რატომ ეუბნებოდნენ ქართველების მიერ დაარსებულ ივერთა მონასტერში ბერძენი ბერები ქართველი ბერების ძმად მიღებაზე უარს და როგორ გამოდევნეს ისინი საკუთარი სავანიდან
უცხოეთში არსებულ ძველ ქართულ კულტურულ კერებს შორის ყველაზე სახელგანთქმულია ათონის ქართველთა მონასტერი, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ქართული მწერლობისა და კულტურის ისტორიაში. ივერთა მონასტერი 980-983 წლებში აშენდა. პირველი წინამძღვარი იყო გამორჩეული ქართველი მოღვაწე იოანე ივერიელი, რომლის გარდაცვალების შემდეგ მონასტერს 14 წლის განმავლობაში წინამძღვრობდა მისი ვაჟი, ექვთიმე მთაწმინდელი. ბევრი შემწირველის სახელი შემონახულია მონასტრის აღაპებში, მას პატრონობდნენ და უვლიდნენ ქართველი მეფეები და დიდებულები. მაგრამ მომდევნო ხანებში ბერძენმა ბერებმა თანდათან შეავიწროვეს ივერთა მონასტრის ძმობა, ხოლო მეცხრამეტე საუკუნეში ქართველი ბერები საბოლოოდ გამოდევნეს, რომლებიც წლების განმავლობაში ივერთა მონასტრის მახლობლად მათივე აგებულ იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეში აგრძელებდნენ რელიგიურ, კულტურულ და სამწიგნობრო საქმიანობას. თუმცა, მოგვიანებით, ბერძენმა ბერებმა მათ ეს სავანეც დაატოვებინეს.
ლუარსაბ ტოგონიძე (ისტორიკოსი): ათონის მთა თავიდანვე გამოარჩია ღმერთმა, აქ ამჟამად 20 დიდი მონასტერია და თითოეული მონასტერი გარკვეულ ციხესიმაგრეს წარმოადგენს. მონასტრებში სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ბერები. ქართველი ბერები კი სხვადასხვა მონასტრებში არიან გაფანტულები, რადგან, სამწუხაროდ, ათონის მთაზე ქართული სავანე აღარ არსებობს. ჩვენი ქვეყნის სამთავროებად დაყოფის შემდეგ, შესუსტდა ათონის მთაზე ქართული მონასტრის პატრონობა, ბერების გაგზავნა, საგანმანათლებლო კერის ფუნქციონირება. ნელ-ნელა ივერთა მონასტერში ბერძენი ბერებიც მომრავლდნენ და ფაქტობრივად, ქართველების მცირერიცხოვნების გამო მმართველობა ბერძნებს დარჩათ. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ათონის მთაზე რუსული ელემენტის გაძლიერება თვალშისაცემი გახდა. ამით ბერძნები ძალიან იყვნენ შეშფოთებულები, რადგან რუსებმა ფულით, მრავალრიცხოვნებით შეძლეს მათი შევიწროება და რამდენიმე მონასტრის მმართველობის ხელში ჩაგდება. როდესაც ქართველებმა ითხოვეს მონასტერში ძმად მიღება, ბერძნებმა უარი უთხრეს, აუკრძალეს, რაც წარმოუდგენელი იყო ქართველებისთვის. ივერთა მონასტერში ქართველთა მიღება აიკრძალა მაშინ, როდესაც საქართველოში იყო მამულები, სოფლები ქართველი მეფეებისგან ადრიდანვე შეწირული, რომლებიც შემოწირულობებს, თანხას უგზავნიდნენ ათონის მთას. ქართველები საკუთარი უფლებების აღსადგენად იბრძოდნენ, ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე იყო იღუმენი ბენედიქტე ბარკალაია. ერობაში სამურზაყანოს აზნაური მონაწილეობდა ჩრდილოკავკასიის ომებში. ერთ-ერთი ომის დროს მისი რაზმი დაიღუპა, საკუთარი გადარჩენა კი ღვთის სასწაულად შერაცხა და აღთქმა დადო: რომ მოილოცავდა იერუსალიმს და ბერად შედგებოდა. როდესაც ათონის მთაზე ჩავიდა, ნახა იქ ძველი თაობის ბერები, მათთან გასაუბრების შემდეგ გაიგო, რომ ქართველ ბერებს არ იღებდნენ ივერთა მონასტრის საძმოში. ის დაბრუნდა საქართველოში და გაბრიელ ეპისკოპოსის დახმარებით, მოახერხა თანხების მოძიება და ივერთა მონასტრის ახლოს შეისყიდა ერთ-ერთი მიტოვებული სენაკი, იქ დამკვიდრდნენ ქართველი ბერები, დააარსეს იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სავანე და ყველანაირად ცდილობდნენ, სამართლის ძალითა და უფლებრივად ქართველი ბერები ივერთა მონასტრის ძმად ეცნოთ. მთელი პროცესი, სამწუხაროდ, ძალიან პოლიტიზებული აღმოჩნდა. ბერძნებს ეშინოდათ, რომ ქართველების ქართველობა არ გამოეყენებინათ რუსებს და „ტროას ცხენივით“ არ მოეხერხებინათ ივერთა მდიდარი მონასტრის ხელში ჩაგდება.
ათონის მთაზე ბენედიქტე ბარკალაიას შრომით თითქმის საქართველოს ყველა კუთხიდან, მონასტრიდან მოიყარეს თავი ბერებმა. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სავანეში მოღვაწეობდა 50 ქართველი ბერი, საუბარია გამოცდილ, მწიგნობარ, მგალობელ ბერებზე. ეს სავანე გახდა გარკვეული სულიერი კუნძული, სადაც ქართული ღვთისმსახურება და საბერო ტრადიცია სრულად და დამოუკიდებლად ჩქეფდა. ბენედიქტე ბარკალაიამ, როგორც კარგმა ორგანიზატორმა, გიორგი მთაწმინდელის მიბაძვით, საქართველოდან წაიყვანა 15-16-17 წლის ნიჭიერი ახალგაზრდები, აღადგინა სამწიგნობრო სკოლა. ქართველი ბერები ახერხებდნენ, რომ პერიოდულად ეთხოვათ ივერთა მონასტერში დაცული ქართველი მამების ხელნაწერები, გადაეწერათ და გამოეგზავნათ საქართველოში. სავანეში სრულყოფილი ცხოვრება სუფევდა, მიჰყვებოდნენ მეურნეობას, ზეთისხილის ბაღიც კი ჰქონდათ. ივერთა მონასტერში ასეთი ტრადიცია არსებობს: ახალ წელს „ღირს არის“ ცნობილი ხატით ხდება ლიტანიობა, ულოცავენ ყველას და, რომ არ დაზიანებულიყო, ასლის დამზადება გადაწყვიტეს. ვერცხლისგან დაამზადეს ასლი, შემდეგ ყარეს წილი, ყველა მონასტერმა დაწერა სახელი, ხატი წილად ქართველთა სავანეს ერგო. შემდეგ წილი ყარეს ვერცხლის ბარძიმ-ფეშხუმზე. ესეც ქართველებს შეხვდათ. ამის მერე ბერძნები ქართველ ბერებს წილის ყრაში მონაწილეობის ნებას აღარ რთავდნენ, ბარძიმ-ფეშხუმიც უკან ჩამოართვეს. სავანის ქართველი ბერები საქართველოში ნუგეშისთვის ყოველთვის აგზავნიდნენ ხატებს. იმ მონასტრებში, სადაც ეს ხატები იყო დაბრძანებული, ფაქტობრივად, კომუნისტების დროს ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა – ეს ერთგვარი სასწაული იყო. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის არსებობა ივერთა მონასტრის ბერძენ ბერებს ძლიერ აშფოთებდათ. ერთი მხრივ, სინდისი ამხილებდათ, როდესაც ქართველებს ქართულ მონასტერში არ უშვებდნენ, მეორე მხრივ, მონასტრის მმართველობისა და მისი უზარმაზარი შემოწირულობების დაკარგვის შიში ჰქონდათ. ყოველივე ამას ხელს უწყობდა თავად მონასტრის გადაგვარებული შინაგანაწესი. ივერთა მონასტრის დამაარსებელ წმიდა მამათა მიერ განწესებული ტიპიკონი უკანონოდ იყო შეცვლილი ახალი განაწესით, ეგრეთ წოდებული „იდიორითმით“. მონასტერს აღარ ჰყავდა წინამძღვარი, მის ნაცვლად რამდენიმე არქიმანდრიტი – „ეპიტროპოსი“ რიგრიგობით განაგებდნენ მონასტრის საქმეებს. ასევე, ერთმანეთში ინაწილებდნენ მდიდარ შემოსავალს. იმ დროისთვის მონასტრის საძმო 150 კაცს ითვლიდა, რომელთა უმეტესობა თავისი სურვილისამებრ ცხოვრობდა. იმის გამო, რომ აღარ იმართებოდა საზოგადო ტრაპეზი, ყველა თავის სენაკში იმზადებდა საჭმელს. არსებობდა უკიდურესად უპოვარიც და ასევე, ფუფუნებაში მცხოვრები ბერები. ზოგიერთ არქიმანდრიტს მოსამსახურეებიც კი ჰყავდა. ხშირი იყო უთანხმოება დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის. ერთსულოვანნი მხოლოდ ქართველთა წინააღმდეგ იყვნენ. ბერძნებთან მორიგებას აფერხებდა ქართველი ბერების მოთხოვნა: აღმდგარიყო ივერთა მონასტრის დამაარსებელი წმიდა მამების წესი, რადგან ქართველ მამებს აშინებდათ წმიდა მამათა შეჩვენება მათი განწესებულის დამრღვევისადმი. ეს მოთხოვნა ბერძენი არქიმანდრიტებისთვის წარმოსადგენადაც ძნელი იყო. რომ არა რუსეთის იმპერიის შიში, რომლის მოქალაქეებადაც ითვლებოდნენ ქართველი ბერები, დაუყოვნებლივ მოიშორებდნენ აბეზარ ქართველებს. მანამდე კი შესაფერის ვითარებას ელოდნენ. ბენედიქტე ბარკალაიამ კი ცნობილი მოღვაწის, მიხეილ საბინინის საშუალებით, შეძლო შეხვედროდა იმპერატორ ალექსანდრე მესამეს და სთხოვა დახმარება. ამ შეხვედრის შემდეგ ივერთა მონასტრის ბესარაბიის მამულების შემოსავლები გადაეცათ ქართველებს, რამაც ივერთა მონასტერში მოღვაწე ბერძენი ბერების განსაკუთრებული რისხვა გამოიწვია. ერთი პერიოდი, ბერძენმა ბერებმა ივერთა მონასტრისთვის სახელის შეცვლაც სცადეს, მაგრამ საქმეში იმდროინდელი ისტორიკოსები ჩაერთნენ. მათ უარი განაცხადეს, რადგან ეს ავტომატურად გააბათილებდა ძველ დოკუმენტებს, გუჯრებს და მათვე დააყენებდა კანონგარეშედ. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის სამართლებრივი სტატუსი ფრიად არამყარი იყო. სავანე ოფიციალურად ირიცხებოდა, როგორც ივერთა მონასტრის დაქვემდებარებაში მყოფი სენაკი. ათონის მთაზე მოქმედი კანონით კი, სენაკში მოღვაწე ბერების უფლებები შეზღუდული იყო. დედამონასტრის ნებართვის გარეშე ძმათა რიცხვის გაზრდა, ან, თუნდაც, რაიმე შენობის აგება, მკაცრად ეკრძალებოდათ. ამ უფლებრივ მდგომარეობას ბერძენი ბერები ბოროტად იყენებდნენ. ქართველთა ეკლესიას მოანგრიეს გუმბათი, არ აძლევდნენ ზარის დარეკვის ნებას. სასმელი წყლის მილებით გაყვანას და შეშით სარგებლობას უკრძალავდნენ. თავს იმით იმართლებდნენ, რომ იცავდნენ ათონის მთის განაწესს, ქრისტიანი მოღვაწის უპირველესი მოვალეობა კი სრულიად ავიწყდებოდათ. ქართველებზე გაბოროტებულმა ბერძენმა ბერებმა 1911 წელს საჩივარი შეიტანეს ათონის მთის უმაღლეს მმართველ ორგანოში – პროტატში: „ქართველები არ გვემორჩილებიან და გთხოვთ, მიიღოთ ზომები: ან დაგვიმორჩილეთ, ან განდევნეთ“. ქართველი ბერები განდევნისგან იმხანად ოსმალეთში მყოფმა არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა (ნამორაძე) იხსნა, რომელიც დაუკავშირდა სულთნის კართან დაახლოებულ მუსლიმან ქართველებს, გვარად ირემაძეებს და მათი საშუალებით გაიგზავნა ათონზე მოთხოვნა – თავი დაენებებინათ ქართველი ბერებისთვის. საბედნიეროდ, ივერთა მონასტერში არსებობდნენ ბერძენი ბერები, რომლებიც თანაუგრძნობდნენ დევნილ ქართველებს. მაგალითად, ბერი გრიგოლი და ბერი პართენი, რომელთაც სამასი ოქრო ასესხეს გაჭირვებაში ჩავარდნილ ქართველ ბერებს. რუსეთის 1917 წელს მომხდარმა რევოლუციამ რადიკალურად შეცვალა ვითარება. ათონზე შეწყდა შემოწირულობანი, რომელზეც მთელი ათონის მთა მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული. 1918 წელს ნოე ჟორდანიას მთვრობის ანტიეკლესიური რეფორმების შედეგად, ეკლესია-მონასტრებს კუთვნილი მიწები ჩამოერთვა. ბუნებრივია, მათ შორის იყო ივერთა მონასტრის მამულებიც, რომლებსაც ბერძენი ბერები განაგებდნენ. საქართველოს მთავრობაზე განრისხებულმა არქიმანდრიტმა ათონელ ქართველებზე იყარა ჯავრი. 1918 წლის მიწურულს, მღვდელსქემმონაზონი იოანეს (ხოშტარიას) გარდაცვილების შემდეგ, ქართველებს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის დატოვება მოსთხოვეს. 1919 წლის 9 მარტს ივერთა მონასტრის მმართველი ბერები ჯარისკაცების თანხლებით მივიდნენ იოანე ღვთისმეტყველის სავანეში. მამა სიმონს (ბაღდავაძე) ძალით წაართვეს გასაღებები და დაეპატრონენ სავანესა და მის ქონებას. ქართველ ბერებს მიეცათ უფლება, გაეტანათ პირადი ნივთები და ბიბლიოთეკის ნაწილი, ხოლო დანარჩენი ქონება, სურსათის მარაგის ჩათვლით, მიითვისეს. ქართველები დარჩნენ უბინაოდ, ყოველგვარ ნუგეშს მოკლებულნი. 1920 წელს 9 ქართველი ბერი, მღვდელსქემმონაზონ სიმონის წინამძღვრობით, დასახლდა წმიდა სტეფანე პირველმოწამის სავანეში. ცხრა ბერიდან სამი ღრმად მოხუცი იყო და, ბუნებრივია, ფიზიკური შრომა აღარ შეეძლოთ. ბერები თიბავდნენ ბალახს, აგროვებდნენ კაკალს, შემდგომ ყიდდნენ და ასე, წვალებით ცხოვრობდნენ.
ათონის მთის ბოლო პერიოდის მოღვაწე ქართველი ბერების ნაკვალევზე 1935 წელს ათონი მოილოცა წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლმა (ფერაძე). წმიდა გრიგოლის სტატიიდან შევიტყვეთ 1932 წელს წმიდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის სენაკში მომხდარი საზარელი ხანძრის შესახებ. ცეცხლმა შეიწირა დიდსქემოსანი ბერის – ბართლომეს სიცოცხლე. ასევე, მდიდარი ბიბლიოთეკა და არქივი. გადარჩენილი წიგნების მნიშვნელოვანი ნაწილი, ქართველი ბერების თხოვნით, მამა გრიგოლმა წაიღო თან. 2001 წელს მქონდა ბედნიერება, ორ მეგობართან ერთად მომელოცა ათონის წმიდა მთა. სიწმიდეების თაყვანისცემასთან ერთად, მიზნად გვქონდა ქართველი ბერების ცხოვრების ამსახველი ცნობების მოძიება. წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლის სტატია განსაკუთრებით შეგვეწია. დიდი ძიების შემდგომ მოვინახულეთ წმიდა სტეფანე პირველმოწამის სენაკი, რომელიც სავალალო მდგომარეობაში დაგვხვდა. საბედნიეროდ, სენაკის ნახევრად დანგრეულ ეკლესიაში მოულოდნელად მივაკვლიეთ ქართველი ბერების მოსახსენებელს, რამაც აღუწერელი სიხარული განგვაცდევინა. წმიდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის რუსული მონასტრის მოლოცვის დროს, დიდი დახმარება გაგვიწია მონასტრის ბიბლიოთეკისა და არქივის მცველმა, მღვდელმონაზონმა მაქსიმემ. მან გვაჩვენა მღვდელსქემმონაზონ ფლეგონტის ქრონოლოგიური ხელნაწერი ალბომები, სადაც უამრავ ისტორიულ მასალასთან ერთად, აღწერილია იოანე ღვთისმეტყველის სავანიდან ქართველ ბერთა გამოდევნა და ხანძარი სტეფანე პირველმოწამის სენაკში. საბედნიეროდ, იქვე დაცულია ხუთი ქართველი მოღვაწის: დიდსქემოსანი ბერების – ტიხონ შერადაშვილის, ძმების – მათე და ათანასე გვაზავების, მღვდელსქემმონაზონ სიმონ ბაღდავაძისა და ხანძრის დროს გარდაცვლილი ბერი ბართლომეს ფოტოსურათები.