იგავი მეფის ძის ქორწილზე
„ცათა სასუფეველი ემსგავსება მეფეს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გაუმართა. მან მონები გაგზავნა, რათა სტუმრები მოეწვიათ, მაგრამ არ ინებეს მოსვლა. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: გადაეცით მოწვეულ სტუმრებს, რომ სუფრა გაშლილია, ჩემი ზვარაკები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, მოდით ქორწილში.
მაგრამ მოწვეულმა სტუმრებმა არად ჩააგდეს მეფის მოწვევა: ზოგი საკუთარ ყანაში წავიდა, ზოგიც – სავაჭროდ, დანარჩენებმა კი შეიპყრეს მისი მონები, აგინეს და დახოცეს.
ეს რომ მეფემ გაიგო, განრისხდა, გაგზავნა თავისი ჯარი, ამოწყვიტა ის მკვლელები და მათი ქალაქი გადაწვა. მაშინ უთხრა თავის მონებს: ქორწილი მზად არის; რაკი მოწვეული სტუმრები არ იყვნენ ღირსნი, გადით გზაჯვარედინებზე და, ვისაც ნახავთ, ყველა მოიწვიეთ ქორწილში.
გავიდნენ ის მონები გზებზე და ყველა შეკრიბეს, ვინც კი ნახეს – ბოროტიც და კეთილიც. ქორწილი მეინახეებით გაივსო. მეფე სტუმრების სანახავად რომ შევიდა, იქ ერთი კაცი იხილა, რომელსაც საქორწილო სამოსი არ ემოსა, და უთხრა: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ, საქორწილო სამოსი რომ არ გაცვია? ის კაცი კი დუმდა.
მაშინ მეფემ თავის მსახურებს უბრძანა: შეუკარით მაგას ხელ-ფეხი და გააგდეთ ბნელ გარესკნელში, სადაც იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა“.
ნუ გააწბილებ ზეციერს
ამ მშვენიერ იგავში შვილის ქორწილის ამბავია მოთხრობილი. უფალმა იესომ უდიდეს ამქვეყნიურ სიხარულს – შვილის ქორწილს შეადარა ზეციური ნეტარება, ცათა სასუფევლის მკვიდრთა სიხარული.
მეფემ, ანუ მამაღმერთმა, ყველაფერი მოამზადა: შექმნა სამყარო და ადამიანს მისცა საპატრონებლად. ცოდვის ჩადენის შემდეგ ის აგზავნიდა თავის მონებს, რჩეულებს, რათა ადამიანს დავიწყებული ღმერთი გაეხსენებინა, ცოდვას განშორებოდა და მადლი მიეღო. მაგრამ წუთისოფლის სტუმრებს – კაცთა მოდგმას არაფერი ესმოდა, ისინი ყოველდღიურ საზრუნავს იყვნენ აყოლილნი და ზეცისკენ თავსაც აღარ სწევდნენ.
იგავში მეფის ძის საქორწილო სუფრა უკვე გაშლილია – ეს ქრისტეს ეკლესიაა, რომელიც თვითონ ძე ღვთისამ დაამკვიდრა ამქვეყნად. წვეულ სტუმრებს ამ საქორწილო სუფრაზე დახვდებათ დაკლული ზვარაკები და ნასუქი საქონელი. ეს არის მინიშნება ჯვარცმულ ქრისტეზე, რომელმაც საკუთარი ხორცი და სისხლი გაიღო ცოდვილთა გადასარჩენად.
ქორწილის უარმყოფელებს განრისხებული მეფე სასტიკად სჯის: გაგზავნის თავის ჯარს, ამოწყვეტს მკვლელებს და მათ ქალაქსაც გადაწვავს. ქრისტეს ჯვარცმიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ეს წინასწარმეტყველება ახდა: იერუსალიმი მთლიანად დაინგრა, რომაელებმა მიწასთან გაასწორეს ის და ებრაელები ამოხოცეს.
ამ იგავს უფალი უპირველესად მოციქულთა და ეკლესიის მსახურთა გასაგონად ყვებოდა და შეაგონებდა, რომ მათ არ უნდა დააბრკოლონ ეკლესიაში მოსვლის მსურველი – ბოროტიც ისევე უნდა მიიღონ, როგორც კეთილი. საბოლოო გარჩევა კეთილისა და ბოროტისა საყოველთაო განკითხვის დღეს აღსრულდება, ზეციერი მეუფის – ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს.
სწორედ თავის მეორედ მოსვლაზე მიანიშნებს უფალი, როცა ამბობს, რომ ქორწილი სტუმრებით გაივსო და მეფე სუფრასთან მსხდომი თანამეინახეების (თანამესუფრეების) სანახავად მობრძანდა.
მაგრამ როგორ მოხვდა საქორწილოდ შეუმოსავი კაცი მეფის ძის ქორწილში.
ძველი აღმოსავლური ჩვეულებით, მასპინძელი ქორწილში დაპატიჟებულ სტუმარს ძვირფას სამოსელს უგზავნიდა, ნიშნად მოწვეულის ღირსებისა და დაფასებისა. სტუმარი აუცილებლად ამ სამოსელით უნდა მოსულიყო ქორწილში, რითაც მასპინძლისადმი პატივისცემასა და მადლიერებას გამოხატავდა. ამ კაცმა დაარღვია ეს წესი, არ შეიმოსა მეფისგან გამოგზავნილი სამოსით და შეურაცხყო იგი. შეუმოსავმა კაცმა ამით უმადურობაც გამოიჩინა მეფისადმი.
საქორწინო სამოსი იგავში ნათლისღებაა, ქრისტეს ნათლით შემოსვა, ასევე ის სათნოებანია, რაც მართლმორწმუნესა და კეთილგონიერს ამშვენებს – ეს არის სამოსი რწმენისა, სიყვარულისა, იმედისა, მოწყალებისა, მიტევებისა, სინანულისა, მარხვისა და ლოცვისა.
საქორწილოდ შეუმოსავი კაცი იმ ქრისტიანს ჰგავს, რომელიც ღვთის წყალობის ღირსი გახდა და ეკლესიაში მივიდა, ცოდვათა მიტევებაც მიიღო, მაგრამ ისევ ჩაიდინა ცოდვა და ქრისტეს ნათელი შეურაცხყო. იგი დუმს, თავისი ცოდვებით დამუნჯებული ხმას ვერ იღებს და, რომც ინდომოს, ვეღარ გაიმართლებს თავს, რადგან ამოიწურა ჟამი სინანულისა. ერთადერთი, რაც მას ერგება – სასჯელია: ხელ-ფეხის შეკვრა და გარესკნელი, ანუ ჯოჯოხეთი, სადაც ცოდვილნი დაგვიანებული სინანულით კბილებს აღრჭენენ.
იგავის დასასრულ უფალი იესო ამბობს: „მრავალნი არიან ჩინებულ (მოწვეულნი) და მცირედნი – რჩეულ“. უფალი ყველას უხმობს. მრავალი შევა მის სახლში, ქრისტეს ეკლესიაში, მაგრამ მათგან მცირედნი, ცოტა აღმოჩნდება მეფის ძის ქორწილში – ცათა სასუფეველში.