რატომ მიიჩნევა საქართველოში ტრადიციად მამაკაცის მიერ ქალის ჩაგვრა და როდის იქნებიან მზად ქართველი კაცები აღიარონ, რომ ქალიც ადამიანია
ყველასთვის ცხადია, რომ ჯერჯერობით ჩვენს საზოგადოებაში მამაკაცობა მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთმა მამაკაცად გააჩინა, პრესტიჟულ სქესად ითვლება, იმდენადაც, რომ გაეროს კვლევის თანახმად, გამოკითხული ჩვენი თანამემამულე ქალების 30 პროცენტი ქმრის ან პარტნიორის მიერ ქალის ცემას ამართლებს. საინტერესოა, რომ ეს ყოველივე, რატომღაც, ტრადიციებით მართლდება, შესაბამისად, ჩნდება კითხვები: როგორია ჩვენი საზოგადოების წარმოდგენაში არსებული ქალისა და მამაკაცის ტრადიციული როლები, მართლაც ეფუძნება თუ არა ეს წარმოდგენა ტრადიციას და, რაც მთავარია, აქვს თუ არა დემოკრატიული ქვეყნის და სამოქალაქო საზოგადოების შექმნის პოტენციალი, თუკი ერთი სქესის მიერ მეორე სქესზე უპირატესობა მიღებული ნორმაა. ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძესთან ერთად შევეცდებით.
– სამოქალაქო საზოგადოების როგორ დონეზე მეტყველებს, როდესაც სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია ჩვენი საზოგადოების უმეტესობისთვის, მათ შორის, დისკრიმინირებულებისთვისაც ნორმალური მდგომარეობაა?
– ქალთა ემანსიპაციის პროცესი, ალბათ, ყველაზე გვიან დაიწყო სხვა დისკრიმინირებულ ჯგუფებს შორის. ეს თავდაპირველად მოხდა ამერიკაში, ინგლისში, ერთი სიტყვით, განვითარებულ ქვეყნებში.
– ჩვენთანაც დაიწყო, აქტიურობდნენ ქართველი ქალები მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს?
– ამას არ მიუღია ფართო მასშტაბი და, რაც მთავარია, საზოგადოებაზე გავლენა არ მოუხდენია. მართალია, ჩვენ ცალი ფეხით, შეიძლება, ფეხ-ნახევრითაც პატრიარქალური საზოგადოება ვართ, მაგრამ, თუ 30 პროცენტი ამართლებს ცემას, ეს არ არის ძალიან ცუდი მაჩვენებელი, ამერიკაშიც დაახლოებით იგივე მონაცემია.
– გულზე მომეშვა.
– საერთოდ, ნებისმიერი ძალაუფლება დაკავშირებულია უხეშ ფიზიკურ ძალასთან.
– რამაც თავის დროზე გამოიწვია პატრიარქატის დამყარება.
– დიახ. მამაკაცი ძლიერია, ერევა ქალს და დამთავრდა, მაგრამ კაცობრიობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მარტო ფიზიკური ძალით მოქმედება უსამართლობაა. ვფიქრობ, ეს კვლევა 15 წლის წინათ რომ ჩატარებულიყო, შედეგი გაცილებით უარესი იქნებოდა. იმის თქმა მინდა, რომ, ჩემი აზრით, შემცირებული იქნება ისეთი ქალების რაოდენობა, რომლებიც კაცის მიერ ცემას ამართლებს. მგონია, რომ ქალთა ემანსიპაციის პროცესი ჩვენ თვალწინ ვითარდება და ძლიერდება და ამის რამდენიმე მაგალითი შემიძლია, მოვიყვანო. მაგალითად, საბჭოთა პერიოდში კაფეში ქალის შესვლა გამორიცხული იყო, მით უმეტეს, სახინკლესა და რესტორანში. წარმოუდგენელი იყო ქალი მანქანის საჭესთან, ისევე, როგორც პოლიტიკაში ქალის მოსვლა. ასე რომ, ეს პროცესი მიდის და მიდის სწორი მიმართულებით. თან, არ მგონია, ჩვენ კატასტროფული მაჩვენებელი გვქონდეს, თუმცა კარგიც არ არის, რადგან ოჯახური ძალადობა პრობლემაა, მაგრამ ნელ-ნელა მივდივართ იქითკენ, რომ ქალის უფლებები აღიარებულია. იქმნება არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ ქალების დაცვას.
მეორე მაგალითი, ის, რომ საქართველოდან ყოველთვის ძალიან ცოტა ადამიანი მიდიოდა ნებაყოფლობით ემიგრაციაში, ეს მეტ-ნაკლებად საბჭოთა პერიოდში დაიწყო და ქართველს ნახავდით ყველგან, არქტიკისა და კამჩატკის ჩათვლით, ცხადია, ფულიან ადგილას. სქემა ასეთი იყო: მიდიოდა კაცი და შემდეგ მიჰყავდა ოჯახი ან არ მიჰყავდა.
– ან იქ ქმნიდა მეორეს.
– მეორეს და ხანდახან მესამესაც, ანუ კაცი იყო მთავარი მიგრანტი. ახლა სხვანაირადაა. სხვა საქმეა, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ კაცი და ქალი მიგრანტების პროცენტული რაოდენობა ერთი და იგივეა, ხანდახან ქალები სჭარბობენ კიდეც. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქალმა ინიციატივა აიღო თავის თავზე, აღარ ეშინია უცხო გარემოსი.
– იქნებ ქალი იძულებულია, აღარ შეშინდეს?
– რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკურმა ვითარებამ აიძულა, მაგრამ ფაქტია, რომ აღარ ეშინია. არ მგონია, საქართველოში დღეს უარესი ეკონომიკური პირობები იყოს, ვიდრე მეთვრამეტე საუკუნეში იყო, მაგრამ მაშინ ქალები არ წასულან ემიგრაციაში. იმას ვამბობ, რომ ქალი გახდა დამოუკიდებელი ინდივიდი და არ არის თავისი ქმრის მხოლოდ მეორე ნახევარი. თუმცა ჯერჯერობით ისევ არსებობს აზრი, რომ კაცი უფრო სრულყოფილი არსებაა.
– საიდან გაჩნდა ეს აზრი, თან ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის?
– ნებისმიერი წესები და შეხედულებები დაკანონებულია მდიდრების მიერ ღარიბებისთვის, კაცების მიერ – ქალებისთვის, უფრო ასაკოვნების მიერ – უმცროსებისთვის და უმრავლესობის მიერ – უმცირესობისთვის. ერთადერთი, რაშიც სჯობნის კაცი ქალს, არის ძალა, მეტი არაფერი.
– ისიც გააჩნია, რა შემთხვევაში?
– მე ვამბობ, საშუალოდ. მსოფლიოში დაფიქსირებული ინტელექტის ორი უმაღლესი კოეფიციენტი ეკუთვნის ქალს და მათ შორის სხვა სფეროებში არანაირი განსხვავებები არ არსებობს.
– მამაკაცების საყვარელი არგუმენტი: კაცის ტვინის წონა ქალის ტვინზე მძიმეაო. მძიმეა?
– ტვინის წონას თავისთავად აზრი არ აქვს, რადგან თავის ტვინის წონა უნდა შეუფარდო ტანის წონას. კაცი უფრო მძიმეა, ვიდრე ქალი და ამიტომ ამ შეფარდებით მათი ტვინები თანაბარი წონისაა. ასე რომ, ეს აბსურდული მითია. ჯერჯერობით გენდერული ძალაუფლება კაცების ხელშია და, ცხადია, თითოეული ძალაუფლების მქონე სოციალური ჯგუფი ცდილობს, ამის შენარჩუნებას, მაგრამ ტენდენციაა თანასწორობისთვის. მე ვერ გეტყვით, ეს 10 წლის შემდეგ იქნება თუ 40 წლის შემდეგ, მაგრამ აქეთკენ მივდივართ.
– როდესაც მამაკაცები თავიანთ თანდაყოლილ უპირატესობაზე საუბრობენ, იშველიებენ ასეთ არგუმენტს: გენიოსებს შორის აბსოლუტური უმეტესობა არის კაცი. პირადად მე მაქვს კონტრარგუმენტი: ქალებს ასი წელია, რაც განათლების მიღების უფლება მისცეს, შესაბამისად, გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების შემდეგ უნდა შევაფასოთ მათი შესაძლებლობები, მაგრამ ფაქტია, რომ გენიოსების უმეტესობა კაცია. უფრო ჭკვიანები არიან?
– რომ შეადაროთ ქალისა და მამაკაცის ინტელექტის გრაფიკი, აღმოჩნდება, რომ საშუალოები ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ კაცებში მეტია როგორც იდიოტი, ისე გენიოსი.
– ანუ გადახრა ნორმიდან?
– დიახ და ეს ბიოლოგიურადაა განპირობებული, რადგან მამრი ზოგადად არის ცვალებადობის მატარებელი, ქალი კი უფრო კონსერვატიზმის. ამიტომ ნებისმიერი გადაცდომა იწვევს გადახრას იქით ან აქეთ. ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მთელ მსოფლიოში 70 პროცენტი კაცია და 30 პროცენტი ქალი. შესაბამისად, გენიოსებშიც კაცი უფრო მეტია. მაგალითად, ზოგადად ქალი გაცილებით უკეთ არჩევს სუნს, მაგრამ პარფიუმერების 90 პროცენტი კაცია. ქალები გაცილებით ადვილად სწავლობენ უცხო ენებს, მაგრამ პოლიგლოტების უმეტესობა კაცია. ერთადერთი განსხვავებაა მათემატიკასა და ფილოსოფიაში. შეიძლება, ამის მიზეზი მაინც სოციალური როლია: ფილოსოფია და მათემატიკა არ არის ქალის საქმე. თუმცა ასე ფიქრობდნენ ჭადრაკზეც, მაგრამ უნგრელმა პოლგარმა სამი შვილი ისე აღზარდა, რომ ერთ-ერთი შევიდა მსოფლიო საუკეთესო მოჭადრაკეების ხუთეულში.
– ანუ წვრთნაა მთავარი?
– დიახ და, ამასთან, მსოფლიოში გაცილებით ნაკლები ქალი თამაშობს ჭადრაკს, ვიდრე კაცი, რადგან არ არის ქალის საქმეო. მაგრამ 120 წლის წინათ რომ ეთქვა ვინმეს, ქალი შეიძლება, ექიმი იყოს ან მასწავლებელიო, არავინ დაიჯერებდა. ახლა კი მასწავლებლებისა და ექიმების უმრავლესობა ქალია. ასე რომ, იცვლება ეს გენდერული წარმოდგენები და სტერეოტიპები. დღეს უმაღლეს სასწავლებლებში უფრო მეტი ქალი სწავლობს, ვიდრე კაცი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვნახოთ, ეს რას მოგვიტანს.
– როდესაც საზოგადოება არ აღიარებს თანასწორ არსებებად ქალსა და კაცს, შეიძლება იქ საუბარი ტოლერანტობაზე, თანასწორობაზე, ზოგადად, დემოკრატიულ ღირებულებებზე? როგორ შემიძლია, შევიწყნარო უმცირესობა, თუ არ ვიწყნარებ ქალს, როგორც ადამიანს?
– დღეს საქართველოში დემოკრატია ძალიან შორს არის ნამდვილი დემოკრატიისგან. როგორ დონეზეც არის დემოკრატია, იმ დონეზეა გენდერული თანასწორობაც.
– არსებობს მოსაზრება, რომ კაცს უნდა დაუჯერო, მოუსმინო და არ შეეწინააღმდეგო. ასეთია ტრადიცია და, თუ ამას მოვწყდებით, დავკარგავთ იდენტობას, თუმცა, ამ ლოგიკით, ჯოყოლას აღაზა ზვიადაურზე უნდა დაეკლა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ თამარმა მეთორმეტე საუკუნეში გააგდო ქმარი.
– დავკარგეთ ფესვები იმით, რომ ქალები მასწავლებლები არიან?!
– უფრო ადვილია კაცობა, როდესაც უსიტყვოდ გემორჩილებიან თუ უბრალოდ, კაცებს არ ეთმობათ ძალაუფლება?
– ეფარებიან წესებსა და ტრადიციებს, რაც უფრო ძველია ტრადიცია, გვგონია, რომ მით უფრო ხელშეუხებელია, არადა იცვლება ეს ყველაფერი და რეალურად, სოციალურ სფეროში ქალი ისეთსავე ადგილს იკავებს, როგორც კაცი. თუმცა არის ბიოლოგიური შემაფერხებელი ფაქტორები: თუ ერთნაირია ორი კანდიდატი, მირჩევნია, კაცი ავიყვანო თანამშრომლად, იმიტომ რომ ქალი გათხოვდება, ორ წელს არ იმუშავებს, შემდეგ ისევ დაბრუნდება.
– ჩვენს შრომის კანონმდებლობას ეს პრობლემა გადაწყვეტილი აქვს: ქალი, თუ თხოვდება ან დაფეხმძიმდება, კინწისკვრით გააგდებენ სამსახურიდან.
– ეს ცუდია, მაგრამ დამქირავებელს ამ შემთხვევაში აქვს რიციონალური საფუძველი: კვალიფიციური მუშაკი მინდა, რომ იჯდეს და იმუშაოს. ზოგიერთ ქვეყანაში მოგვარებულია ეს პრობლემა, ჩვენთან როგორ გადაწყდება, არ ვიცი.
– სადაც მოგვარებულია, იქ ის მშობელი გადის დეკრეტში, ვისაც მეტი ხელფასი აქვს, იმიტომ რომ სახელმწიფო სამი წლის განმავლობაში პირველ შვილზე უხდის ხელფასის 90 პროცენტს, მეორეზე – 100-ს, მესამეზე – 110 პროცენტს.
– ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საკითხის გადაწყვეტა რთულია, მაგრამ, ალბათ, შესაძლებელია. სხვა მხრივ, არავინ ითხოვს, რომ ქალმა იმუშაოს მაღაროში, თუმცა იქ, სადაც არ არის საჭირო უხეში ფიზიკური ძალა, როგორც წესი, ერთნაირი მიდგომაა ქალებისა და კაცებისადმი.
– ბიოლოგიური სხვაობა გამოიხატება როლების განაწილებაშიც და ეს ბუნებრივია.
– ცხადია, ჭურჭლის მრეცხავი ქართველი კაცი არ მინახავს. ანუ ქალს ორმაგი შრომა აწვება: სამსახურშიც მუშაობს და სახლშიც.
– დასავლეთში კაცები რეცხავენ ჭურჭელს. იქ საქმე განაწილებულია ქალსა და კაცს შორის.
– დიახ, მაგრამ დასავლეთშიც სხვადასხვანაირადაა: ამერიკასა და ჰოლანდიაში რეცხავენ, გერმანიაში ნაკლებად, შვეიცარიაში კიდევ უფრო ნაკლებად და ასე შემდეგ. ყველაზე დიდი დისტანცია ქალისა და კაცის გენდერულ როლებს შორი არის იაპონიაში, შემდეგ – გერმანულენოვან ქვეყნებში.
– იაპონიაში როგორაა?
– მაგალითად, იქ არ არის ცნება მშობელი: არის დედა და მამა, იმდენად განსხვავებული სოციალური ცნებებია. ქალებმა სულ ახლახან დაიწყეს მუშაობა, ადრე სულ სახლში იყვნენ. აბსოლუტურად ექვემდებარებოდნენ ქმარს, თუნდაც თვითონ ყოფილიყვნენ ლიდერები, მაინც კაცი ითვლებოდა ოჯახის წარმომადგენლად, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე საქართველოშიც. იქ საერთოდ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ქალმა დამოუკიდებლად მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება, თუმცა ახლა იქაც იცვლება ეს ყველაფერი. იაპონია ძალიან განვითარებული ქვეყანაა და ძალიან ადვილად ითვისებს სიახლეს, თუმცა თავის ტრადიციებსაც ინარჩუნებს და დღეს ქალსა და კაცს შორის იაპონიაში დისტანციაა.
– გერმანიაში?
– იქაც ტრადიციული, პატრიარქალური მიდგომაა. მამაკაცობა პრესტიჟული და უფრო წინწამოწეულია.
– ჩვენთან არის საინტერესო მომენტი: მამაკაცობა წინწამოწეულია, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა დაბალია.
– ამის მიზეზი ინფანტილიზმია. გარდა ამისა ბევრი რამ არის მაგალითად, ორმაგი მორალია ქალისა და კაცის მიმართ. კაცისთვის თუ შეიძლება სექსი, ქალისთვის არ შეიძლება და ამასაც აქვს სუფთა ინფანტილური გამართლება: კაცს ეშინია, რომ შვილი არ იქნება მისი და ამიტომ უკრძალავს ქალს არა მარტო ქორწინებამდე სექსს, არამედ საერთოდ სიამოვნების მიღებას ამისგან.
– ადრეულ საუკუნეებში გასაგებია, რატომაც იყო აკრძალული ქორწინებამდე სექსი: კაცს უნდოდა, რომ მისი ქონება მის შვილზე გადასულიყო და მხოლოდ ამ აკრძალვით იყო გარანტირებული, რომ პირველი შვილი მისი იქნებოდა. მაგრამ ახლა ხომ გადაჭრა მედიცინამ ეს პრობლემა გენეტიკური ანალიზით?
– არ არის სასიამოვნო თვითონ ეს გარკვევის პროცესი.
– უნდა, რომ გარანტირებულად მშვიდად იყოს?
– კაცი ყოველთვის უწესებდა ქალს ქცევის წესებს. მაგრამ მსოფლიოში დაიწყო სუფრაჟისტების, ფემინისტების მოძრაობა, რასაც მოჰყვა სექსუალური რევოლუცია და ეს ყველაფერი არც ისე ნელ-ნელა შემოვიდა საქართველოშიც.
– როგორც ვიცი, ქალის გათავისუფლებაში ცივილიზებულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მამაკაცებმა. ჩვენთან როგორი პირი უჩანს, არიან მზად ისინი, აღიარონ, რომ ქალი ადამიანია?
– უმრავლესობაში არავინ ამისთვის მზად არ არის. როდესაც ამ თემაზე იწყება ლაპარაკი, კაცები სიცილით იხოცებიან და რაღაც სისულელეებს ამბობენ. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც იცვლება. თუმცა ჩვენთან არ არის ისეთი რადიკალური ფემინიზმი, როგორიც არის ესპანეთსა და იტალიაში…
– რადიკალური ფემინიზმიც ძალიან უსიამოვნოა.
– არ არის სიმპათიური, მაგრამ ეს თავისთავად ხდება. მამხიარულებს, როდესაც ლაპარაკობენ ქალის ადამიანურ უფლებებზე, აბა, არაადამიანური უფლებები აქვს ქალს?! ძალიან საინტერესოა, რომ ამერიკაში ქალებიც და კაცებიც ამბობენ, მეგობრად უკეთესია ქალიო, ჩვენთან ამბობენ, კაცია უკეთესი მეგობარიო. ერთი სიტყვით, ყველაფერი იცვლება და ისიც შეიცვლება, რომ მე კაცი ვარ და მეკუთვნის ყველაფერი.