ალალად დასაჯარიმებლები
ანუ დაბადებით დაჯარიმებულები
მოარული ყოფითი სიბრძნით, თითოეულმა მამაკაცმა ყოველდღიურად ორი რამ აუცილებლად უნდა გააკეთოს: სახლში დაბრუნებულმა სილა გააწნას საკუთარ ცოლს (ცოლმა იცის, რისთვისაც!), ქუჩაში შემხვედრ ყველა ბავშვს კი კანფეტები დაურიგოს (იმ ბავშვებს შორის, შესაძლოა, იყვნენ მისი შვილებიც!).
არსებული რეალობით კი, უახლოეს მომავალში საავარიო ვითარებისა თუ საცობის შექმნისთვის ჯარიმები ორმაგდება. შესაბამისი ცვლილება (რომლის ინიციატორიც მთავრობაა) უკვე პარლამენტშია და ჩვენი რჩეულები მას უახლოეს ხანში განიხილავენ. ხოლო, რაკი განიხილავენ, კანონადაც აქცევენ.
მანამდე კი, თვალი გადავავლოთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწესებულ ჯარიმებს: საქვეითო გადასასვლელის გავლის, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის ხაზების, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი ან ხმოვანი სიგნალით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესების ან/და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის დარღვევა, აგრეთვე, მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, 20 ლარით ჯარიმდება.
მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის დაბრკოლების შექმნა 50 ლარით ჯარიმდება.
ამკრძალავი ნიშნების „დგომა” ან „გაჩერება” – დაუცველობა კი 10 ლარი დაგიჯდებათ.
ხოლო, თუ ზემოჩამოთვლილ ქმედებებს ზედაც საავარიო სიტუაცია ან საცობები მოჰყვებოდა, ეს თქვენს ჯიბეს 100 ლარით დააზარალებდა, თუმცა, ცვლილებების შემდეგ, აწ უკვე – 200 ლარით.
მეორე მხრივ, თუ ჩვენს ქვეითად და ავტომანქანებით მოსიარულეების მოძრაობის ტრაექტორიებს გავიხსენებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჯარიმები ჰაერივით აუცილებელია (იმიტომ რომ, ვინ, სად და რატომ მიდი-მოდის, სრულიად გაუგაბარია), თუმცა, არც უმისობაა, რომ ძლიერთა ამა სოფლისათა (უფრო ზუსტად, მათ ავტომანქანებს) ჯარიმებს არავინ უწერს (არადა, მათი ამოცნობა ჩამუქებული შუშებით სპეცცოდნის გარეშეც უმარტივესია).
ხოლო, რაკი ჯარიმები როგორც ჩვენი აღზრდის, ისე ბიუჯეტის შევსების უალტერნატივო საშუალებად ქცეულა, მაქვს ინიციატივა: საქართველოს მოქალაქე დაბადებიდანვე დავაჯარიმოთ (სილაგარტყმული ცოლის არ იყოს, თვითონვე მიხვდება, თუ კი გაიზარდა, რატომაც)!