კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვის მისცეს „თეთრი ბილეთი“ პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის და რა სიმულანტობით დააღწია მან თავი ციხეს

 

„დღეს ბაგრატიონს აღარ მარტყია მეფე  ერეკლეს  პირბასრი ხმალი, ნაირმალივით გულზე მატყვია შენი პატარა ფეხების კვალი...“  პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ლექსებზე შექმნილი სიმღერები ყველას უყვარს და კიდევ ბევრი თაობა შეიყვარებს, მაგრამ, თავად ბაგრატიონთა შთამომავალზე ცოტა რამ თუ გვსმენია. ამიტომ, პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის დღიურებს მისი მშობლებით დავიწყებ.

პეტრეს მამა, პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი, რთული, მაგრამ საინტერესო ცხოვრებაგამოვლილი,  მომხიბვლელი და კარგი აღნაგობის კაცი გახლდათ. იგი ილია ჭავჭავაძის მარჯვენა ხელი, საქართველოში სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელი და რუსეთის მეფის კარის კამერგერი იყო, რაც ყველაზე მაღალ წოდებად ითვლებოდა და უფლებას აძლევდა, მეფის საძინებლის კარის ოქროს გასაღები ჰქონოდა და შიგნით მაშინ შესულიყო, როცა მოესურვებოდა. რუსეთს შავი ფრაკით შემოსილი სულ 12 კამერგერი ჰყავდა, თუმცა პეტრე  ბაგრატიონს არც შავი ფრაკი ჩაუცვამს არასდროს და არც პეტერბურგში მიდიოდა, როცა იწვევდნენ. პეტერბურგს მის ნაცვლად მისი მეუღლე, თამარ დეკანოზიშვილი მიემგზავრებოდა, რათა ამით ოდნავ მაინც განემუხტა უხერხული სიტუაცია. მატარებელში მას ცალკე ვაგონიც კი ჰქონია გამოყოფილი, ისევე როგორც ჭიათურის მაგნატის მეუღლეს, ოლენკა სვანიშვილს. უფროს ბაგრატიონ-გრუზინსკის საკმაოდ საინტერესო პირადი ცხოვრება აქვს გავლილი: ჯერ კიდევ ყმაწვილკაცს, ნათესავი გოგონა შეჰყვარებია თავდავიწყებით, მაგრამ, ეკლესიურად ეს ყოვლად დაუშვებელი რამ იყო და საქმე ქორწინებამდე არ მივიდა. გულგატეხილმა პეტრემ დაიფიცა, რომ ცოლს არასდროს შეირთავდა. გადის ათეული წლები და, 17 წლის გოგონას, ვინმე თამარ დეკანოზიშვილს პეტრე ბაგრატიონი ისეთივე თავდავიწყებით უყვარდება, როგორც ერთ დროს პეტრეს ნათესავი ქალი. ცხადია, ბაგრატიონს თავისზე ორმოცი წლით უმცროსი გოგონას ცოლად მოყვანა ვერც კი წარმოედგინა, მით უმეტეს –  დეკანოზიშვილის ქალის და, ამიტომ მან ეს სიყვარული უგულებელყო. გოგონამ მეფის შთამომავლისგან უყურადღებობა და დამცირება ვერ აიტანა და იარაღით თავის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ, სასწაულებრივ გადარჩა. ამ ფაქტმა პეტრე ბაგრატიონი ძალიან შეაშფოთა და გოგონას დაუყოვნებლივ სთხოვა ცოლობა. მართალია, მათ ჯვრისწერას ეკლესია გმობდა, მაგრამ, ჯვრისწერა მაინც შედგა ტიფლისის ერთ-ერთ ეკლესიაში. მალე წყვილს ვაჟი შეეძინა. ახალდაბადებულს თეიმურაზი დაარქვეს (ამ სახელით მოინათლა). პეტრე ორი წლის მერე შეარქვეს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ცხადია, მისი სახელის უკვდავსაყოფად, თუმცა, საახლობლოში და საძმაკაცოში მას თეზიკას ეძახდნენ.

17 წლის პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის დედაც გადაუსახლეს და მარტოდ დარჩენილი, გზას თავისით იკვლევს. სკოლის დამთავრების შემდეგ კი უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტის სტუდენტი ხდება. უნივერსიტეტში პატარა სტუდენტური თეატრია. მისი ნიჭი ყველასთვის თვალშისაცემია, ამიტომ, მას სპექტაკლის დადგმას სთავაზობენ. სპექტაკლმა „დემონი“ მთელი უნივერსიტეტი აღაფრთოვანა. მოსკოვში სარეჟისორო ფაკულტეტზე გადასვლა შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა, თუმცა რამდენიმე წელი მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორის თანაშემწედ მუშაობს ვასო ყუშიტაშვილთან. მისი ცხოვრების გზას შავ ლაქად ატყვია პატიმრობის ხანა – 1945 წელი, როცა ის რამდენიმე მეგობართან ერთად, ჟურნალ „ანათემის“ გამოცემისთვის დააპატიმრეს. 25 წლის ჭაბუკს გული შიშით უძგერს, როდის გაიყვანენ დასახვრეტად. გამოსავალს თვითმკვლელობაში ხედავს – ბასრი საგნით იჭრის ვენებს. მაგრამ, ბაგრატიონ-გრუზინსკი სიკვდილს უფლის ნებითა და ციხის უფროსის წყალობით გადაურჩა. ციხიდან ის ჯერ ლაზარეთში, შემდეგ კი ფსიქიატრიულში გადაჰყავთ, სადაც შვიდ თვეს ატარებს. ამ პერიოდში ის არავის ეკონტაქტება, საჭმელზეც უარს ამბობს. საავადმყოფოდან კი „თეთრი ბილეთით“ გამოდის. ოჯახში ყველანაირად ხელს უწყობენ, რომ დაისვენოს. ის თითქმის აღარ წერს. მისი ერთ-ერთი მეგობრის, ბიჭიკო საჯაიას მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ბაგრატიონ-გრუზინსკისთვის ეს ამ ჯოჯოხეთიდან დაღწევის ერთადერთი გზა იყო, რომელსაც მან თავისი სიმულანტობით მიაღწია. ამიტომ, დაახლოებით ათი წლის განმავლობაში ლექსებს ქალის ფსევდონიმით, მეუღლის სახელითა და გვარით აქვეყნებდა.

ბიჭიკო საჯაია:

 „მე, ბიჭიკო საჯაია, დედით, მამით და სულით ქართველი, მაგრამ, რუსულენოვანი განათლებით, ლენინგრადში ნაცხოვრები და დაჭაბუკებული, ბედნიერად ვთვლი თავს, რომ ცხოვრების 30 წელი ვიმყოფებოდი პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის გვერდით. რუსული ყაიდის ძმაკაცობას შეჩვეული, პეტრესგან, რომელიც ჩემთვის ყოველთვის თეზიკა იყო, მე თითქოს მოვინუსხე, მოვინათლე, ვეზიარე ნამდვილ ქართველობას. ეს ნიადაგი კი გახლდათ ის კეთილშობილი საძმო, რომელსაც თეზიკა ედგა სათავეში. პეტრე სულით ფაქიზი ადამიანი, ვერ იტანდა თავისუფლების ნებისმიერი სახით შეზღუდვას, შევიწროებას. ალბათ, ამიტომაც იყო მისი ბიოგრაფია ასეთი ამბოხიანი. იგი იბრძოდა არა მხოლოდ თავისი პიროვნული უფლებების შებოჭვის წინააღმდეგ, საერთოდ საზოგადოების თავისუფლებისთვისაც, მიუხედავად თავისი მონარქისტული წარმოშობისა. მისი სულიერი კონსტიტუცია ვერ ეტეოდა იმდროინდელი სოციალური მოთხოვნების ჩარჩოებში. უსამართლობას ვერ იტანდა ვერავისგან. მეგობრები იქნებოდნენ, მეუღლე, დედა თუ შვილი, თუ ოდნავ მაინც დაარღვევდნენ სიმართლისა და გულწრფელობის მისეულ ხედვას, თეზიკას რისხვის ობიექტები ხდებოდნენ. მისთვის არ არსებობდა მაღალი და დაბალი რანგის ადამიანი. საკვირველად თავმდაბალი იყო და ახლაღა ვხვდები, რომ სწორედ ამაში მდგომარეობდა მისი მომნუსხველი ძალა, მაგრამ, პეტრეს გულში ადგილის მოპოვებას გამოცდის გარეშე ძნელად თუ შეძლებდა ვინმე. თეზიკასეული გამოცდის ხერხები ჩვენთვის უცნობი იყო. ჩემი ჩეკისტური წარსული, ბუნებრივია, მის ფარულ ეჭვს გამოიწვევდა. ყოფილი დისიდენტის – თეზიკას გარემოცვაში ყოფილი ჩეკისტის შესვლა დაძაბული და შიშნარევი მუხტის შემცველი აღმოჩნდა, მაგრამ, მე არ ვმალავდი ჩემს წარსულს და მალე ეს ჩემივე მეშვეობით, ჩვენი სამეგობროს კეთილმოსურნე ქილიკის საგანი გახდა. მაგალითად, კონტრდაზვერვის სამსახურიდან ჩემი „წიხლით გამოგდების“ მიზეზი ის გახდა, რომ, ვითომ, ლენინგრადში მომუშავე უცხოელი რეზიდენტი ტროლეიბუსის ერთი გაჩერებიდან მეორემდე, თვალსა და ხელშუა დამეკარგა. აი, ასეთი „ნაჩეკისტარი” სავსებით მისაღები იყო პეტრეს სამეგობროსთვის და, „გამეფების“ შემთხვევაში, თეზიკამ უშიშროების მინისტრის პორტფელიც კი შემომთავაზა. უფრო მოგვიანებით პეტრე გახდა ჩემი დაქორწინების შემოქმედი, ჩვენი მეჯვარე და ჩვენი ქალიშვილის ნათლია. პეტრე, დისიდენტური ჟურნალ „ანათემის“ ერთ-ერთი წამყვანი ავტორი, გადასახლებას მხოლოდ ფსიქიატრიული პათოლოგიის სიმულაციის გზით გადაურჩა, მაგრამ, „ფსიქიკურად გაუწონასწორებელი  პირის“ დამღა და „თეთრი ბარათი“ მისი „პასპორტი“ იყო. ამ ბარათის პატრონს, სხვა შეზღუდვებთან ერთად, მანქანის მართვის უფლებაც არ ჰქონდა. თეზიკამ ეს „უფლება“ „ლევად” შეიძინა და, როგორც მძღოლი, ძალიან ფრთხილობდა, მოძრაობის წესებს არავითარ შემთხვევაში არ დაარღვევდა. მაგრამ, ერთ წვიმიან დღეს, ბიძინა კვერნაძე, პეტრე და მე მუხრანის ხიდზე მანქანით ნელა მივდივართ და თან ვსაუბრობთ. ამასობაში მანქანა ოდნავ გაეხახუნა შუა ხიდზე მდგარ მილიციელს, რომელიც ნამდვილი სიმულანტი აღმოჩნდა და მისი მკურნალობა პეტრეს ბევრად ძვირი დაუჯდა, ვიდრე „ლევად“ ნაყიდი მართვის უფლება. მილიციაში მე დავიჩემე საჭესთან ჯდომა და ჩემი მართვის უფლებაც გავწირე. ამ პატარა ფაქტმა პეტრე ბავშვივით აღაფრთოვანა, ენაკვიმატიანმა ბიძინამ კი „გაკვირვებით“ ჰკითხა: „კაცო, გიჟებშიც კლასში ზიხარ?“

ერთხელაც, პლატოდან თბილისში მოვდიოდით პეტრე, ბიძინა და მე. როგორც ყოველთვის, უფულობით შეწუხებული პეტრე და ბიძინა საავტორო უფლებების დაცვის („საუდი“) სამმართველოში მიისწრაფოდნენ – იქნებ, ჩვენთვის რაღაც თანხა იყოს ჩარიცხულიო. თეზიკა საჭესთან უხერხულად იჯდა. ბოლოს შემოგვჩივლა – დუნდულაზე ძირმაგარა გამომივიდაო. ბიძინამ თვალის დახამხამებაში მიაგება: ტახტზე დასაჯდომად ეგ ერთი საჯდომიღა შემოგრჩა და ეგეც აღარ გივარგაო. პეტრეს სიცილისგან ძირმაგარა გაუსკდა და ბიძინას ლოცავდა. „საუდში“ მისულებს კი ფული არ დახვდათ. თეზიკა ბუნებით მორიდებული კაცი იყო და ცდილობდა, რომ შემოქმედებითი მუხტით გაერთიანებული მისი სამეგობროს მეორე გამაერთიანებელი ძალა – იუმორი ყოველთვის კეთილი ყოფილიყო, ისეთი, რომ არავის ეგრძნო თავი დამცირებულად, არათანასწორად. ესეც ხელეწიფებოდა. თავად იშვიათად ენაწყლიანობდა, მაგრამ, თუ აიწყვეტდა, თვით გიგას, ბიძინას, გურამ ბზიავას შეშურდებოდათ ხოლმე მისი კაფიაობის. ერთხელ, ჩემი ქორწილის მეორე დღეს, მეგობრების ვიწრო წრეში, ბიძინა კვერნაძეს მოთმინების ფიალა აევსო და შეუძახა: „დამაცა, კაცო, რა ლურჯი ბუზივით მივარდები პირში!“. პეტრემ მე მუდო შემარქვა. თუ რამდენიმე დღე დავეკარგებოდი მხედველობის არედან, ბიჭებს შეყრიდა – წავედი მუდოსთან, ალბათ, პირში ობი გამოედოო. მიუხედავად მეფური წარმოშობისა, ძალიან მოკრძალებული იყო. მისთვის მატერიალური ფასეულობა შემოიფარგლებოდა თავისი სამუშაო ოთახით, კარგი წიგნებით, სასწაულებრივად გადარჩენილი რამდენიმე საგვარეულო ნივთით, განუყრელი ნაბდითა და ჩიბუხით, რომელიც მისმა ერთგულმა მეუღლემ, ჩვენი შეხვედრების სულისჩამდგმელმა, ლიკა მგელაძემ, თეზიკას გარდაცვალების შემდეგ მე მისახსოვრა. მისი ფუფუნების საგანი მხოლოდ ჰოლანდიური თამბაქო „ამფორა“ იყო, რომლითაც უცხოეთში მოსიარულე მეგობრები უხვად ვამარაგებდით. ჩიბუხზე და თუთუნზე ამბობდა: გემრიელად რომ მოვქაჩო, სპეციალურად ამისთვის ამოღებული კბილის ადგილი მივუჩინეო. ამავე დროს, პეტრეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ჭერთან და ჭერის შეგრძნებას ანიჭებდა მცხეთაში, ჯვრის მონასტრისკენ მომზირალი, მისივე ხელით შეკოწიწებული პატარა სახლი, რომელსაც მეგობრებმა ხუმრობანარევი სერიოზულობით „მეფის საზაფხულო რეზიდენცია“ შეარქვეს. აქ იგი, თავისი საყვარელი მელა კირილეს, კაჭკაჭ მათიკოს, ერთგული ნაგაზების – აბრეკ პირველისა და აბრეკ მეორის საზოგადოებაში, გაზაფხულობით – აყვავებული ნუშისა და ატმის სურნელით, ზამთარში კი – მინავლებული ბუხრის სითბოთი ტკბებოდა და ქმნიდა. როგორც ცნობილია, პეტრეს მამა – ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის მემკვიდრე, პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი, დაკრძალულია სვეტიცხოვლის ტაძარში, რომლის რესტავრაციის დროს, საპატრიარქომ თეზიკას შესთავაზა მამის საფლავზე მემორიალური ქვის დადება. მუდმივად ხელმოკლეობაში მყოფს, თეზიკას საშუალება არ ჰქონდა, ღირსეული პატივით შეემკო საფლავი. მაშინ, ჩვენმა მეგობარმა, მშენებელმა დათიკო ცერცვაძემ, მცირე ზომის შავი მარმარილოს ქვა იშოვა და უსახელო საფლავი სახელდებული გახდა. მეგობრების ერთ-ერთ უახლოეს თავყრილობაზე ბიძინამ თეზიკას უსაყვედურა: – შე კაი კაცო, მამაშენის საფლავზე დასადებად „ზაჟიგალკის“ ტოლა ქვის მეტი ვერაფერი გაიმეტეო? ბიძინაზე აბა ვინ გაბრაზებულა, რომ პეტრე გაბრაზებულიყო (თავად ბატონი ბიძინა კი ასე იხსენებს ამ ფაქტს: ერთი ეკლესიის მსახური იყო იქ და აღშფოთდა – ღმერთო, შენ მიუტევე, ეს რა შეჰკადრეს ბაგრატიონთა შთამომავალსო... – ავტორი). საკვირველია მაინც, როგორ ვიყავით შელაზღანდარავებული ამ მეფე-კაცთან? ასეთი გულღია ხუმრობის, ლაზღანდარობის, კაფიაობის, ერთმანეთის სიყვარულით თრობის პროცესში ბევრი საუკეთესო იდეა და პროექტი იბადებოდა, რომელთაგან ზოგს ეწერა განხორციელება, ზოგს – არა. პეტრე შესანიშნავად შეიცნობდა ნებისმიერი უცხო ენის სპეციფიკას, რაც მკაფიოდ გამოიხატა კიდეც მის არაერთ თარგმანში. თეზიკამ და მე, როგორც ინგლისური ენის სპეციალისტმა, ინგლისურიდან ვთარგმნეთ ბერნარდ შოუს „პიგმალიონი“.

თეზიკა თავის ლექსებს ყოველთვის განმარტოებაში ქმნიდა. ეს განმარტოება ხანმოკლე იყო. მაგალითად მოვიყვან მთელ მსოფლიოში ნამღერ „თბილისოს“: ერთ საღამოს, ჩვეულ შეხვედრაზე მოვარდა რეზო ლაღიძე და პეტრეს სთხოვა, სასწრაფოდ დაეწერა ლექსი დოკუმენტური ფილმების სტუდიისთვის უკვე დაწერილ და მიყიდულ მუსიკაზე (რეზოს თურმე ფული უკვე აღებული და შეჭმულიც ჰქონია), ვინაიდან, იმავე ღამეს უნდა მომხდარიყო სიმღერის გაორკესტრება. თეზიკამ მხრები აიჩეჩა, არაფერი უპასუხა, ავიდა თავის კაბინეტში და ნახევარ საათში გამოვიდა მზა ლექსით. მე რეზოს შევთავაზე, ეს სიმღერა თბილისის 1 500 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმღერების კონკურსზე წარედგინა, მაგრამ, მან ყურიც არ მათხოვა. მე არც ვაციე, არც ვაცხელე, გამოვტაცე რეზოს ხელიდან უკვე მზა სიმღერა და გავიქეცი. მომაკითხეს სახლში, ბევრი მეძებეს, მაგრამ ვერსად მიპოვეს. რეზოს რისხვასა და ჩემი მისამართით გინებას, თურმე, საზღვარი არ ჰქონია. დილით ეს მონაპოვარი გავაქანე კულტურის სამინისტროში, გავატარე საკონკურსო კომიტეტში (რომლის წევრიც ვიყავი) და ასე ჩავაგდე ბატონი რეზო ლაღიძე კინოსტუდიის ვალში. „თბილისომ“ კონკურსში გაიმარჯვა და სულ მალე საყოველთაო აღიარება და სიყვარული მოიპოვა, კონკურსში გამარჯვებულმა ავტორებმა, ცხადია, პრემია „დაასველეს“, რის შედეგადაც რეზო ლაღიძე და მის მანქანაში მსხდომი სტუმრები უშველებელ თხრილში აღმოჩნდნენ“.

ბიძინა კვერნაძე: „ჩემთვის პეტრეზე ძნელია ლაპარაკი, იმდენად ახლო ურთიერთობა მქონდა მასთან. ის ყველასგან განსხვავებული, უნიკალური კაცი იყო. საშინელი დრო იყო მაშინ, არსებობდა ყველაფრის „კონტროლი“, კეთდებოდა მაქინაციები; წარმოიდგინეთ, გალაკტიონის ლექსებს ასწორებდნენ და ისე ბეჭდავდნენ. ახლა შეიძლება, სასაცილოც არის ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, მაშინ ტრაგედია იყო. პეტრე გრუზინსკისაც არ ასცდა იმ დროის რისხვა... თითქმის ნახევარი საუკუნე ვიყავით ერთად... გარკვეული პერიოდი მასთან სახლში ცხოვრობდა სულხან ცინცაძე. როცა ერთ ოთახში ჩვენ ვისხედით და ვსაუბრობდით ან ვქეიფობდით, სულხანი მეორე ოთახში თავის „მეექვსე კვარტეტს” წერდა; გამოვიდოდა, შემოგვიერთდებოდა, მერე ისევ მუშაობდა და ასე...

ერთ მშვენიერ დღეს, ქალბატონ ლიკა მგელაძეს გურიაში ვიღაც გარდაეცვალა. რა ვიცი, ქონება გაყვეს თუ რა იყო, ლიკას 12 წლის მამალი შეხვდა. ჩამოიყვანეს მცხეთაში. დადიოდა ეზოში, პომიდვრის ძირებს მთლიანად თხრიდა და ნისკარტით მიჰქონდა. მერე სამხედრო პირებს გადაემტერა ეს მამალი – თუ დაინახავდა, გამოეკიდებოდა, მხრებზე შეაფრინდებოდა და სამხრეებს აგლეჯდა. ასე „ჩამოაქვეითებდა” ხოლმე მათ წოდებით. იძულებული გახდნენ, მამალი დაეკლათ. სექტემბერში რომ დადგეს ცეცხლზე, ნოემბერში მოიხარშა.

პეტრე საოცრად კარგ სასიმღერო ტექსტებს წერდა, ისეთებს, როგორიცაა „თბილისო“. საერთოდ, არაჩვეულებრივი პოეზია ჰქონდა. მეგობრები ვეხვეწებოდით, გამოეცა. ხშირად არც იწერდა, ბევრი ლიკამ დაიმახსოვრა ზეპირად და მან გადაარჩინა დაკარგვას. რომანტიკოსი იყო... როგორ უყვარდა ღამისთევა ბუნებაში. ვითევზავებდით და ღამით დავრჩებოდით კარვებში. საოცრად უყვარდა ფრინველები, ცხოველები. სახლში მელია ჰყავდა – კირილე, ასევე, კაჭკაჭი. ერთხელ, იაკობ ბობოხიძემ მითხრა: წამო, კაჭკაჭი დავიჭიროთო. რად გვინდა-მეთქი? პეტრეს მივუყვანოთო. მართლაც, დავიჭირეთ და მივუყვანეთ. ის უვლიდა, რაღაცას ასწავლიდა და მერე გაუშვებდა“.

 

 

скачать dle 11.3