ერთი კუნთი ან კუნთების ჯგუფი. უფრო რთულ შემთხვევებში ეს არის ჟესტიკულაცია, რაღაც საგნებზე შეხება და სხვა.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ვენების ვარიკოზული გაგანიერების განკურნება? ეფექტურია თუ არა დეტრალექსი? რას მირჩევთ?
პასუხი: თუ პირველადი ვარიკოზია, ეფექტურია მხოლოდ ოპერაცია. დანარჩენი საშუალებები მხოლოდ შეაჩერებს დაავადების პროგრესირებას. დეტრალექსს კარგი ეფექტი აქვს, მაგრამ, უმჯობესია ანგიოლოგის დანიშნულებით მკურნალობა.
კითხვა: ვარ 33 წლის, მაქვს ცხიმოვანი ჰეპატოზი. რა დაავადებაა ეს და როგორ ვიმკურნალო? როგორია ამ დაავადების პროფილაქტიკა?
პასუხი: ცხიმოვანი ჰეპატოზის დროს ღვიძლის უჯრედებში ხდება ცხიმის დაგროვება, რაც აუარესებს ნივთიერებათა ცვლას. დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს ალკოჰოლის ან რაიმე მედიკამენტის მიღებით, ინფექციური აგენტებით (B, C ჰეპატიტების ვირუსებით), შაქრიანი დიაბეტით და სხვა. ცხიმოვანი ჰეპატოზი შებრუნებადი პროცეცია შესაბამისი დიეტისა და მკურნალობის ფონზე.
რუბრიკას უძღვებოდა ოჯახის ექიმი