რაში სჭირდება კაცს ცოლის „გადაკეთება“ და „გამოცვლა“
სიყვარული ხშირად არ გვაძლევს საშუალებას, რეალურად შევაფასოთ ურთიერთობები და კონკრეტული სიტუაცია. უმრავლეს შემთხვევაში, რეალობა ერთია, სიყვარულით წარმოშობილი წარმოსახვითი სურათები კი – სხვა. ვხვდებით ადამიანს, ხშირად ვხვდებით, მაგრამ მის ჭეშმარიტ სახეს ვერ ვხედავთ. ვფიქრობთ, ის არის, ვისაც ვეძებდით და ვისთანაც ბედნიერები ვიქნებით, მაგრამ...
ამბობენ, რომ ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს და მიიღო, როგორიც არის სინამდვილეში. ყოველგვარი შესწორებებისა და კორექციების გარეშე. თუ ამას ვერ ახერხებ, ესე იგი, შენი გრძნობა ნამდვილი არ არის, ან, უბრალოდ, არასაკმარისია.
არ არსებობს ურთიერთობა კომპრომისების გარეშე. თუმცა, ალბათ, ყოველთვის კომპრომისზე ვერ წახვალ – გააჩნია, რისი დათმობა გიწევს. ყოველთვის ყველაფერს ვერც დათმობ და ვერც აპატიებ.
თეონა (39 წლის): მე არ ვიცი, გამონაკლისი ვარ თუ კიდევ ვინმეს აქვს ჩემნაირი პრობლემა. ერთი შეხედვით, ყველაფერი წესრიგშია, ნორმალურად არის და თითქოს სხვები გაცილებით უარეს დღეში არიან, მაგრამ, მე ხომ ვხვდები, რომ პრობლემა არსებობს. სირაქლემის პოზაში ხომ არ ჩავიყენებ თავს, ვის რა დავუმალო?! დავუშვათ, ვითამაშე, რომ ბედნიერი ვარ. მერე რა? იქნებ, კატასტროფის პირას ვდგავარ და უფსკრულშიც ვიჩეხები, არ გავახილო თვალები? მე მართლა მაინტერესებს, რა ხდება, მართლა მეშინია ხვალინდელი დღის.
– გულისხმობთ ქმართან ურთიერთობას?
– რა თქმა უნდა. ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია – ქმარი და შვილები. მგონი, არც ერთი ნორმალური ქალი გათხოვებისას არ ფიქრობს იმაზე, რომ, თუ ახლა არ გამიმართლებს, მეორედ და მესამედ გავთხოვდებიო. დანგრეულის ხელახლა აშენება ნერვებსაც შეიწირავს და, საუკეთესო წლებიც მიაქვს. ფეხებზე უნდა გეკიდოს ყველაფერი, საკუთარ თავზე ექსპერიმენტები რომ ატარო.
– მეორედ გათხოვება საკუთარ თავზე ექსპერიმენტის ჩატარებაა?
– აბა, რა არის? ჯერ, პირველად რომ თხოვდები, ის არის ექსპერიმენტი და, მეორედ, მესამედ ამის გაკეთება კომფორტია?! რა ჯობია იმას, როცა პირველივე ჯერზე შეხვდები იმ ერთადერთს, რომელიც შენთვის არის შექმნილი, შენ კი – იმისთვის?! მაგრამ, ასე უნდა გაგიმართლოს.
– თქვენ როცა შეხვდით მომავალ მეუღლეს, იფიქრეთ, რომ ის იყო თქვენი მეორე ნახევარი?
– იცით, როგორ იყო? მე ჩემი მომავალი მეუღლე სამსახურში გავიცანი – კოლეგა იყო. უმაღლესი რომ დავამთავრე, ჯერ უცხოეთში ვმუშაობდი. ჩამოვედი, იქ შეგროვილი ფულით მანქანა ვიყიდე და მერე მუშაობაც დავიწყე...
– უცხოეთში გყავდათ შეყვარებული, ან, თუნდაც აქტიური თაყვანისმცემელი?
– აქტიური თუ პასიური თაყვანისმცემლები მე აქაც არ მაკლდა. თუ მეგობარ მამაკაცს გულისხმობთ, არ მყოლია ნამდვილად. იმიტომ არა, რომ რამე პრინციპი ან იდეაფიქსი მქონდა, ქალწული გავთხოვილიყავი. უბრალოდ, არ შევხვდი მამაკაცს, რომელთან სიახლოვეც მომინდებოდა.
– როგორც მივხვდი, სიყვარულითაც არ გათხოვილხართ...
– თუ რომეოსა და ჯულიეტას რომანს გულისხმობთ, ასეთი სიყვარული ნამდვილად არ გვქონია. მუშაობა რომ დავიწყე, ძალიან მალე, პირველივე კორპორაციულ წვეულებაზე გავიცანი. სასიამოვნო და საინტერესო ტიპი იყო. ინიციატივა მან გამოიჩინა. ნახევარი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, დავდიოდით კაფეში, კინოში, მის მეგობრებთან... ერთი სიტყვით, ნორმალური ურთიერთობა გვქონდა და, როცა ცოლობა მთხოვა, უარი არ მითქვამს, ველოდი კიდეც ამას.
– სიყვარული არ აუხსნია?
– მე არ ვარ რომანტიკული ადამიანი და ასეთი რაღაცეების მოთხოვნილება არ მაქვს. ფანჯრის წინ სანთლებით დახატულ გულებსა და ღამით რომანსებს არ ვითხოვ, მაგრამ, ეტყობა, მაინც მეტი დაკვირვება უნდა გამომეჩინა. ის დეტალები ვერ დავინახე მასში, რაც ახლა ძალიან მაშინებს და მანერვიულებს. მოკლედ, ქორწილიც გვქონდა და საქორწინო მოგზაურობაც, ისიც მოვახერხეთ, რომ ცალკე გადავედით საცხოვრებლად და დავიწყეთ ჩვენი „ბუდის“ მოწყობა. ისე ვცხოვრობდით, როგორც ყველა – ვშრომობდით და ვწვალობდით ყოველდღიური წვრილმან-მსხვილმანი პრობლემებით. ორი შვილიც გავაჩინე...
– ანუ, მთელი ეს პერიოდი, სიტუაცია და ურთიერთობა ნორმალურად გქონდათ?
– საქმეც ეგაა, რომ აბსოლუტურად ჩვეულებრივად გვქონდა ყველაფერი, ნორმალურად, ზედმეტი გართულებების გარეშე ყოფაშიც და ინტიმურ სფეროშიც. არაჩვეულებრივი და სუპერემოციური ურთიერთობა არ იყო, მაგრამ, მე არ ვარ ჰიპერაქტიური ქალი და ნამდვილად მაკმაყოფილებდა ასეთი ცხოვრება, სანამ ჩემმა მეუღლემ უცნაური თვისებები არ გამოამჟღავნა.
– ეს ერთბაშად მოხდა თუ ეტაპობრივად?
– ერთბაშად არ მომხდარა. უფრო ეტაპობრივად, თუმცა, პირველივე უცნაური შემოთავაზება მისი მხრიდან, ძალიან არ მომეწონა.
– იქნებ, უფრო დააკონკრეტოთ ქმართან თქვენი ურთიერთობა, დეტალები, სანამ ცვლილებები მოხდებოდა?
– ხომ გითხარით – არაფერი განსაკუთრებული. დასვენების დღეებს ვატარებდით ერთად. ბავშვებიც ერთად დაგვყავდა პარკში, გასართობად და სასეირნოდ. სტუმრად მივდიოდით, ან ჩვენთან მოდიოდნენ სტუმრები... – მოკლედ, როგორც ყველა ცხოვრობს. თუმცა, შეიძლება, ცოტა უკეთესადაც კი, იმიტომ, რომ მატერიალური პრობლემები არ გვქონდა. ფულის შეგროვებასაც ვახერხებდით და ზაფხულობით კარგად დასვენებასაც. უცხოეთში სამოგზაუროდაც კი ვიყავით მე და ჩემი მეუღლე.
– და, მთელი ეს პერიოდი თქვენი მეუღლე ჩვეულებრივად იქცეოდა?
– აბსოლუტურად. მე საკმაოდ ყურადღებიანი ცოლი ვარ და ცვლილებები არ გამომეპარებოდა, მით უმეტეს – ასეთი. ჩემი ჩვეული ცხოვრების რიტმი ერთბაშად დაირღვა. მანამდე ჩემი ქმარი არასდროს ჩარეულა ჩემს ჩაცმულობაში – არც არაფრის ჩაცმა მოუთხოვია და არც არაფრის ჩაცმა დაუშლია.
– აზრი გიკითხავთ თქვენი ჩაცმულობის სტილთან დაკავშირებით?
– არ მახსენდება, არასდროს გამომიჩენია ინტერესი ამის მიმართ. ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როცა ერთ დღეს ქმარმა მითხრა, ვფიქრობ, რომ თმა ღია ყვითლად უნდა შეიღებოო. ძალიან გამიკვირდა – რბილად ნათქვამია, – გავოგნდი. ყოველთვის მუქ წაბლისფერ თმას ვატარებდი და მიმაჩნია, რომ ძალიან მიხდებოდა. ხომ თითქოს წვრილმანია, მაგრამ, რაღაცნაირად გამკენწლა – მე ხომ ყოველთვის „მუქი“ ვიყავი. ასეთი რადიკალური ცვლილება არ გაამართლებს-მეთქი, ვუთხარი. მაშინვე გამიპროტესტა: გეუბნები, მაგარ „ვიდზე“ დადგები, დღესვე შეიღებეო... შევიღებე და დაველოდე, რა მოხდებოდა. არ მოეწონა – მე ასეთი ყვითელი არ მითქვამსო და ჟურნალი გადამიშალა ცხვირწინ – აი, ამ მოდელს რომ აქვს, ასეთზე გეუბნებიო. ჟურნალი ეროტიკული შინაარსის იყო და კიდევ უფრო დავინტერესდი. რა საჭიროა-მეთქი, – ვკითხე გაოცებულმა. გაახალგაზრდავდები და მეც გამიჩნდება იმის განცდა, რომ პარტნიორი შევიცვალეო.
– თქვენ ამ ბოლო ფრაზამ ჩაგაგდოთ საგონებელში?
– რა თქმა უნდა. თავიდან ვითომ ვიფიქრე, რომ საგანგაშო არაფერი იყო და შევეცედე, ამ ამბისთვის როგორმე პოზიტიური კუთხით შემეხედა. ჩემს დაქალსაც კი ვუთხარი, მგონი, ქმართან ახალი თაფლობის თვე მექნება. თერთმეტწლიანი თანაცხოვრების მერეც ისევ ვუყვარვარ. ჩემში სიახლეებს ეძებს – შემომთავაზა, რომ თმა შევიღებო და სტილი შევიცვალო, ერთფეროვნებამ ჩვენი ურთიერთობა რომ არ დააზარალოს-მეთქი. ჩემმა დაქალმა საკმაოდ ცუდი რეაქცია ჰქონდა: სიბრალულით შემომხედა და მითხრა – მე შენს ადგილას ასეთი გახარებული არ ვიქნებოდი. საკმაოდ სერიოზული პრობლემის წინაშე დგახარ და ვერ ხვდები. მგონი, შენი ქმარი ცდილობს, იმ ქალს დაგამსგავსოს, ვინც მართლა მოსწონს და უყვარსო. გავშეშდი. თითქოს მდუღარე გადამასხეს. ეჭვიანი მანამდე არასდროს ვყოფილვარ. არ ვიცოდი, რა საშინელი და დამანგრეველია ეს გრძნობა. თითქოს გულს გაგლეჯენ, საკუთარ უსუსურობას გრძნობ, მაგრამ, არაფრის გაკეთება არ შეგიძლია.
– თქვენ არ სცადეთ, ამ დასაშვებ ვერსიაშიც დაგენახათ პოზიტივი?
– მაგალითად, როგორი?
– რომ თქვენს მეუღლეს მართლაც გაუჩნდა სიმპათია, თუნდაც ინტერესი ვიღაც სხვა ქალის მიმართ და, ღალატი რომ აეცილებინა თავიდან, ამ გზას მიმართა.
– დასაშვები ვარიანტია და ვიფიქრებდი ამაზე, კიდევ სხვა საშიში „ნიშნები“ რომ არ შემემჩნია მისთვის, მაგალითად, აღმოვაჩინე, რომ პარფიუმი შეიცვალა. ყოველთვის მე ვყიდულობდი მისთვის სუნამოსაც და „ტუალეტის წყალსაც“. ვიგრძენი, რომ სხვა სურნელი ჰქონდა მის ტანსაცმელს. საიდან გაქვს ახალი სუნამო-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა, მაღაზიასთან გავიარე და, რატომღაც, მომინდა, მეყიდა. რა არის ამაში გასაოცარიო?
– მართლაც, რა არის ამაში გასაოცარი?
– თქვენ ჩემს მეუღლეს რომ იცნობდეთ, ამას არ შემეკითხებოდით. თერთმეტი წლის განმავლობაში მე ვყიდულობდი მისთვის პარფიუმსაც, თეთრეულსაც, წინდებსაც, პერანგებსაც – ეს საქმე მთლიანად მე მქონდა გადმობარებული და ყველაფერში მენდობოდა. ჩვევების შეცვლა ასე უბრალოდ, ერთბაშად და არაფრის გამო არ ხდება, მით უმეტეს, როცა საქმე კონსერვატორ მამაკაცს ეხება. მთელი ღამე არ მძინებია. ვერ ვმშვიდდებოდი და ისეთი ფიქრები მომდიოდა თავში... კოშმარული. საკუთარმა ფიქრებმა შიშით ლამის ჭკუიდან შემშალა.
– რისი გეშინოდათ?
– იმის, რომ მალე გავიგებდი და ვერ შევეგუებოდი რეალობას, ანუ, ჩემი ქმრის ღალატს. მე ის კატეგორია არ ვარ, ტყუილში ვიცხოვრო. ვერც თავს მოვიტყუებ და ვერც „პოზას“ ვერ დავიჭერ, რომ ყველაფერი კარგად არის. მეორე დღეს ჩემს ქმარს გავუარე ოფისში. გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე, ემოციების კარნახით. რომ ამეწონ-დამეწონა ჩემი ამ ნაბიჯის მოსალოდნელი შედეგი, იქნებ, არც წავსულიყავი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ისევ მე მომეშალა ნერვები და უარესად „ავიჭერი“. ჩემი ქმარი თავის შეფთან ერთად გასული დამხვდა, მაგრამ, შევხვდი ქმრის თანამშრომელს, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მომიყვა, რამდენიმე თვეა, ახალი თანამშრომელი გვყავს და კაცები გამოალენჩა. შენი ძვირფასი ქმარიც თვალს არ აშორებს, პირდაღებული მისჩერებიაო. ეს მინდოდა კიდევ?! ცეცხლზე ნავთი დამესხა. მერე ისიც მითხრა, რომ, თურმე, შესვენებებზე სულ ერთად სადილობდნენ. ისეთი დეკოლტეთი დადის, თანაც, სულ ცხვირწინ უტრიალებს. ცოტა ფრთხილად იყავიო. როგორ გამოიყურება-მეთქი, ვკითხე. უცნაური ფერის ქერა თმა აქვს და მოდელივით გრძელი ფეხებიო. ეს სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ მე ისტერიკული ნერვიულობა დამეწყო. ერთი ქალი მაინც თუ არსებობს ასეთი, ვინც ამ ყველაფრის შემდეგ გულგრილი დარჩებოდა?
– ყველა არ არის კეთილის მსურველი. უმრავლესობას სეირის ყურება უნდა.
– მივხვდი, რასაც გულისხმობთ, მაგრამ ჩემი თმის ფერის შეცვლაც ხომ „კეთილის მსურველის“ სეირის ყურების სურვილი არ ყოფილა? ფაქტია, რომ ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, თავისი „ნაშის“ პორტრეტული ასლი სახლშიც ჰყოლოდა. გეფიცებით, შოკში ვარ. თუ არ უღალატია, მიღალატებს, თითქმის ვრწმუნდები.
– მაინც ვცადოთ და გავანეიტრალოთ სიტუაცია: თქვენს ქმარს ბრძოლა აქვს საკუთარ თავთან; ცდილობს, გამოძვრეს, ოჯახიც და პირადად თქვენც, მისთვის ფასეული ხართ.
– მე ასე არ ვფიქრობ. მიჭირს, პოზიტივზე ვიფიქრო ასეთ მძიმე სიტუაციაში. სახლში რომ მივედი, იმის უნარიც არ მქონდა, ბავშვებისთვის საჭმელი მომემზადებინა. სრული დეპრესია მქონდა. სარკესთან ვიდექი, ვათვალიერებდი საკუთარ გამოსახულებას, ვტიროდი და, ვფიქრობდი, რა შევცვალო, რა გავაკეთო, რომ ჩემმა ქმარმა ისევ მომაქციოს ყურადღება-მეთქი. საშინელებაა არასრულფასოვნების და იმის განცდა, რომ შენი საყვარელი ადამიანისთვის მოძველებულ საშინაო ტანსაცმლად იქეცი.
ახლა გაუგებრობაში ვარ. არ ვიცი, ქმართან როგორ მოვიქცე. მე ხომ ვიცი, რომ ვიღაც გრძელფეხება, ქერათმიანი და დეკოლტირებული „ნაშა“ მოსწონს და იზიდავს. რა მნიშვნელობა აქვს, უკვე წევს თუ არა მასთან, ამით მე რა შეღავათი? ფიქრში ხომ ეს ყველაფერი გაკეთებული აქვს...
– ფიქრებში ჩადენილი დანაშაულისთვის არ იჭერენ.
– იურისპრუდენციაში არ იჭერენ, მაგრამ, სახარებაში სხვა რამე წერია და მე სახარების უფრო მჯერა. გეფიცებით, ვინმე პროფესიონალ მეძავში რომ ფული გადაეხადა და ეღალატა ჩემთვის, ასე არ ვინერვიულებდი. იმის წარმოდგენა, რომ ჩემი ქმარი დღედაღამ ოცნებობს იმ ქალზე და ელანდება – მაგიჟებს. ჩემს ასაკში თავს გადასაგდებ ბებრუხანად ვგრძნობ და დიდხანს ამას ვერ გავუძლებ.