ვისთან აღწევს ნინო მითაიშვილი შედეგს სიმკაცრის ხარჯზე და ვისთან აქვს მას დიპლომატიური ურთიერთობა
მუსიკისა და დრამის მსახიობი, ნინო მითაიშვილი, სერიალში „შუა ქალაქი” არცთუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა. ის ელენეს როლს ასახიერებს. როგორც საუბრის დროს თავად აღნიშნა, მასა და ელენეს შორის მართლაც არის მსგავსება. რით ჰგვანან ისინი ერთმანეთს, როგორ აღმოჩნდა ჩვენი რესპონდენტი „შუა ქალაქში” და რომელი იყო მისთვის პირველი სერიალი, ინტერვიუდან შეიტყობთ.
– მაყურებლის უმეტესობამ გაგიცნო სერიალით „შუა ქალაქში”. როგორ აღმოჩნდი ამ სერიალში?
– შიდა ქასთინგი იყო, დამირეკეს და მივედი. მეორე დღესვე შემეხმიანენ და გამაცნეს სამუშაო პირობები. ძალიან მალე მოხდა ყველაფერი, დაახლოებით ერთ კვირაში დავიწყეთ გადაღება.
– მანმადე თუ იყავი ამ სერიალის მაყურებელი?
– ძალიან აქტიური არა, მაგრამ, როცა სერიალის დროს ვხვდებოდი ტელევიზორთან, სიამოვნებით ვუყურებდი და ძალიან მომწონდა.
– ალბათ, ძალიან ხალისიანი იქნება რეპეტიციებიც და გადაღებებიც.
– მართალაც, ძალიან ხალისიანია, როგორც სცენარის წაკითხვა, ასევე, რეპეტიციები. მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერთან ერთად საკმაოდ რთულიცაა, რადგან, სულ რაღაც სამი დღე გვაქვს რეპეტიციისთვის და სცენების ასაწყობად. ძირითადი პრობლემა მაინც ტექსტის დამახსოვრება და მორგებაა.
– რამდენი ხანია, რაც მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ხარ?
– დაახლოებით ექვსი-შვიდი წელია.
– როგორ უთავსებ ერთმანეთს „შუა ქალაქს” და თეატრს? როგორც ვიცი, სპექტაკლები იგეგმება იმ დღეებში, როცა „იმედში” ხარ.
– პირადად მე ეს რეჟიმი ძალიან კარგად ამეწყო. მართალია, ორშაბათსაც გვითამაშია, მაგრამ, ძირითადად, საბავშვო სპექტაკლები. ამ ეტაპზე, იმის გამო, რომ პრემიერებისთვის ემზადება ჩვენი თეატრი, ოთხშაბათ დღეს ჯერჯერობით არ მაქვს სპექტაკლი. ამიტომ, ძალიან კარგად გამოვიყენე ეს თვეები.
– ხშირად სერიალში ახალი, ანუ შემატებული მსახიობები, ცოტა არ იყოს, კომპლექსდებიან და თავს მაინცდამაინც თავისუფლად ვერ გრძნობენ. შენს შემთხვევაში როგორ იყო?
– იყო თუ არა ეს კომპლექსი, არ ვიცი, მაგრამ, შიში და ღელვა ნამდვილად მქონდა, რადგან, ძალიან მალე მოხდა ეს ყველაფერი. აბსოლუტურად სხვა გარემო იყო ჩემთვის, მთლიანად ახალი და, ამიტომ, საკმაოდ გამიჭირდა. მაგრამ, ნელ-ნელა შევეჩვიე და ახლა იმდენად აღარ მიჭირს.
– რით ჰგავხარ საკუთარ პერსონაჟს?
– ალბათ, იმით, რომ მეც დედა ვარ და დაახლოებით რატის (ნიკას) ასაკის შვილი მყავს: ჩემი შვილი 10 წლისაა, რატი – 11-ის. განსხვავება ის არის, რომ ჩემი შვილი გოგონაა და ნაკლებად მაბრაზებს ვიდრე რატი. კიდევ რა... მეც, როგორც, დედამ, შეიძლება, იგივე ტერმინოლოგია ვიხმარო ცხოვრებაშიც, რასაც სერიალში, მაგალითად – საჭმელი ჭამე.
– რეალურ ცხოვრებაში ყურადღებიანი დედა ხარ?
– არ ვიცი, ალბათ. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, კარგი დედა ვიყო.
– მკაცრიც?
– კი, მკაცრიც. ყველაფერს თავისი გრადუსი აქვს და სიმკაცრესაც გააჩნია. რაღაც მომენტში თუ მკაცრი არ ხარ, ვერ აღწევ იმ შედეგს, რაც სასურველია ბავშვთან მიმართებაში.
– ალბათ, შენი შვილიც ამაყია იმით, რომ „შუა ქალაქის” მსახიობი ხარ.
– რატომღაც, ისე მოხდა, რომ მის კლასში ბევრი მსახიობის შვილი სწავლობს, ამიტომ, სენსაცია არ არის ჩემი გამოჩენა სერიალში. თვითონ ძალიან ბედნიერია იმით, რომ დედას ხედავს „შუა ქალაქში,” დედასთან ერთად გადის რეპეტიციებს, ტექსტის სწავლაშიც მეხმარება პერიოდულად. ამას წინათ გადაცემაში მიმიწვიეს ელენესთან ერთად. აღფრთოვანებული იყო, თან, მთელი ღამე ნერვიულობდა – ის კითხვა რომ დამისვან, მე რა უნდა ვუპასუხოო და ასე შემდეგ. ძალიან სერიოზულად მოეკიდა ამ საკითხს. სერიალში ჩემი გამოჩენით, ჩემზე მეტად ელენეა ბედნიერი და, რა თქმა უნდა, მეც მიხარია.
– ხალხი თუ გცნობს ქუჩაში?
– უკვე მცნობენ. ძალიან თბილი და დადებითი რეაქცია აქვთ. არაჩვეულებრივი გრძნობა ყოფილა, როცა ქუჩაში მიდიხარ და სრულიად უცხო ადამიანები ძალიან თბილ და სასიამოვნო სიტყვებს გეუბნებიან. ეს ყველაფერი სტიმულია წინსვლისა და განვითარებისთვის.
– „შუა ქალაქამდე” თუ გქონდა გამოცდილება ამ ჟანრში?
– იყო სერიალი – „ჟამი ყვავილობისა,” სადაც ვთამაშობდი ირმას. სამწუხაროდ, მერე ეს სერიალი შეწყდა. ასე რომ, პირველი გამოცდილება სწორედ ის იყო ჩემთვის სერიალებში.
– ბავშვობაშიც აქტიურად იყავი ჩართული ამ სფეროში თუ თეატრალურიდან დაიწყო ყველაფერი?
– პრინციპში, თეატრალურიდან დაიწყო, მანამდე არანაირ წრეზე არ მივლია. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში ვსწავლობდი ტელე-რადიორეჟისურისა და, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. იქ მივიღე გადაწყვეტილება, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩამებარებინა. დათო მახათაძემ, რომელიც მინი-სპექტაკლს დგამდა და მეც ვმონაწილეობდი, მითხრა, რომ აუცილებლად ჩააბარე თეატრალურშიო. თავიდან არ ვეთანხმებოდი, რადგან სულ სხვა მიმართულება მქონდა აღებული. მერე იმდენჯერ მითხრა – ჩააბარე, სცადე, სცადეო, რომ მეც ვცადე და ძალიან უცებ მოხდა ყველაფერი – რამდენიმე თვეში ჩავაბარე და თეატრალური უნივესიტეტის სტუდენტი გავხდი.
– შენი მეუღლე რა პროფესიის არის?
– სამართალმცოდნე, თუმცა, ამ პროფესიით არ მუშაობს, არანაირი შეხება არ აქვს მასთან.
– კოდექსებით ხომ არ გელაპარაკება?
– ხანდახან – კი, მაგრამ, ხშირად არა.
– შენი სამყარო როგორია?
– ყველა ადამიანს აქვს თავისი სამყარო. არ ვიცი, სხვებს როგორ აქვთ, მაგრამ, ჩემი სამყარო სისტემატურად იცვლება. ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს, რაც მოქმედებს ამაზე. ზუსტად ვერ გეტყვით, როგორია, რადგან, ძალიან პირადია. მგონია, რომ ადამიანი თავისი ფანტაზიით ივსებს იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში აკლია.
– როგორ ფიქრობ, შენთან ურთიერთობა ადამიანებს მარტივად გამოსდით თუ პირიქით?
– არა მგონია უჭირდეთ. უბრალოდ ვარ ადამიანი, რომელიც ყველას არ უშვებს ახლოს. შეიძლება, ბევრი ამხანაგი მყავდეს, რომლებთანაც ჩვეულებრივი დიპლომატიური ურთიერთობა მქონდეს, მაგრამ, ყველა ჩემი მეგობარი არ არის. თუმცა, არა მგონია, ვინმეში რამე უარყოფითს ვიწვევდე. მე არ გამიგია, ვინმეს რამე ცუდი ეთქვას ჩემზე.
– ოჯახში პირველი მსახიობი ხარ თუ კიდევ გყავთ ვინმე ამ პროფესიის წარმომადგენელი?
– ოჯახში სხვა მსახიობი არ გვყავს, პირველი მე ვარ. დედა არქიტექტორია, მამა – კიდევ სხვა პროფესიის.