რა სამი პირობა არსებობს დიდ შაბათს ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსასვლელად და რა საერთო აქვს არაბი კოპტების რიტუალს უძველეს სვანურ ტრადიციასთან
ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად მესამე საუკუნეში გადმოსულა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი, ჰიმნოფილოსი მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა. მეოთხე საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსი და სასულიერო მოღვაწე, ევსევი კესარიელი გვამცნობს, რომ ქრისტეს საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი აღდგომის ტაძრის აშენებისთანავე (მეოთხე საუკუნე) გადმოედინებოდა. ისტორიული წყაროები მოწმობს და იერუსალიმის თანამედროვე ცხოვრებაც ადასტურებს, რომ ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლისთვის საჭიროა 3 აუცილებელი პირობა (ასეთია ღვთის საიდუმლო განგება): 1. ამ საიდუმლოში აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ არაბი ქრისტიანები თავიანთი „ხმაურიანი“ ლოცვა-ვედრებით, რომელიც დღეს უჩვეულოდ გვეჩვენება, მაგრამ ის უახლოვდება უფლის რწმენის მიმართ უძველეს, ყველაზე არქაულ, ბიბლიურ დამოკიდებულებას. სწორედ ასე – ხმამაღალი შეძახილებითა და საყვირებით ლოცულობდნენ ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა. ასევე როკავდა და გალობდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი აღთქმის კიდობნის წინაშე. არაბებმა დღემდე შეინარჩუნეს ძველაღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი. ბრიტანეთის ბატონობის წლებში ინგლისელმა გუბერნატორმა სცადა, აეკრძალა ეს „ველური“ როკვა, მაგრამ ცეცხლი მანამ არ გადმოვიდა, სანამ იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით, ტაძარში არაბი მართლმადიდებლები არ შევიდნენ და ლოცვა არ აღავლინეს. მეორე პირობაა საბაწმინდელი ბერების ლოცვა. მოღვაწე ბერებით სახელგანთქმული უძველესი მონასტრიდან იუდეის უდაბნოს მხოლოდ საბა განწმენდილის ლავრა შემორჩა. დაბოლოს, ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა პატრიარქი – მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური. დღეს კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილთან ერთად გესაუბრებით კოპტების რიტუალის შესახებ, რომელიც ძალიან ჰგავს სვანების ერთ-ერთ მართლმადიდებლურ რიტუალს.
ნოდარ მამისაშვილი: ტოტემური კულტი ჩვენთან იმდენად იყო განვითარებული, რომ ის, გარკვეულწილად, დღესაც არსებობს. მაგალითად, რაჭაში დათვს რომ მოკლავენ, სპეციალურ თეთრ ქსოვილზე დაასვენებენ, მოტირლებს მოიყვანენ და ისე დაიტირებენ, როგორც ადამიანს. მანამდე მისი არც გატყავება შეიძლება და არც რაიმე ნაწილის მოჭრა. შემდეგ დათვის ნაწილებს სოფლის ღირსეულ ადამიანებს ურიგებენ. მეორე სფერო კი იყო მითოსი, როდესაც ადამიანში მითოსური წარმოდგენა შემოვიდა. მითი უბრალოდ გამოგონილი ამბავი კი არ არის, არამედ აზროვნების, ფსიქიკის, ადამიანის მოქმედების მთელი კომპლექსია, რომელსაც საფუძვლად თავად მითი უდეს. მესამე საკითხი კი არის საკულტო წარმოდგენები, რელიგია. ამ კატეგორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ქრისტიანობა და ქრისტიანული წარმოდგენები. ქრისტიანული რელიგიის მრწამსი, თავისებურება, ისე, როგორც დღეს არის, უცებ არ ჩამოყალიბებულა. მასაც ჰქონდა ჩამოყალიბების მეტად თავისებური პერიოდები. ყველაზე ადრეულ ხანაში ის მლოცველთა განმანათლებლური მოძრაობა გახლდათ და სწორედ ამ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო პირველი არაბი ქრისტიანების, კოპტების რიტუალი. ეს რიტუალი განსაკუთრებულია და, თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთივე განსაკუთრებული და საინტერესოა სვანების რიტუალიც. ერთმანეთს თუ შევადარებთ, საოცარ მსგავსებასაც დავინახავთ და განსხვავებასაც. ყველაზე მთავარი კი, რითაც ისინი ერთიანდებიან, არის რიტუალების უძველესი, პირვანდელი სახე, რომელიც ადრინდელ პერიოდში შეიძლებოდა ჰქონოდა ქრისტიანობას.
ღვთაებრივი ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე, არაბი კოპტებისა და სვანების რიტუალი
როდესაც აღდგომის წინ მაცხოვრის საფლავზე გარდამოდის ცეცხლი, იმ დროს ტაძარში ყიჟინით შედიან არაბი მართლმადიდებლები – კოპტები. ერთ წელიწადს ისინი არ შეუშვეს ეკლესიაში და არც ცეცხლი გადმოვიდა. კოპტები იმიტომ არ შეუშვეს, რომ ფიქრობდნენ, ისინი თავისი რიტუალით კერპთაყვანისმცემლობის რიტუალს იმეორებდნენ. ჩვენ აქ საქმე გვაქვს ევროპული აზროვნების შეზღუდულ წარმოდგენასთან. რომ დავაკვირდეთ კერპთაყვანისმცემლობის რიტუალებს, დავინახავთ, რომ კოპტების რიტუალი მისგან პრინციპულად განსხვავდება. თავად რიტუალს თუ გავიხსენებთ, შევნიშნავთ, რომ ერთმანეთზე ამხედრებული არაბები დიდი ყიჟინით, წივილ-კივილით მიდიან იმ ადგილისკენ, რომელსაც თაყვანი უნდა სცენ. მსოფლიოში არავის უნახავს და არ გადაუღია რიტუალი, როდესაც ადამიანები კერპების თაყვანისცემის დროს მასთან კივილ-წივილით, ყიჟინით მიდიოდნენ. ანუ, ეს კატეგორიულად გამორიცხვს კერპთაყვანისმცემლობის რიტუალთან მსგავსებასაც კი. ჩვენ ფსიქიკაში გვაქვს გამჯდარი, რომ ეკლესიასთან მშვიდად, კრძალვით უნდა მივიდეთ. თუმცა მაშინ არ იყო ეკლესია, თორემ მას უაღრესად საინტერესო შინაარსი უდევს საფუძვლად: ჩვენი ყოფიერება სავსეა წივილ-კივილით, ცოდვებით და არაბი კოპტები სწორედ ამას ასახავენ – ასეთია ჩვენი ცხოვრება, ასეთები ვართ ჩვენო და მიდიან იქ, რათა შეიცვალონ, განიწმიდონ. როგორც კი ტაძარში შედიან, საოცრად წყნარდებიან და რიტუალს აგრძელებენ თითქმის მდუმარებით, უდიდესი თაყვანისცემით. ძველმა ლათინებმა ამ ფორმას „ლალოც“ კი უწოდეს. ასე რომ, არაბი კოპტები თავისებური „ლალოთი“ განწმენდილები ბრუნდებიან უკან. ამგვარი რიტუალი სვანებსაც აქვთ: ვეებერთელა სვანი ვაჟკაცები დიდი ფეხებით მიდიან ტაძარში, მაგრამ, რადგან ჩვენ გარკვეული ცივილიზაცია გამოვიარეთ, ალბათ, ამან თავისი დაღი დაასვა რიტუალს. არაბებისგან განსხვავებით, სვანები ფეხაკრეფით, ყოველგვარი წივილ-კივილის გარეშე, მსუბუქად მიდიან ტაძარში, შედიან და გალობენ ძველ სვანურ, სარიტუალო, ღვთის საგალობელს. როდესაც იგალობებენ, შემდეგ ხატისკენ იყურებიან და ზურგშექცევით, სათითაოდ გამოდიან ეკლესიიდან. თითოეული მათგანი ოდნავ შემობრუნდება და ჩვენ რომ ვუვლით ტაძარს მარცხნიდან მარჯვნივ, ამ მიმართულებით, უცებ საფერხულო რიტმში იწყებენ სვანურ ფერხულს. ერთმანეთს მიებმებიან და სამჯერ გარშემო შემოუვლიან ტაძარს „მთვარის ფერხულით“, შემდეგ ეკლესიის წინ დგებიან და იწყებენ ცეკვა „შეჯიბრს“ – ანუ, ჩვეულებრივ ცხოვრებაში განწმენდილები შემოდიან. კოპტები ცხოვრებიდან მიდიოდნენ ტაძარში, ხოლო სვანები უკვე განწმენდილები უბრუნდებიან ცხოვრებას, რომ ის ხელმეორედ, ახლად დაიბადოს მათთან ერთად. ეს გასაოცრად ჰგავს მართლმადიდებლურ პირჯვრის გადაწერას: როდესაც პირჯვარს ვიწერთ, გარდა იმისა, რომ მას მაღალი სულიერი მნიშვნელობა აქვს, სხეულის ფიზიკური არსის კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო თვისებაც აქვს. მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უდიდესი ღირსება ისაა, რომ მასში სულისა და ხორცის საოცარი ჰარმონია ერთად არის განხილული. როცა ადამიანი ბევრს ფიქრობს, სწავლობს, აზროვნებს, ლოცულობს, მისი მთელი ფსიქოკონცენტრაცია ხდება შუბლთან. შესაბამისად, პირველი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, პირჯვრის გადაწერას, სწორედ შუბლის არიდან ვიწყებთ. ეს კი არის ჩვენი აზრის, სულიერი არსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი. თითქოს შუბლიდან ჩამოგვაქვს ენერგია, რომელიც შემდეგ მზის წნულთან მიგვაქვს, ანუ ჭიპთან, რაც ჩვენი ფიზიკური არსის ცენტრია. შემდეგ ეს ენერგია გადმოგვაქვს მარჯვენა მხარეს, რაზეც ხშირად ამბობენ, რომ იქ არაფერია, სიცარიელეაო. უფალი სიცარიელეს არ მოგვცემდა, ეს არის ჩვენი კოსმოდრომი, საიდანაც სხეულმა უნდა გაატაროს ყველა ის ცოდვა, რაც კი ჩვენმა აზრმა ჩაიდინა. შემდეგ უკვე ხელი გადმოდის მარცხენა მხარისკენ, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს გულთან, რომ გული ხელმეორედ აამუშაოს ჩვენი ახალი ყოფიერებისთვის. საოცარი რიტუალია და ეს ისევ იმ სვანებმა ამიხსნეს. ჩვენ თუ ამ ორ რიტუალს ერთმანეთს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ორივე ერთმანეთის მიმართ ინვერსიულია: ანუ, კოპტები ცხოვრებიდან მიდიან ლოცვაზე, ხოლო სვანები ლოცვიდან მიდიან ცხოვრებაში. გარკვეულწილად, ეს ჩვენი სამყაროს მთლიანობაა.