ვინ არის ყველაზე მდიდარი ადამიანი ევროპაში და ვისგან იყიდა 536 მილიონად ესპანელმა მილიარდერმა ამანსიო ორტეგამ ცათამბჯენი
2012 წელი საიუბილეოა მსოფლიო მილიარდერების რეიტინგისთვის: ზუსტად 25 წლის წინ, 1987 წელს „ფორბსმა” მილიარდერების სიის შედგენა დაიწყო. 2012 წელი სარეკორდო წელიცაა, რეიტინგში 1 226 მილიარდერი მოხვდა, რომელთა საერთო კაპიტალი 4,6 ტრილიონი დოლარია (გასულ, 2011 წელს 1210 მილიარდერის კაპიტალი 4,5 ტრილიონი დოლარი იყო). რეიტინგში მსოფლიოს 58 ქვეყნის მილიარდერია, მათ შორის საქართველოდან, პერუდან და მაროკოდან. მილიარდერების რაოდენობით ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია – 425 ადამიანი, შემდგომ მოდიან რუსეთი – 96 და ჩინეთი – 95. მილიარდერების საშუალო კაპიტალი წელს 3,7 მილიარდი დოლარია. „თბილისელების” ამ ნომერში 2012 წლის რეიტინგის პირველ ათეულს გთავაზობთ.
¹1 – კარლოს სლიმ ელუ (მექსიკა); კაპიტალი: 69 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: ტელეკომუნიკაცია
მექსიკელმა კარლოს სლიმმა ზედიზედ მესამედ შეინარჩუნა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული, მიუხედავად იმისა, რომ მისი კაპიტალი წლის განმავლობაში 5 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამის მიზეზი სატელეკომუნიკაციო გიგანტის, „ამერიკა მოვილის” აქციათა დაცემაა საფონდო ბირჟაზე, რაც სლიმ ელუს ქონების ნახევარს შეადგენს. 2011 წლის აპრილში მისი კომპანია მილიარდი დოლარით დაჯარიმდა მონოპოლისტური პრაქტიკის გამო. თუმცა, ეს სასამართლოში გასაჩივრებულია. გასულ წელთან შედარებით, მექსიკელი მაგნატი უფრო მეტ დროს უთმობს ქველმოქმედებას, თავის ფონდებს: „კარლოს სლიმსა“ და „ტელმექსს”. მისი მიზანია, ქველმოქმედება ადამიანური შესაძლებლობების განვითარებისთვის და არა მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად.
¹2 – ბილ გეითსი (ამერიკის შეერთებული შტატები); კაპიტალი: 61 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: „მაიკროსოფტი”
ბილ გეითსის პირველი მისია შესრულებულია – ის პლანეტის ყველაზე გულუხვი ადამიანია (საერთო ჯამში, ქველმოქმედებაზე დახარჯული აქვს 28 მილიარდი დოლარი), რომელმაც პოლიომიელიტი დაამარცხა ინდოეთში. ამ წლის იანვარში ქვეყანამ გამოაცხადა, რომ პოლიომიელიტის გარეშე განვლო წელმა. ყოველწლიურად გეითსი აგრძელებს 200 მილიონი დოლარის დახარჯვას ამ დაავადების საბოლოო დამარცხებისთვის. შემდეგი იქნება პაკისტანი, ავღანეთი და ნიგერია. გარდა ამისა, გეითსს ახალი მიზანი აქვს – სოფლის მეურნეობის განვითარება, წვრილი ფერმერების დახმარებაზე დახარჯულია 2 მილიარდი დოლარი. მისი კაპიტალის 25 პროცენტი, „მაიკროსოფტზე” მოდის, რომლის აქციებმაც ათწლიან მაქსიმუმს მიაღწია. ამან გამოიწვია მისი ქონების გაზრდა 5 მილიარდით. დანარჩენი აქტივები გადანაწილებულია სხვადასხვა კერძო კომპანიაზე, მაგალითად, „ეკოლაბსა” და მექსიკურ ტელერადიოკომპანია „ტელევისაზე”.
¹3 – უორენ ბაფეტი (ამერიკის შეერთებული შტატები); კაპიტალი: 44 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: „ბერკშირ ჰეტეუეი”
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ასაკოვან ბაფეტს, რომელსაც „ომაჰელ ორაკულს” უწოდებენ, „ბერკშირ ჰეტეუეის” თავმჯდომარის თანამდებობაზე. ბაფეტმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში თავმჯდომარის პოსტზე თავისი შვილი, ფერმერი ჰოვარდი წარადგინა. მას ჯერჯერობით ერთპიროვნული მართვის ულფება არ გააჩნია. ამერიკის სენატის ახალი დადგენილება, რომელიც მდიდრებს გადასახადების გადახდას მთლიანი შემოსავლიდან არანაკლებ 30 პროცენტის ოდენობით ავალდებულებს, „ბაფეტის კანონად” არის ცნობილი. სწორედ მისი ინიციატივაა, რომ მდიდრებმა უფრო მეტი უნდა გადაიხადონ, ვიდრე ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა. გასულ წელთან შედარებით, მისი ქონება 6 მილიარდი დოლარით შემცირდა, რადგან კომპანიის აქციების ფასი 7 პროცენტით დაეცა.
¹4 – ბერნარ არნო (საფრანგეთი); კაპიტალი: 41 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: LVHM
გემოვნების საკითხებში ავტორიტეტული, ბერნარ არნო ევროპის უმდიდრესი ადამიანია. LVHM – ფუფუნების იმპერიისთვის 2011 წელი წარმატებული გამოდგა. გაყიდვების მაჩვენებელი 16 პროცენტით გაიზარდა, ხოლო კომპანიის საქმიანობამ აზიასა და ამერიკაში გაამართლა. გასულ წელს არნო ბრენდ „ჰერმესის” 20 პროცენტის წილის მფლობელი გახდა. გარდა ამისა, საერთო საწარმო ჩამოაყალიბა ნიანგის ტყავისგან წარმოებული პროდუქციის გიგანტ-კომპანია „ჰენგ ლონგთან”. თუმცა, წელი წარუმატებელი გამოდგა არნოს სუპერმარკეტების ქსელისთვის, „კარეფოურის” ქსელის ფასი მილიარდი დოლარით დაეცა. არნოს პირად კოლექციაშია: ნავსაშენი (ვერფი) „როიალ ვან ლენტი”, კუნძული ინდიგო ბაჰამის არქიპელაგში (მისი არენდა კვირაში 300 ათასი დოლარი ჯდება) და შალე (შვეიცარიული სახლი) „შევალ ბლანი” კურშაველში.
¹5 – ამანსიო ორტეგა (ესპანეთი); კაპიტალი: 37,5 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: „ზარა“
2011 წლის ივლისში ორტეგამ „ინდიტექსის” მმართველის თანამდებობა დატოვა. თუმცა, ამ ფაქტს კომპანიაზე გავლენა არ მოუხდენია. წლის განმავლობაში აქციების ფასმა ოთხმაგი ზრდა განიცადა, რამაც ორტეგას კაპიტალი 6,5 მილიარდი დოლარით გაზარდა. ის პირველად მოხვდა პლანეტის ხუთ უმდიდრეს ადამიანს შორის. დეკემბერში ამანსიო ორტეგამ მილიარდერ ესტერ კოპლოვიცისგან, 536 მილიონ დოლარად „ტორე პიკასო” – მადრიდში მდებარე 43-სართულიანი ცათამბჯენი იყიდა. ასევე, მას ეკუთვნის „ეპიკ რეზიდენს და ოტელი” მაიამის სანაპიროზე. მისი ქალიშვილი, მარტა ესპანური საცხენოსნო სპორტის ვარსკვლავის, სერხიო ალვარეზ მოიას მეუღლეა.
¹6 – ლარი ელისონი (ამერიკის შეერთებული შტატები); კაპიტალი: 36 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: „ორაკლი“
2011 წელი რთული გამოდგა „ორაკლისთვის”. მთელი წლის განმავლობაში აქციების ფასი თამაშობდა და მხოლოდ წლის ბოლოსთვის გამოსწორდა სიტუაცია. თუმცა, წინა წელთან შედარებით, ფასი 15 პროცენტით დაეცა. ამ ყველაფერმა ელისონის კაპიტალზე იქონია გავლენა, რომელიც 3,5 მილიარდით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. მილიარდერის სპორტული გატაცება კვლავ იახტებია და 2013 წელს მისი ორგანიზებით სან-ფრანცისკოს ყურეში ჩატარდება ამერიკის თასის 34-ე ფინალი, რაც ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად მოხდება.
¹7 – ეიკე ბატისტა (ბრაზილია); კაპიტალი: 30 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: ნავთობი, ლითონები
პლანეტის უმდიდრესი ბრაზილიელი ნავთობის ხარჯზე მდიდრდება. ის ფლობს ნავთობმომპოვებელ კომპანია „OGX პეტროლეოს”, რომლის აქციათა ფასი 19,8 მილიარდი დოლარია და ბატისტას კაპიტალის 2/3-ია, ბატისტა არც ოქროს მოპოვებაზე ამბობს უარს, გასულ წელს მან 1,5 მილიარდი დოლარი დახარჯა და მის საკუთრებაშია ოქროს მოპოვების მხრივ საკმაოდ იმედისმომცემი მაღარო კოლუმბიაში.
¹8 – სტეფან პერსონი (შვედეთი); კაპიტალი: 26 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: H&M
გასულ წელს H&M-ის დიზაინერთა მაღაზიებს დაემატა: „ვერსაჩე” და „მარნი”. პირველი მაღაზიები გაიხსნა ხორვატიაში, სინგაპურსა და რუმინეთში. ამჟამად მსოფლიოს 43 ქვეყანაში H&M-ის 2 500 მაღაზიაა. სტეფან პერსონმა, რომელსაც კომპანიის მმართველის თანამდებობა უკავია, დამატებით 5 მილიონი აქცია შეიძინა. ამ ხუთიდან – ოთხი მილიონი, რომელთა ფასი 150 მილიონი დოლარია, თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას მოახმარა.
¹9 – ლი კა-შინი (ჰონკონგი); კაპიტალი: 25,5 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: ინვესტიციები
მიუხედავად იმისა, რომ ლი კა-შინის კაპიტალმა წინა წლებთან შედარებით, დანაკარგი განიცადა, პირველად, 2007 წლის შემდეგ, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების პირველ ათეულში მან დაიბრუნა ადგილი, მანვე დაიბრუნა ასევე, აზიის უმდიდრესი ადამიანის ტიტული. ლი კა-შინის ბიზნესიმპერიაში, მსოფლიოს 53 ქვეყანაში 270 ათასი ადამიანი მუშაობს. მისი კომპანიის აშენებულია ყოველი მეშვიდე ბინა ჰონკონგში. სულ ახლახან შეძენილი „ბორთამბრიან უოთერი” 4,5 მილიონ ადამიანს მიაწოდებს სასმელ წყალს ინგლისში და 2,7 მილიონისთვის კი – კანალიზაციის მუშაობას უზრუნველყოფს. 2011 წელს ლი კა-შინმა ინვესტიციები განახორციელა „ფეისბუქსა” და „სპოტიფიში”.
¹10 – კარლ ალბრეხტი (გერმანია); კაპიტალი: 25,4 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: „ალდი“
დისკაუნტ-მაღაზიათა ქსელში – „ალდი სუდ”, დაახლოებით 4 500 მაღაზიაა, მათ შორის 1 200 ამერიკის 32 შტატში. „ალდის“ მაღაზიებში ზედმეტი გადასახადებისგან რომ დაიცვან თავი, საკრედიტო ბარათებს არ იღებენ. 2011 წელს პირველი მაღაზიები გაიხსნა ნიუ-იორკში, ერთი – ქვინსში, მეორე – ბრონქსში. კარლი ძმასთან, ტეოსთან ერთად ფლობს „ალდის”. თუმცა, მისი საკუთრებაა ყველაზე მომგებიანი ბაზარი: დასავლეთ ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია. ტეოს საკუთრებაა აღმოსავლეთ ევროპა და დანარჩენი მსოფლიო.