თიხის ჭურჭლიდან – ჭურჭლის რეცხვამდე
უკან – ბრინჯაოს ხანისკენ
რთული სათქმელია, რატომ არ თხრიდნენ საბჭოთა დროს და რატომ ვთხრით ახლა, მაგრამ, ფაქტია, რომ ვთხრით და ფრიად ნაყოფიერადაც. ამის სულ ბოლო დასტურია ის, რომ კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში არქეოლოგიური გათხრების შედეგად არქეოლოგებმა უძველესი პურის თონე და ჩარხი აღმოაჩინეს. ამ ჩარხით, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ჩვენი წინაპრები ათასწლეულების წინათ ამზადებდნენ თიხის ჭურჭელს. თუმცა, აღმოჩენები მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა: აღმოჩენილია უნიკალური კონსტრუქციებიც, წარმართული სამლოცველოები და სახელოსნოებიც.
უძველესი ძეგლი 4 ჰექტარზეა გადაჭიმული, გარშემო კი გალავანი აკრავს, რომელიც ცხენისა და ვერძის თიხის ქანდაკებებითაა მორთული. არქეოლოგების ვარაუდით, ის იმ წარჩინებული პირის რეზიდენციაა, რომელიც იქ, იმ მიდამოებში, ძველი წელთაღრიცხვის მე-15 საუკუნეში ცხოვრობდა.
ამ და სხვა აღმოჩენებზე დაყრდნობით, ჩვენი თანამემამულე არქეოლოგები აცხადებენ, რომ მსოფლიოში ეს ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც უწყვეტადაა წარმოდგენილი 1 100-წლიანი ისტორია (ბრინჯაოდან რკინის ხანაზე გარდამავალი პერიოდი). ამიტომაც, სამუშაოების გაგრძელებასაც აპირებენ და ამ პროცესში ავსტრიელი სპეციალისტების ჩართვასაც.
მე არ ვიცი, 25 საუკუნის შემდეგ, თუკი ჩვენი შთამომავლობა არქეოლოგიურ გათხრებს წამოიწყებს, იამაყებს თუ არა ჩვენი ამჟამინდელი განვითარების დონით (არც ისაა გამორიცხული, უნიკალურობა იმის გამოც მოგვანიჭონ, დანარჩენები მარსზე რომ ფეხით დადიოდნენ, ესენი მიწას გუთნით ხნავდნენო), თუმცა, ის კი ცხადია, რომ ბრინჯაოს ხანიდან დღემდე, ტექნიკური პროგრესის თვალსაზრისით, მაინცდამაინც წინ ვერ წავსულვართ, რადგან, თუ ძველი წელთაღრიცხვით მე-15 საუკუნეში თიხის ჭურჭლის ჩარხი გვქონდა, ოცდამეერთე საუკუნეში ოდენ ჭურჭლის მრეცხაობაზე ვხელოვნდებით.