სიძვირეც სინათლეა
როგორ და – ჭრელად!
მსოფლიოში ნავთობის ფასი, ზოგადად, ზრდის ტენდენციით ხასიათდება, თუმცა, შიგადაშიგ გაიაფებაც გამოანათებს ხოლმე. მაგრამ, რაკი ჩვენებურმა მესაწვავეებმა, მიუხედავად ბენზინგასამართ სადგურებზე თვით ფეხსალაგების ევროსტანდარტებით მოწყობისა, გადამყიდველი მემწვანილის ჩვევა ვერ მოიშალეს (შვილებს გეფიცები, ძვირად მაქვს ნაყიდიო), საქართველოს ბაზარზე საწვავის ფასი სტაბილურად ზრდის ტენდენციითაა.
თუმცა, აი, მაგალითად, ჩვენს მეზობელ სომხეთში 2011 წელს ერთი ლიტრი ყველაზე ხარისხიანი ბენზინის ფასი 1,04 დოლარი ღირდა. აზერბაიჯანს სათვალავში არ ვაგდებთ, ვინაიდან, სახელმწიფოს ეს სექტორი დოტაციაზე ჰყავს და საკუთარ მომხმარებელს ლიტრ ბენზინში 50 ცენტს ახდევინებს (ხოლო, თუ გულების უფრო დახეთქვა გსურთ, აქვე დავამატებ, რომ, სახელდობრ, თურქმენეთში, მართალია, ტალონებითაა, მაგრამ, ლიტრი საწვავი, სულ რაღაც 4-ოდე ცენტი ღირს და, ამ ფონზე, ასევე, სახელდობრ, ოღონდ, ამჯერად პირადად ჩემთვის, გაუგებარია, ამ ჩვენს წყალწაღებულ ქვეყანაში რატომ ღირს წყალი ძვირი?!).
რაც შეეხება სომხეთს: იქ ბენზინიც იაფი ღირს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ავტოგაზიც (ჩვენთან – 1,1 ლარი, იქ – 0,85 თეთრი), ისევე, როგორც დიზელის საწვავი.
ამ უცნაურ ფაქტს (უცნაურს, რადგან სომხეთი, ფაქტობრივად, იზოლირებულია და როგორც ცივილიზებულ, ისე არაცივილიზებულ სამყაროს საქართველოს გავლით უკავშირდება) ჩვენებური მესაწვავეების გულშემატკივრები იმით ხსნიან, რომ სომხეთში, თურმე, საწვავი აღურიცხავად იყიდება (ვერა და ვერ დაამარცხეს ბეჩავებმა კონტრაბანდა!), აქციზის გადასახადი იმის ნახევარია, ვიდრე საქართველოში და, რაც მთავარია, საწვავი მხოლოდ 12-პროცენტიანი საბაჟო გადასახადით იბეგრება (აკი, ყველაზე ნაკლები გადასახადები გვაქვს მთელ, როგორც განვითარებულ, ისე განსავითარებელ მსოფლიოშიო?!).
ერთი სიტყვით, იქ, ჩვენ მეზობლად, სიბნელეა, ამიტომ, იაფადაც მოძრაობენ, ხოლო, ვინაიდან ჩვენთან დემოკრატიული მზე კაშკაშებს, ციურ მნათობს ქვემოდანაც უნდა შევეშველოთ ცეცხლმოკიდებული ფასებითო. შესაბამისად, უფრო და უფრო ვაძლიერებთ პოსტრევოლუციურ ლოგიკას (რომ ნაგავი სინათლეა), რადგან, მაღალი ფასები – კიდევ უფრო კაშკაშა სინათლეა.
ეგ როგორ?! როგორ და – ჭრელად!