კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაწყვიტა ელენე გედევანიშვილმა კანადაში საცხოვრებლად მარტო გადასვლა და რატომ აპირებდა ის კარიერის გაგრძელებაზე უარის თქმას

ელენე გედევანიშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე მეათე ადგილის დაკავების შემდეგ თბილისში ჩამოვიდა, მერე მშობლებთან ამერიკაში გაემგზავრება და ბოლოს კი ისევ კანადაში დაბრუნდება, სადაც მომავალი შეჯიბრისთვის ახალ პროგრამას მოამზადებს. ამ ძალიან ხალისიან, უშუალო და კარგ გოგონას კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ. 

 

ელენე გედევანიშვილი: როდესაც თბილისში ჩამოვედი, ვიცოდი, რომ ბევრი საქმე მექნებოდა, თუმცა, უქმად ყოფნას ნამდვილად ჯობია. რა თქმა უნდა, ვიღლები, მაგრამ ვცდილობ, ყველაფერი ჩავტიო გრაფიკში, ყველა ვნახო, რომ არავის ვაწყენინო. მსოფლიო ჩემპიონატიდან ჩამოვედი, დიდი დატვირთვა მქონდა, ბევრი ენერგია დავხარჯე, თუმცა, თბილისში ყოველთვის უფრო მეტ ენერგიას ვიღებ. ახლა ბათუმში ვაპირებ წასვლას,  ბავშვებს წავამეცადინებ, მერე ქუთაისში მივდივარ, პატარა კონცერტი მაქვს; შემდეგ მოწამეთაში უნდა ავიდეთ მე და მაკა (მაკა გიორგობიანი – საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, – ავტორი) და ძალიან მიხარია. მაკა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემთან ერთად იყო და ძალიან დამეხმარა. იქ ყველა რაღაცას გეკითხება, გელაპარაკება, თუმცა, ყველა ნამდვილად არ გისურვებს კარგს, ზოგი ზედმეტადაც კი გაქებს. ამ დროს გჭირდება ადამიანი, რომელიც გაგამხნევებს. მაკა სულ მამხნევებდა, გვერდში მედგა, სულ ჩემთან ერთად იყო, ბევრს ვსაუბრობდით. 

–  პრეზიდენტს არ შეხვდი?

–  არა, ასეთ  რაღაცეებს ძირითადად ბოლო წუთებში მეუბნებიან. ეს ცოტა რთულია, მაგრამ უკვე მივეჩვიე. ადრე, რომ ჩამოვდიოდი და მეუბნებოდნენ: ელენე, ახლა აქ მივდივართ, ახლა – იქო, ცოტას ვნერვიულობდი – მითხარით, მოვემზადები მაინც.

–  უკვე ემზადები შემდეგი სეზონისთვის?

–  ნინო ანანიაშვილი უნდა დამეხმაროს პროგრამის დადგმაში. მე და მაკა ვიყავით მასთან, ვთხოვეთ, რომ, იქნებ, მისი ქორეოგრაფი დაგვხმარებოდა, მაგრამ, თვითონ გამოთქვა სურვილი და, ძალიან გამიხარდა. აქ რომ იყოს ყინული, იდეალური იქნებოდა – ყინულზე დავდგამდით. მაგრამ, დარბაზში უნდა დავდგათ, გადავიღოთ ვიდეოზე, რომელსაც შემდეგ ვაჩვენებ ჩემს ქორეოგრაფს და მერე ყინულზე გადავიტანთ.

– სწორედ ყინულის არქონამ და ასევე სხვა ფაქტორებმა განაპირობა საქართველოდან შენი წასვლა. 

–  ყინულზე და კიდევ ბევრ რამეზე იყო დამოკიდებული, სპორტის ეს სახეობა ახლა უფრო განვითარდა და სხვანაირი მიდგომა სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელის დახმარება. ცოტა ხნის წინ შევიცვალე მწვრთნელი და კიდევ ახალს ვეძებ. ერთი წელია მასთან ვარ, მაგრამ ბოლომდე ვერ მივეჩვიე. ჩვენ, მაღალი დონის ფიგურისტებს, მწვრთნელი ახალს კი არ გვასწავლის, უნდა შეგვეწყოს და საერთო მუშაობით კარგი შედეგი უნდა მივიღოთ. ფიგურისტი ხვდება, მწვრთნელი მისთვის კარგია თუ ცუდი. მიჩვევაც აუცილებელია, რომ გაიგოს, მან, როგორ მუშაობ – უნდა დაგაძალოს მუშაობა თუ, პირიქით, უნდა გაგაჩეროს, ზედმეტად, რომ არ გადაიღალო. მე  ასე ვარ, საკუთარი თავისგან ყოველთვის ბევრს ვითხოვ, ამიტომ, ზოგჯერ მჭირდება მწვრთნელის მხრიდან გაჩერება. 

–  ახლახან მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნდი, სადაც მეათე ადგილი დაიკავე. კმაყოფილი ხარ შენი გამოსვლით?

–  კმაყოფილი ვარ მსოფლიო ათეულით, უბრალოდ, მე უფრო მეტი მინდოდა, რადგან, ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული. მაგრამ, ბოლოს გადავიწვი, „ბატარეიკები დამიჯდა”. იმაზე მწყდება გული, რომ  ევროპის ჩემპიონატთან შედარებით უფრო კარგად ვიყავი მომზადებული. მოკლე პროგრამაში მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე ადგილებზე გასულებს შორის მხოლოდ ორქულიანი სხვაობა იყო, ეს კი არაფერია: შეიძლება, უცებ მაღლა ახვიდე, ან, პირიქით – ჩავარდე, რადგან, ყინულზე სრიალებ  და არასდროს, იცი როდის აგიცდება ფეხი. თუმცა, ის ნახტომი, რასაც ვაკეთებთ, არასდროს გვავიწყდება – 15 წელია, ამას ვაკეთებ და, ტანმაც იცის, ფეხმაც, გონებამაც. უბრალოდ, შეიძლება, დაღლილი იყო ან ცუდად შეხვიდე, „ბატინკებსაც“ დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ წელიწადში „ბატინკებთან” დაკავშირებით ბევრი პრობლემა მქონდა – ფეხები მიბუჟდება, თან ისე, რომ ვეღარ ვგრძნობ და მერე უკვე ვეღარ ვაკეთებ ნახტომს. საერთოდ, ციგურები ძალიან კარგად უნდა იყოს აწყობილი, გალესილი – ბევრ დეტალს აქვს ჩვენს სპორტში მნიშვნელობა. ყინულიც სხვადასხვანაირია და ამასაც უნდა მიეჩვიო. მსოფლიო ჩემპიონატზე არ გვაქვს ვარჯიში იმ ყინულზე, სადაც უნდა გამოვიდეთ. იქ არის მთავარი და სავარჯიშო ყინული, მთავარზე მხოლოდ ერთხელ გამოვედით მოკლე პროგრამის წინ, მთელი კვირა სავარჯიშო ყინულზე გამოვდიოდით, და ორივე განსხვავებული იყო. როდესაც მაღალ დონეზე იბრძვი, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ყინულზე გამოდიხარ. 

–  იმისთვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოციგურავე გამხდარიყავი, საკმაოდ ბევრი შრომა და ენერგია გაქვს ჩადებული. წარმატებების პარალელურად, თუ გაქვს ისეთი მომენტები, როდესაც აღარ გინდა ამ ყველაფრის კეთება.

–  მქონია, განსაკუთრებით კი – ცუდი გამოსვლის შემდეგ: „რატომ ვიკლავ თავს, რად მინდა?” მაგრამ, მერე ვხვდები, რომ ეს ჩემი საყვარელი საქმეა, რომელსაც ბოლომდე უნდა მივყვე. შარშან ძალიან დავიღალე. ისეთი მომენტი მქონდა, არ ვიცოდი: შემეძლო თუ არა გაგრძელება. უნდა გადამეწყვიტა: ან ბოლომდე გამეგრძელებინა ეს საქმე და მაღალ დონეზე მეასპარეზა, ან დამემთავრებინა და სწავლა გამეგრძელებინა.  ბოლოს მივხვდი: საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი, მთელი შრომა წყალში რომ გადამეყარა, თან, მერე ამას აუცილებლად ვინანებდი. 

–  ალბათ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ დროს გვერდში გიდგანან, სტიმულს გაძლევენ, გამშვიდებენ...

–  დეიდაჩემი მეხმარება ძალიან, დედაჩემიც სულ მხარს მიჭერს, მამხნევებს, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ. დავრეკავ: „მაკაა...” ისიც, ამობობს: „აუ, ისევ...”  და იწყებს ჩემ დამშვიდებას. ჩემპიონატზე, მე და კაროლინა კოსტნერი, რომელმაც წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო გასახდელში ვისხედით და ვლაპარაკობდით. მისთვის მეათე მსოფლიო ჩემპიონატი იყო, ჩემთვის – მეხუთე. მან მითხრა: ათი წელი გავიდა და კიდევ არ ვიცი, რა გამოვა და როგორ გამოვაო. ადამიანი რომ იზრდები, იცვლები, გრძნობებიც გეცვლება, ამიტომ, საჭიროა, სწორად მოემზადო, ენერგია იმყოფინო, ამისთვის კი გჭირდება კარგი მწვრთნელი, ფსიქოლოგი. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ მართლა ძალიან ბევრი ვივარჯიშე, გადავიღალე და, ამიტომ, მწვრთნელს უნდა გავეჩერებინე. 

–  ამჟამად კანდაში ცხოვრობ, თან – მარტო. 

–  თავიდან გამიჭირდა, მაგრამ, მივეჩვიე, უფრო დამოუკიდებელი გავხდი და ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებ. ძალიან მინდოდა, მარტო მეცხოვრა, გავზრდილიყავი აბსოლუტურად ყველაფერში, თუნდაც ყინულზე. დედაჩემი ყველაფერს მიკეთებდა, ამიტომ, ჩემთვის ცოტა რთული იყო იმ ხალხის პოვნა, რომლებიც ციგურებს დამიყენებენ, გამილესავენ, და, რადგან ეს საქმე ბევრმა არ იცის; ასევე, უნდა მეპოვა კარგი ექიმი, მასაჟისტი... ამ ყველაფერს დედა აგვარებდა, ახლა უკვე მე მომიწია ამაზე ზრუნვა. სხვა სპორტსმენებიც მეხმარებიან, მაგრამ, მარტომაც ბევრი რამ გავაკეთე და ეს ძალიან მომწონს, უფრო თავდაჯერებული გავხდი. 

–  საკუთარ თავსაც თვითონ უვლი?

–  საჭმელსაც ვაკეთებ და კარგი გამომდის, უბრალოდ თავიდან ვერ ვიგებდი, პროდუქტი რა რაოდენობით უნდა მეყიდა. სალათებს ვიკეთებ, იაპონურ კერძებს, ხაჭაპურს, ცომსაც ვზელ. ადრე ვურეკავდი: „დედა, ცომს ერთი კოვზი მარილი უნდა და ერთი კოვზი შაქარი? „დროჟი” სად არის, რატომ არ ამოვიდა ცომი?”... როცა მეგობრები ვიკრიბებით და აღმოჩნდება, რომ საჭმელი არ გვაქვს, კარადებს ვაღებ, რაღაცეებს ვპოულობ და საჭმელს ვაკეთებ, მშვენიერი გამოდის. კინოში მიყვარს სიარული, ხანდახან კლუბებშიც დავდივარ, მაგრამ, მარტო არსად მივდივარ, მეშინია.

–  რამეს უკრძალავ საკუთარ თავს?

–  რაღაცეებს კი, ეს ჩვენი „ლაივ სთაილია”, ეს ავირჩიე და, ამიტომ, ის უნდა გავაკეთო, რაც საჭიროა. თან, უკვე მივეჩვიე, და, შეიძლება ითქვას, რომ მომწონს კიდეც. 

–  ერთი პერიოდი თბილისში ბევრს ჭორაობდნენ შენზე, გაგათხოვეს კიდეც. რა ხდება ამ მხრივ?

–  სერიოზული არაფერი ყოფილა. პატარ-პატარა ემოციები, რა თქმა უნდა, საჭიროა. მე არ ვარ ისე, რომ არავისკენ გავიხედო, მაგრამ არც არავის ვეძებ. იქნება – იქნება, არ იქნება – ნუ იქნება. არ არის აუცილებელი, ფიგურისტი იყოს, ვინც იქნება, იქნება. ვერ ვიტყვი, რომ ფიგურისტი ბიჭები ძალიან მომწონს. 

–  როგორი  უნდა იყოს ბიჭი, რომელიც მოგეწონება?

–  ხასიათით ძლიერი უნდა იყოს, რადგან მე ძლიერი პიროვნება ვარ და ჩემი გაძლება ძნელია...

 

 

скачать dle 11.3