რას ნიშნავს რადიკალ ისლამისტთა „შავი სია“, რა პრინციპით ხვდებიან ქვეყნები მასში და რატომ არ მოხვედრილა იქ არასდროს იტალია
აღმოსავლეთი რომ დასავლეთს ერჩის (ან პირიქით), ეს ყველასთვის უკვე დღესავით ნათელია, ისევე, როგორც ის, რომ ცივილიზაციათა დაჯახება გარდაუვალია, უფრო ზუსტად, დაწყებულია. ბუნებრივია, ჩვენ დასავლეთის ბანაკში ვართ და, როგორც ამბობენ, ამიტომაც მოვხვდით რადიკალ ისლამისტთა „შავი სიაში“ (რაც ლოგიკურია, იმიტომ რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია და ყველა არჩევანს შესაბამისი პასუხისმგებლობაც მოჰყვება). კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი განგვიმარტავს, რას ნიშნავს „შავი სია“ და რა პერსპექტივა ელით მასში მოხვედრილებს, რა თქმა უნდა, შემდგენელთა აზრით.
– რატომ მოვხვდით ამ რაღაც „შავ სიაში“ და, საერთოდაც, რას ნიშნავს ეს სია?
– „შავი სია“ ნიშნავს ისლამური ჯიჰადის შურისძიების ობიქტების სიას. ესენია: ქვეყნები, ქალაქები, პიროვნებები. ასეთი სია არსებობს და ამ სიაში ხვდებიან ის ქვეყნები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ისლამის წინააღმდეგ არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით. ამ სიაში არის „აისაფის“ მონაწილე ყველა ქვეყანა, საქართველო არ იყო და, თუ არ ვცდები, არც იტალია.
– რატომ?
– რამდენადაც ვიცი, ავღანეთში კოალიციის ძალების შესვლის დღიდან იტალიის მაშინდელი ხელისუფლება მოლაპარაკებებზე წავიდა და იმ სექტორში, რომელსაც იტალიელები აკონტროლებენ, პარალელურად მოლაპარკებებს აწარმოებდნენ. შეიძლება, კიდევ ერთი-ორი ქვეყანა არ არის ამ სიაში, მაგრამ რიგითობა ცოტა სხვანაირად განისაზღვრება. ბუნებრივია, ნომერ პირველი მტრის სტატუსი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, შემდეგ მოდიან ევროპული ქვეყნები და ამის შემდეგ სხვები.
– ახლა რატომ მოხვდა ამ სიაში საქართველო?
– რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ახლა ამ სიაში მოხვდა არა მარტო საქართველო, არამედ აზერბაიჯანიც.
– მაგრამ აზერაბიჯანს არ ჰყავს თავისი კონტინგენტი ავღანეთში?
– არ ჰყავს, მაგრამ ის არის ეგრეთ წოდებული „სვეტსკი“ მუსლიმანური სახელმწიფო, რომელსაც გაცილებით მეტ რისხვას დაატეხენ თავს, ვიდრე ქრისტიანულ ქვეყნებს, რადგან, როგორც ჩანს, აზერბაიჯანი არ თანამშრომლობს რადიკალურ ისლამთან. მართალია, პირადად მე სხვა ინფორმაცია მაქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, რადიკალურმა ისლამმა სხვაგვარად ჩათვალა. სავარაუდოდ, ამ საკითხზე მთელი ზამთრის განმავლობაში მუშაობდნენ და გაზაფხულზე უკვე უნდა დაწყებულიყო ტერაქტების სერიები. ჯერ, ალბათ, უნდა გაშლილიყვნენ, მათ ყველა ქალაქში ჰყავთ წარმომადგენლები, მაგრამ უშუალოდ ბრძანების გამცემები, დამგეგმავებიც ჩადიან და ასეთი 17 ადამიანი დააკავეს ბაქოში.
– ვინ ადგენს ამ „შავ სიას“?
– ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო საკითხია. ამ სიას ადგენენ სალაფიდი შეიხები. ისინი არიან როგორც სულიერი მოძღვრები, ისევე ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. უხეშ შედარებას მოვიტან: მათი რანგი, ერთი მხრივ, შეიძლება, გავუტოლოთ დივიზიის ხელმძღვანელებს, ანუ ბრძოლაში ისინი გენერლები არიან უფლის სახელით და, მეორე მხრივ, არიან მოძღვრები, შეიხები, უხეშად თუ ვიტყვით, მიეკუთვნებიან ეპისკოპოსის კატეგორიას სულიერ ცხოვრებაში. მაგრამ პირადად მე ძალიან მეპარება ეჭვი, ისინი ადგენდნენ სიებს. როგორც ჩანს, მათი შტაბი უფრო გავლენიანი ადამიანებითაა დაკომპლექტებული. შეიხები, უნდათ თუ არა, ჩანან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არ ჩანან და, სავარაუდოდ, მათ უფრო მეტი ავტორიტეტი აქვთ. როდესაც ავტორიტეტზე ვლაპარაკობ, არ ვგულისხმობ ამქვეყნიურ ავტორიტეტს: ის ადამიანი, რომლის ნებითაც შეიხები გადაწყვეტილებას იღებენ, შესაძლოა, ერთ ოთახში ცხოვრობდეს და საჩვენებელი ღარიბი იყოს, მაგრამ ისეთი ავტორიტეტი ჰქონდეს, რომ ნებისმიერი მილიარდერი ფეხზე აუდგეს და პროექტი დაუფინანსოს.
– ჩვენ ან ახლა რატომ მოვხვდით ამ „შავ სიაში“, ან მანამდე რატომ არ ვიყავით? ერაყის დროსაც იყო ეს სია?
– ერაყში ისე აირია სიტუაცია, რომ იქ სალაფიდებს არ გამოუჩენიათ აქტიურობა. ერაყში უფრო სუნიტები და შიიტები ებრძოდნენ ერთმანეთს, სალაფიდები კი შიიტებსაც და სუნიტებსაც არასრულფასოვან ადამიანებად თვლიან, არათუ მორწმუნეებად. ასე რომ, ერაყში მათ განსაკუთრებულად არ უაქტიურიათ. ჩემი აზრით, ჩვენი მოხვედრა „შავ სიაში“ განაპირობა, ზოგადად, ევროპაში ჯვაროსნულმა განწყობამ, რომელიც უკავშირდება რადიკალური ისლამის გააქტიურებას როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. პლუს ჩვენი ხელისუფლების გაუთავებელმა ტრაბახმა, რომ ჩვენ „აისაფის“ მონაწილეები ვართ და უნდა გავაორმაგოთ კონტინგენტი.
– ჩვენი მცირერიცხოვნებიდან გამომდინარე, ერთი ადამიანიც კი ფასდაუდებელია, მაგრამ ეს გაორმაგება 1 500 ჯარისკაციც არ არის.
– გასაგებია, მაგრამ, როდესაც სალაფიდი შეიხი მიიჩნევს, რომ კოალიციის ჯარები იმიტომ გადის ცხელი წერტილებიდან, რომ მათ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და მუსლიმანურ სამყაროში ისინი სწორედ ამ პროპაგანდას ეწევიან, შენ კი ამბობ, მე უნდა გავაორმაგო კონტინგენტიო, უკვე აღარ აქცევენ ყურადღებას, დიდი ქვეყანა ხარ თუ მცირე, 1 000 კაცი შეგყავს თუ 500.
– ცნობილია, რომ ქართველ ჯარისკაცებს, ამერიკელი და ევროპელი სამხედროებისგან განსხვავებით, არ უჭირთ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტი?
– ერაყშიც და ავღანეთშიც ქართველ ჯარსიკაცებს არ აქვთ კომუნიკაციის პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობასთან, მაგრამ ეს, სულაც, არ ნიშნავს, რომ შაჰიდი ტერორისტი ამას ანგარიშს გაუწევს.
– ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
– ყოველ შემთხვევაში, მათაც ძალიან კარგად იციან, რომ საქართველო მცირე ზომის ქვეყანაა და იძულებულია, რუსეთთან დაპირისპირების გამო ითანამშრომლოს კოალიციის ჯარებთან და „აისაფის“ ოპერაციაში მონაწილეობის მიღება არის გადასახადი იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში სრულფასოვანი წევრები თუ არ ვიქნებით, რაღაც პოზიცია გვქონდეს.
– ძალიან ბევრი რამისთვის მიუღწევია ამ ქვეყანას თავისი ისტორიის განმავლობაში ამ გზით?
– გეთანხმებით, მაგრამ ჩვენს მეფეებს შიდა პრობლემები უფრო უკეთ ჰქონდათ მოგვარებული. თანაც მაშინ ამ დონეზე არ იყო განვითარებული ტერაქტები, როგორც შურისძიების ფორმა, არ იყო კომუნიკაციის ასეთი საშუალებები. გერმანელებიც არიან „აისაფის“ ოპერაციაში, ესპანელებიც, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ძალიან მალე გამოიყვანენ იქიდან თავიანთ ჯარებს.
– გერმანიასა თუ ესპანეთს გარანტირებული აქვთ მომავალიც და ადგილი როგორც მზის ქვეშ, ისე საერთაშორისო თანამეგობრობაშიც?
– არ მინდა, მკითხველს თავი მოვაბეზრო ჩემი მოსაზრებებით, რა არის სწორი და რა არასწორი, მე ვამბობ მიზეზს და ვლაპარაკობ მოსალოდნელ შედეგზე, რომელსაც ჩვენ საკუთარი ძალებით ვებრძოდით, ვებრძვით და გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ, კავკასიელ ხალხთა კონფედერციის ლიდერები იმას რომ დაველოდოთ, როდის მოიჯერებენ ქართველი პოლიტიკოსები გულს ერთმანეთის ლანძღვა-გინებით, შემოდგომაზე შეიძლება, სამხედრო დაპირისპირების მოწმეები გავხდეთ, ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ.
– როგორ ავრცელებენ ამ „შავ სიებს“. სადმე ქვეყნდება?
– ისინი ამას არ მალავენ, აქვთ თავიანთი საიტები. მართალია, იქ ყველანაირ ინფომრაციას არ აქვეყნებენ, მაგრამ ანალიტიკური გონების ადამიანი, თუ სიახელეებს დააკვირდება, მიხვდება ქვეტექსტებს. ისინი „მესიჯების“ დონეზე საუბრობენ ერთმანეთთან. აუცილებელი არ არის შაჰიდს წვერი ჰქონდეს და ვინმეს დასანახავად დღეში ხუთჯერ ლოცულობდეს. შაჰიდი შესაძლოა, გარეგნულად ძალიან მიმზიდველი და კომუნიკაბელური ადამიანი იყოს.
– როგორც „კაგებეს“ აგენტები?
– რა თქმა უნდა. თუ გავითვალისწინებთ ევროპაში ბოლო წლებში დატრიალებულ ტრაგედიებს, ყველა შაჰიდის მეზობელი ამბობს, რომ იყო გადასარევი ადამიანი, კარგი მოსაუბრე, ერთგული მესაიდუმლე, გაჭირვებულის და მოხუცის დამხმარე. ანუ გარეგნულად ეჭვს ვერ შეიტან, მაგრამ, როდესაც ქვეყანაში ჩადის, შინაგანად მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, უბრალოდ შესაფერის დროს ელოდება.
– დიდი ბოდიში იმ „შავი სიის“ ავტორებთან, მაგრამ ჩვენი 1 000, გინდაც, 2 000 ჯარისკაცი არაფერს წყვეტს, ეჭიდაონ, ვინც საჭიდაოა?
– სწორედ ამიტომაც კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ლიდერებმა ვიმსჯელეთ და უფრო განგვიმტკიცდა მოსაზრება, რომ ისლამური ჯიჰადი ემზადება შურისძიებისთვის ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემთხვევაში. ყველა ქვეყანაში, სადაც ირანის მიმართ ანტიპატიაა ან ირანის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს მხარს დაუჭერენ, შეეცდებიან, შური იძიონ ტერაქტებით როგორც მოსახლეობაზე, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებზე. ეს პროცესი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაახლოებით, ორი წელია, ინტენსიურად მიმდინარეობს. თუ გავითვალისწინებთ ირანიდან და არაბული ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტების გაზრდილ რაოდენობას, მგონია, რომ ამასთან პირდაპირ კავშირშია. ირანელები არ აპირებენ აშკარა ომს, თუმცა მთელ მსოფლიოს ჰგონია, რომ ირანი ღია ომში ჩაერთვება მთელ მსოფლიოსთან. ირანმა იცის, რომ დაუბომბავენ სტრატეგიულ ობიექტებს, რის შემდეგაც ირანელები უკან დაიხევენ, გააჩაღებენ პარტიზანულ ომს, როგორც ეს სჩვევიათ, მაგრამ ეს მხოლოდ ირანში არ მოხდება: პარტიზანული მოძრაობა დაიწყება ყველა მუსლიმანურ ქვეყანაში და პლუს ყველა იმ ქრისტიანულ ქვეყანაში, სადაც მუსლიმანები ცხოვრობენ.
– ჩვენ უვიზო რეჟიმი დავამყარეთ ირანთან და ვეფერებით, როგორც შეგვიძლია?
– ჩვენ, საერთოდ, ყველას ვეფერებით, ვისიც გვეშინია, მაგრამ ეს გარეგნული ფამილარობა, თუ მიიღეს გადაწყვეტილება, მის შესრულებას ხელს ვერ შეუშლის. სხვა გზაა მოსაძებნი.
– რა გზა?
– დაგეგმილი გვაქვს, რომ კატეგორიული და მნიშვნელოვანი ზომები მივიღოთ. უპირველესად, ვაპირებთ, ინფორმაციის გავრცელებას იმ არხებით, რა არხებითაც მოგვივიდა და ამის შემდეგ ვიწყებთ ჩვენთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი შეიხებისა და მათი ოჯახის წევრების პირდაპირ გაფრთხილებებს. მე თავს ვერ დავდებ აზერბაიჯანზე, მაგრამ ჩემს ჩრდილოკავკასიელ კოლეგებს დიდ მადლობას ვუხდი, რადგან კარგად ვიცი, რომ საკუთარი ოჯახის წევრები დააყენეს საფრთხის ქვეშ, როდესაც ეს ინფორმაცია მოგვიტანეს. თუმცა ისინი პიროვნულადაც მზად არიან, გვერდში დაგვიდგნენ. მუშაობა უკვე დავიწყეთ. ინფორმაციაც გავავრცელეთ.
– რა ინფორმაცია?
– ზოგადად ვამბობთ, რომ საქართველო არის კავკასიური თავისუფლებისა და სამართლიანობის სიმბოლო და ის დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ჩამოთვლილია 4-5 ინტერეს-ჯგუფი მსოფლიოში, რომლებსაც უნდათ კავკასიაში გავლენის მოპოვება და ამას საქართველოს მეშვეობით აკეთებენ. ამ პირობებში კი ჩვენთვის არათუ ტერაქტის მოწყობა, თითის დაქნევაც კი დანაშაულია და კავკასიელი ხალხი შურს იძიებს მოღალატეებსა და დამნაშავეებზე. ეს ინფორმაცია უკვე გავავრცელეთ. ახლა ვიწყებთ სიების შეგროვებას გავლენიანი სალაფიდი შეიხების შესახებ და მინდა, გითხრათ, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მგონი, იმ ქვეყნის სპეცსამსახურებმაც, სადაც ის შეიხები ცხოვრობენ, არ იციან მათი მისამართები, ჩვენ კი რამდენიმე მისამართი უკვე მოგვივიდა და მათ პირდაპირ ფოსტით გავუგზავნით, პირობითად ვამბობ, ევროპაში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, ეგვიპტეში წერილებს და ეს იქნება მესიჯი, რომ ჩვენ ვიცით, სად ხართ. წერილი მუქარის არ იქნება, მასში ახსნილი იქნება, რომ ჩვენ კი არ უნდა დაგვემუქრონ ტერაქტებით, არამედ, თუ თავი აქვთ, მთავარ მოქმედ პირებს მიხედონ. ამ წერილს ჩემ გარდა ოთხმა ავტორიტეტულმა კავკასიელმა მოაწერა ხელი და, თუ ვინმეს ხელისმომწერთა ავტორიტეტში ეჭვი ეპარება, თავის თავს დააბრალოს.
– სომხეთიც იღებს მონაწილეობას „აისაფის“ ოპერაციაში, ის რატომ არ არის „შავ სიაში?
– სომხეთი სამგზის დაცულია: ერთი – სომხური ლობიდან, მეორე – ევროპიდან, რომლებიც თურქეთზე ძალიან დიდ ზეწოლას ახდენენ, რომ მათ შორის ურთიერთობა დალაგდეს. ასე რომ, თურქეთის სპეცსამსახურები სომხეთის სასარგებლოდ მოქმედებენ, რადგან იციან, რომ, თუ ურთიერთობა გართულდა და ოფიციალურმა ერევანმა მართლაც მოითხოვა სომხების გენოციდის აღიარება, თურქეთს ეს დაუმძიმებს ევროკავშირთან ისედაც დაძაბულ ურთიერთობას. ერთი სიტყვით, არის გარიგება და დაპირებები. მესამე ფაქტორი კი რუსეთია, რომლის ინტერესიც არ არის სომხეთში განლაგებული რუსული ბაზის გამოყვანა. თუ სომხეთი გახდა რადიკალური ისლამური სამყაროს სამიზნე, ბუნებრივია, დადგება სომხეთიდან რუსული ბაზის გაყვანის საკითხი, იმ მოტივით, რად მინდა შენი ბაზა, თუ ელემენტარულ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფო.