მამათა შეგონებანი
ბერი იაკობი: ლოცვის ღირსება მხოლოდ ხარისხშია და არა რაოდენობაში. რაოდენობა მაშინ არის საქები, როდესაც ხარისხისკენ მივყავართ. ხარისხს ყოველთვის მივყავართ რაოდენობამდე; რაოდენობას მივყავართ ხარისხამდე, როდესაც მლოცველი გულმოდგინედ ლოცულობს.
წმიდა სილუანი: თუკი ნამდვილად გვსურს, სრულყოფილი სიყვარულით აღგვევსოს სული, ანუ ღმერთისგან კურთხეული სიკეთეებით შეგვემოსოს იგი და, ამგვარად, პირველ ყოვლისა, ურვა და ხორციელი შეჭირვება უნდა შევიყვაროთ, ყოველნაირი სიმძიმის ტვირთი და განსაცდელთა სიხარულით დათმენა უნდა გვსურდეს. სიღარიბე და ტკივილი გვერჩიოს, ამასთან იმ რწმენით ვითმენდეთ ყოველივე ამას, რომ ეს ნამდვილად სასიკეთოა ჩვენთვის და ჩვენს მომავალ ბედნიერ სამარადისო ცხოვრებას ემსახურება.
თეოფანე დაყუდებული: პეტრე მოციქული შეკითხვაზე: „უფალო, რაოდენ გზის შემცოდოს ძმამან ჩემმან და მიუტევეთ მას? ვიდრე შვიდგზისამდეა?“ ჰრქუა მას იესო: „არა გეტყვი შენ, ვიდრე შვიდ გზისამდე, არამედ, ვიდრე სამეოც და ათ შვიდ გზას“. მოვუსმინოთ უფალს და შევეცადოთ, აღვასრულოთ მისი წმიდა მცნება. რამეთუ ეს არის უახლოესი და საიმედო გზა ცხონებისკენ. გინდა, ცხონდე? – მიუტევე ყველას და ყველაფერი, რაც გაწყენინეს და გადარჩები, რამეთუ, ასე ამბობს უფალი: „უკუეთე მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან”.
იოანე ოქროპირი: იწვა ლაზარე კარებთან, ჭრილობებით დაფარული, შიმშილით გატანჯული. ძაღლები მოდიოდნენ და ულოშნიდნენ ჭრილობებს. ძაღლები ადამიანებზე უფრო კაცთმოყვარეები იყვნენ, ლოკავდნენ ლაზარეს ჭრილობებს, წმენდნენ და ჩირქს აცლიდნენ. ის კი იწვა დავრდომილი, როგორც ოქრო ბრძმედში და ბრწყინვალება ემატებოდა. ის არ ამბობდა, როგორც მრავალი გლახაკი ამბობს: „ეს არის განგებულება? ნუთუ ღმერთი ხედავს კაცთა საქმეებს? მე, მართალია, გლახაკი ვარ, ის კი უსამართლოა და მდიდარია”. არაფერი ამის მსგავსი. არაფერი ამის მსგავსი ლაზარეს არ უფიქრია, არამედ ღმერთის მიუწვდომელ კაცთმოყვარეობას მინდობოდა, სულს განსწმენდდა, ტანჯვას იტანდა, მოთმინებას ავლენდა. სხეულით იწვა, მაგრამ გონებით მიისწრაფოდა, ჯილდოს მისაღებად ემზადებოდა ბოროტებას განშორებული და სიკეთის ხატად ქმნილი. ის არ ამბობდა: „მუქთახორები გარდამეტებულად ტკბებიან, ხოლო მე ნამცეცების ღირსიც ვერ ვხდები”. მაშ, რას შვრებოდა? ღმერთს ჰმადლობდა და ადიდებდა.
გრიგოლ პალამა: როგორადაც ძალგიძს, ისე შეეწიე მოყვასს. თუკი სასწაულმოქმედი სიტყვით არ შეგიძლია, ადამიანთა უძლურება განკურნო, კეთილი სიტყვით ანუგეშე და გაამხნევე შეჭირვებული! და თუკი მოყვასს დაეხმარები, მაშინ, ჰოი, საკვირველებავ, თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე დაგიდგება მსახურად... ოდეს მოყვასს შეეწევი და მეოხ-ექმნები, თავად დაეუფლები საღმრთო საგანძურს, ქრისტეს სამეუფოს; მოყვასის შემმოსველი და დამპურებელი თავად იგემებ უკვდავებას და სამეფო ძოწეულით შეიმოსები.