კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იღებს ამერიკაში 46 მილიონი მოქალაქე სასურსათო ტალონებს და რამდენს ხარჯავს ამერიკის ბიუჯეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების გამოკვებაზე

დედამიწის მოსახლეობა უკვე გახდა შვიდი მილიარდი. მართალია, ეს ფაქტი გაერომ საგანგებოდ აღნიშნა, თუმცა იმ მარტივი მიზეზით, რომ დედამიწის ფართობი იგივე რჩება, მოსახლეობის მატება ნიშნავს იმას, რომ საკვების რესურსი მცირდება (იმას გარდა, რომ რესურსი, დედამიწის მოსახლეობის ზრდის მიუხედავადაც, ბუნებრივად მცირდება). ამას ემატება კლიმატური ცვლილებებიც, რაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მწყობრიდან გამოყვანას იწვევს, ანუ მათი რაოდენობაც მცირდება. ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა, რომლის გადაჭრასაც თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს. ამ ფონზე (თანაც საქართველო უხვმიწიანობით არ გამოირჩევა) ჩვენთან, ჯერ ერთი, მიწების დიდი ნაწილი დაუმუშავებელია როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზების გამო და, რაც მთავარია, სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი საგრძნობლად სჭარბობს ექსპორტს. სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების რა პოტენციალი აქვს არცთუ უხვმიწიან საქართველოს და შეძლებს თუ არა ქართული მიწა რესურსების კლების პირობებში საკუთარი მოსახლეობის გამოკვებას, – თემას პაატა კოღუაშვილი განგვიმარტავს.

 

– ზოგადად, როგორი ტენდენციაა მსოფლიოში სურსათთან მიმართებაში?

– მსოფლიოში სურსათის მოხმარება უკანასკნელ წლებში მკვეთრად მატულობს, რის  მიზეზიც, გარდა დედამიწის მოსახლეობის ზრდისა, არის ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკური და, შესაბამისად, სოციალური განვითარების დონის მკვეთრი მატება. ამ მხრივ, თანამედროვე მსოფლიოში აშკარად გამოირჩევა   ჩინეთი და ინდოეთი. მათზე მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით, 36 პროცენტი, ხოლო სავარგულების 14 პროცენტი მოდის. ორივე ქვეყანაში მაქსიმალურად არის გამოყენებული მიწა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის, ხოლო ნიადაგის ეროზიის და ურბანიზაციის პროცესის გამო, სავარგულების ფართობი იკლებს. ანალოგიური ვითარებაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ყველა ქვეყანაში, რაც გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ აღნიშნული რეგიონის ნიადაგური პოტენციალი ვეღარ უზრუნველყოფს მოსახლეობის მზარდ მოთხოვნილებას სურსათზე, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს იმ ექსპანსიონისტურ პოლიტიკას, რასაც ზოგიერთი ქვეყანა ეწევა მიგრაციისა თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის კუთხით. ცალსახად რომ ითქვას, სურსათიც და სავარგულებიც კიდევ უფრო გაძვირდება. არადა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სავარგულებზე ფასები ისედაც მაღალია. ამერიკის ზოგიერთ შტატში  მიწის ფასი 20 000 დოლარამდეც კი აღწევს, თუმცა, ყველა ტიპის სოფლის მეურნეობის სავარგულის საშუალო ფასი 3-4 ათასი დოლარია და ამ მონაცემში გათვალისწინებულია ცენტრალური შტატების დაბალპროდუქტიული საძოვრებიც. ევროკავშირში ყველაზე დაბალი ფასები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე არის ბულგარეთსა და რუმინეთში – საშუალოდ, 1 500-2 000 ევრო, ხოლო მაღალი ღირსების მიწაზე ფასი გაცილებით დიდია, მაგალითად, რუმინეთში 1 ჰექტარი საუკეთესო სავარგულის ფასი 2008 წელს 6 000 ევრომდე გაძვირდა. სიძვირით გამოირჩევა სავარგულების ფასი ეგრეთ წოდებულ ძველი ევროპის ქვეყნებში.

– აქვს დედამიწას პოტენციალი, თუკი ადამიანი მის ყოველ მეტრ მიწას აითვისებს, უზრუნველყოს საკვებით მოსახლეობა?

– ამჟამად პლანეტაზე მიწის ერთი ნაგლეჯიც კი არ არის თავისუფალი და თანამედროვე კონფლიქტების უმრავლესობის მიზეზი სწორედ ტერიტორიული დავაა. ზოგჯერ ომი მიმდინარეობს სულ რამდენიმე კვადრატული კილომეტრის გამო, ამის დასტურია ახლახან ამტყდარი კონფლიქტი ტაილანდსა და კამბოჯას შორის. ვითარებას ართულებს ნიადაგის  ეროზიის პროცესი, რაც უკანასკნელ პერიოდში კრიტიკულ ფაზაში შევიდა. ცნობილია, რომ ნიადაგის ნაყოფიერი ფენის – ჰუმუსის ფორმირებას 2-7 ათასი წელი სჭირდება, ხოლო დაჩქარებული ეროზიის პირობებში კი, რასაც ძირითადად ადამიანის ფაქტორი იწვევს, ეს ფენა შეიძლება, 10-30 წელიწადში სრულიად განადგურდეს. ისტორიას ახსოვს ფაქტები, როდესაც ძლიერ წვიმას ან ქარიშხალს ერთ დღეშიც კი მოუსპია ნაყოფიერი ნიადაგები. საქართველოში ეროზიის ზემოქმედებას განიცდის მილიონ ჰექტარზე მეტი სოფლის მეურნეობის სავარგული. გასული საუკუნის 80-იანი წლების მონაცემებით, წყლისმიერი ეროზიის საზიანო მოქმედებას განიცდიდა 230 ათასი, ხოლო, ქარისმიერს – 110 ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობი, რაც იწვევდა აგროპროდუქციის მოსავლის ერთ მესამედზე მეტის დანაკარგს.

– უდაბნოების ათვისების პერსპექტივა თუ არსებობს? 

– სოფლის მეურნეობის სავარგულები სულ უფრო ნაკლები რჩება, სადღეისოდ დედამიწის ხმელეთის სასოფლო-სამეურნეო ათვისება 30 პროცენტს მიუახლოვდა და, თუ არ ჩავთვლით უდაბნოების ათვისების ჯერჯერობით უპერსპექტივო შესაძლებლობას, შეიძლება ითქვას, რომ, ამ მხრივ, რეზერვები ამოწურულია. უახლოეს წლებში სოფლის მეურნეობის სავარგულები კაცობრიობის უმთავრეს რესურსად იქცევა, რასაც შემდეგი მონაცემებიც ადასტურებს: 2000 წელს მსოფლიოს მოსახლეობა დაახლოებით 6 მილიარდი ადამიანი, ხოლო სოფლის მეურნეობის სავარგული 5 მილიარდამდე ჰექტარი იყო, ანუ პლანეტის მოსახლეობის ერთ სულზე დაახლოებით 0,82 ჰექტარი მოდიოდა, 2008 წლისათვის მოსახლეობა დაახლოებით 6,7 მილიარდამდე გაიზარდა, სოფლის მეურნეობის სავარგულები 4,88 მილიარდ ჰექტრამდე, ხოლო მოსახლეობის  ერთ სულზე ფართობი 0,73 ჰექტრამდე შემცირდა. დემოგრაფების პროგნოზით, 2050 წლისთვის დედამიწაზე იცხოვრებს, დაახლოებით, 9,5 მილიარდი ადამიანი. თუ აქვე გავითვალისწინებთ სოფლის მეურნეობის სავარგულების შემცირების ტემპს, იმ დროისთვის დედამიწის მოსახლეობის  ერთ სულზე 0,5 ჰექტარზე ნაკლები სავარგული მოვა. თუ ამას დავამატებთ, რომ მსოფლიოში ზოგან წყლის დეფიციტია, ზოგან კი – პირიქით, აგრეთვე, მზის ენერგიით სავარგულების უზრუნველყოფის მაჩვენებლებს, კიდევ უფრო მძიმე სურათს მივიღებთ, რადგან ჩვენს პლანეტაზე მაღალი ხარისხის სავარგულები გაცილებით მცირე რაოდენობით რჩება.

– საქართველოში როგორი ვითარებაა, არის ჩვენს გამოსაკვებად სამყოფი მიწა? 

– ცხადია, განსაკუთრებით ძვირად ფასობს მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც ჰარმონიულადაა უზრუნველყოფილი სარწყავი წყლითა და მზის ენერგიით. სწორედ ამგვარ რესურსს ფლობს საქართველო და ამ დროს უმოწყალოდ მიმდინარეობს ქართული მიწის განიავება, რადგან იმას, რაც ხდება, ვერანაირად უწოდებ „პრივატიზაციას“. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაეროს შესაბამისმა ორგანიზაციამ წერილობით გამოხატა თავისი გაკვირვება, იმის გამო, რომ საქართველოში  არ  აღირიცხება  მიწები და არ ხდება მიწის ბალანსის შედგენა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი, 2004 წლის მონაცემებით, 3 მილიონ ჰექტარს შეადგენდა. ხოლო, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 2008 წლის მონაცემებით, აღრიცხულია მხოლოდ 838 ათასი ჰექტარი. სად დაიკარგა 2 მილიონზე მეტი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, დღემდე გაურკვეველია. მიუხედავად ამისა, საქართველოს აქვს 10-12 მილიონი ადამიანის გამოკვების პოტენციალი.  

– როგორც ვიცი, სულ ბოლოს ნიადაგების აღწერა საბჭოთა დროს გაკეთდა. რა მდგომარეობაშია საქართველოში ნიადაგები? 

– დღეს ძნელად წარმოსადგენია სხვა რომელიმე ქვეყანა, სადაც მთავრობას მხოლოდ პრივატიზებული ან საპრივატიზებო მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები აინტერესებდეს და  არ იცოდეს, როგორ იცვლება ქვეყანაში მიწის კატეგორიები, რა საზღვრებში რჩება საქართველო. იცით, რომ ოთხი მოსაზღვრე ქვეყნიდან სამთან დღემდე არ გვაქვს დადგენილი სახელმწიფო საზღვარი და ასე შემდეგ. პასუხგაუცემელია კითხვები, რატომ გააუქმა ხელისუფლებამ მიწის მართვის სამსახური და მიწის ბალანსის შედგენის ყოველწლიური პრაქტიკა. მიწაზე მონიტორინგი, წესით, ხორციელდება სახელმწიფო სტრუქტურის მიერ და მან პასუხი უნდა გასცეს კითხვებს: როგორია მიწათსარგებლობის საერთო მდგომარეობა ქვეყანაში, რა არასასურველი ცვლილებებია მოსალოდნელი მიწის ნაყოფიერებაში და რა პრევენციული ზომებია მისაღები მის აღსაკვეთად, როგორია ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიული პროცესების დინამიკა, როგორია ნიადაგში ჰუმუსის ბალანსი, მიმდინარეობს თუ არა მიწის დაჭაობების ან გაუდაბნოების პროცესი, როგორია პესტიციდებით, მძიმე ლითონებით და სხვა ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურების დონე და ასე შემდეგ. ამ კითხვებზე შესაბამისი პასუხების მოძიება დღეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან არ არსებობს მონიტორინგის შესაბამისი სამსახური. ცნობილია მხოლოდ ის, რომ, 2003 წლის მონაცემებით, საქართველოში ეროზიულ პროცესებს ექვემდებარებოდა 300 ათას ჰექტრამდე ინტენსიური სავარგული, თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ დღეს ეროზირებული ფართობების რაოდენობა მნიშვნელოვნად მეტი იქნება. კოლხეთის დაბლობზე შეიმჩნევა მეორადი დაჭაობების პროცესი, სულ დააშრეს 140 ათასი ჰექტარი; გარე კახეთში  გაუდაბნოების პრობლემაა, ასევე, დიდი პრობლემაა ბიცობი და დამლაშებული ნიადაგები, რომელთა ფართობი 220 ათას ჰექტრამდეა და ასე შემდეგ. ექსპერტული შეფასებით, დღეისთვის ეროზიის შედეგად სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან ყოველწლიურად იკარგება ერთი მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების მინერალური სასუქების ეკვივალენტური რაოდენობის საკვები ელემენტები. ჰუმუსისა და საკვები ელემენტების ბალანსი, ფაქტობრივად, ყველა ტიპის ნიადაგში უარყოფითია, არადა საქართველოში 49 ტიპის ნიადაგია. თუკი არცთუ შორეულ წარსულში, საშუალოდ, 1 ჰექტარზე ყოველწლიურად 160-170 კილოგრამი მინერალური სასუქები შეჰქონდათ, დღეს ეს მაჩვენებელი 12-15 კილოგრამია. რაც შეეხება კოლხეთში მეორადი დაჭაობების, თითქმის 30 ათასი ჰექტარსა და კახეთში გაუდაბნოების მასშტაბებს, აღნიშნულის თაობაზე ბუნებრივია, ექსპერტული შეფასებით ვერ ვიმსჯელებთ, სხვა ოფიციალური მონაცემები კი, სამწუხაროდ, არ არსებობს.

– ჩვენ ყოველთვის ვიწონებდით თავს ჩვენი მიწის ნაყოფიერებით, როგორ გამოიყურება ჩვენი სოფლის მეურნეობა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ან, თუნდაც, ჩვენი მეზობლების ფონზე?

– აქვე უნდა ითქვას, რომ დღეისთვის საქართველო, სამწუხაროდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებიც სურსათზე მოთხოვნილების უდიდეს ნაწილს იმპორტირებული საკვები პროდუქტების ხარჯზე იკმაყოფილებენ. თანაც იმ პირობებში, როცა მსოფლიო ბაზარზე განუწყვეტლივ იზრდება სურსათის ფასები და კეთდება შემაშფოთებელი პროგნოზები. ამ კონტექსტში გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ქვეყნის ძირითადი ნივთობრივი სიმდიდრის, მიწის, მიმართ, რომელიც სრულიად არაადეკვატურია მსოფლიოში უახლოეს წლებში პროგნოზირებული სასურსათო კრიზისისა და სხვა გლობალური გამოწვევების მიმართ. ფაქტია, რომ დღეს ჩვენს მცირემიწიან ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე არ არსებობს მოთხოვნა, სხვაგვარად უკანასკნელ წლებში დასამუშავებელი მიწის ნახევარზე მეტი დაუმუშავებელი და მიტოვებული არ იქნებოდა, რაც უტყუარი ნიშანია იმისა, რომ მიწამ დაკარგა მარჩენლის ფუნქცია. ყველა, დიდ თუ პატარა სოფელში ვითარდება საშიში დემოგრაფიული პროცესი, რაც უპირველეს ყოვლისა, სოფლად მცხოვრებთა შორის ხანდაზმული ადამიანების ხვედრითი წილის გადიდებასა და მოზარდთა წილის შემცირებაში პოულობს გამოხატულებას. გაეროს მონაცემებით, 2003-2009 წლებში საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე აგრარული პროდუქციის წარმოების ინდექსი 29 პროცენტით შემცირდა, რაც ყველაზე უარესი მაჩვენებელია ამ პერიოდის მსოფლიოს 194 ქვეყანას შორის. ეს მაჩვენებელი ბალტიის ქვეყნებში გაიზარდა 38-47 პროცენტიით, ბელორუსში – 64 პროცენტით, მოლდოვაში – 16 პროცენტით, აზერბაიჯანში – 32 პროცენტით, სომხეთში კი – 89 პროცენტით.  მდგომარეობა ამ მხრივ 2010 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობაში კიდევ უფრო გაუარესდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიხედვით შვიდ ჯგუფად დაყოფილ განვითარებად ქვეყნებს შორის საქართველომ მეხუთედან მეექვსე ჯგუფში გადაინაცვლა აფრიკის ღარიბი ქვეყნების გვერდით.

– რა დაჯდება იმ 800 000 სახნავი მიწის დამუშავება, რაც საქსტატის მონაცემებით გვაქვს?

– 800 ათასი ჰექტარი სახნავი მიწის დამუშავებას მაქსიმუმ 720 მილიონი ლარი სჭირდება. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ თანხის ერთი მეათედიც რომ გაიღოს სახელმწიფომ, სახნავის პრობლემაც გადაწყდება. სავსებით საკმარისი იქნება სახელმწიფოს კეთილი ნება და საგადასახადო ხელშეწყობის რეჟიმი. მით უფრო, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობა საქართველოს აძლევს უფლებას სოფლის მეურნეობის დახმარებისა და მხარდაჭერისათვის. თუმცა ის ამას თითქმის არ იყენებს. მაგალითად,  ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის „მინიმუმის პროგრამით“, საქართველოს შეეძლო 2010 წლისათვის მთელი  სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად  გამოეყენებინა 212 მილიონი ლარი,  მემცენარეობისთვის – 93 მილიონი ლარი და მეცხოველეობისთვის – 112 მილიონი ლარი,  რაც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ქვეყნის აგრარული მეურნეობის აღორძინებას. ჯერჯერობით საქართველო სურსათზე მოთხოვნილების უდიდეს ნაწილს იმპორტის ხარჯზე იკმაყოფილებს, მაგალითად, საქართველოში 2009 წელს შემოიტანეს 947 მილიონი ამერიკული დოლარის სასურსათო პროდუქცია, მაშინ, როცა წინა წლებში ეს მაჩვენებელი 200-500 მილიონის ფარგლებში მერყეობდა. 

– რის და რა ოდენობით წარმოება შეგვიძლია სოფლის მეურნეობის პროდუქციიდან, ბუნებრივია, მესაქონლეობის და მეფრინველეობის ჩათვლით? 

– უპირველესად, ყურადღება უნდა  მიექცეს იმპორტჩანაცვლებადი და ძირითადი სასურსათო პროდუქტების წარმოებას. მათ შორისაა: მარცვლეული, ხორბალი, სიმინდი, ქერი, შვრია, ჭვავი. შესაბამისი აგროტექნიკისა და ტექნოლოგიის  პირობებში პირველ ეტაპზე, 280 000-300 000 ჰექტარზე, შეიძლება ვაწარმოოთ  1 მილიონი ტონა მარცვლეული, ხოლო მეორე ეტაპზე, 370 000-380 000 ჰექტარზე, 1,4-1,5 მილიონი ტონა. შეგვიძლია ხორბალზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება 65-70 პროცენტის ფარგლებში. გაანგარიშებამ გვიჩვენა, რომ საქართველოში წარმოებული 1 ტონა ხორბლის ღირებულება 50 ამერიკული დოლარით ნაკლები იქნება დღეისთვის ქვეყანაში იმპორტირებულ ხორბლის ფასთან შედარებით. გვაქვს  მეცხოველეობისა  და მისი პროდუქციის, ზეთოვანი კულტურების, მზესუმზირის, სოიის, ასევე, ყველა სახეობის ხეხილის, ციტრუსის, თხილისა და კაკლის, ვაზის, ჩაის, ბოსტნეულის, ბაღჩეულის, კარტოფილის, შაქრის ჭარხლის, კენკროვნების, ეთერზეთების, დაფნის, ტუნგოს, ევკალიპტის, აბრეშუმის პარკის, თაფლის, შეიძლება ვიყოლიოთ 600 000 სკა და მათი გადამუშავების პროდუქტები. საქართველოს   ძირითადად ეკოლოგიურად სუფთა აგროპროდუქციით შეუძლია შეაღწიოს და დამკვიდრდეს ევროპულ ბაზარზე. 

ქვეყანაში შეიძლება ვიყოლიოთ 1,6-1,7 მილიონი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი,  ცხვარი და თხა – ზაფხულში 2 მილიონი, ხოლო ზამთარში 1 მილიონი სული. ამას დაამატეთ ხელშეწყობა, რომლის გარეშე მეცხვარეობის განვითარებაზე საუბარი მეტად რთულია.  რაც შეეხება მეფრინველეობას: შეიძლება ვიყოლიოთ 15-20 მილიონი ფრთა და ვაწარმოოთ მილიონ 350 ათასი ცალი კვერცხი, სატბორე მეურნეობათა შესაძლებლობის გათვალისწინებით, თავისუფლად შეიძლება ვრეწოთ 75 000-80 000 ტონა ნედლი თევზი.

 

 

скачать dle 11.3