როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ფიფია
საქართველოში გავრცელებულ 25 000 გვარს შორის, ფიფიათა გვარს 33-ე ადგილი უკავია.
ფიფია ცნობილი და პოპულარული გვარია, გეოგრაფიულად კი სვანეთისკენ „იყურება”. სოფელ ლაკადაში მცხოვრებ ფიფიებს დღესაც სჯერათ, რომ ისინი წარმოშობით სვანეთიდან მოსული ფილფანები არიან.
ფილ ძირით, ასევე, გვხვდება გვარები: ფილაური, ფილაშვილი, ფილიპაშვილი და ასე შემდეგ.
გვარის ძირითადი სამკვიდრო ნაწილდება სამ მეზობელ სოფელზე: საჩინო, ჯვარი და ჩქვალერი. ასევე, ეს გვარი გვხვდება შემდეგ სოფლებში: ჩხორა, ლია, პატარა ეწერი, მუშავა, მედანი, ობუჯი, ყულისკარი, რუხი, წალენჯიხა, ჭითაწყარო და სხვაგან.
ლეფიე, ლეფიფიე იყო დასახლებული უბანი; ნასოფლარია წყავაშში; უბნებია ლეშამუგეში, ჩქვალერში, პირველ ეწერში, კუხეშში, ლეკაკულეში, მუხურში. საფიფიო კი უბანია ზედა ეწერში, კორცხელში, ჩხორიაში, ყულისკარში.
მეგრელები ფიფის ვაშლის, მსხლის ტოტზე ამოსულ სოკოს ეძახიან.
საქართველოში 7 141 ფიფია ცხოვრობს: წალენჯიხაში – 2 608, ზუგდიდში – 2 589, თბილისში – 817. არიან სხვაგანაც.
ბახუტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბახუტა. ეს სახელი 1666 წელს ჯავახიშვილების ნასყიდობის წიგნში სახლთუხუცესად მოიხსენიება.
„ბახტან ბახტაშვილი იყო სომეხთა მოხელე, ათასისთავი, გვარით ფრანგი, რომელიც ცხოვრობდა ყარაბაღსა შინა. ამათნი გვარნი მოვიდნენ კახეთსა შინა. მეფემან მიიღო აზნაურად და მუნითგან იწოდებიან ჯერ ბახტუნიშვილებად, შემდეგ კი ბახუტაშვილებად“.
ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, სოფელ ღოუბანში კახეთიდან გამოთხოვილა ქალი, რომელსაც თან წამოუყვანია გერი, გვარად ბახუტაშვილი. ამ გვარის წარმომადგენლები ორ შტოდ იყოფიან: ქუცაანი და ლეუკიანნი.
1619 წლის სვიმონ მეფის სიგელში ბახუტაშვილები მოიხსენიებიან აზნაურებად, რომლებსაც თუშეთში, ფშავში, ხევსურეთსა და ერწოში გლეხები ჰყავდათ.
ვინმე ბახუტაშვილი მეფე თეიმურაზ პირველის კარის დაცვის უფროსი იყო. შეთქმულების გამჟღავნებისა და მეფის გადარჩენისთვის მას მოურავობა უბოძეს.
ბახუტაშვილი მოიხსენიება სოფელ წინანდალში 1788 წელს. ასევე, ბახუტაშვილები სოფელ ღოუბანში ჩანან 1817 წლიდან.
„ღოუბნელმა გიორგი ბახუტაშვილმა 1818 წელს მონათლა ვაჟი გიორგი. მიმრქმელი იყო პავლე პეტრიაშვილი“.
საქართველოში 590 ბახუტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 209, ტყიბულში – 86, სიღნაღში – 81.
უმეკაშვილი-უმიკაშვილი
გვარის ფუძემდებელს სახელად რქმევია უმეკა.
„უმეკა მირტაშენს მცხოვრები, მამულით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს, 1537-1538 წლებში“.
„უმეკაშვილი, რუისში მცხოვრები, დავით მეფემ შესწირა ოქანას საყდარს, 1382 წელს“.
„უმეკაშვილის შარასთან მდებარეობდა გივი სააკაძის მიერ ლიპარ თუმანიშვილისთვის მიყიდული მიწა“ (1863 წელი).
„უმეკაშვილი ნასყიდა, მოწმე და შუამდგომი ბახუტა ელიოზის ძის მიერ სახლთუხუცეს რევაზ მაღალაშვილისთვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა“ (1689 წელი).
უმეკაშვილი-უმიკაშვილი ქართული გვარ-სახელია. გვარი დაახლოებით 7-8 საუკუნეს ითვლის და წინაპარს უმეკა რქმევია.
საქართველოში 400 უმეკაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 221, გორში – 118, თბილისში – 26.
კურცხალია-კურცხალაშვილი
გვარი კურცხა პირსახელია. მეცხრამეტე საუკუნეში კურცხაი ლოგუას ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო გადასახადი.
კურცხალი ცრემლსაც ნიშნავს. მეგრულში კურცხ – მკვირცხლს, მღვიძარს აღნიშნავს.
გვარი კურცხალია ძირითადად იმერეთშია გავრცელებული, სამეგრელოში კი იშვიათად გვხვდება.
ზაალ წერეთლის მიერ, ქაიხოსრო წერეთლისთვის მიცემული ყმა-მამულის ნაყსიდობის წიგნის მოწმე 1680 წელს, ერთ-ერთი საბუთის მიხედვით, ყოფილა ფირან კურცხალია.
იმერელი კურცხალიები აზნაურები იყვნენ. მეთვრამეტე საუკუნის 40-იან წლებში ცხოვრობდნენ არგვეთში, ზოვრეთში, მარელისში, საქაში. გვარი კურცხალაშვილი კი დაფიქსირებულია სოფელ ზოვრეთში.
საქართველოში 402 კურცხალია ცხოვრობს: ზესტაფონში – 93, თბილისში – 86, ქუთაისში – 53. არიან სხვაგანაც.
მათიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მათია, რომელიც ძველებრაული სახელია და ქართულად ნიშნავს ღვთის კაცს, ღვთის საჩუქარს.
1823 წლის აღწერით, მათიაშვილები მოიხსენიებიან დიდ ენაგეთში.
საქართველოში 2 870 მათიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 336, საგარეჯოში – 301, გურჯაანში – 272. არიან სხვაგანაც.
კოლაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კოლა.
„გოლთეთელმა ალექსი კოლაშვილმა, 1883 წელს, დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის ეკლესიაში მონათლა შვილი – გიორგი“.
კოლაშვილები ცხოვრობენ თეთრი წყაროს რაიონის სოფლებში – გოლთეთსა და სამეხრეოში.
საქართველოში 69 კოლაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 38, გარდაბანში – 13, თელავში – 7. არიან სხვაგანაც.
ლაფაჩი-ლაფაჩიშვილი
ლაფაჩების გვარი გავრცელებული ფორმითაა წარმოდგენილი. ამავე ფუძით გვაქვს გვარი ლაფაჩიშვილი.
ლაფაჩა კაცის მეტსახელია და ადამიანის დამახასიათებელ თვისებას გამოხატავს. სიტყვა ლაფაჩი თურქულიდანაა ნასესხები და ნიშნავს ნელს, ზანტს.
ისტორიულ დოკუმენტებში გვარი ლაფაჩი 1695 წლიდან გვხვდება, კერძოდ, ერთ-ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ: „დავით ერისთავმა ლაფაჩი ცაცია უწყალობა ფარსადან ზედგენიძის შვილებს, 1695 წელს“.
ლაფაჩები ქართლელები არიან, ლაფაჩიშვილები კი – კახელები.
საქართველოში 1 075 ლაფაჩი ცხოვრობს: გორში – 684, თბილისში – 290, ბორჯომში – 20. არიან სხვაგანაც.