მამათა შეგონებანი
იოანე ოქროპირი: როგორც თესლს სჭირდება წვიმა, ასევე, ჩვენ გვჭირდება ცრემლები, როგორც მიწა უნდა მოიხნას და დაიბაროს, ასევე, ჩვენს სულს ნიჩბის ნაცვლად სჭირდება განსაცდელები და მწუხარება, რათა არ აღმოაცენოს სარეველა, შერბილდეს მისი სისასტიკე და არ გაამაყდეს. ჯანსაღ ნაყოფს მიწაც კი ვერ გამოიღებს გულმოდგინე დამუშავების გარეშე.
პაისი მთაწმინდელი: ლოგიკა (იგივე რაციონალიზმი) ბილწსიტყვაობა, სიჯიუტე, თვითნებობა, ურჩობა, უსირცხვილობა. ყველა ეს ეშმაკის განმასხვავებელი ნიშნებია. ადამიანი იმდენად ხდება მისაწვდომი ბოროტისთვის, რამდენადაც ამ ზემოჩამოთვლილ თვისებებს ფლობს. ერთი მხრივ, როცა კაცის სული განიწმინდება, მასში სულიწმიდა იმკვიდრებს და ადამიანი მადლით აღმოივსება. თუკი პიროვნება საკუთარ თავს მომაკვდინებელი ცოდვებით შებღალავს, მასში არაწმიდა სული ჩასახლდება, ხოლო თუ ის ცოდვები, რომლითაც იგი საკუთარ სულს აბინძურებს, მომაკვდინებელი არ არის, მაშინ იგი ბოროტი სულის ზემოქმედებას გარედან განიცდის.
არქიმანდრიტი რაფაელი: ვნება კერპს ჰქმნის: ვნებით დატყვევებული ადამიანი ამ ვნების საგნის – სხვა ადამიანის აღქმაში რეალობის შეგრძნებას კარგავს და იმ ღირსებებს მიაწერს, რაც მას არ ახასიათებს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ვნება ყოველთვის ბრმაა, ის ყოველთვის ცრუობს. თავად ბრმა, გონებასაც აბრმავებს და ორივენი ერთ ორმოში ცვივიან: „ეტყოდა მას იგავსაცა: ნუ ხელეწიფების ბრმასა ბრმისა წინა ძღუავნად? არამედ ორივენი ჯურღმულს შთაცვენ“.
წმიდა სილუანი: უფალს არ სურს ცოდვილთა სიკვდილი და მონანიებულთ ჩუქნის მადლს სულიწმიდისას. იგი აძლევს სულს მშვიდობას და თავისუფლებას გონებით და გულით იყოს ღმერთში. როცა სულიწმიდა მოგვიტევებს ჩვენ ცოდვებს, მაშინ იღებს სული თავისუფლებას, გონებით და გულით იყოს ღმერთში. როცა სულიწმიდა მოგვიტევებს ჩვენ ცოდვებს, მაშინ იღებს სული თავისუფლებას, ილოცოს სუფთა გონებით; მაშინ იგი თავისუფლად უჭვრეტს ღმერთს და მასში იმყოფება მშვიდად. აი, ჭეშმარიტი თავისუფლება. ღმერთის გარეშე არ არსებობს თავისუფლება, იმიტომ, რომ მტრები არყევენ სულს ცუდი ზრახვებით.
ილია მეორე: მიწიერსა და ყოველდღიურზე ზრუნვამ არ უნდა დაგვავიწყოს სული და სულიერი კულტურა, რადგან უსულოდ ნებისმიერმა მიღწევამ შეიძლება, დაკარგოს ფასი და თვით ადამიანის საწინააღმდეგოდ მიიმართოს.
ეპიფანე თეოდოროპულოსი: თითოეულ ჩვენს თხოვნას დავუმატოთ: „არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“. ეს სიტყვები ზედმეტია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როდესაც საკუთარი გადარჩენის შესახებ ვლოცულობთ, რამეთუ ღმერთს „ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხოვრებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი“.
გაბრიელ ეპისკოპოსი: მარხვა დედაა სიწმიდისა, ცოდვათა მამხილებელი, ძლიერ შემწე სინანულისა და მოქალაქეობა ანგელოზებრივი. ჭეშმარიტი მარხვა, არა მარტო ხორციელი, არამედ სულიერი საქმეცაა. კაცნი, რომელნიც მოიკლებენ საჭმელსა და არ იშლიან ცუდთა საქმეთა, დაემსგავსებიან ეშმაკსა, რომელიც სულ არაფერს ჭამს, მაგრამ ღმერთის წინააღმდეგობას არ იშლის. ჭეშმარიტი სრული მარხვა ძმათა, მოძულეთა და მტერთა ბრალთა მიტევებაში მდგომარეობს. ასევე, ჭეშმარიტი მარხვა ქველმოქმედება და მოწყალებაცაა.