კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ გამოუვიდა რუსეთის იმპერიას შავიზღვისპირეთის აფხაზებისგან გაწმენდის გეგმა და რატომ აიძულებდნენ აფხაზებს თურქეთში გასახლებას

იმის გამო, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზების დემოგრაფიული მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, ისინი კარგა ხანია, ცდილობენ, საცხოვრებლად მოიპატიჟონ თავის დროზე რუსეთის იმპერიის მიერ გადასახლებული თანამემამულეების შთამომავლები. განსაკუთრებულ აქცენტს თურქეთის აფხაზობაზე აკეთებდნენ, რასაც, მოარული ხმებით, რუსეთი ეწინააღმდეგებოდა (გასაგები მიზეზით, რომ არ გაძლიერებულიყო თურქეთის გავლენა აფხაზეთის ტერიტორიაზე და, როგორც ამბობენ, ბაღაფში, მათ შორის, თურქეთის აფხაზობასთან კონტაქტის დამყარების მცდელობას შეეწირაო), თუმცა, სანაცვლოდ, სირიელი აფხაზობის ჩასახლებას სთავაზობდა (ზოგადად, სირიაში მოსახლეობა პრორუსული ორიენტაციისაა). სულ ახლახან 90-მა აფხაზურმა ოჯახმა სირიიდან აფხაზეთში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. როგორ ხვდება ამ სურვილს აფხაზი საზოგადოება და, საერთოდაც, როგორ მოხვდნენ აფხაზები მასობრივად აფხაზეთს გარეთ ტერიტორიაზე საკითხს ისტორიკოს გიორგი ანჩაბაძესთან ერთად განვიხილავთ.

 

– რატომ ურჩევნიათ აფხაზეთის აფხაზებს თურქი და არა სირიელი აფხაზები? 

– მართალია, კავშირი და ორიენტაცია აფხაზებს, ძირითადად, თურქეთში მცხოვრებ აფხაზებთან ჰქონდათ, მაგრამ პირადად მე, აფხაზეთში არასდროს გამიგია აზრი, რომ უნდათ აფხაზების ჩამოსახლება თურქეთიდან და არ უნდათ სირიიდან. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდნენ აფხაზები სხვა ქვეყნებში: როდესაც რუსეთმა დაიპყრო აფხაზეთი და, ზოგადად, დასავლეთ კავკასია, მეცხრამეტე საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო აფხაზების გასახლების პროცესი. რუსეთის იმპერიას ჯერ კიდევ შამილის შეპყრობის შემდეგ, ჩერქეზების დამორჩილებამდე ჰქონდა ასეთი გეგმა: შავიზღვისპირეთი გაეწმინდათ მთიელებისგან, ანუ უნდოდათ, იქ მხოლოდ რუსი მოსახლეობა ყოფილიყო.

– და საიდან მოვიდოდა ეს რუსი მოსახლეობა?

– საქმეც ის არის, რომ ვეღარ მოიყვანეს. მართალია, კრასნოდარის მხარეში ბევრი რუსი ცხოვრობს, მაგრამ აფხაზეთის მთლიანად ათვისება ვერ მოახერხეს. თავდაპირველად, უნდოდათ კაზაკების ჩამოსახლება. გეგმა ასეთი იყო: უნდა შეექმნათ აფხაზეთის კაზაკების ჯარი. მაგრამ, ჯერ ერთი, ამდენი კაზაკიც არ ჰყავდათ და, რაც მთავარია, დადგა ეკოლოგიური პრობლემები, რადგან კაზაკები და, მით უმეტეს, რუსები არ იყვნენ მზად, ეცხოვრათ სუბტროპიკულ სანაპიროზე: დაერიათ მალარია და, ამას გარდა, ვერ ახერხებდნენ მეურნეობის წარმოებას. რის მოყვანაც მათ იცოდნენ, იმ პირობებში ის არ მოდიოდა, ადგილობრივი მეურნეობის კი არაფერი იცოდნენ. ამიტომ დიდი ანგარიშით რუსეთის კოლონიზაცია არ შედგა აფხაზეთის ტერიტორიაზე. მართალია, აფხაზეთში შეიქმნა რუსული სოფლები, მაგრამ ძალიან ცოტა, ამიტომაც დაიწყეს შემდეგ სომხების, ბერძნებისა და სხვების ჩასახლება.

– მაგრამ ქართველების ჩასახლებას ზღუდავდნენ.

– პერიოდულად ქართველებსაც აძლევდნენ ნებას, ამიტომაც შეიქმნა ძალიან ბევრი ქართული სოფელი. მთავარი იყო, ქრისტიანები ჩაესახლებინათ, აფხაზ მოსახლეობას კი ხელს უწყობდნენ, რომ წასულიყვნენ.

– ანალოგიური რამ ხდებოდა, რაც აჭარასა და სამცხეში, როდესაც ქართველ მუსლიმანებს აიძულებდნენ, წასულიყვნენ თურქეთში, მათ ნაცვლად კი ქრისტიან სომხებს ასახლებდნენ?

– დიახ, უბრალოდ აფხაზეთში ამას უფრო დიდი მასშტაბით აკეთებდნენ. გარდა ამისა, მთიელებს აძლევდნენ ასეთ ალტერნატივას: ან უნდა გადასახლებულიყვნენ რუსეთის სტეპებში, რომ შემდეგ იქ მათი რუს მოსახლეობასთან ასიმილაცია მომხდარიყო, ან უნდა წასულიყვნენ თურქეთში. თურქეთის მთავრობა სიამოვნებით იღებდა მათ, როგორც მუსლიმანებს, თუმცა აფხაზები ძალიან ცუდი მუსლიმანები იყვნენ.

– ისევე, როგორც ცუდი ქრისტიანებიცო?

– დიახ. მაგრამ თურქეთში გადასახლების შემდეგ ისინი გამუსლიმანდნენ. იმ პერიოდში ოსმალეთის იმპერიამ ნგრევა დაიწყო და ამიტომ აფხაზეთიდან გასახლებულებს, უპირველესად, ასახლებდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც არეულობა იყო, ჯერ ბულგარეთსა და ბოსნიაში, შემდეგ –  არაბულ ქვეყნებში.

– თურქეთის მთავრობა ანაწილებდა?

– დიახ და თურქები მთიელებს იყენებდნენ ისევე, როგორც რუსები იყენებდნენ კაზაკებს, სამხედრო კოლონისტებად. თან ავრცელებდნენ სხვადასხვა ჭორს: რომ თითქოსდა თურქეთში ისეთი მოსავალი მოდის, კვახში კამეჩი დაეტევაო, ოქრო კი იმდენია, ვირებსაც ოქროს მოსართავებს უკეთებენო. ატყუებდნენ ხალხს, რომ წაეყვანათ და, მართლაც, ძალიან ბევრმა თანხმობა განაცხადა თურქეთში წასვლაზე, იმიტომ რომ რუსეთში გადასახლება არავის უნდოდა. ამდენად, ოსმალეთის იმპერიაში გაჩნდა დიდი აფხაზური დიასპორა და, როდესაც ოსმალეთის იმპერია დაიშალა, აფხაზების დიდი ნაწილი თურქეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, ნაწილი –  სირიაში, იორდანიაში, ლიბანში, ისრაელშიც არის ორი ჩერქეზული სოფელი. იორდანიაში აფხაზები უკვე გაჩერქეზებულები არიან, ჩერქეზულად და არაბულად ლაპარაკობენ. დღეს თურქეთშია ყველაზე შესამჩნევი აფხაზური დიასპორა. სხვადასხვა ციფრს ასახელებენ, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, 300-400 ათასი ადამიანია. სირიაში იმ აფხაზების რაოდენობა, ვინც აფხაზობს და არ არის შერეული არაბებთან, 8-10 ათასია, იქ ჩერქეზები უფრო მეტნი  არიან. თუმცა მე არასდროს გამიგია, აფხაზებს ეთქვათ, რომ თურქეთის აფხაზები გვინდა, სირიის არაო.

– ორივე უნდათ?

– რა თქმა უნდა, მაგრამ ის იმედი, რომ ომის შემდეგ, 1993 წელს, ბევრი აფხაზი ჩამოვიდოდა აფხაზეთში, არ გამართლდა. იმიტომ რომ ის ხალხი უკვე თაობებია, იმ ქვეყნებში ცხოვრობენ და აფხაზეთში დაბრუნების ეკონომიკური ინტერესი არ აქვთ.

– რა საქმიანობას ეწევიან, ძირითადად?

–  ჩვეულებრივად, ეწევიან ბიზნესს, გლეხები –  სოფლის მეურნეობას, ჰყავთ თავისი ინტელიგენცია. იორდანიაში მეფის დაცვაში არიან, თურქეთშიც ბევრი მსახურობს არმიასა და პოლიციაში. არსებობს ცნობები, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის არმიაში ოფიცერთა შემადგენლობის მეოთხედი ჩერქეზული წარმოშობის იყო. ამაში იგულისხმებიან: აფხაზებიც, ჩერქეზებიც, ჩეჩნებიც, დაღესტნელებიც. სირიაშიც ფრანგებმა მთიელებისგან შექმნეს სამხედრო ნაწილები და იგივე გააგრძელეს შემდეგ სირიის ადგილობრივმა მთავრობებმაც. მათ მებრძოლი ხასიათი ჰქონდათ და ამას იყენებდნენ, განსაკუთრებით, იორდანიაში, სადაც არის ჩერქეზული გვარდია, მათ ჩოხები აცვიათ. ისრაელის არმიაშიც არის ჩერქეზული ფორმირება. სხვათა შორის, უკვე მეორედ გამოთქვეს სირიელმა აფხაზებმა აფხაზეთში დაბრუნების სურვილი.

– პირველად როდის იყო?

– 1967 წელს ისრაელთან ომის დროს, როდესაც რამდენიმე აფხაზური სოფელი დაინგრა ჰოლანის მაღლობებზე, მაგრამ მაშინ საბჭოთა პერიოდი იყო და ასეთი რამ არ გამოვიდა. ახლაც გამოითქვა იგივე სურვილი, რადგან სირიაში ვითარება დაიძაბა. თვითონ აფხაზეთის მთავრობა ამის წინააღმდეგი არ არის, იმიტომ რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ, როდესაც სირიაში არეულობა დაიწყო, აფხაზეთიდან იქ ოფიციალური დელეგაცია ჩავიდა. ისინი შეხვდნენ სირიის აფხაზურ დიასპორას, ჩაუტანეს ჰუმანიტარული დახმარება და აფხაზეთში წამოსვლაც შესთავაზეს. 8-10 ათასი კაცის აფხაზეთში ჩამოსვლა არ არის მოსალოდნელი, უმრავლესობა, ალბათ, მაინც რაღაცნაირად გადაიტანს ამ პერიოდს, მაგრამ გარკვეულ რაოდენობას სირიიდან წასვლა უნდა. ლაპარაკია 80 ოჯახზე, რაც არ არის ბევრი და აფხაზეთი შეძლებს მათ მიღებას. გარდა ამისა, ჩერქეზებსაც უნდათ დაბრუნება. ჩერქეზებს უნდათ –  ჩერქეზეთში, აფხაზებს –  აფხაზეთში. ჩერქეზების ერთი ნაწილი უკვე დაბრუნდა კოსოვოდან, ბოსნიაში იყო ცოტაოდენი ჩერქეზი და დღეს ისინი მაიკოპში ცხოვრობენ. სხვა რომ არაფერი, აფხაზეთის მთავრობისთვის მომგებიანია აფხაზების დაბრუნება, რომ თქვან, ჩვენ ვაბრუნებთ მოსახლეობასო. ისევე, როგორც გასული საუკუნის 70-იან წლებში ფერეიდნელი ქართველების დაბრუნებაზე იყო ლაპარაკი.

– ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ ქართველები არიან, რატომ დაავიწყდათ თურქ მესხებს ქართული ენა ასე სწრაფად, მაშინ, როდესაც ფერეიდნელებმა შეძლეს ენის შენახვა?

– ეს არ არის თურქი მესხების ბრალი. თანაც ფერეიდანში რამდენიმე სოფელში ახსოვთ მხოლოდ ქართული, არადა შაჰ-აბასმა აქედან 100 თუ 200 ათასი ადამიანი წაიყვანა. არ არის აუცილებელი ენის ცოდნა, მთავარია, ორიენტაცია ჰქონდეთ ქართული. გამუსლიმანებულ მესხებს აქ ცხოვრების დროსაც აღარ ახსოვდათ კარგად ქართული ენა, იმიტომ რომ ისინი უფრო მოჰყვნენ გათურქების ტალღაში.

– აჭარაც მოჰყვა ამ ტალღაში, მაგრამ ენა შეინარჩუნა?

– ჯერ ერთი, აჭარა უფრო გვიან დაიპყრეს ოსმალებმა, თან აჭარა განაპირა მხარე იყო, აჭარის ტყეებში ოსმალები არც შედიოდნენ. მესხები ახალციხის გარშემო ცხოვრობდნენ, ახალციხე კი ისლამიზაციის ცენტრი იყო. მართალია, ფაშები ქართველები იყვნენ, მაგრამ ისლამიზაცია ძლიერი იყო, ამიტომ მათი გათურქება უფრო სწრაფად მოხდა.

– მაგრამ ოსმალებმა აჭარაში ხომ შეიტანეს და გაავრცელეს თავიანთი რელიგია?

– რელიგია ერთია და ენის გამოცვლა –  მეორე. რომ გაგრძელებულიყო თურქიზაციის პროცესი, შესაძლოა ენაც გამოცვლილიყო. ბიძაჩემი, ევგენი ხარაძე, მიყვებოდა, რომ გასახლებამდე მუსლიმან მესხებში ცოტ-ცოტა ქართული ყველამ იცოდაო, ასევე, მათ იცოდნენ თავიანთი ქართული გვარები, მაგრამ, როდესაც აყარეს და გაასახლეს, ქართული ენის ნარჩენებიც დაავიწყდათ, თუმცა ზოგიერთმა, ძალიან ცოტამ, მაინც შეინარჩუნა. გადმოცემით იციან, რომ ქართველები არიან, მაგრამ ზოგმა უკვე ესეც აღარ იცის. საერთოდ, უბრალო ხალხისთვის საკმაოდ ადვილია თვითშეგნების გამოცვლა, ისინი ხომ წიგნებს იმდენად არ კითხულობდნენ. გადასახლებულებს თურქებს უწოდებდნენ და მათაც ისწავლეს, რომ თურქები არიან, თუმცა ერთი თაობაც საკმარისია, რომ ისევ გაიხსენონ ქართველობა. ერთი სიტყვით, გასული საუკუნის 70-იან წლებშიც იყო იმედი, რომ ფერეიდნელები დაბრუნდებოდნენ, მაგრამ არ გამოვიდა. მათ შეიძლება, ძალიან უყვართ თავიანთი ქართველობა და საქართველო, მაგრამ აქ ჩამოსულებს სხვანაირი სისტემა დახვდათ და ვერ მოერგნენ. დღეს იგივე სიძნელეები დგას აფხაზების წინაშეც. მიუხედავად იმისა, რომ სირიელ თუ თურქ აფხაზებს აქვთ აფხაზური თვითშეგნება და უყვართ თავიანთი ისტორიული სამშობლო, გაუჭირდებათ მასობრივად აყრა და წამოსვლა. რამდენიმე ათეული ოჯახის მიღება და განთავსება კი აფხაზეთისთვის არ იქნება პრობლემა.

– 80 ოჯახი გასაგებია, პრობლემა არ იქნება, მაგრამ, ვთქვათ, 800 ოჯახი რომ წამოვიდეს, მზად არიან? დემოგრაფიისთვის ხომ სჭირდებათ ისინი?

– სჭირდებათ, მაგრამ 800 ოჯახი 3-4 ათასი ადამიანია, ისინი ხომ უნდა დასაქმდნენ?! ასე რომ, ეკონომიკური პრობლემაც დგება, მაგრამ, ვინაიდან მხოლოდ 80-90 ოჯახზეა საუბარი, აფხაზ საზოგადოებაში ეს პრობლემას არ გამოიწვევს.

– რუსებისთვის არის მომგებიანი აფხაზეთში აფხაზების დემოგრაფიული პოზიციის გამყარება?

– მათ არ სჭირდებათ აფხაზების დაბრუნება, რადგან რუსეთი ცდილობს თავისი გავლენის შენარჩუნებას, თუ აფხაზი მოჰაჯირების ყველა შთამომავალი დაბრუნდა, ეს რუსეთს რაღაც პრობლემას შეუქმნის, მაგრამ არა –  90 ოჯახი. ისე არ არის, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია ჩვენთან: რუსები უხეშად არაფერს აკეთებენ, ფარული ხერხებით მოქმედებენ, რადგან რამდენიმეჯერ სცადეს ზეწოლა და ყოველთვის დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ. ამიტომ ასე არ აკეთებენ.

– ყოველ შემთხვევაში, თურქეთის ხელში იარაღია აფხაზების შთამომავლები, მას მათი დაბრუნებით შეუძლია, განუზომლად გაზარდოს თავისი გავლენა აფხაზეთის ტერიტორიაზე, მით უმეტეს, რომ აჭარაში ძალიან აქტიურად მოქმედებს?

– შეუძლია, მაგრამ იმავე თურქეთიდანაც 1 000 ადამიანი თუ ჩავა აფხაზეთში. მეორე საკითხია, რამდენად ხელსაყრელია თურქეთისთვის თავისი მოქალაქეების გამოშვება, იმიტომ რომ ისინი იქ მიიჩნევიან, როგორც თურქული სახელმწიფოს პატრიოტები.

– როგორც ლაზები და, ზოგადად, გურჯები?

– ლაზებს ჩვენ ვუწოდებთ ქართველებს, თორემ თავად არ მიაჩნიათ თავი ქართველებად. იციან, რომ ქართველების მონათესავე ხალხია, მაგრამ თავიანთ თავს ცალკე ხალხად აღიქვამენ. ეს ისტორიულად ჩამოყალიბდა ასე, თუმცა, რა თქმა უნდა, ლაზები ქართველური ტომია, ხოლო საქართველოში მცხოვრები ლაზები –  ქართველები არიან. რაც შეეხებათ თურქეთის ლაზებს მათი სამშობლო იქ არის და არა გურჯისტანში. გურჯებიდანაც ბევრს საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ თანამედროვე საქართველოზე. ამიტომ ლაზები, გურჯები და ჩერქეზები მთლიანობაში თურქული სახელმწიფოს ერთგული ხალხია, განსხვავებით ქურთების ნაწილისგან.

– აქეთ რატომ არ ვართ ჩვენი სახელმწიფოს ერთგულები?

– აქეთაც ვართ, უბრალოდ ერთმანეთი დავხოცეთ არაფრის მთქმელი პატრიოტიზმით. ჯობია, ეგრეთ წოდებული პატრიოტიზმის დონე ნაკლები იყოს და პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმის მეტი, თორემ ცარიელი ურა-პატრიოტიზმი რა საჭიროა.

– როგორც მივხვდი, დიდი დაბრუნება აფხაზეთში ვერ შედგება?

– არ ვიცი, რა გეგმები აქვს თურქეთს, მაგრამ თეორიულად თურქეთიდან აფხაზობის დაძვრა, გაზრდის თურქეთის გავლენას, მაგრამ ასეთი რამ დღეს ცოტა წარმოუდგენელია. ომის შემდეგ ათასამდე აფხაზია ჩამოსული თურქეთიდან. ბევრმა აფხაზური პასპორტი აიღო. აფხაზებმა მიიღეს კანონი, რომ ეთნიკურ აფხაზს, სადაც უნდა ცხოვრობდეს ის და, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა აფხაზეთში ცხოვრების სურვილი, აქვს უფლება, მიიღოს აფხაზეთის მოქალაქეობა და იყოს ორმაგი მოქალაქე. თურქეთში მცხოვრებმა ბევრმა აფხაზმა მიიღო ეს ორმაგი მოქალაქეობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აფხაზეთში მიდიან საცხოვრებლად.

– ისევ ნომერ პირველი მტერი ვართ აფხაზებისთვის?

– ის შიში, რომ ომი იქნება ქართველებთან, მოიხსნა, ისიც იმიტომ, რომ იქ რუსეთის ჯარია, მაგრამ ისევ ნომერ პირველი მტერი ვართ მათთვის, აბა, არავის ჩავუნაცვლებივართ და ვიღაც ხომ უნდა იყოს?! აფხაზები ამბობენ: აქეთ –  მთებია, იქით –  ზღვა, ერთ მხარეს –  რუსები, მეორე მხარეს –  ქართველები.

 

 

скачать dle 11.3