იგავი ბოროტ მევენახეებზე
„ერთმა კაცმა ვენახი გააშენა და ღობე შემოავლო, შიგ საწნახელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი გაემგზავრა.
როცა რთველობის ჟამი მოახლოვდა, გაგზავნა თავისი მონები მევენახეებთან, რათა მოსავალი ჩაებარებინა. ხოლო მევენახეებმა დაიჭირეს მისი მონები, ზოგი სცემეს, ზოგი დახოცეს, ზოგიც ქვებით ჩაქოლეს. ახლა სხვა მონები გაგზავნა, წინანდელზე მეტნი და მათაც იგივე დამართეს. ბოლოს, თავისი ძე გაგზავნა და თქვა: ჩემი ძის მაინც მოერიდებათო. მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე, მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ. შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს“.
მათე 21, 33-45.
ნუ დაკარგავ ღვთის წყალობას
ვნების კვირის ორშაბათი იდგა. უფალი იესო ქრისტე იერუსალიმის დიდ ტაძარში ასწავლიდა ხალხს. უფალმა ყველას გასაგონად თქვა, რომ სწორედ იგია ღვთისგან აღთქმული მესია, მაცხოვარი და მხსნელი, რომელსაც ამდენ ხანს ელოდნენ. მსმენელებს შორის იყვნენ წარჩინებული იუდეველები: მღვდელმთავრები, ერის უხუცესები, ფარისევლები და მწიგნობრები. „ბოროტი მევენახეების“ იგავით უფალმა იწინასწარმეტყველა თავისი ჯვარცმა, მკვლელობა, რომელსაც მის წინ მდგომი გააფთრებული, გაბოროტებული იუდეველები უკვე გეგმავდნენ და სამიოდ დღეში აღასრულებდნენ კიდეც.
მართლაც საკვირველი მზრუნველობა გამოიჩინა ღმერთმა იუდეველთა მიმართ: შექმნა სამყარო და თავისი ხელით ჩაყარა ვენახი, ანუ ისრაელის სახლი, ებრაელთა რჩეული ერი. ღობის შემოვლებით სახიერმა ღმერთმა ამ ერს მოსეს რჯული მისცა, რომ წარმართებისგან, კერპთაყვანისმცემლებისა და სხვა ურჯულოებისგან დაეცვათ თავი. იგავის მიხედვით, ღმერთმა მათ საწნახელიც ჩაუდგა და კოშკიც აუშენა. ორივე ერთად იუდეველთა ტაძრის გამომხატველია, სადაც საღვთო, სამსხვერპლო სისხლი იღვრებოდა.
მოახლოვდა ჟამი, – ბრძანებს უფალი და გვაფრთხილებს, რომ თითოეული ჩვენგანისთვის აუცილებლად დადგება ჟამი, ის დღე, როცა შეგვეკითხებიან: შენ რაღა გააკეთე, როგორ იცხოვრე? უფალი იმასაც შეგვახსენებს, რომ არც ვენახი და არც მისგან მოწეული ნაყოფი ჩვენს საკუთრებად არ უნდა ვიგულოთ, რადგან იგი ღვთის წყალობით მოგვეცა და ღმერთს ეკუთვნის.
იგავში ვენახის მოქმედთ, მევენახეებს ეს დაავიწყდათ და იფიქრეს, ღმერთი არ ჩანს და აღარც მის მოსვლას უჩანს პირიო. ამით თვითდაჯერებულებმა ვენახის მესაკუთრეობაც კი ინდომეს. ნაყოფის ასაღებად გამოგზავნილ მონებს ისევე უგუნურად მოექცნენ, როგორც საუკუნეების განმავლობაში ღვთისგან მოვლენილ წინასწარმეტყველებს ეპყრობოდნენ: სცემდნენ, კლავდნენ და ქოლავდნენ.
სულგრძელმა ვენახის პატრონმა ბოლოს თავისი ძე გაუგზავნა მათ, იქნებ მისი მოერიდოთ და ახლა მაინც მოინანიონ თავიანთი ცოდვებიო. მაგრამ მევენახეებმა პატრონის ძე შეიპყრეს, გაიყვანეს ვენახის გარეთ და მოკლეს.
უფალმა ამ იგავით თავის მკვლელებს ჯვარცმის ადგილზე – გოლგოთაზე მიანიშნა, რომელიც სწორედ იერუსალიმის გარეთ მდებარეობდა. სამკვიდრებელი იგავში ცის სასუფეველს გამოხატავს. მერედა, რა გზით აპირებდნენ ეს გაბოროტებული ადამიანები სასუფეველში დამკვიდრებას? თავიანთი პატრონისა და მფარველის ძის მოკვლით?! გაუგონარი სიშლეგეაო! – ასე გოდებენ წმიდა მამები, რადგანაც ამ საზარელი მკვლელობის ჩამდენთ ერთხელაც არ გახსენებიათ, რომ მამა აუცილებლად დასჯის საკუთარი ძის მკვლელებს: „როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მევენახეებს?“ – ეს უფლის გაფრთხილებაც არის იმის მიმართ, ვინც დღემდე ცოდვას სჩადის და არც კი ფიქრობს, მოინანიოს.
უფლის შეკითხვაზე, თუ რას უზამს ვენახის პატრონი მევენახეებს, პასუხი თავად მხილებულმა იუდეველებმა გასცეს: „ბოროტებს ბოროტად ამოწყვეტს და ვენახს გადასცემს სხვა მევენახეებს, რომლებიც მისცემენ მას ნაყოფს თავის დროზე“. მართლაც ასე მოხდა: ორმოციოდე წლის შემდეგ იერუსალიმი დაინგრა, იუდეველები გაიფანტნენ, ქრისტიანობა გავრცელდა და ქრისტეს ეკლესია გვერგო ჩვენ – ქრისტიანებს.
მევენახეები, ამ იგავის მიხედვით, ვართ ჩვენ – ქრისტიანები, ვენახის პატრონი კი ქრისტეა, რომელმაც საკუთარი ჯვარცმული სხეული – ეკლესია დაგვიმკვიდრა, საწნახელიც ჩაგვიდგა, რომ იქიდან მისი ნებით დათხეული წმიდა სისხლი მივიღოთ წმიდა ზიარებით.
ვინც ღვთის წყალობით მოცემულ ამოდენა სიკეთეს მოუფრთხილდება, უფლის ნებას აღასრულებს, სინანულისა და სათნოების გზით ივლის – კეთილ ნაყოფსაც ის გამოიღებს.