კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა ქუთაისში მცხოვრებმა 50 წლის კაცმა დაკარგული მეგობარი გალში

 

50 წლის რევაზ ვლადიმერის ძე კუბლაშვილი ეძებდა: დაახლოებით 51-52 წლის ბესიკ ჯახაიას.

ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, დაახლოებით 51-52 წლის ბესიკ ჯახაიას (მამის სახელი არ მახსოვს). მე და ბესიკი 1986 წელს ერთად ვსწავლობდით ქუთაისში. ჩვენი მეგობრობა სასწავლებლის დამთავრების შემდეგაც გრძელდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე 16 წელია, ის არ მინახავს და არც არაფერი ვიცი მის შესახებ. მე ისევ ქუთაისში ვცხოვრობ, საცხოვრებელი მისამართი არ შემიცვლია და დიდი იმედი მაქვს, რომ მეგობარს ვიპოვი.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია რუბრიკა „დაკარგულებში“ „თბილისელების” 12 მარტის ნომერში დაიბეჭდა. საბედნიეროდ, დაკარგული ბესიკ ჯახაია ნაპოვნია, ის გალში აღმოჩნდა. ამჟამად მეგობრებს შორის კავშირი აღდგენილია და ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი, რევაზ კუბლაშვილი, თავად უამბობს მკითხველს მეგობრის პოვნის ისტორიას.

– ფიქრობდით თუ არა, რომ მეგობარს ასეთ მოკლე დროში იპოვიდით და, რომ ის თბილისში კი არა, გალში აღმოჩნდებოდა?

– როგორც წინა ინტერვიუში გითხარით, ბესიკი დაიბადა და გაიზარდა გალის რაიონის სოფელ ლეკუხინაში, მაგრამ, სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, ის ქუთაისში იყო ჩასული და 1983-1984 წლებში ჩააბარა ქუთაისის ავტოტექნიკუმში. სწორედ სასწავლებელში გავიცანით ერთმანეთი მე და ბესიკმა. ბესო ჩემთვის ნამდვილად ძვირფასი მეგობარია. მასთან კავშირი წლების განმავლობაში არ მქონია. ბოლოს თბილისში ვნახე, სადაც ის მუშაობდა და ოჯახთან ერთად დიდუბეში ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში. ვერაფრით ვერ ვიფიქრებდი, რომ ბესო კვლავ აფხაზეთში დაბრუნდა და იქ ცხოვრობს. მე მას თბილისში ვეძებდი და მის ძველ სამსახურშიც კი ვიყავი მისული, მაგრამ, უშედეგოდ – ჩემი მეგობრის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. დღეს მე უბედნიერესი ვარ, რადგან მასთან კავშირი აღდგენილია და მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის.

– როგორი იყო მეგობართან თქვენი პირველი საუბარი ამდენი წლის შემდეგ?

– ზუსტად თექვსმეტი წელი იყო გასული მას მერე, რაც ბესო არ მინახავს და მასთან კავშირი არ მქონია. ბუნებრივია, ეს ძალიან დიდი დროა, მაგრამ, მისი პოვნის იმედი არასდროს დამიკარგავს. როდესაც დამირეკეთ და ბესიკის ტელეფონის ნომერი გადმომეცით, კინაღამ გონება დავკარგე მოულოდნელი სიხარულისგან. იმ საღამოსვე დავურეკე ჩემს ნაპოვნ მეგობარს და ჩვენ დიდხანს ვსაუბრობდით, საკმაოდ ემოციური „სატელეფონო შეხვედრა” გვქონდა (იცინის). იმედია, მომავალში პირისპირაც შევხვდებით. ბესოსთან საუბრის შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, ხმას ვერ ვიღებდი სიხარულისგან. ჩემთან ერთად ჩემი ოჯახის წევრებსაც უხაროდათ ეს ამბავი. ბესომ მითხრა, რომ მისი ძებნის შესახებ სტატია მისმა მეზობელმა წაიკითხა და მაშინვე მიხვდა, რომ საუბარი სწორედ ბესიკზე იყო, იმ დღესვე დაურეკა მას და ჰკითხა: შენ ხომ ქუთაისში მსახურობდი? მგონი, თბილისიდან გეძებენო.

– სამწუხაროდ, აფხაზეთში ადამიანების მოძებნა არც ისე იოლია, ამიტომ, შემიძლია, გითხრათ, რომ თქვენ ნამდვილად გაგიმართლათ.

– დიახ, გამიმართლა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მეგობარი ვიპოვე და, მიუხედავად ტერიტორიული სიშორისა და დაძაბული პოლიტიკური ვითარებისა, მასთან კავშირი აღდგენილია. მთავარია, რომ ის ჯანმრთელადაა და მასაც ასევე გაუხარდა ჩემთან დაკავშირება. ამის შემდგომ ჩვენ ერთმანეთს აღარ დავკარგავთ და ყოველთვის თქვენი მადლიერები ვიქნებით.

– მაინც, რა იყო თქვენი მეგობრის თბილისიდან გალში დაბრუნების მიზეზი?

– ბესიკის მშობლები ამჟამადაც გალში ცხოვრობენ, ისინი საკმაოდ მოხუცებულები არიან და ბესიკმა გალში წასვლა მათ გამო გადაწყვიტა. მოხდა ისე, რომ მას ჩემი ტელეფონის ნომერი არ ჰქონდა (იმ დროს მე არ მქონდა მობილური ტელეფონი) და, ამის გამო, ამ გადაწყვეტილების შესახებ ვერ გამაფრთხილა, მე კი ის კვლავ თბილისში მეგონა.

თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

 

скачать dle 11.3