კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

ჩემი ნამდვილი სიყვარული

თვალწინ მყოლია

ინსტიტუტში ძალიან პოპულარული ბიჭი ვიყავი – გოგოები კუდში დამდევდნენ, ცდილობდნენ, ჩემი ყურადღება დაემსახურებინათ. მეც თავში მიქროდა (ალბათ, ასაკის გამო) და ამ ყველაფერს ძალიან ვიფერებდი. მეგონა, გოგოებში ჩემი ასეთი წარმატების მიზეზი ჩემი გარეგნობა და ხასიათი იყო (ძალიან მხიარული და კომუნიკაბელური ვიყავი), მაგრამ, მთლად ასეც არ ყოფილა საქმე, რაზეც თვალი ამიხილა ერთმა გოგომ, რომელსაც ვუყვარდი. თუმცა, მე არანაირი გრძნობა არ მქონდა მის მიმართ და, ამიტომ, ვცდილობდი, მეგობრული ურთიერთობა შემენარჩუნებინა, რაზეც, საბოლოოდ, ისიც წამომყვა და, საერთოდ აღარ მაგრძნობინებდა, რომ ვუყვარდი. არც არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვიყავით და, ამიტომ, თათას ხშირად მიმართავდნენ გოგოები, რომ მისი მეშვეობით გამცნობოდნენ; ან, ვინც უკვე მიცნობდა (და, შესაბამისად, გრძნობაც ჰქონდა ჩემ მიმართ), თათას უმხელდნენ გულის ნადებს. მე ყველას კარგად და ჯენტლმენურად ვექცეოდი, არც ჩემი მანქანით წაყვანა-წამოყვანაზე ვეუბნებოდი უარს და არც საჩუქრებს ვაკლებდი (ახლა ვხვდები, ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ მსიამოვნებდა მათი სიყვარულისა და აჟიტირების ობიექტად ყოფნა), მაგრამ, მე სულ სხვა გოგო მომწონდა, რომელიც მაგათ „სასტავში“ არ იყო. რამდენიმე ხანში თათასგან გავიგე, რომ ის გოგო, მარიამი, ჩემს გაცნობამდე, მთელი წელი ხვდებოდა თათას ბიძაშვილს, თითქმის მის საცოლედაც ითვლებოდა; მას შემდეგ, კი, რაც მე გამიცნო, იმ ბიჭს დაშორდა და შეუთვალა, კარგი ბიჭი ხარ, მიყვარხარ კიდეც, მაგრამ, ცოლად ვერ გამოგყვები, რადგან, უპერსპექტივო მომავალი გაქვს, ლაშა კი უკვე ახლაა ყველაფრამდე უზრუნველყოფილი. ამიტომ, მირჩევნია, მდიდარს გავყვე ცოლადო. მე არ დავუჯერე თათას, მეგონა, ეს მისი ქალური შურისძიება იყო, თუმცა, გულში ცუდად გამკენწლა. პირველად მაშინ შემელახა ბიჭური თავმოყვარეობა. „ესე იგი, მე კი არა, ჩემი ფულები მოსწონებია?! გავიგებ, მართლა ასეა თუ თათა ეშმაკობს“, – გავიფიქრე გულში და სტრატეგია შევიმუშავე: მარიამს ჩვეულებრივად ვურეკავდი, ვხვდებოდი (უმანქანოდ მივდიოდი პაემანზე), მაგრამ, საჩუქრებიც შევწყვიტე და მისი კაფე-რესტორნებში ტარებაც. ყვავილსაც კი იშვიათად ვყიდულობდი, თან – ყველაზე იაფიანს. რესტორნებისა და თეატრ-კონცერტების ნაცვლად, საათობით ვისხედით რომელიმე სკვერში ან ფეხით დავსეირნობდით. ბოლო ხანებში კი სალაპარაკოც აღარაფერი გვქონდა. თავიდან მარიამი არაფერს მეუბნებოდა, მერე კი ვერ მოითმინა და მკითხა, რა მოგივიდა, ასე რატომ შეიცვალეო. მე „გამოვუტყდი“: არ მინდოდა, მეთქვა, რადგან მდგომარეობის გამოსწორების იმედი მქონდა, მაგრამ, ყველაფერი სულ უფრო უარესობისკენ მიდის – მამაჩემი დიდ ვალებში გადავარდა, ბინაც, მანქანებიც, აგარაკიც – ყველაფერი გავყიდეთ. ახლა ქირით ვცხოვრობთ. მეც მუშაობა უნდა დავიწყო, რომ ოჯახს შევეშველო-მეთქი. ეს სიტყვები რომ ვუთხარი, მარიამს ხმა არ ამოუღია, არც კი ვუნუგეშებივარ. ერთი-ორი წუთი ჩუმად იჯდა, მერე კი მითხრა, აღარ დამირეკო, დღეს მივხვდი, რომ აღარ მიყვარხარო. მერე მობილური ამოიღო, ნომერი აკრიფა, ერთი კი გადმომხედა და გამოუმშვიდობებლად მიმატოვა სკვერში. რამდენიმე ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული, ყურმილში ვიღაცას უთხრა (ჩემთვის ძნელი გამოსაცნობი არ იყო, ვის ელაპარაკებოდა): დღეს მივხვდი, რომ მარტო შენ მყვარებიხარ და, თუ შენ წინააღმდეგი არ იქნები, ახლავე შევხვდეთო.

შეიძლება, ცუდკაცობაში ჩამითვალოთ, მაგრამ, ეს ყველაფერი თათას ვუამბე, თან, მადლობაც ვუთხარი, თვალი რომ ამიხილა. ბოროტი განზრახვა ნამდვილად არ მქონია, ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ, მარიამის საქციელის გამო საშინლად ვიყავი განრისხებული და ძალიან მომინდა, ვინმესთვის გული გადამეხსნა, თათაზე უკეთ ჩემს მოსმენასა და გაგებას უახლოესი ძმაკაცებიც ვერ შეძლებდნენ. თათა კი ისე მოიქცა, როგორც, ალბათ, ყველა გოგო მოიქცეოდა – წავიდა და თავის ბიძაშვილს უთხრა, სინამდვილეში ვინ იყო მისი რჩეული, რასაც შედეგად მარიამისა და იმ ბიჭის დაშორება მოჰყვა. მე საშინლად მომინდა, მარიამსაც სტკენოდა გული. ამიტომ, როცა მათი განშორების ამბავი გავიგე, დავურეკე. ძალიან ცივად შემხვდა,  მითხრა, ხომ აგიკრძალე ჩემთან დარეკვაო, მე კი სწორედ მაშინ ვუთხარი – მოგატყუე, მამაჩემი არანაირ ვალში არ გადავარდნილა და არც არაფერი გაგვიყიდია. ეს ყველაფერი კი იმიტომ გითხარი, მაინტერესებდა, მართლა მე გიყვარდი თუ მამაჩემის ფულები-მეთქი. ისეთი ისტერიკული ტირილი და მოთქმა დაიწყო, სიმართლე გითხრათ, გულზე მალამოდ დამედო იმის შეგრძნება, რომ მწარედ ეტკინა, მაგრამ, ეს მაინც არ იყო ის ტკივილი, რომელიც მე განვიცადე. თუმცა, იმისთვის მაინც საკმარისი იყო, წაგებულად ეგრძნო თავი, საკუთარ თავთან დამარცხებულად, რამაც მე დიდი კმაყოფილება მომგვარა.

მარიამის მერე კიდევ ბევრი შეყვარებული გამოვიცვალე: ზოგი – ცალმხრივი, ზოგი – ორმხრივი გრძნობით, მაგრამ, ვერც ერთში ერთგულება და ნამდვილი გრძნობა ვერ დავინახე და ყველას დავშორდი. მე და თათა კი ლამის შევაბერდით ერთმანეთს, ისევ ისე ვმეგობრობდით და ვგულშემატკივრობდით ერთმანეთს.

ერთ დღეს კი თათა ერთი თვით გაუშვეს სამსახურიდან მივლინებით გერმანიაში და ეს ერთი თვე იყო ყველაზე კოშმარული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რადგან გვერდით არ მყავდა ჩემი უერთგულესი ადამიანი, ჩემი მანუგეშებელი. როგორც იქნა, გავიდა ერთი თვე, თათაც დაბრუნდა თბილისში და იმ დღესვე დამირეკა, აუცილებლად უნდა გნახოო. იქვე, მისი სახლის წინ მდებარე კაფეში შევხვდი. ცოტა სევდიანი მომეჩვენა, მაგრამ, ვიფიქრე, ალბათ, დაღლილია-მეთქი. მიკითხვა-მოკითხვის შემდეგ თათამ მითხრა, ვთხოვდები და, მინდა, შენ იყო ჩვენი მეჯვარეო. აღმოჩნდა, რომ მისი საქმრო ვიღაც ჭორფლიანი გერმანელი იყო. რომ წარმოვიდგინე, თათა გერმანიაში წაჰყვებოდა ქმარს და სამუდამოდ დავკარგავდი, მაშინ დაიძახა ჩემს ტვინში რაღაცამ „წკაპი“ და უცებ ამეხილა თვალი – იმ წუთში მივხვდი, რომ თათა მთელი ცხოვრება მიყვარდა, მაგრამ, იმდენად ყოველთვის ჩემ თვალწინ იყო, რომ ვეღარ ვამჩნევდი.

მეჯვარეობა რომ მთხოვა, თვალებში ჩავხედე და უარი ვუთხარი, შენი მეჯვარე ვერ გავხდები-მეთქი. რატომო, – გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა თათას. იმიტომ, რომ, მინდა, შენი ქმარი გავხდე, იმ გერმანელის დედაც-მეთქი. მერე კი მთელი საათი ვასულიერებდი გულწასულ თათას (რაშიც კაფეს თანამშრომლებიც დამეხმარნენ).

ქორწილი აპრილის ბოლოს გვაქვს, საქორწინო მოგზაურობაში კი იქ წავალთ, სადაც თათა ისურვებს – მინდა, ამდენი წლის ერთგული მოლოდინისთვის სათანადოდ დავაჯილდოო.

ლაშა, 30 წლის.

 

როგორ ვიპოვე და

20 წლის ვიყავი, ინსტიტუტში ვიღაც გოგონამ რომ მომაკითხა და მითხრა, შენი და ვარო. ეს ჩემთვის ისეთი შოკი იყო, ვერ აგიწერთ. ჩემი ნახევარდა საკმაოდ სიმპათიური გოგო იყო, კარგი მოსაუბრე და მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. შოკმა რომ გამიარა, ყველაფერი გამოვკითხე. მითხრა, რომ არის 19 წლის, დედისერთა, სწავლობს ერთ-ერთი უნივერსიტეტის მეორე კურსზე და ძალიან უნდა მამის გაცნობა. გადავითვალე წლები და გამოვიდა, რომ მამაჩემს მაშინ ჰქონია ურთიერთობა ვიღაც ქალთან, მე რომ 1 წლის ვიყავი, ანუ, დედას თავიდანვე ღალატობდა. სიმართლე გითხრათ, ეს ვერ გადავხარშე, თორემ, ჩემი დის გამოჩენა მართლა გამიხარდა, რადგან, მეც დედისერთა ვიყავი და სულ მინდოდა, და ან ძმა მყოლოდა. ერთმანეთის შესახებ ასე თუ ისე, რაღაც ინფორმაცია გავიგეთ, ირმას შევპირდი, მამას დღესვე გაგაცნობ-მეთქი და საღამოს ჩემს სახლთან ახლოს დავუთქვი შეხვედრა.

სანამ ირმას შევხვდებოდი, მთელი დღე ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი: მამაჩემისთვის მეთქვა, რომ შენი შვილი უნდა გაგაცნო-მეთქი თუ, მოულოდნელად დამეყენებინა ფაქტის წინაშე; მაგრამ, უფრო მეტად იმაზე ვნერვიულობდი, დედასთვის როგორ გამეგებინებინა ეს ამბავი. ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, მამაჩემის და ჩემი დის პირველი შეხვედრა სადმე კაფეში მომეწყო, დედასთვის კი მერე, მოგვიანებით მეთქვა, როცა, ასე თუ ისე, ნორმალურ კალაპოტში ჩადგებოდა ყველაფერი.

ისე ვიყავი მამაზე გაბრაზებული, თავიდან გადავწყვიტე, არაფერი მეთქვა და პირდაპირ მიმეხალა, ეს შენი შვილია-მეთქი. მინდოდა, მასაც სტკენოდა დედაჩემის მიმართ თავისი უსინდისო საქციელის გამო, მაგრამ, მერე შემეშინდა, გული არ გაუსკდეს-მეთქი და მაინც წინასწარ გაფრთხილება ვარჩიე. ამიტომ, სამსახურში მივაკითხე და ვუთხარი, შენთან ძალიან სერიოზული საქმე მაქვს და სამსახურის მერე არაფერი დაგეგმო-მეთქი. ისე დაინტერესდა, რომ ერთი საათით ადრე გაეთავისუფლა და, იქვე, პატარა სკვერში დავსხედით. არ ვიცოდი, როგორ დამეწყო საუბარი და, რაღაც მიკიბვ-მოკიბვის შემდეგ, პირდაპირ ვკითხე, მას მერე, რაც მე გავჩნდი, დედას რამდენ ქალთან უღალატე-მეთქი. როგორც ჩანს, ყველაფერს მოელოდა ასეთი კითხვის გარდა და, ამიტომ, ჯერ გაუკვირდა, მერე სიცილი აუტყდა, ბოლოს კი მითხრა, რა სისულელეებს მეუბნები, ხომ იცი, დედაშენი სიყვარულით შევირთე და მისთვის არასდროს მიღალატიაო. აბა, შვილი საიდან გყავს, 19 წლის გოგონა, რომელმაც დღეს მე მომძებნა და ახლა შენი გაცნობაც უნდა-მეთქი? – ვუთხარი ირონიულად. მამა გაშრა. რამდენიმე წუთს იჯდა გაოგნებული, მერე კი ძალიან სერიოზულად მითხრა, ასეთი რამ გამორიცხულია, თუნდაც იმიტომ, რომ შენი გაჩენიდან, ორ თვეში რუსეთში წავედი სამუშაოდ, თქვენც თან წაგიყვანეთ და იქ სამი წელი ისე ვიცხოვრეთ, ერთხელაც ვერ მოვახერხე საქართველოში ჩამოსვლაო. სწორედ ეს „ორი თვე“ იყო საეჭვო, მაგრამ მამა თავგამოდებით მარწმუნებდა, მსგავსი არავისთან არაფერი მქონია, ვიღაც მაშანტაჟებსო. ბევრი მსჯელობისა და კამათის შემდეგ გადავწყვიტეთ, მაინც შეხვედროდა თავის თვითმარქვია ქალიშვილს და მისგან გაეგო, ვინ იყო და რა უნდოდა.

შეხვედრა დათქმულ დროს და დათქმულ ადგილას მოხდა. მამა ისე ღელავდა, რაღაც მომენტში ეჭვიც კი შემეპარა, ტყუილად ხომ არ მეფიცებოდა-მეთქი. ირმას ძალიან მშვიდად ეჭირა თავი, მამაჩემი შეათვალიერა და თქვა – აი, როგორი ყოფილა ჩემი მზრუნველი მამიკოო. მერე უთხრა, გვიან გავიგე, მამა რომ მყავდა, მანამდე დედაჩემი სულ მეუბნებოდა, მამაშენი ავარიაში მაშინ დაიღუპა, შენზე რომ ვიყავი ფეხმძიმედო, მაგრამ, რატომღაც, რამდენიმე თვის წინ გამიმხილა სიმართლე და, გადავწყვიტე, მომეძებნეო.

– რა სიმართლე? – გაღიზიანებით ჰკითხა მამაჩემმა.

– ის სიმართლე, რაც სინამდვილეში იყო, – გაეცინა ირმას, – შენ დედაჩემს ცოლის შერთვამდე დიდხანს დასდევდი, მაგრამ, არაფერი რომ არ გამოგივიდა, მის ჯინაზე დაქორწინდი სხვა ქალზე, თუმცა, მერეც ცდილობდი მისი გულის მოგებას, რაც, შენდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გამოგივიდა – დედას უგონოდ შეუყვარდი და დაგნებდა კიდეც. მაგრამ, როგორც კი გაიგე, რომ ორსულად იყო, მაშინვე მიატოვე და აორთქლდი, რადგან შენი ძვირფასი ოჯახის დანგრევა არ ისურვე, იმაზე კი არ გიფიქრია, რომ მე და დედაჩემს დაგვინგრიე ცხოვრება. წლების განმავლობაში არც კი გაგხსენებია საწყალი ქალი, არ დაინტერესებულხარ, გვიჭირდა თუ გვილხინდა, ცხოვრობდი შენთვის ბედნიერად და ერთხელაც არ გიგრძნია სინდისის ქენჯნაო.

მამამ ძლივს დაიოკა ნერვები და ირმას დედამისის სახელი და გვარი ჰკითხა. როდესაც პასუხი გაიგონა, მამაჩემის გაოცებასა და აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. ერთი კი წამოსცდა – ესე იგი, შენ ბელას შვილი ხარო? – მერე კატეგორიულად მოსთხოვა, ახლავე წამიყვანე დედაშენთან, მე შენთან საქმე არ მაქვს, მას უნდა დაველაპარაკოო. დიდი კამათისა და სიტყვიერი გაწევ-გამოწევის შემდეგ, ირმა ვაიძულეთ, დედამისთან წავეყვანეთ.

ყველაფერი დაწვრილებით რომ გიამბოთ, ასი თაბახი არ მეყოფა, ამიტომ, მოკლედ გეტყვით: მამაჩემისა და იმ ბელას შეხვედრისა და საქმის გარჩევების დროს გაირკვა, რომ დედაჩემის გაცნობამდე ორი წლით ადრე ბელა მამაჩემის საყვარელი ყოფილა და ძალიან ცდილობდა, მისი ცოლი გამხდარიყო, რასაც ვერ მიაღწია და, ამის გამო, მამას ჯინაზე, მისი ძმაკაცის საყვარელი გახდა. ასე დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ, როგორც გაირკვა, ბელას მამაჩემზე შურისძიება გულში ჰქონდა ჩადებული, რაც წლების განმავლობაში ვერ შეძლო, თუმცა, ბოლოს მაინც მოახერხა და ვიღაც მორიგი საყვარლისგან გაჩენილ შვილს უთხრა, ვითომ მისი მამა მამაჩემი იყო და ამ გზით უნდოდა, ყოფილი საყვარლისთვის სამაგიერო გადაეხადა და ოჯახი დაენგრია.

ეს ყველაფერი ბელამ იქვე აღიარა, უფრო სწორად, მიახალა მამაჩემს. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მამა მართალი აღმოჩნდა თავისი ოჯახის წინაშე, მაგრამ, ეს ისტორია ამით არ დამთავრებულა: ჯერ იქვე, ბელასთან რომ ვიყავით, მაშინ, ირმამ ყველაფერი რომ გაიგო, დედამისს არ აპატია ამდენი ტყუილი, საშინლად გალანძღა და უარი თქვა მის შვილობაზე; მერე უცბად ჩაალაგა თავისი ნივთები ჩანთაში, ბელას გამოუცხადა, არც კი ეცადო ჩემი მოძებნა, თორემ, იცოდე, დავაჭერინებ შენს თავსო – და კარი გაიჯახუნა.

რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ყველაფერი გადავხარშე, მოვძებნე ირმა (უნივერსიტეტი და ფაკულტეტი ხომ ვიცოდი) და ვუთხარი, თუ შენი სურვილი იქნება, ვიყოთ და-ძმა-მეთქი, რაზეც ის სიხარულისგან ატირდა. მე ვთხოვე, ჩვენთან გადმოსულიყო საცხოვრებლად (მეგობართან იყო თავშეფარებული), მაგრამ, კატეგორიული უარი მითხრა. მაშინ, ჩემი ძმაკაცის დახმარებით, მოვძებნე ძალიან კარგი ერთოთახიანი ბინა თავის უნივერსიტეტთან ახლოს და იქ გადავიყვანე, ქირას კი დღემდე ჩვენ ვუხდით. ეს ამბავი დედას ცოტა მოგვიანებით მოვუყევით და მან ყველაფერი ნორმალურად გადაიტანა, მერე კი მთხოვა, ირმა სადილად ჩვენთან მოვიდეს ხოლმე, ჩემს შვილად მივიღებო.

მერე ისე მოხდა, რომ ჩემს ძმაკაცსა და ირმას ერთმანეთი შეუყვარდათ და მალე ქორწილიც ექნებათ.

ჩემ გარშემო ახლაც ყველას ჰგონია, რომ მე და ირმა ნახევარდაძმა ვართ, დედამისს კი საერთოდ არ ახსენებს. თუ ვინმე ჩაეძიება, ეუბნება, დედა ხუთი წლისას გარდამეცვალა და ბებომ გამზარდაო.

ბუბა, 24 წლის.

 

скачать dle 11.3