ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, დაკავების დროს ვალდებულია თუ არა სამართალდამცავი ორგანოს წარმო-მადგენელი, უზრუნველყოს დაკავებული პირის სამედიცინო შემოწმება?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის დასადგენად, ითვალისწინებდა დაკავებული პირის ექიმის მიერ სავალდებულო შემოწმებას, რაზეც დგებოდა შესაბამისი ცნობა, მაგრამ, დღეის მდგომარეობით, კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, დაკავების ადგილას მიყვანისთანავე, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის დასადგენად, დაკავებული მოწმდება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში და ექიმის მიერ შემოწმების შემდეგ დგება სათანადო ცნობა.
კითხვა: ვარ ავადმყოფი‚ მოხუცი‚ სოციალურად დაუცველი. დამენგრა ბინა. მოვახერხე აშენება‚ მაგრამ, მერიის ზედამხედველობამ უკანონო მშენებლობად ჩამითვალა და ჩემს შვილს‚ რომელსაც არანაირი წვლილი არ მიუძღვის ამ მშენებლობაში‚ მისი დემონტაჟი და ჯარიმა დააკისრა‚ რისთვისაც ხელფასი დაუყადაღეს. ზედამხედველობის წარმომადგენლებმა მითხრეს‚ რომ ეს მშენებლობა კანონდარღვევააო. რომ დამინგრიონ და მოხუცი გარეთ გამომაგდონ‚ ეს კანონდაშვებაა? მირჩიეთ რამე, როგორ მოვიქცე?
პასუხი: საკმაოდ რთულია მხოლოდ იმ მონაცემებით მსჯელობა, რომელიც კითხვაში ჩანს. გირჩევთ, აიყვანოთ კვალიფიციური ადვოკატი, მაგრამ, თუ თქვენ სოციალურად დაუცველი ბრძანდებით, შეგიძლიათ, თვითონვე მიმართოთ თბილისის მერიას განცხადებით თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და თქვენი შემდგომი ქმედება განსაზღვროთ განცხადებაზე პასუხის შესაბამისად.
კითხვა: ჩემს ოჯახში ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა ჩემს საკუთრებაში არსებული სოლიდური ღირებულების ნივთი, კერძოდ, ანტიკვარული, ძვირფასი სანადირო თოფი. აღნიშნული ქონება ნივთმტკიცებად ცნეს და დაურთეს სისხლის სამართლის საქმეს. მაინტერესებს, როგორ მოვახერხო ჩემი საკუთრების დაბრუნება, რადგან, ნივთი ძვირფასია, ჩემთვის მნიშვნელოვანი და, ამასთანავე, არავითარი შეხება საქმესთან არ აქვს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, თუ თქვენი საკუთრება ნივთიერ მტკიცებულებად არის ცნობილი სისხლის სამართლის საქმეზე, მასზე გადაწყვეტილება მიიღება სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას. კერძოდ, განაჩენში, სისხლისამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში, ნივთიერი მტკიცე-ბულების საკითხი წყდება შემდეგნაირად: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არ აქვს, ის ნადგურდება, ხოლო, თუ აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი ან ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ – საპროცესო ხარჯების ანაზღაუ-რებას, ხოლო, თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა – გადაეცემა საქართ-ველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; დაზარალებულის, გამართ-ლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხის-მგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. შესაბამისად, თქვენ უნდა დაგიბრუნდეთ თქვენი კუთვნილი ნივთი საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მაგრამ, თუ მაინც არ დაგიბრუნეს თქვენი საკუთრება, ამ შემთხვევაში დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალ-წარმოების წესით. ასეთი დავის შემთხვევაში, ნივთიერი მტკიცებულება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ინახება სისხლის სამართლის საქმესთან ერთად. ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში, მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება იმ ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება საპროცესო კონფისკაციას, განადგურებასა და საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, ვინ შეიძლება იყოს ექსპერტი სისხლის სამართლის საქმეზე?
პასუხი: ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ექსპერტი, ეს არის სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის მიერ ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. შესაბამისად, ექსპერტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს აკმაყოფი-ლებს.
კითხვა: მაინტერესებს, დღევანდელი კანონმდებლობის შესაბამისად, რა ფუნქცია აქვს ექსპერტს სისხლის სამართლის საქმეში და პირის ექსპერტად მიჩნევისთვის საჭიროა თუ არა, ჰქონდეს მას უმაღლესი განათლება ან მუშაობდეს საექსპერტო დაწესებულებაში?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ამგვარ მოთხოვნას საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. ექსპერტი ზოგადად მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში და აუცილებელი არაა, მას ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან მუშაობდეს საექსპერტო დაწესებულებაში. იგი შეიძლება იყოს ნებისმიერი მხარის მიერ მოწვეული პირი, თუ მხარე ჩათვლის, რომ ამ პირის ცოდნა ან გამოცდილება მნიშვნელოვანია საქმისთვის.
კითხვა: მინდა კერძო კომპანიის დარეგისტრირება. მითხრეს, რომ არის ფირმა, რომელიც ახდენს კერძო იურიდიული პირების რეგისტრაციას. როგორც ვიცი, კერძო კომპანიების რეგისტრაცია ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. მაინტერესებს, შემიძლია თუ არა, ვენდო ამგვარ კერძო ფირმას და, საერთოდ, აქვთ თუ არა კერძო ფირმებს კერძო იურიდიული კომპანიების რეგისტრაციის უფლება?
პასუხი: გაცნობებთ, რომ კერძო კომპანიების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მაგრამ, ამგვარი უფლებამოსილება შეიძლება ჰქონდეს, ასევე, ავტორიზებულ პირებსაც, კერძოდ, ავტორიზებული პირი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, უფლებამოსილია საჯარო რეესტრის წარმოებაზე ან ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. ის საქმიანობას ახორციელებს „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთარი პასუხისმგებლობით.