როგორ იპოვა ბავშვობის მეგობარი თბილისში მცხოვრებმა 52 წლის კაცმა რუსეთში და შეხვდებიან თუ არა ისინი ერთმანეთს
52 წლის ოლეგ ბიტკაში ეძებდა 52 წლის ლევან დადიანს.
ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, 52 წლის ლევან დადიანს. მე და ლევანმა ერთმანეთი თბილისში 1978-1979 წლებში გავიცანით. თითქმის მთელი ახალგაზრდობა ერთად გავატარეთ, მაგრამ, შემდგომ ლევანი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად რუსეთში, ქალაქ მოსკოვში გადავიდა. 1989-1990 წლების შემდეგ მასთან კავშირი არ მქონია. ძალიან მინდა მისი პოვნა და თქვენი რუბრიკის დიდი იმედი მაქვს.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია დაბეჭდილი იყო ჟურნალ „თბილისელების“ რუბრიკა „დაკარგულებში“ მარტის დასაწყისში. დღესდღეობით დაკარგული ლევან დადიანი ნაპოვნია, მეგობრებს შორის კი კავშირი აღდგენილია. დღევანდელი რუბრიკის სტუმარი, ოლეგ ბიტკაში, თავად მოგვითხრობს თავისი ისტორიის შესახებ.
– დაკარგული მეგობარი ნაპოვნია. მოელოდით თუ არა, რომ თქვენი ისტორია ასე მოკლე დროში თქვენთვის სასიხარულოდ დამთავრდებოდა?
– ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ლევანს ასე მოკლე დროში იპოვიდით, მით უმეტეს, რომ მე მას საქართველოში კი არა, რუსეთში ვეძებდი. სიმართლე გითხრათ, მისი პოვნის დიდი იმედი არც მქონია, უბრალოდ, მინდოდა, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ ლევანი მეპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მე თბილისში დავიბადე, ლევანი კი – აფხაზეთში, ჩვენ ერთმანეთი 18 წლის ასაკში გავიცანით თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. სტუდენტობიდან მოყოლებული, საუკეთესო მეგობრები ვიყავით. შემდგომ კი, როგორც ხშირად ხდება ცხოვრებაში, ჩვენი გზები გაიყარა, რადგან ლევანი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად რუსეთში წავიდა და მას შემდეგ მის შესახებ არაფერი ვიცოდი. 1989-1990 წლების შემდეგ, დღემდე, ლევანის შესახებ არაფერი გამიგია.
– ანუ, მეგობართან კავშირი 22 წელი, არ გქონიათ. თავად ლევანი თუ გეძებდათ?
– მას შემდეგ, რაც თქვენი დახმარებით დავუკავშირდი მას ტელეფონით, ჩვენ შორის კავშირი ისევ აღდგა. მის სიხარულს, ისევე როგორც ჩემსას, საზღვარი არ ჰქონდა. დამეთანხმებით, ალბათ, რა უნდა იყოს იმაზე სასიხარულო, როდესაც იგებ, რომ მეგობარი წლების შემდეგაც გეძებს. დღესდღეობით ლევანი ოჯახთან ერთად ოდენცოვოში ცხოვრობს. მისი თქმით, ის მე ხშირად მახსენებდა და ძალიან განიცდიდა ჩემთან კავშირის შეწყვეტას: ის ცდილობდა, დამკავშირებოდა ტელეფონით ძველ ნომერზე, რომელიც ადრე ჩემს მეზობელს ეკუთვნოდა (ვინაიდან პირადად ჩვენ მაშინ ტელეფონი არ გვქონდა), მაგრამ, მეზობელმა დიდი ხნის წინ გაყიდა ბინა და ტელეფონის ნომერიც შეცვლილი იყო. ლევანი, ასევე, არაერთგზის მიგზავნიდა წერილებს, მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ წერილი ადრესატამდე ვერ აღწევს, თუ მისამართში ერთი შეცდომა მაინც არის. ერთი სიტყვით, ისიც მეძებდა, მაგრამ, უშედეგოდ.
– აპირებთ თუ არა ერთმანეთთან შეხვედრას?
– ამაზე უკვე ვილაპარაკეთ კიდეც. ორივეს ძალიან გვინდა ერთმანეთის ნახვა, მაგრამ, ეს გარკვეულ მატერიალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რადგან, ლევანი რუსეთშია, მე კი – საქართველოში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ იმედს არ ვკარგავთ და, ვფიქრობ, აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. მანამდე კი სატელეფონო კავშირი გვექნება.
– სამწუხაროდ, დაკარგული მეგობრის თემა არც ისე იშვიათობაა რუბრიკა „დაკარგულებში“ და არაერთი ადამიანი დღესაც უშედეგოდ ეძებს თავის მეგობარს საზღვრებს გარეთ. რას უსურვებდით მათ?
– მინდა, ყველა თქვენს რესპონდენტს, ვინც ჯერ კიდევ ეძებს მეგობარს და, ალბათ, იმედიც ეწურება, ვუთხრა, რომ არასდროს დაკარგონ მეგობრის პოვნის იმედი, ყველაფერი სცადონ, ყველა გზა მოსინჯონ და საწადელს მიაღწიონ. რთულია, იპოვო ადამიანი, თუ მან საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა, ან, თუ მის შესახებ წლების განმავლობაში არაფერი იცი, მაგრამ, არარეალური აქ არაფერია. მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო და კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ დიდი მადლობა ჩემი მეგობრის პოვნისთვის.