რის უფლებას არ აძლევდა ბიონსე კიაშა სიმპსონს და რომელ ვარსკვლავთან უადვილდება მას ურთიერთობა
მისი გვარის ხსენებაზე ამერიკულ პოპკულტურასთან ჩემი პირველი შეხება მახსენდება. „სიმპსონების ოჯახის“ გახსენებით მაშინვე კარგ ხასიათზე ვდგები და მის მიმართაც დადებითი განწყობა მეუფლება. განწყობის ტემპერატურა კი ამერიკელი ქორეოგრაფის, კიაშა სიმპსონის გაცნობის შემდეგ კიდევ უფრო მაღლა იწევს, რადგან, ის რაღაც სხვა, ბუნებრივი თავისუფლებითა და გულწრფელობით ყვება საკუთარი ცხოვრებიდან ისეთ ეპიზოდებს, რომლის მსგავსზეც ხშირად გვიტირია ლამაზ ჰოლივუდურ ფილმებში.
კიაშა სიმპსონი: დავიბადე და გავიზარდე ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. ცეკვა ადრეულ ასაკში დავიწყე და იმის შემდეგ უამრავი სამუშაო მქონდა. მიმუშავია და დღესაც გრძელდება ეს თანამშრომლობა ისეთ დიდ არტისტებთან, როგორებიც არიან „earth, wind and fire”, ბიონსე, ჯეიზი, რიჰანა, ტონი ბრექსტონი, „ქილერზი”. სასაცილოა, მაგრამ, ხანდახან მავწიყდება ხოლმე რაღაც-რაღაცეები იქიდან, რაც გამიკეთებია. როდესაც წარსულს გადავხედავ, თავადვე მიკვირს – ღმერთო, ნუთუ ეს ყველაფერი მე გავაკეთე-მეთქი (იცინის). სულ პატარა, 5 წლის გოგო ვიყავი, ცეკვა რომ დავიწყე, სკოლაში ცეკვის წრეზე დავდიოდი. ერთხელაც სკოლაში, სადაც ჩვენ 3 წლიდან დავდივართ, ცეკვის მასწავლებელი მოვიდა, რომელმაც პატარა გაკვეთილი ჩაგვიტარა. დედაჩემმა გაიგო, რომ მას ცეკვის სტუდია ჰქონია და წამიყვანა. იქ გავიზარდე, რის შემდეგაც მშობლებმა უფრო მეტი პოტენციალი დაინახეს ჩემში და, გადაწყვიტეს, ჰოლივუდში გადავსულიყავით. ამის შემდეგ ჩემი ცეკვა სხვა დონეზე ავიდა. რეპეტიციები მქონდა მოქმედ მოცეკვავეებთან, რომლებიც სატელევიზიო შოუებზე, მუსიკალურ კლიპებზე მუშაობდნენ. ვუყურებდი ტელევიზორს და ვამბობდი, ძალიან მინდა იქ ყოფნა-მეთქი. ეს იყო ჰოლივუდში ყველაზე მაგარი სტუდია, სადაც ცეკვას ხვეწდნენ მადონა, ჯენეტ ჯეკსონი, დრიუ ბერიმორი.
– რა ჰქვია ამ სტუდიას?
– „როლანდ დიუპრეის სახელობის ცეკვის აკადემია”. მართალია, მოგვიანებით, ეს სტუდია დაიშალა, მაგრამ, ჩემი მასწავლებლების დიდმა ნაწილმა სტუდია გააკეთა, რომელიც ახლა ნომერ პირველია კალიფორნიაში.
– რა ჰქვია თქვენი ცეკვის სტილს?
– ყველაფერს ვსწავლობდით, რეპეტიციები გვქონდა ბალეტში, ტაპში, ჯაზში, ჰიპ-ჰოპში, თანამედროვეში, აფრიკულში... ისინი გვამზადებდნენ იმისთვის, რომ სხვადასხვა ტიპის სამუშაო იდეალურად შეგვესრულებინა. მაგალითად, გვქონდა ქუსლებზე ცეკვის კლასი. მასწავლებელი ამბობდა, რომ მოცეკვავე ქალმა აუცილებლად უნდა იცოდეს ქუსლებზე ცეკვა. თუ კარგი მოცეკვავე ხარ, თუ იცი ცენტრის დაჭერა, მნიშვნელობა აღარ აქვს, დაბალძირიან ფეხსაცმელზე დგახარ თუ ძალიან მაღალ, წვრილ ქუსლებზე.
– როგორ ხდება ვარსკვლავებთან მოხვედრა: მოდიან სტუდიაში და არჩევენ, მოცეკვავეების ქასთინგებია თუ რა ხდება?
– აგენტი მყავს, რომელსაც საპროდიუსერო კომპანიიდან ურეკავენ და ეუბნებიან, ასეთი გოგო გვჭირდება და, იქნებ, შენი საუკეთესო ათეული გამოგვიგზავნო ქასთინგისთვისო, ან, მხოლოდ ფოტოებსა და რეზიუმეებს ითხოვენ, სადაც, ადრე შესრულებული ყველა სამუშაო წერია. ახლა ეს უკვე ადვილია, იციან ვინ ვარ, რა გამიკეთებია, ვისთან მიმუშავია და ჩემს აგენტს პირდაპირ ჩემთან დაკავშირებით ურეკავენ. ცეკვის გარდა, უმნიშვნელოვანესია სამუშაო ეთიკა, კომუნიკაბელურობა, როგორი ხარ ურთიერთობებში, დისციპლინა და პროფესიონალიზმი. ძალიან ბევრი ვიმუშავე საკუთარ ტალანტზე, რომ ის დამეხვეწა, მაგრამ ამასთან ერთად, ვიცი, რომ, თუ კონკრეტულ ადგილზე დროზე არ მივალ, დავაგვიანებ ან ბოლომდე არ დავიხარჯები, ეს არასწორი გზით წამიყვანს. ასევე, უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა ჟანრის ცეკვების ცოდნა: ყველაფრის გაკეთება უნდა შეგეძლოს – რეკლამით დაწყებული ბროდვეის დადგმით დამთავრებული.
– ვინ იყო პირველი ვარსკვლავი, ვისთანაც იმუშავე?
– პირველი იყო ერთ-ერთი ამერიკული შოუ, რომელიც თქვენთვის, შესაძლოა, ცნობილი არ იყოს. უფრო დიდი სახელი იყო „დისტნის ჩაილდი”, ბიონსე, რიჰანა და სხვა. ისინი ლეგენდარული „იკონები” არიან დღეს. გამიმართლა რომ მათთან ერთად ვმუშაობდი და ერთ სცენაზე ვიდექი. მათ იციან ჩემი სახელი და ეს ძალიან სასიამოვნოა. ამას გარდა, ნაციონალური სარეკლამო რგოლებით დაწყებული, მონაწილეობა მიმიღია უამრავ სატელევიზიო შოუში, ვიდეოკლიპში, ასევე ბროდვეის სპექტაკლები, მონაწილეობა მაქვს მიღებული „გრემის”, „ამერიქან მიუზიქ ევორდის” ცერემონიალებში.
– ამ ტიპის პროექტებით მოგზაურობა ხშირად გიწევთ თუ ეს პირველი შემთხვევაა?
– იცით, როდესაც პატარა გოგო საათობით ვრეპეტიციობდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ცეკვით მთელ მსოფლიოს ვნახავდი (იცინის). ძალიან, ძალიან, ძალიან მადლობელი ვარ ბედის, რომ ეს ასე მოხდა. მაგრამ, რაც შეეხება პროექტს „ვარსკვლავებთან ცეკვა”, მასში მონაწილეობას პირველად ვიღებ და, თან, სულ პირველად ვმოგზაურობ მარტო, ადრე ყოველთვის ჯგუფთან ერთად მივდიოდი.
– როგორ გიპოვეს ქართველებმა?
– ზაზა შენგელიამ მიპოვა. ზაზა ჩემი ძალიან კარგი მეგობრის ნაცნობი აღმოჩნდა, რომელმაც რეკომენდაცია გამიწია. ზაზა და გრეგი დეჟა გომესთან დაკავშირებით მუშაობენ ერთად. დეჟა გრეგის კლიენტია. დიდხანს ვეკონტაქტებოდით ისე, რომ სახითაც არც ვიცნობდით ერთმანეთს. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ზაზა „earth, wind and fire”-ის დიდი გულშემატკივარია და დივიდიზე ხშირად უყურებდა მათ კონცერტებს. ძალიან გაკვირვებული იყო, რომ ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში ეკრანზე უყურებდა, თბილისში ჩამოდიოდა. კიდევ ერთხელ დავიჯერე „სიქს დიგრიის სეპარეიშენის” („ექვსი ხელის ჩამორთმევის თეორია”, რომელიც ამტკიცებს, რომ ნებისმიერი ორი ადამიანი დედამიწაზე ერთმანეთთან ექვსი სხვა ნაცნობი ადამიანით შეიძლება, იყოს დაშორებული) შვებულებიდან სახლში ვბრუნდებოდი, როცა გრეგისგან ესემესშეტყობინება მომივიდა – მეკითხებოდა, მაინტერესებდა თუ არა ასეთი სამუშაო. ასე მოვხვდი თბილისში.
– როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება და რას ფიქრობთ აქ მუშაობაზე ახლა, როდესაც უკვე რამდენიმე კვირა გავიდა?
– ყველაფერი განსხვავებულია, ჯერ მარტო იმიტომ, რომ ენა არ მესმის (იცინის). მაგრამ, აღმოვაჩინე, რომ მუსიკა თითოეულ თქვენგანშია. ყველამ იცის მუსიკა, ცეკვა. ნელ-ნელა უკვე დავიწყე ქართულის გაგება, რადგან, თქვენი სხეულის ენას ვსწავლობ, სხეულით კი ბევრი რამის გაგება შემიძლია. ყველა საოცრად თბილი და კეთილგანწყობილია. აღმოვაჩინე, რომ თქვენს ქვეყანაში დიდია ამერიკის, ამერიკული ტელევიზიისგან მიღებული ინსპირაცია; ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაღალი ხარისხი მიიღონ, მაგრამ... თუმცა ეს პირველი სეზონია. ეს არ არის ტიპური სამეჯლისო ცეკვების ტურნირი, ამიტომ საჭიროა, შოუს მეტი ელემენტი, საკუთარი თავის მეტად ჩვენება.
– მკაცრი მასწავლებელი ხართ?
– ისეთი ადგილიდან მოვდივარ, სადაც მკაცრად მასწავლეს, რომ რეპეტიციები უმნიშვნელოვანესია. თუ არ ვარჯიშობ, ყოველთვის რჩება სივრცე შეცდომებისთვის. არავის უნდა, ტელევიზორი გადმორთოს და შენს შეცდომებს უყუროს. ეს „ლაივია”, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ, მაქსიმალურად მცირე რაოდენობით. უფრო მეტ სამუშაო ეთიკას ვითხოვ. მაიკლ ჯეკსონი, მადონა, ბიონსე სულ რეპეტიციებში იყვნენ. შეიძლება, არ გჯერათ, მაგრამ, ისინი ერთი სიმღერისთვის თვეები მეცადინეობდნენ. დღეში ათსაათიანი რეპეტიციები გვაქვს ხოლმე და სწორედ ეს ხდის შოუს გამაოგნებელს.
– ბიონსეს რომ ვუყურებ, საერთოდ არარეალური მგონია, რასაც ეს ქალი სცენაზე აკეთებს.
– იმ უამრავ ადამიანთაგან, ვისთანაც მიმუშავია, ერთ-ერთი გამორჩეულად მაღალი სამუშაო ეთიკა აქვს. ის არასდროს აცდენს და არ აგვიანებს რეპეტიციებზე – მან იცის, რომ ეს უმნიშვნელოვანესია. ყველას უნდა მასთან მუშაობა, რადგან, თვითონაც ბევრს დებს და შენგანაც ბევრს ითხოვს. თუ ის ქუსლებზე ვარჯიშობს, შენ დაბალძირიან ფეხსაცმელზე ვერ დადგები. მასთან რეპეტიციის დროს ერთხელ ქუსლიც კი მომტყდა – რვა თუ ათი საათი ვმუშაობდით ქორეოგრაფიულ დადგმაზე და ბოლოს ქუსლი გადამტყდა. მაგრამ მასთან მუშაობა მაინც საოცრად სასიამოვნოა, რადგან, იცი, რომ ყოველთვის საუკეთესო კოსტიუმი გექნება, საუკეთესო ვარცხნილობა და მაკიაჟი... და, თანაც, საკმაოდ კარგად გიხდის (იცინის).
– როდემდე რჩებით თბილისში?
– 15 მაისამდე. კალიფორნიაში „ბოიფრენდი” მყავს, რომელიც გიჟურად მენატრება. თბილისში ვალენტინობის დღეს გამოვფრინდი. ნახევარი დღის გატარება მოვასწარით ერთად, სანამ აეროპორტში მიმიყვანდა. ახლა ერთმანეთს მხოლოდ ინტერნეტით ვეკონტაქტებით.
– ისიც მოცეკვავეა?
– არა. სხვათა შორის, არასდროს მქონია რომანი მოცეკვავესთან – რატომღაც, ეს უინტერესო მგონია. ვხვდებოდი მუსიკოსებს, მაგრამ, არა მოცეკვავეებს. ის დიზაინერია, მას ორი კომპანია აქვს და ახლა „რიბოკის” დიზაინზე მუშაობს. ცოტა ხანში უკვე მასთან ვიქნები.
– რას გაიხსენებთ საქართველოზე, მოგენატრებათ თუ არა ის და გაგიჩნდებათ თუ არა აქ კიდევ დაბრუნების სურვილი?
– მომენატრება ნატალია (ნატო ზეგარდელი, მისი კოორდინატორი – ავტორი) ასევე – ჭაჭა (იცინის). ის ადამიანები მომენატრებიან, რომლებთანაც აქ ყოფნის დროს დავმეგობრდი. რაც შეეხება ჩამოსვლას, არ ვიცი, ვნახოთ; თუ მომავალ სეზონზე ისევ მომიწვევენ, უარს არ ვიტყვი, თუ, რა თქმა უნდა, იმ დროისთვის სხვა სამუშაო არ მექნება.