ძმის რა ბრალდებებმა გადააწყვეტინა მარი მესხს მონასტერში წასვლა
მიშა მესხი სახლში სამ ქალთან – დედასთან, დასთან და ცოლთან ერთად ცხოვრობს. სამივეს თავ-თავიანთი და მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ მიშას ცხოვრებაში. ყველაზე მეტად მიხო, როგორც მას ოჯახში ეძახიან, დამჯერი მაინც დასთან არის. როგორია დის თვალით დანახული მიშა მესხი, მარი მესხის ინტერვიუდან შეიტყობთ.
– შენ ხარ ჟურნალისტი, დიზაინერობითაც იყავი გატაცებული, მაგრამ დღეს არსად ჩანხარ, რატომ?
– ვაპირებ, ისევ გამოვჩნდე საზოგადოებაში, მაგრამ ამ ეტაპზე პაუზა მაქვს. დეპრესიული მომენტები მქონდა. ჩემი ცხოვრება სულ სხვა, არასწორი გზით წავიდა და აბნეულ-დაბნეული ვიყავი.
– დეპრესია რამ გამოიწვია?
– დეპრესია მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დამეწყო. ჩემთვის ყველაფერი იყო მამა, ყველაზე ახლო მეგობარი. მიხო ჩემზე უფროსია და სულ უნდოდა, ყველაფერი ჩემთვის გაეკეთებინა. მამა რომ გარდაიცვალა, თავის თავზე აიღო ყველაფერი, გადმოიბარა ჩემი აღზრდის მოვალეობები. იცი, რა ცუდად ვიყავი? ყველაფერი „დავიკიდე“. არც ჩემი პროფესია მინდოდა, არც არაფერი. წავედი მოსკოვში და იქ ვცხოვრობდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მარტო დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, მე კარგად ვყოფილიყავი. ჩავიკეტე. ახლაც ასეა. მეცხრე წელია, რაც მიშკა აღარ არის და ძალიან მიჭირს. ცუდად რომ ვარ, ვამბობ: ნეტავ, მამაჩემი ცოცხალი იყოს, მაშინ ხომ ყველაფერი სხვანაირად, კარგად იქნებოდა-მეთქი. მარტო მე არა, მიხოსაც მაგრა უჭირს, იმიტომ რომ ძალიან დიდი რამ დავკარგეთ.
– შენი ძმის ნარკოტიკებთან ურთიერთობა მამის გარდაცვალებას უკავშირდება?
– კი. ალბათ, ნარკოტიკი პირველად მაშინ გასინჯა. გასვენების დღეს შევამჩნიეთ, რომ მიხოს აშკარად რაღაც სჭირდა. ეს იყო პირველი დღე, მანამდე მე ასეთი მიხო არ მინახავს და, სხვათა შორის, აღიარა კიდეც, – სხვანაირად არ შემეძლოო. რა თქმა უნდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ეს მოხდებოდა. ოჯახში ყველას გვეზიზღება ის პერიოდი. მაშინ აბსოლუტურად ყველა ბიჭი ნარკოტიკს ეტანებოდა, თითქოს მოდაშიც იყო. პირობა მოგვცა, აღარასოდეს აღარ ვიზამ ამასო, მაგრამ გავიდა დრო და მაინც მოხდა... ამის გამო სულ ვკამათობდით. ახლა უკვე თვითონაც იცის, რომ აღარ უნდა გააკეთოს. ნამდვილად კარგად არის.
– რა პერიოდი დაგჭირდათ ორივეს იმისთვის, რომ ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსულიყავით?
– ხუთი წელი ძალიან გაგვიჭირდა ყველანაირად. მიშკა რომ გარდაიცვალა, ფაქტობრივად, გარშემო ჩვენი პატრონი არავინ იყო. კი, მთელი საქართველო ჩვენი და მამაჩემის მეგობრები არიან და ჩვენს ოჯახსაც ყველა პატივს სცემს, მაგრამ გვერდში რომ დაგვდგომოდა, ასეთი ახლობელი თითქმის არავინ აღმოჩნდა. ერთ წელიწადში გავთხოვდი მოსკოვში და მალევე გავშორდი მეუღლეს. ახლა სხვა ქმარი მყავს. ჩემს პირადზე მხოლოდ მამასთან ვყვებოდი, ჩემი ჭკუის დამრიგებელი ის იყო. მიხო პატარა იყო, მამა რომ გარდაიცვალა, მერიდებოდა და ვერაფერს ვეკითხებოდი, ამიტომ დაუფიქრებლად, ნაადრევად გადავდგი ნაბიჯი. თითქოს სხვა კაცში ვეძებდი მამაჩემის მსგავს ადამიანს. კარგი მეგობარი იყო ჩემი ყოფილი ქმარი, მაგრამ არ გამიმართლა. მოსკოვიდან ჩამოვედი და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ. ბოლოს და ბოლოს ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი. დღეს ნამდვილად ბედნიერი ვარ.
– და-ძმა რით ჰგავხართ და რა გავლენას ახდენთ ერთმანეთზე?
– მიშა დამთმობი, რბილი და უფრო ყურადღებიანია. ცოტა ჯიუტებიც ვართ, ამბიციურები, მაგრამ კაცთმოყვარეები... მე რასაც ვეტყვი მიხოს, ის არის მისთვის მთავარი. ყველაფერზე შემიძლია მივცე რჩევა, მომისმენს, მაგრამ შეიძლება, მაგრადაც შემეკამათოს, თუნდაც ნარკოტიკებზე. ახლა აღარ ეტანება, ხანდახან თუ დალევს. რომ დავჯდებოდი და ვეტყოდი, – ასე აღარ ქნა-მეთქი – მერე დიდხანს შეწყვეტდა ხოლმე. ნარკოტიკისგან ხომ ისეთი რთულია თავის დაღწევა. ელემენტარულად, ადამიანი სიგარეტს ვერ ანებებს თავს და წარმოიდგინე, ეს რა არის. სულ ბრძოლასა და ჭიდილში ხარ. მთელი ოჯახი ვეხმარებოდით ამის დაძლევაში. ნარკოტიკს რატომ მოიხმარს ადამიანი, იმიტომ რომ ის რაღაც ცუდი დაივიწყოს. მიხოც ასე იყო, „საგულაოდ” არ მოიხმარდა, ამით რაღაცის დავიწყებას ცდილობდა. საერთოდ, ნიჭიერებს მოსდით ასეთი რამ, როცა ვეღარ ერევიან თავს, ვეღარ მიდიან წინ, მარტო ჩვენთან კი არა, მთელ მსოფლიოში ასეა, ნარკოტიკზე ნიჭიერი ადამიანები მიდიან.
– როგორც ვიცი, ყველა ერთად ცხოვრობთ. როგორია თქვენი ურთიერთობა?
– ერთმანეთს საღამოს ვხვდებით. მთელი დღე გასულები ვართ სახლიდან, ყველას ჩვენ-ჩვენი საქმე გვაქვს. ერთადერთი, შეიძლება, იმაზე ვეჩხუბო მიხოს, თუ ია რაღაცაზე გააბრაზა. ცოლ-ქმარია და ხუმრობით მოსდით კამათი. ია არა მარტო რძალი, ჩემი დაა.
– მართალია, ძმა არანორმალურად გიყვარს, მაგრამ, ალბათ, არის რაღაც, რაც მასში არ მოგწონს. აი, ნარკოტიკებზე ვისაუბრეთ, კიდევ რა არის ასეთი?
– მიხოს ჩაცმის სტილი მომწონს, მაგრამ არ მომწონს მისი მეტყველება. სულ ვეხვეწები, წადი და იარე მეტყველებაზე-მეთქი. უნიჭო ბიჭი არ არის, უბრალოდ, არ იცის ლაპარაკი და როცა გამოდის ეკრანზე და ლაპარაკს იწყებს, ვიძაბები, ვიცი, რომ აუცილებლად რაღაც უაზრობა უნდა თქვას. ის მომწონს, რომ რასაც ფიქრობს, პირდაპირ ამბობს, ეს თავისუფლებაა, უკომპლექსობაა, რაც ქართველებს არ გვაქვს. მიხო და გუკა იყვნენ პირველები, ვინც გამოვიდნენ და აღიარეს, რომ იკეთებდნენ.
– ძმამ რა რჩევა მოგცა, როცა თხოვდებოდი?
– სხვათა შორის, პირველად რომ ვთხოვდებოდი, კინაღამ თავი მოიკლა. დამიჯდა და მიხსნიდა – ამას ეს მოჰყვება, ის მოჰყვება... ერთ კვირაში შენ თვითონ ნახავ, ვერ გაუძლებ ამ ცხოვრებას. ჩემს ქმარს კარგად იცნობდა, მაგრამ მაინც მაძლევდა რჩევებს. ახლანდელი მეუღლე – ნიკა ჩემზე თოთხმეტი წლით უფროსია. ამასაც იცნობდა და კმაყოფილია ჩემი არჩევნით.
– თვითონ არ გაგისინჯავს ნარკოტიკი?
– არა და არც მინდა, მეზიზღება და საშინლად არ მომწონს.
– არ მომწონსო, ესე იგი, ცოტა მაინც გაგისინჯავს.
– იცი, ათასნაირი ბინძური ჭორი დადიოდა ჩემზე და ძალიან შეწუხებული ვიყავი. ჭორები დღემდე არ მაკლია. ცხოვრებაში ბევრი რამ დამიშავა ამ ჭორებმა, ძალიან მატკინეს გული. მიუხედავად იმისა, არც მე და არც ჩემს ოჯახს არასოდეს არავისზე არ გვიჭორავია. ყველას კარგი მიხარია და ცუდი მწყინს. ჩემზე და ჩემს ძმაზე რატომ ლაპარაკობენ ცუდად, არ მესმის. ამიტომაც გავიქეცი აქედან მოსკოვში, რომ აუტანელი იყო ეს ყველაფერი. ერთი პერიოდი ისე ჩავიკეტე ამის გამო, რომ ქუჩაში გამოსვლის მრცხვენოდა, მეგონა, ეს ყველაფერი მართალი იყო. ამ დროს, ხომ ვიცოდი, რომ არ იყო მართალი. რომ გითხრა, ფრთები მაქვს და ანგელოზი ვარ-მეთქი, ასე არ არის, მეც მაქვს ჩემი რაღაცეები. არ ვარ წყნარი, დალაგებული ცხოვრება არასდროს მქონია, მაგრამ...
– ვიღაც რომ გაგამწარებს, სურვილი გიჩნდება, სულ ცოტა გემოზე მაინც სცემო. შენ არ გქონია ასეთი სურვილი, თან ისეთი ნაზი გოგოც არ ჩანხარ, რომ ეს არ გამოგივიდეს.
– ასე, საქვეყნოდ არ ვიკადრებ, თორემ ვიღაც რომ გამაბრაზებს და გამამწარებს, შემიძლია, გავგიჟდე. ადვილად ვბრაზდები. ძალიან ემოციური და ზედმეტად პირდაპირი ვარ. სხვას, ალბათ, შეუძლია, გაატაროს და მე არ შემიძლია. ეს მგონია ჩემი კარგი თვისება, მაგრამ ხალხს არ მოსწონს, ბოროტდებიან. მეც, მამაჩემიც და ჩემი ძმაც ზედმეტმა პირდაპირობამ დაგვღუპა. პირად ცხოვრებაშიც ბევრჯერ შემეშალა. ნამდვილად იყო ეგეთი მომენტები, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ოჯახის შვილი ვიყავი, არ უნდოდათ, ჩემი ცოლად მოყვანა. ერთი ადამიანი ბავშვობიდან მიყვარდა, მთელი ცხოვრება და სწორედ ამიტომ დავშორდით ერთმანეთს. მერე კი ინანა და შეეცადა ჩემს დაბრუნებას, მაგრამ უკვე გვიანი იყო – მე აღარ მინდოდა. ბევრჯერ მტკენია გული. მართლა არ დამიმსახურებია ისეთი ცხოვრება, რაც იმ პერიოდში წამოვიდა. ღმერთის ძალიან მეშინია და თუ რამე დამიშავებია ცხოვრებაში, უპირველესად, ჩემი თავისთვის.
– შენი საუბრიდან ჩანს, რომ ცხვირი ბევრჯერ წაგიტეხავს.
– სანამ მამაჩემი ცოცხალი იყო – არა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ცხვირიც ვიმტვრიე და თავიც. ყოველთვის ისე ვიქცეოდი, როგორც მას მოსწონდა. მას მერე ისე აირ-დაირია ყველაფერი, არავის დანახვა არ მინდოდა, არავის ვუჯერებდი. იმ მომენტში სახლში ყველა ჩემი მტერი მეგონა, მეგობრებიც არასწორად ამირჩევია. თანასწორი მეგობრები არ მყოლია და ყოველთვის ვაგებდი. ახლა ისეთი სამეგობრო წრე მყავს, როგორიც მინდოდა, მყოლოდა ყოველთვის. ახლა ვისწავლე ჭკუა. სხვათა შორის, დიდად არ შევცვლილვარ. სხვა შეიძლება დავარიგო, რომ ასე კი არა, ისე უფრო კარგია-მეთქი, მაგრამ ჩემი თავისთვის არ გამომდის. კი ვიცი, რომ რაღაც კარგია, მაგრამ ისევ ისე ვცხოვრობ, როგორც აქამდე ვცხოვრობდი. ყველას ვენდობი, ცუდზე არ ვფიქრობ. არ ვფიქრობ. იმაზე, რომ ამას შეიძლება რაღაც ცუდი მოჰყვეს და ამიტომ სულ ცხვირს ვიმტვრევ.
– ბევრი და-ძმა ვიცი, ერთმანეთზე გიჟდებიან, მაგრამ როგორც კი ოჯახებს შექმნიან, ერთმანეთის არსებობაც კი ავიწყდებათ. თქვენს შემთხვევაში როგორ არის?
– მიშას, სანამ ცოლს მოიყვანდა, უჩემოდ არსად წასვლა არ უნდოდა და დღემდე ასეა. ცოლთან ერთად სადმე თუ მიდის, წამოდი, წამოდიო, – მეუბნება. ჩემს ქმარზე სულ ეჭვიანობს, – მე უფრო გიყვარვარ თუ ისო. მე ვეუბნები, შენ უფრო მიყვარხარ-მეთქი, თან, ხან იმას ვუკრავ თვალს, ხან – ამას. იმიტომ, რომ ჩემი ქმარიც ეჭვიანობს. მე კიდევ არ მაქვს ეს მომენტი მის მიმართ – არ მიგრძნია, რომ მისგან რაიმე მომაკლდა.
– სახლში როგორია?
– ფიცხია, ყვირილით ლაპარაკობს. მე, მაგალითად, დიდხანს არ შემიძლია, სახლში მიშასთან ერთად ყოფნა, ვიღლები, ვერ ვუძლებ. ძალიან ხმაურიანია.
– გქონია ისეთი მომენტები, როცა თავის მოკვლაზეც გიფიქრია?
– კი, მქონია და აი, ამის დამადასტურებელი ეს არის – ვენების გადაჭრა ვცადე. მერე წავედი მონასტერში, სადაც ერთი თვე დავყავი. მე და მიხომ ვიჩხუბეთ და სწორედ ჭორების გამო. მივედი მიხოსთან და ვუთხარი, – რა გავაკეთო, როგორ შევცვალო ეს ყველაფერი-მეთქი და მეჩხუბა, – ყველაფერი შენი ბრალიაო. მე სხვა პასუხს ველოდი მისგან. იმდენად დამცირებულად ვიგრძენი თავი, ავდექი და წავედი მონასტერში. ღმერთის შემეშინდა ასეთი რაღაც რომ გავბედე და დღემდე ვბრაზობ. რაც არ უნდა გამიჭირდეს, რაც არ უნდა იჭორაონ, უკვე გავიზარდე, გაანალიზებული მაქვს ყველაფერი და ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე. აღარ ვაჭორავებ არავის, არ მივცემ ამის საბაბს.