„აფრიკა” როგორც შთაგონების წყარო – „ავთანდილის” გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია
თბილი ამინდების დადგომასთან ერთად შოკისმომგვრელი აღმოჩენაც გავაკეთეთ _ გარდერობი სრულიად ცარიელია... პირველი კითხვა – რით დავდიოდი შარშან? – ჩვენში უკვე ბუდნოვან მოგონებებს აღძრავს და ამ ყველაფრის გახსენებაზე დიდად თავსაც არ ვიკლავთ. მოვიდა განახლების და გახალისების დრო. უნდა მოვიშოროთ პალტოები, თბილი შარფები და ყველაფერი, რაც ყინვიან ზამთარს გვახსენებს. ალბათ, ნებისმიერი ქალბატონისთვის საინტერესოა სწორედ „ავთანდილის” რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევიმოსოთ ზაფხულში.
რა უნდა ჩავიცვათ, ამის შესახებ არა სიტყვიერი, არამედ ვიზუალური განცხადება დიზაინერმა ჯერ კიდევ გასულ წელს გააკეთა, როდესაც ორი კოლექცია წარმოადგინა. მათ შორის იყო, როგორც მოგვიანებით ხალხმა შეარქვა – „აფრიკის” კოლექცია. მან უდიდესი მოწონება დაიმსახურა როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კოლექციის შთაგონების წყაროდ იქცა ლენი რიფენშტალი და მისი წიგნი „აფრიკა”. იდეა, რომელსაც სამოსი ატარებს, არის აფრიკელი ქალის ევროპაში მოგზაურობა, თუ როგორი იქნებოდა ის თანამედროვე, მექანიზებულ, აჩქარებულ სამყაროში. გერმანელი ქალი რეჟისორის, დიდი ესთეტისა და ადოლფ ჰიტლერის მეგობრის მიერ გასული საუკუნის შუა პერიოდში აფრიკელი ქალებისთვის გადაღებული ფოტოები „ავთანდილმა” სამოსზე გადმოიტანა. ამით კი თითოეულ კოსტიუმს ინდივიდუალიზმი და უნიკალურობა შესძინა.
გარდა ამ კოლექციისა, „ავთანდილმა” გაზაფხული-ზაფხულისთვის პატარა კოლექციაც აჩვენა პარიზის შოუ-რუმებში. ამ ფოტოებსაც ნახავთ აქ.
ავთო ცქვიტინიძე: მოდაშია ყველაფერი ლამაზი (იცინის). რაც შეეხება უფრო დეტალურ რჩევებს, გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე აქტუალობას არ კარგავს და ისევ სუპერმოდურია თეთრი, თეთრი მწვანესთან, ლურჯთან და სხვა ხასხასა ფერებთან.
– და ისევ გადაჭრელებულია ყველაფერი.
– კი, უკვე რამდენიმე სეზონია, სიჭრელე ისევ და ისევ აქტუალურია. ეს მხოლოდ თანამედროვე მსოფლიო ტენდენციების ბრალია, რომელიც ყველა ტიპის ჭრელი სამოსის ჩაცმას გვირჩევს. იმედია, ამ ტენდენციას ქართველი ქალბატონებიც გაითვალისწინებენ და ამ ზაფხულს აჭრელდებიან. თუმცა, ჭრელის ჩაცმას მოდაში ძალიან დიდი განათლება და სწორად შეხამებაც სჭირდება, რომ ეს ყველაფერი სასაცილო არ გამოვიდეს. მართალია, თავისუფლად შეგიძლიათ, ჭრელ, ყვავილებიან შარვალთან, სხვა სახის, ასევე ყვავილებიანი ბლუზა ან პიჯაკი მოირგოთ, მაგრამ ეს ყველაფერი, რაც შეიძლება სწორად უნდა შეუხამოთ ერთმანეთს. თუ ძალიან ზედმეტი მოგივიდათ, არც ამაზე ინერვიულოთ.
– რაც შეეხება ფორმებს, ამ სეზონზე თხელი და განიერი შარვლები, ქვედაკაბებია აქტუალური?
– კი, საკმაოდ. ჩემს კოლექციაშიც ძალიან განიერი შარვლები და მოსაცმელებია წარმოდგენილი, რომელიც წელთან ორმაგი ქამრით დავაფიქსირე, რომ ქალურობა შემენარჩუნებინა. ქალბატონებს განიერი, თავისუფალი შარვლები დაბალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად შევთავაზე...
– რისი მოხდენაც ძალიან რთულია.
– არც ისე. ქალბატონები დაიღალნენ მუდმივი გამოპრანჭვით და ხანდახან ლამაზად, თან კომფორტულად უნდათ, გამოიყურებოდნენ. ამაზე, ალბათ, გავლენა მამაკაცებმაც იქონიეს, რომლებიც უპირატესობას მაინც ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებენ და არა სუპერსექსუალურ ქალებს... ყოველ შემთხვევაში, ცოლად ასეთები მოჰყავთ (იცინის).