რომელი ავტომობილით გადაადგილდება ვლადიმირ პუტინი და საბჭოთა კავშირის ლიდერთაგან, ვინ არ გამოირჩეოდა ავტომობილების სიყვარულით
რომელი ავტომობილებით გადაადგილდებიან მსოფლიოს ლიდერები? – ეს კითხვა მუდამ იწვევს ინტერესს საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, თანამედროვე ლიდერები დაჯავშნილი ავტომობილებით სარგებლობენ და უმეტეს შემთხვევაში, ისინი „მერსედესის” მარკისაა. ამჯერად ჟურნალ „თბილისელებიდან” შეიტყობთ, თუ რომელი მარკის ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ და გადაადგილდებიან საბჭოთა კავშირის მეთაურები და რუსეთის პრეზიდენტები.
იოსებ სტალინი ამერიკული ავტოწარმოების პროდუქტის, „პაკარდის” მიმართ არ იყო გულგრილი. 1933 წელს საბჭოთა მთავრობამ შეიძინა „პაკარდ თველვის” პარტია. ფაეტონის მაგვარი, ღია ძარის ავტომობილი, აღჭურვილი იყო 7,7-ლიტრიანი ძრავათი და სიჩქარის მაქსიმუმი 160-180 ცხენის ძალას შეადგენდა. ბელადს ძალიან უყვარდა ამ ავტომობილით სარგებლობა და აგარაკზე ყოფნის დროს, ხშირად მოგზაურობდა ახლომდებარე რაიონებში სერგო ორჯონიკიძესთან და კიროვთან ერთად. სიანტერესოა, რომ სტალინის მძღოლი ამ მოგზაურობებში მისი ვაჟი, ვასილი იყო, რომელმაც 12 წლის ასაკიდან იცოდა მანქანის მართვა. 1935 წლის ოქტომბერში შეერთებული შტატების ელჩმა სტალინს ახალი ავტომობილი გადასაცა. ეს იყო მეთოთხმეტე სერიის ძვირად ღირებული „ლიმუზინი“ „პაკარდ თველვი”, აღჭურვილი 4-სიჩქარიანი კოლოფით და 120 კილომეტრ-საათ სიჩქარეს დაახლოებით 20 წამში ავითარებდა. ავტომობილი თეთრი ფერის იყო და ძალიან მოეწონა სტალინს, თუმცა მან მისი შავად გადაღებვის ბრძანება გასცა. 1936 წელს საბჭოთა „ლიმუზინების“, „ზის 101-ის” პირველი პარტია ჩამოვიდა კონვეირიდან და პირველი ეგზემპლარი სტალინს გადაეცა საჩუქრად. ავტომობილი მან თავის ქალიშვილს, სვეტლანას გადასცა მფლობელობაში, თავად კი „პაკარდის” ერთგული დარჩა. 1947 წელს საბჭოთა კავშირის მთელი პოლიტელიტა დაჯავშნილ „ზის 115-ზე” გადაჯდა, რომელიც „პაკარდი 180-ის” ანალოგიით იყო აწყობილი. 1948 წელს იტალიურმა „ალფა რომეომ” სტალინს საჩუქრად გადასცა თანამედროვე „6C2500”, თუმცა იტალიურმა ავტომ ბელადი ვერ მოხიბლა.
ნიკიტა ხრუშჩოვის მთავრობაში მოსვლის შემდეგ სამთავრობო ავტოფარეხიდან გაქრა დაჯავშნილი ავტომობილების მთელი სერია. ხრუშჩოვს არ უყვარდა დახურული ავტომობილები და ის კაბრიოლეტებით გადაადგილდებოდა. მის უსაყვარლესი ავტომობილი საბჭოური წარმოების „ზილ-111” იყო, ხოლო საპატიო სტუმრების მიღებისას „ზილ-111B-ში” ჯდებოდა. სწორედ ამ ავტომობილით შევიდა კრემლში 1961 წელს იური გაგარინი. უცხოეთში ვიზიტების დროს ხრუშჩოვს იქაური ავტომობილები ჩამოჰყავდა. უმეტეს შემთხვევაში, საბჭოთა ლიდერი ყიდულობდა სასურველ ეგზემპლარებს. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, რომ უჩუქებიათ კიდეც. მაგალითად, იუგოსლავიაში ვიზიტის დროს, მარშალმა ტიტომ ხრუშჩოვს კაბრიოლეტი „ხორხ-951ა” აჩუქა. გარდა ამისა, ხრუშჩოვის ავტოფარეხში იყო: ამერიკიდან ჩამოყვანილი წითელი ფერის „კადილაკი-ფლიტვუდ 75”, „მერსედეს-ბენცი 300სლ”, შავი „როლს-როისი სილვერ კლაუდი” და კაბრიოლეტი „რენო-ფლორიდა”, რომელიც ხრუშოვმა ქალიშვილს, რადას გადასცა საჩუქრად.
ლეონიდ ბრეჟნევი საბჭოთა კავშირის ლიდერებიდან ერთადერთი იყო, რომლისთვისაც ავტომობილი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ გახლდათ. 1968 წლიდან ბრეჟნევის განკარგულებაში იყო იტალიური წარმოების „მაზერატი”, V8 ძრავათი და 290 ცხენის ძალის სიმძლავრე „სედანი“, რომელიც 230 კილომეტრ-საათი სიჩქარეს ავითარებდა. იმავე პერიოდში ბრეჟნევის ფარეხში გაჩნდა „მერსედეს-280”, რომელიც სპეციალურად მისთვის 1968 წლის მარტში შტუტგარტიდან ჩამოიყვანეს. 1973 წელს მოსკოვში გამართული „მერსედეს-ბენცის” გამოფენის შემდეგ, ბრეჟნევს „მერსედეს-ბენც-350 SE” მოეწონა, ავტომობილი რამდენიმე წამში 205 კილომეტრ-საათი სიჩქარეს ავითარებდა და „მერსედესის” ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი მოდელი ბრეჟნევს აჩუქა. ეს ცისფერი ავტომობილი მოსკოვის ძველ თაობას კარგად ახსოვს, რადგან ბრეჟნევი თავად იჯდა საჭესთან და მას დააქროლებდა ქუჩაში. 1978 წელს ბონში ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერმა, ვილი ბრანდტმა ბრეჟნევს სპორტული კუპე „მერსედეს-ბენც 450SL” აჩუქა. 1972 წელს რიჩარდ ნიქსონმა გაუგზავნა ბრეჟნევს საჩუქრად სპეციალურად საბჭოთა ლიდერისთვის, სამ დღეში აწყობილი „კადილაკ-ელდორადო”. 1974 წელს კი ამერიკელმა ბიზნესმენებმა ბრეჟნევს კიდევ ერთი ავტომობილი, „ლინკოლნ კონტინენტალი” გაუგზავნეს. გარდა ამისა, ბრეჟნევს ჰყავდა შავი „როლს-როისი” და ოქროსფერი სპორტული კუპე „სიტროენ-მაზერატი”. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ბრეჟნევის ავტოკოლექციაში 324 ავტომობილი ირიცხებოდა. 1982 წელს, ბრეჟნევის სიკვდილის შემდეგ, კოლექციის გაყიდვა დაიწყეს და ზოგიერთი ავტომობილი უცხოელი კოლექციონერების ხელში აღმოჩნდა.
იური ანდროპოვი და კონსტანტინე ჩერნენკო, ბრეჟნევისგან განსხვავებით, არ იყვნენ დაინტერესებულნი ავტომობილებით.
მიხაილ გორბაჩოვი და ბორის ელცინი გადაადგილდებოდნენ 1988 წლის წარმოების დაჯავშნილი „ზილ-41052-ით”. საბჭოთა კავშირში სულ 22 ცალი ასეთი ავტომობილი იყო წარმოებული. მათგან დღემდე მხოლოდ 10 ცალია შემორჩენილი. ავტომობილის წონა 5,5 ტონაა და 100 კილომეტრ-საათს 10 წამში ავითარებდა. მოგვიანებით, პრეზიდენტობის პერიოდში, ბორის ელცინი მხოლოდ „მერსედეს 600-ით” გადაადგილდებოდა, რომელიც, რა თქმა უნდა, დაჯავშნილი იყო. ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტობის პირველ ვადებში „მერსედეს-600 პულმანით” გადაადგილდებოდა. ავტომობილი ტექნიკის ბოლო მიღწევებით იყო აღჭურვილი, ხოლო უსაფრთხოების სისტემა საიდუმლო გახლდათ. ოფიციალური ვიზიტების ან აღლუმების დროს, პუტინი „ზილ-41052-ს” იყენებდა. გარდა ამისა, პუტინის, რომლის პირველი ავტომობილი სტუდენტობის პერიოდში „ზაპოროჟეცი” იყო, ავტოფარეხში თქვენ ნახავთ: S-კლასის „მერსედესს“, 1956 წლის გამოშვების რარიტეტულ „ვოლგას”, რომელიც პუტინმა 2005 წელს შეიძინა და სახელმწიფო ნომრების ნაცვლად – „გაზ-21” დააწერა. რუსეთში ავტომობილით მოგზაურობის დროს პუტინი „მერსედეს-სპრინტერის” ტიპის მიკროავტობუსს იყენებდა, ხოლო 2009 წლიდან მის ავტოფარეხში სპეციალურად მისთვის შექმნილი „ნივა ჯუნგლი” გაჩნდა. რუსეთის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი „მერსედესის” „ლიმუზინით“ გადაადგილდებოდა. „S600 პულმან გუარდ” „მერსედესის“ ახალი მოდელია, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს პირველი პირებისა და მონარქებისთვის იწარმოება. დაჯავშნილი ავტომობილი აღჭურვილია ინტერნეტით, მაცივრით, ტელევიზორით, ხოლო 12-ცილინდრიანი ძრავა 517 ცხენის ძალისაა. ამ ავტომობილის სხვა დეტალები სახელმწიფო საიდუმლოა.
„ამჟამად ქარხანა „ზილში” ახალ „ლიმუზინზე“ მიმდინარეობს მუშაობა. ეს გახლავთ „ზილ-4112”, რომელმაც ახლადარჩეული პრეზიდენტ პუტინის ავტოფარეხში „მერსედესი” უნდა ჩაანაცვლოს. „ზილის” ეს მოდელი ჯერ კიდევ 2003 წელს შემუშავდა და სავარაუდოდ, მისი აწყობა და მოდერნიზირება უკვე დაწყებულია. თუმცა, ეს ავტომობილიც თავისი კონსტრუქციით, აღჭურვილობითა და უსაფრთხოების სისტემით, რუსეთის სახელმწიფო საიდუმლოებაა.