მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ცოტა უცნაური კითხვა უნდა დაგისვათ, შეიძლება თუ არა ადამიანმა თავისი ნებით იტვირთოს სხვისი ცოდვები და, ამგვარად, თავად აგოს პასუხი სხვის მიერ ჩადენილ საქციელზე?
პასუხი: სხვისი ცოდვების ნებაყოფლობით აღება საკუთარ თავზე არ შეიძლება. ეს შეეძლო ეტვირთა მხოლოდ მაცხოვარს, იესო ქრისტეს. ამდენად, ყოველი მოკვდავი თავად აგებს პასუხს ჩადენილ ცოდვებზე.
კითხვა: როდესაც ლოცვებში გარდაცვლილების სახელებს ვიხსენიებ, სულ განვიცდი, რომ ვინმე არ გამომრჩეს. შეიძლება თუ არა, მოვიხსენიო მხოლოდ ძალიან ახლობლების სახელები და დანარჩენებზე ვთქვა: „ყველა ჩემი გარდაცვლილი ნათესავი და ახლობელი“?
პასუხი: ნუ განიცდით. შეგიძლიათ, გარდაცვლილები მოიხსენიოთ როგორც სახელებით, ასევე, კრებითადაც. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ მოიხსენიოთ მხოლოდ იმ გარდაცვლილთა სახელები, ვინც იყვნენ მართლმადიდებლები და არ გმობდნენ უფალს.
კითხვა: შეიძლება თუ არა განსაკუთრებულ შემთხვევებში ლოცვის შემოკლება?
პასუხი: ლოცვის კანონის აღსრულებისას დამაბრკოლებელი ვითარებანი ბევრნაირია: უძლურება, ფიზიკური გადაღლილობა, შემთხვევითი სტუმარი, მგზავრობის უხერხულობა და სხვა. ამ ყველაფერს ანგარიში უნდა გაეწიოს, ანუ, ასეთ ვითარებაში ლოცვის კანონის შეკვეცა შესაძლებელია. თუმცა, უნდა ვუფრთხილდეთ საკუთარი თავისთვის შეღავათის მიცემას, რამაც შესაძლოა, შემდეგ სინდისის ქენჯნა გამოიწვიოს და ამან დაგვტანჯოს.
კითხვა: როდესაც ბავშვი ცუდად მყავდა, უფალს ვთხოვე: ოღონდ კარგად მიმყოფე და, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, იმ საჭმელს აღარასოდეს შევჭამ-მეთქი. ასევე დამემართა მეორე შვილზე. რაც ჩავუთქვი, ვასრულებ, მაგრამ, მაინტერესებს, აქვს თუ არა რამე მნიშვნელობა ასეთ დანაპირებს?
პასუხი: რა თქმა უნდა, რადგან უფალს პირობა მიეცით, თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა აასრულოთ. მაგრამ, სხვა დროს, როდესაც თხოვნა კეთილად აგიხდებათ, სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეთ ტაძარში.