რატი დურგლიშვილის დაბადების დღე “გრაუნდ ჰოლში”
რატი დურგლიშვილი ერთ-ერთ იმ იშვიათ გამონაკლისთა შორისაა ეროვნული შოუ-ბიზნესიდან, ვინც კოლეგების, მედიის წარმომადგენლების და მსმენელის უდიდეს სიყვარულს იმსახურებს. ამდენწლიანი მუშაობის განმავლობაში არც ერთხელ არ შემხვედრია ადამიანი, რომ რატიზე სითბოსა და სიყვარულით არ ელაპარაკა. 5 აპრილს მომღერალი 30 წლის გახდა და მრგვალი თარიღი მეგობრების წრეში ახლად გახსნილ კლუბ „გრაუნდ ჰოლში” აღნიშნა. კლუბში მისულ ყველა სტუმარს რატი შესასვლელშივე ეგებებოდა და კლუბის მიერ ნაჩუქარ ბანერთან ფოტოებსაც იღებდა. სცენაზე ერთმანეთის მიყოლებით ადიოდნენ ვარსკვლავები და იუბილარს სიმღერით ულოცავდნენ დაბადების დღეს. პირველი სიმღერა კი, რა თქმა უნდა, თავად რატიმ და მაკამ შეასრულეს. მაია კაჭკაჭიშვილისა და ძვალის დუეტზე მთელი დარბაზი ცეკვავდა და სტუმრებისვე თხოვნით, სიმღერა განმეორდა. რატის უმღერეს ნინო ჩხეიძემ, თიკა ჯამბურიამ, მარიკა თხელიძემ და სხვებმა. მოეწყო უამრავი სახალისო თამაში. როდესაც წამყვანმა სამი ენერგიული გოგონა იხმო, სცენაზე ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე და რუსკა მაყაშვილი აღმოჩნდნენ. მათ ერთ წუთში, დარბაზში მყოფი რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის უნდა ეკოცნათ. დაძაბულ „სამთაბრძოლაში” ნინი ბადურაშვილს დარჩა გამარჯვება, რომელმაც ოცდათორმეტი ადამიანის კოცნა მოასწრო და საჩუქარად კოქტეილი დაიმსახურა. ტორტის გაჭრის დროც დადგა და, გულწრფელად უნდა ვთქვა, ასეთი სილამაზის „ჰეფი ბიორსდეი”, ამდენი მომღერლის შესრულებით არსად მინახავს. ტორტის ჩაქრობის შემდეგ თამაშები, სიმღერები და მხიარულება გვიან ღამემდე გაგრძელდა.
იმავე საღამოს კლუბ „ბედ ლაუნჯში” ნანუკა ჟორჟოლიანს ჰქონდა წვეულება და სტუმრების ნაწილმა გვიან საღამოს „ბედ ლაუნჯში” გადაინაცვლა.