როდის არ არის დამნაშავე მამაკაცი ოჯახის დანგრევაში
ის, რაც ორ ადამიანს შორის ხდება, მხოლოდ იმ ორის საქმეა და გაცილებით უკეთ მოაგვარებენ ურთიერთობას, თუ მესამე პირი არ ჩაერევა. თუმცა, ზოგჯერ სწორედ ეს მესამე პირი ხედავს სიტუაციას კარგად და რეალურადაც აფასებს. ყოველთვის მამაკაცია დამნაშავე, როცა ის სახლიდან მიდის და ერთი შეხედვით, უნაკლო მეუღლეს ტოვებს? – არ არსებობს ცალმხრივად დამნაშავე. ისევე, როგორც შეუძლებელია, ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობიდან გარბოდეს ვინმე. ოჯახი ინგრევა და თითქოს არ არსებობს რეალური მიზეზი. თითქოს ეს მეუღლეების ჭირვეულობისა და ახირებების შედეგია. მაგრამ, არცთუ იშვიათად, მიზეზი საკმაოდ სერიოზულია და შენიღბული, დამაფიქრებელიც და პრობლემურიც...
თეონა (27 წლის): მოსვლის და ამ ამბის მოყოლის სურვილი იმიტომ გამიჩნდა, რომ არ ვიცი, რჩევა როგორ მივცე იმ ადამიანს, რომელიც ძალიან მიყვარს. საუბარია ჩემს დაზე, რომელიც საკუთარი ხელით ინგრევს ცხოვრებას და ამას ვერ ხვდება. ზოგჯერ ადამიანები გამოუსწორებელ შეცდომებს ისე უშვებენ, რომ დამნაშავეს სხვაგან ეძებენ, რამდენიმე დღის წინ, ჩემი და შოკში ჩააგდო თავისმა ქმარმა. უთხრა, შენგან მივდივარ და განქორწინება მინდაო. ჩემი დისთვის ეს მეხის გავარდნა იყო მოწმენდილ ცაზე, მაგრამ მე ველოდი, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა.
– თქვენ ხართ გათხოვილი?
– ჯერ არა. შეყვარებული მყავს, რომელსაც, ალბათ, ცოლად გავყვები. ჩემი დის შემთხვევა ჩემთვის გაკვეთილივითაა, მაგრამ მერჩივნა, ეს გაკვეთილი სხვისგან მიმეღო. ძალიან განვიცდი იმას, რაც ჩემი დის თავს ხდება. მართალია, ოჯახური ცხოვრების გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ვხედავ, რა რატომ ხდება. ჩემს სიძეს ვერ დავადანაშაულებ.
– ანუ, ამ კონფლიქტში სიძის მხარეს დგახართ?
– „სიძის მხარეს ვდგავარ“, – ასე ვერ ვიტყოდი. მე ჩემი დის მხარეს ვარ და ყოველთვის მის მხარეს ვიქნები. სამწუხაროდ, ვერ გავაგებინე ეს და ძალიან არის გაბრაზებული. მიღალატეო. გული მტკივა. მე მისი ქორწინების გადარჩენას ვცდილობდი. იმან კი, მომახალა, შენ ჩემი ქმარი, ყოველთვის, როგორც მამაკაცი, ისე მოგწონდაო. ეს ისეთი უსამართლობაა, მეტირება. თან, ვერც ვეჩხუბები. მეცოდება. ისე განვიცდი მის მდგომარეობას... რატომ არ უნდა მომისმინოს და გამიგოს.
– რატომ გეუბნებათ, მოღალატე ხარო?!
– მიზეზი ის არის, რომ არ ვატყუებ და არ ვეუბნები, შენ მსხვერპლი ხარ, ის კი, ურჩხული-მეთქი. არ შემიძლია. უფრო პირიქით არის და როცა ამაზე ლაპარაკს ვიწყებ, ჩემი და ირევა. არადა, თუ დროზე არ მოვა გონს, კრახი გარდაუვალია. არაჩვეულებრივ ქმარს დაკარგავს, რომელსაც მართლა უყვარს.
– უყვარს და ტოვებს?
– იძულებულია. ჩემმა დამ მიიყვანა ამ ზომამდე. არ არსებობს არც ღალატი და არც რომანი სხვა ქალთან. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. წარმოიდგინეთ, უყვარს თავისი ცოლი, მაგრამ, არ შეუძლია მასთან ცხოვრება. მე აბსოლუტურად მესმის მისი და თითქმის ყველაფერში ვეთანხმები. ჩემი სიძე ძალიან კარგი ადამიანი და ღირსეული მამაკაცია. მე მათი ურთიერთობის მოწმე ვარ პირველი დღიდან. არაფერი შეშლია. იშვიათია კაცი, რომელსაც ასეთი პასუხისმგებლობის გრძნობა ექნება. ენა ვერ მომიბრუნდება, ჩემს სიძეზე რაიმე ცუდი ვთქვა. პირიქით არის ყველაფერი. ჩემი და მაშინ შეიყვარა, როცა ის ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა. ისეთი თაყვანისმცემელი იყო, რომ ჩვენი მკაცრი მშობლებიც კი ვერაფერს ამბობდნენ. ზედმეტს არაფერს აკადრებდა და ამ დროს საოცრად ანებივრებდა. კეთილი ჯადოქარივით იყო. იცით, როგორი უხილავი მცველივით იყო?! არ ვიცი, ჩემი და მაშინ აცნობიერებდა თუ არა, როგორ ღირსეულ მამაკაცთან ჰქონდა საქმე. მგონი, რომ არა. ძალიან პატარა იყო საამისოდ და ახლაც ვერ ხვდება, რას კარგავს. წარმოიდგინეთ, ლამის უმაღლესიც ჩემი დის მაგივრად დაამთავრა.
– თქვენ არ ფიქრობთ, რომ ცოტათი დამთრგუნველია, როცა ვიღაც შენს მაგივრად ფიქრობს და გადაწყვეტილებებს იღებს?
– თქვენ ასე მიგაჩნიათ? მე პირიქით ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კომფორტულია. ქალებს ხომ გვინდა, გვერდით ისეთი ადამიანი გვყავდეს, რომელიც იზრუნებს ჩვენზე და საიმედო კედელივით გვეყოლება. თუმცა, როცა ვპოულობთ ასეთს, ვეღარ ვაფასებთ. მარტო ქალები კი არა, კაცებიც ასე არიან. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ დაუნახაობა და უმადურობა სქესზე არ არის დამოკიდებული. უბრალოდ, ადამიანები არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. არ ვიცი, რისი ბრალია ჩვენი ასეთი სიბრმავე. ეტყობა, რაც მეტად ეფერები ადამიანს და კომფორტს უქმნი, მით მეტის ღირსი ჰგონია თავი და ამ ყველაფერს აღარაფრად აგდებს. იქნებ, საკუთარ დაზე ასე არ უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ ძალიან მინდა, მისი და ჩემი სიძის ურთიერთობა გადარჩეს. შეიძლება, ჯერ კიდევ არის ამისი შანსი. მთავარია, მიხვდეს, რომ მისთვის კარგი მინდა. თვალები უნდა ავუხილო და აზრზე მოვიყვანო. ვფიქრობ, მან ჯერ კიდევ მაშინ წარმოიდგინა საკუთარი თავი პრინცესად, ზაზა კი – მოსამსახურე პაჟად, როცა ზაზამ ძალიან ბევრი მოვალეობა იტვირთა და სასათბურე პირობები შეუქმნა.
– იმის თქმა გინდათ, რომ თქვენს დას ქმარი არ უყვარს და ცოლად იმიტომ გაჰყვა, რომ „სასათბურე პირობებში“ ეცხოვრა?
– როცა ცოლად გაჰყვა, მაშინ ამბობდა, არც ისე ძალიან მიყვარსო. ანუ, ეს ის რომანი არ არის, რომელზეც ქალები ოცნებობენო. ეტყობა, სხვანაირი წარმოედგინა თავისი „სუპერმენი“. მე ჩემს დას არ ვგავარ. უფრო ნაკლებს ვითხოვ ადამიანებისგან და არ მიმაჩნია, რომ ვინმე არის ჩემ წინაშე ვალდებული. ერთმანეთის მოსიყვარულე ცოლ-ქმრის ურთიერთობა, არ შეიძლება, ცალმხრივი ვალდებულება იყოს. ეს ადრე თუ გვიან დამთავრდება. უნდა ვაღიარო, რომ მე, მიმიძღვის რაღაც წვლილი მათ დაქორწინებაში. მინდოდა, რომ ცოლ-ქმარი გამხდარიყვნენ.
– რატომ? ვისი ინტერესებიდან გამომდინარე?
– ჩემი დის, რა თქმა უნდა. მე ხომ ვხედავდი, როგორ უყვარდა ზაზას. ვიცოდი, რომ მასთან ბედნიერი იქნებოდა. ჩემი და ძალიან ეფექტური გარეგნობისაა. შეუძლებელია, ყურადღების მიღმა დაგრჩეს. თაყვანისმცემლების სიმცირეს არასდროს უჩიოდა. გათხოვების მერეც, მამაკაცები კომპლიმენტებით ანებივრებდნენ. თუმცა, სილამაზე ზოგჯერ საკმაოდ ცუდ სამსახურს გვიწევს. ჩემს დასაც ასე დაემართა. გადაწყვიტა, რომ სილამაზისთვის ყველაფერი ეპატიებოდა. მომხიბვლელი არის, მაგრამ ხასიათი ისეთი აქვს... საკუთარ თავს თავადვე ვნებს. იქნებ, ჩემი სიძის ბრალიც არის, ფეხებში რომ უვარდებოდა. შეეჩვია ჩემი და, რომ თავისი ინტერესები ყველა სხვა ინტერესზე მაღლა უნდა დაეყენებინა.
– ეს ცუდია?
– ვერ გეტყვით. შეიძლება, ცუდი არ იყოს პირველ ეტაპზე, მაგრამ მერე მხოლოდ სულელი ვერ მიხვდება, რომ იყენებენ. შეიძლება, ადამიანი ძალიან გიყვარდეს, მაგრამ მის გვერდით ცხოვრება აღარ მოინდომო. მიგიყვანოს თავისი საქციელით ამ ზომამდე. მე ჩემი და ძალიან მიყვარს. მინდა, თვალები ავუხილო და მივახვედრო, რაშია დამნაშავე, სანამ კატასტროფა მოხდება და საერთოდ დაკარგავს ქმარს.
– ასეთს რას აკეთებს?
– შეიძლება, წვრილმანებად მოგეჩვენოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ყოველდღიურობაში კაცს კი არა, ქალს გადაიყვანს ჭკუიდან. საერთოდ, არავისი დამსახურებები არ უნდა მიიწერო. თუ ვინმეს უყვარხარ, ეს მისი დამსახურებაა და არა შენი.
– ეს როგორ?
– როგორ და იმას უყვარხარ, გხედავს ისეთს, როგორიც არ ხარ სინამდვილეში. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ შენ კი არ ხარ რეალურად იდეალური, შეყვარებული ადამიანის თვალები გხედავენ ასეთად. ჩემი და იქცეოდა ისე, როგორც ჭირვეული პრინცესა. თუ ეძინა, სახლში ყველას ფეხის წვერებზე უნდა ევლო. თუ გართობა უნდოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა დრო იქნებოდა, ყველას უნდა ეცეკვა, ემღერა და ეკუნტრუშა. არანაირი კრიტიკა მისი მისამართით. ამას ვინ გაუბედავდა? მთელი რისხვა მაშინვე ზაზას „თავზე“ გადმოიფრქვეოდა. ის ითმენდა, იტანდა...
– მაგრამ თქვენთან მაინც გამოთქვამდა უკმაყოფილებას...
– არა, არ გამოთქვამდა. უბრალოდ, მე მოწმე ვიყავი ამის და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რაც ხდებოდა. სულელი არ ვარ, მივხვდი, რითაც დამთავრდებოდა მათი ურთიერთობა.
– რატომ წინასწარ არ დაელაპარაკეთ თქვენს დას?
– როგორ არ დაველაპარაკე?! უფრო სწორად, ვცადე, დავლაპარაკებოდი. თანაც არაერთხელ. მე გულწრფელად მეგონა, რომ ეჭვი არ შეეპარებოდა ჩემს სიყვარულსა და ერთგულებაში. შვილიც გააჩინა, მაგრამ მაინც საკუთარი თავი ჰყავდა პრიორიტეტად.
– ვერ იქნები პრიორიტეტული, თუკი არ გაქვს შესაფერისი ნიადაგი.
– გეთანხმებით. ჩემი სიძე უქმნიდა ამ ნიადაგს და იქნებ, რაღაც წვლილი მასაც მიუძღვის მომხდარში, მაგრამ, როგორ გინდა, ბრალი დასდო კაცს სიყვარულში? უყვარდა და უნდოდა, მისი საყვარელი ქალი ბედნიერი ყოფილიყო. რაც შეეძლო, იმას უკეთებდა, სანამ ჩემმა დამ ყელში არ ამოუყვანა. ბავშვსაც ზაზა უვლიდა. ღამეებს ათენებდა, თან შრომობდა დღე და ღამე, რომ ოჯახს, ცოლს არაფერი მოჰკლებოდა. ჩემი და დადიოდა ფიტნესზე, აუზზე, სალონებში, ტუსოვკებზე... იმის მაგივრად, რომ მადლობა ეთქვა ქმრისთვის, ამ ყველაფრის საშუალებას რომ აძლევდა, კიდევ უფრო ჭირვეული გახდა. სკანდალებსაც უწყობდა.
– ეჭვიანობის ნიადაგზე?
– არა. ჩემი და არ ეჭვიანობდა. ან როგორ უნდა ეეჭვიანა, როცა ზაზა მას იქით ვერავის და ვერაფერს ხედავდა. სკანდალს აწყობდა, მაგალითად, იმაზე, რომ ზაზა არ მოუტანდა იმ პროდუქტს, რომელიც მას ნებავდა და მოსწონდა. პურზეც შეეძლო ეჩხუბა და გაელანძღა ქმარი. არ ვაჭარბებ. ხომ იცი, რომ ეს პური არ მიყვარს, რისთვის მოათრიეო. გეცინებათ, მაგრამ საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, როცა ეს ყველაფერი თქვენს სახლში ხდება. ჩემს დას ვურჩევდი, დაფიქრებულიყო ქმართან ურთიერთობაზე, კარგად გაეანალიზებინა საკუთარი საქციელი. ისიც კი ვუთხარი, ქმარი გაგექცევა-მეთქი. დამცინა: არსადაც არ გაიქცევა. ისე ვუყვარვარ, უჩემოდ ვერ იცოცხლებსო.
– ეს უკვე ნამდვილად თქვენი სიძის დანაშაულია.
– რა არის ჩემი სიძის დანაშაული, ეს აზრი რომ ჩაენერგა? კი, მაგრამ, თან უნდა ყვარებოდა, თან იმაზეც ეფიქრა, ასეთი აზრები არ „ჩავუნერგოო?“ ადვილი გგონიათ თქვენ ეს? მე სიყვარულს ცოტა სხვანაირად ვუყურებ. ძალიან მოსაფრთხილებელი გრძნობაა. არ შეიძლება, თავზე დააჯდე ადამიანს, რომელსაც უყვარხარ, თანაც, მარტო იმიტომ, რომ უყვარხარ. ჩემი დის ქმარი ისეთია, ძნელად რომ შეხვდები ასეთ მამაკაცს. გეუბნებით, ძეგლი უნდა დაუდგა. ჩემმა დამ კი ის აფიქრებინა, რაც მისთვის ყველაზე დიდი საშინელება იყო – ოჯახის დანგრევა. ჩემს დას, მგონი, ჯერ გაცნობიერებულიც არა აქვს, რომ შეიძლება, ზაზა მართლა წავიდეს მისგან. მგონი, ჰგონია, რომ ეს არასერიოზული მუქარაა ქმრის მხრიდან და იმის მაგივრად, დაელაპარაკოს მას, ბრაზობს და ისტერიკებს აწყობს. წავიდეს, ყველაფერი ჩემი შექმნილია, მისი პიროვნების ჩათვლით და მაგრად მკიდია. უკეთესს ვიპოვი ხვალვეო...
– იქნებ, ჰყავს კიდეც შეგულებული კანდიდატურა და ამიტომ ოჯახის დანგრევა ნაკლებად ადარდებს?
– არა მგონია. არ მჯერა, ასე რომ იყოს. ვინმე რომ ჰყავდეს, მეცოდინებოდა. ვინმე რომ შეყვარებოდა, გამორიცულია. ისეთი ეგოისტია, თავის პერსონაზე წინ არავის დააყენებს. ეგოისტი და ცინიკოსი ადამიანებისთვის ნამდვილი გრძნობა ძალიან უცხოა.
– მაშინ, თქვენს სიძეს ეყოლება „ჩასანაცვლებელი“ კანდიდატურა. ასე უცებ როგორ „გადაუყვარდა“ პრინცესა?
– მე აღარ ვეძებ მთავარ დამნაშავეს. არ გამოვრიცხავ, რომ ცოლის მუდმივი ჭირვეულობებითა და სკანდალებით დაღლილ კაცს, სხვა ქალის მკლავებში მოეძებნოს ნუგეში და შვება. შეიძლება, ის ქალი საერთოდ არც უყვარდეს, მაგრამ მაინც წავიდეს მასთან. მე ვერც ამაში გავამტყუნებ ჩემს სიძეს. გულახდილად გეუბნებით, ძალიან ცუდი იქნება, თუ ასე მოხდება. იმედია, რომ ჩემი და უყვარს, მიუხედავად ყველაფრისა. ამ ჩემს დას კი ყური აქვს მოყრუებული და თვალები დაბნელებული. ჯერ კიდევ შეიძლება, ეშველოს სიტუაციას და ზაზა დარჩეს ოჯახში. მაგრამ, როგორ გავაგებინო ეს ჩემს დას, რომელიც უკვე მტრად აღმიქვამს?! როგორ ავუხსნა, რომ თუნდაც გამოჩნდეს სხვა კაცი მის ცხოვრებაში, ზაზასნაირად არ შეიყვარებს და არ გაანებივრებს. სულ ცოტა ყურადღება და მადლიერება სჭირდება მას რასაც სრულიად იმსახურებს. ყველა კაცი არ არის ერთნაირი. მე ამაში ჩემი სიძის მაგალითით დავრწმუნდი.