ვისთან დადის ნანუკა ჟორჟოლიანი ცხოვრების რთულ დღეებში და ვინ არის მისი ყველაზე დიდი მესაიდუმლე
მას შემდეგ, რაც ნანუკა ჟორჟოლიანი ახალ პროექტში – „ცეკვავენ ვარსკვლავები” გამოჩნდა, მის საქმიანობას ახალი ამპლუა შეემატა. ჟიურის როლში ყოფნა მოსწონს, თუმცა ამბობს, რომ „სხვის მოედანზე” თამაში არ უყვარს და მისი მთავარი აზარტი კვლავინდებურად „ნანუკას შოუა”, რომელიც ტრადიციას არც ამ გაზაფხულზე ღალატობს და არდადეგებამდე სტუდიიდან გარეთ აუცილებლად „გაიჭრება”.
ნანუკა ჟორჟოლიანი: პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები” მოვხვდი როგორც „ნანუკას შოუს” წამყვანი, თორემ, ცეკვასთან არანაირი შეხება არ მაქვს – ეს ჩემი სტიქია ნამდვილად არ არის. ცეკვის ნიჭით არ გამოვირჩევი, ძალიან იშვიათად ვცეკვავ, ასე რომ ამ პროექტში სხვის მოედანზე ვიმყოფები, ოღონდ, მოედანზე არ შევსულვარ და არ ვთამაშობ, მხოლოდ მაყურებლისა და შემფასებლის როლში ვარ. ჩემი ამპლუა უფრო სიმღერა და კარაოკეა, სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას სიმღერის კონკურსში (იცინის).
– ბევრი დრო მიაქვს ამ პროექტს, შენი საავტორო გადაცემა ხომ არ ეწირება?
– ჩემი გადაცემა ვერც ერთ პროექტს ვერ შეეწირება, „ცეკვავენ ვარსკვლავებს” ჩემგან მიაქვს ოთხშაბათი, იმ დღეს კი რადიოეთერიც მაქვს. ასე რომ, ოთხშაბათს დიდი უბედურება მჭირს. ამ ბოლო დროს ვგრძნობ, რომ გადავიწვი, სასწრაფოდ მჭირდება ძალების აღდგენა. ეს პროექტი მაისში დამთავდება და მერე „ნანუკას შოუს” გასვლებს დავიწყებთ სტუდიის გარეთ. ჯერჯერობით სტუდიაში ვართ, მაგრამ, ბევრი კარგი იდეა მაქვს.
– ცოტა ხნის წინ დედა გყავდა სტუმრად. რთული არ იყო გადაცემაში დედის „გამასპინძლება”? სახლში, ალბათ, „დამოძღვრე” რესპონდენტის ამპლუაში მყოფი დედა.
– ერთხელ მაინც დედაჩემისთვის პატივი არ უნდა მეცა? ელენს ყველა გადაცემაში ჰყავდა დედამისი (იცინის). დედაჩემი ძალიან თავშეკავებული ქალია, გადაცემაში მონაწილეობაზე მისი დაყოლიება საკმაოდ გამიჭირდა. დედა, ჩემგან განსხვავებით, უფრო მეტად ფიქრობს, რა თქვას, რომ ზედმეტი არ მოუვიდეს და დამტანჯა ამ დეტალებით, თუმცა, დედის „დამოძღვრა” არც დამჭირვებია და არც გამომივიდოდა, ეს, მგონი, გადაცემასაც ეტყობოდა. ცხოვრებაშიც ასეთი თავშეკავებული და მშვიდი ქალია, ჩვენ ერთმანეთს სულ არ ვგავართ, მე მთლიანად მამაჩემის მხარეს ვარ – ხასიათით, გარეგნობით, თვისებებით. ემოციურობა რაღაც-რაღაცეებში გეხმარება, თუმცა, პირადად მე ხელსაც ბევრჯერ მიშლიდა. ამ ხასიათის წყალობით, გამინაწყენებია ადამიანები, გულიც მიტკენია მათთვის, თუმცა, სწორედ ამ შეუპოვარი ხასიათის გამო, რაღაცეების მიღწევაც უფრო გამომდიოდა. როცა ხარ ხისტი და პირდაპირი, გულს ისე სტკენ ადამიანს, ხანდახან ვერც კი ხვდები, წლები თითქოს რაღაცეებს ცვლის ჩვენში – შეიძლება, ნაკლებად ხისტი გახდე, მაგრამ, თვისებებს ხომ იოლად ვერ თმობ და ბოლომდე ისეთი რჩები, როგორიც ხარ.
– შენს ხისტ ხასიათს როგორ ეგუება შენი მეუღლე?
– ირაკლიმ ზუსტად იცოდა, ვინ მოჰყავდა ცოლად, ჩვენ ხომ ერთმანეთის ხასიათი კარგად ვიცოდით მანამდეც, სანამ ოჯახს შევქმნიდით; არც ერთი არ შევცვლილვართ – მეც ისევ ის ვარ, რაც ვიყავი და ისიც ისეთივეა როგორიც იყო. ირაკლი, ჩემგან განსხვავებით, ძალიან მშვიდია, ჩვენი კამათის მიზეზი ისეთი უმნიშვნელო რამ შეიძლება იყოს, ვიღაც რომ ვერც კი წარმოიდგენს, მაგალითად, ჩემი წონა და კვება. ჩემი წონის ყველაზე დიდი მტერი ირაკლია – ისე ძალიან უნდა ჩემი გახდომა, რომ მოხარშულ მაკარონს არ მიჩერებს სახლში, ყრის. თვითონ სულ გარეთ ჭამს, ასე რომ, ჩვენს მაცივარში ძირითადად მხოლოდ საბას საჭმელია. ამ წონის გამო მეც ძალიან გაბრაზებული ვარ საკუთარ თავზე, ძველ წონას რომ ვერ დავუბრუნდი.
– ნახევარი თბილისი ქატოს დიეტაზე დასვი, თავად აღარ ჭამ ქატოს?
– მე დღემდე ვჭამ ქატოს – სულ რომ არ გავხდე, ჯანმრთელობისთვის არის ძალიან კარგი, ოღონდ, ისიც უნდა გითხრათ, რომ ეს დიეტური ქატო აფთიაქში იყიდება და არა ბაზრობაზე. ერთი რამ მინდა გთხოვოთ რომ დაწეროთ: მას შემდეგ, რაც ქატოზე ასეთი მოთხოვნა გაჩნდა, იმ კომპანიამ ლარნახევრიანი ქატო 3 ლარი და 20 თეთრი გახადა – ცხოვრება მოიწყვეს, აშენდნენ და ერთი მადლობაც კი არ შემომითვალეს. ჩემ ირგვლივ იმდენი გოგო ჭამს ქატოს, გადავწყვიტე, ტომრით მეყიდა, რომ, როცა გოგოები ჩემთან მოვიდოდნენ, ქატოც არ ეტარებინათ თან. გია გვარამიამ მითხრა გადაცემაში, როგორ ამზადებენ პილინგს ოხრახუშისგან და, ახლა ნახეთ, როგორ იხეირონ მარნეულელებმა, რა რაოდენობით ოხრახუში გაიყიდოს, “ვზრუნავ” ოხრახუშისა და ქატოს ბიზნესზე (იცინის).
– ამდენი დიეტის სიმძიმე ოჯახზე არ გადადის? ყველაზე პატარა საბა ხომ არ იჩაგრება ამის გამო?
– არა, საბა გაიზარდა და უკვე იმან დაიწყო ჩვენი გაბრაზება. საბა უფრო მე მგავს – ჩემსავით ემოციურია, კონტაქტური; როგორც კი ეზოში ჩადის, უცებ ერგება სიტუაციას. ირაკლი ძალიან თავშეკავებულია, იოლად ვერ იხსნება ადამიანებთან, საბა კი ჩემსავითაა. ისე უყვარს ჩემს სამსახურში მოსვლა, სულ უნდა, რომ აქ იყოს. რომ არ მოვიყვანო, გამოვა, რომ მთელი დღე ვერ ვნახავ.
– სულ ამბობ, საბასთან უფრო მოვირგე დედობა, ვიდრე მარიამთანო, რომელიც ძალიან ახალგაზრდამ გააჩინე.
– როცა მარიამი პატარა იყო, მაშინ რეპორტიორად ვმუშაობდი და ისეთი ცხოვრება მქონდა, სულ გავარდნილი ვიყავი გარეთ. მარიამს, როგორც დედა, ფიზიკურად ვაკლდი. ადრე ეს მაწუხებდა, ახლა მგონია, რომ იმ ვალს ვიხდი მის წინაშე. ახლა სკოლებს ვარჩევთ და, მინდა, რომ სექტემბრიდან ლონდონში ისწავლოს. მარიამი უკვე იყო წასული სასწავლებლად და ეს ექსპერიმენტი უკვე გავლილი გვაქვს, ორ-სამ თვიანი პაუზებით უკვე გამოვცადე მის გარეშე ცხოვრება. ჯერ ალბათ, ლონდონში ვისწავლით, უნივერსიტეტს კი, ალბათ, მაინც ამერიკაში დაამთავრებს.
– როგორც გავიგე, ახლაც ევროპაში მიდიხარ, ხშირად ხარ უცხოეთში?
– ახლა ძალიან მჭირდება სამი დღით ქალაქიდან გასვლა – მგონია, რომ ამით ვიღებ მთავარ ენერგიას და ვიბალანსებ ცხოვრებას. წინასწარ ვტკბები იმაზე ფიქრით, რომ დავისვენებ, დილით გამოვიძინებ, ყავას დავლევ და კრუასანს შევჭამ, მერე ცოტას „წავიშოპინგებ” და ჩემს შვილთან ერთად ვიქნები. მარიამი მიმყავს თავის მეგობართან ესპანეთში – მარიამს ძალიან უნდა ბუნას ნახვა; ის თავის მეგობარს ნახავს, მე და ჩემი მეგობარი კი – მადრიდს, რომელიც არასდროს მინახავს. საბა და ირაკლი თბილისში რჩებიან, საბა მადრიდს ვერაფერს გაუგებს, ირაკლის კი საქმეები აქვს და არ სცალია, თან მარტო ქალების გუნდი მივდივართ. ესპანეთში ვარ ნამყოფი, მაგრამ, მხოლოდ ბარსელონაში, მაშინ მადრიდში ვერ მოვხვდი. ძირითადად ისეთ ქალაქებში მიყვარს სიარული, რომლებიც მომწონს, მაგალითად – ლონდონში. ისტერიული ამოჩემებები ვიცი, დრო მიშლის ხელს და სიშორე, თორემ, ამერიკა რომ ახლოს იყოს, უბედურებას ვიზამდი და ორ კვირაში ერთხელ აუცილებლად ჩავფრინდებოდი (იცინის).
– აღდგომის დღესასწაულს თბილისში არ შეხვდები? (ინტერვიუ ჩაწერილია 10 აპრილს).
– ეს პირველი შემთხვევაა, როცა აღდგომის დღესასწაულზე საქართველოში არ ვიქნები და ეს ნამდვილად გამონაკლისია. ჩემთვის აღდგომა ძალიან დიდი დღესასწაულია, მაგრამ ცოტა განსხვავებულად ვხვდები. ამ დღეს თბილისში არ მივდივარ ხოლმე ტაძარში – არ შემიძლია იმის ატანა, როდესაც ადამიანები ერთ-ორ ტაძარში იკრიბებიან, რომ ერთმანეთს დაენახვონ და აფიქრებინონ ვინმეს, თუ როგორი რელიგიურები არიან. აღდგომის ღამეს ყოველთვის მივდივარ თბილისიდან, მივდივარ წყნარ და მშვიდ მონასტერში, უფრო ხშირად ზედაზენზე, ამ ბოლო დროს კი – გერგეთის სამებაში და იქ სულ სხვანაირი ვხდები. რელიგიისა და ადამიანების დამოკიდებულებაზე მე ცოტა სხვანაირი აზრი მაქვს; კაფეში სამარხვო „ცეზარს” რომ მოითხოვენ, არ მესმის; ღამის კლუბში რომ გაათენებ და დილით ტაძარში გაიქცევი, ესეც მკრეხელობაა ჩემთვის. ძალიან მაღიზიანებს ის ხალხი, „შანელის” შარფით რომ მიდიან ეკლესიაში სალოცავად. არ მიყვარს ამ თემებზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ, მაინც გეტყვი, რომ მე ძალიან მიყვარს ჩემი პატრიარქი, მინდა, რომ დიდხანს იცოცხლოს და ჯანმრთელი იყოს. ჩემი აზრით, მასზე, მის სულიერ სიმშვიდეზე, ძალიან ბევრი რამ დგას, მაგრამ, ამ თემებზე არასდროს ვსაუბრობ და ამაზე საუბარიც ყველაზე დიდ მკრეხელობად მიმაჩნია. ძალიან მიყვარს სიარული ჩემს დედაოსთან, ორთუბნის დედათა მონასტერში და მასთან ვარ ყველაზე გულწრფელი, თუკი ვინმე არსებობს ამქვეყნად. როცა ცხოვრების რთული პერიოდები მქონდა, დედაოსთან ხშირად დავრჩენილვარ. მას მონასტერში ნამდვილი სამოთხე აქვს: დედაოს ჰყავს შველი, კურდღლები, ზღარბი, ირაკლიმ მეცხვარე ძაღლიც აჩუქა და ყველა ერთადაა, ერთ ეზოში, ასეთ რამეს სხვაგან ვერსად ნახავთ.
– სააღდგომო სამზადისშიც ჩართული ხარ ხოლმე? პასქა და წითელი კვერცხი შენი საზრუნავია?
– პასქა არ გამომიცხვია, სამაგიეროდ, ჭამაში ვარ მაგარი (იცინის). წითელი კვერცხები შემიღებავს, თუმცა, ეს მაინც დედაჩემის პრეროგატივაა. დედას მთელი რიტუალები აქვს ხოლმე: ჯეჯილს დათესავს, კვერცხს ღებავს სხვადასხვა ტონალობის ფერებში. აღდგომის დამახასიათებელი რიტუალები ცოტა გვიან ასაკში შევიგრძენი. ბებიაჩემი კომუნისტი ქალი იყო, მოსამართლედ მუშაობდა; დიმიტრი უზნაძის შთამომავალი, ფსიქოლოგიურად თვითონაც სხვა განზომილებაში იყო. კომუნისტი გახლდათ მეორე ბებიაც, შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ რელიგიურ ოჯახში გავიზარდე, ეს ჩემს ცხოვრებაში გვიან, თუმცა, ვფიქრობ, საკმაოდ მძაფრად მოვიდა...