როგორ აურია დის მკვლელმა ძმამ კვალი გამოძიებას და როგორ გაიხსნა მკვლელობა პულოვერის სახელოს მეშვეობით
რამდენიმე სასტიკი მკვლელობა სოფელ დარჩიანში სამართალდამცველებმა მომხდარიდან ორი თვის შემდეგ გახსნეს. რეალური დამნაშავის პოვნამდე, მათ დააკავეს მამაკაცი, რომელიც მთავარ ეჭვმიტანილად ითვლებოდა, მაგრამ, სრულიად შემთხვევით გახმაურებული ერთ-ერთი გარემოების წყალობით ყველაფერი შეიცვალა – უდანაშაულო ადამიანი ციხიდან გაათავისუფლეს, მისი ადგილი კი ნამდვილმა მკვლელმა დაიკავა. ამ ტრაგიკული ისტორიის დეტალებზე სოფელ დარჩიანში დღესაც ბევრს საუბრობენ და სინანულით აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომელსაც სოფელში სანიმუშო ოჯახი ჰქონდა, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი დამნაშავის მსხვერპლი გახდა.
ლევან გიქოშვილი და მარიკა მიგრიაული ექვსი წლის წინ დაქორწინდნენ, ერთ წელიწადში შვილიც შეეძინათ და ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ. ახალგაზრდები დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ, ლევანს სოფელში პატარა მარკეტი ჰქონდა და ოჯახს კარგად ინახავდა. ლევანი და მისი მეუღლე სოფლის მეურნეობასაც ეწეოდნენ – ბაღ-ბოსტანი მათი შემოსავლის დამატებითი წყარო იყო, მოკლედ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მშვიდად და წყნარად ცხოვრობდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათ ოჯახში ასეთი სასტიკი ტრაგედია დატრიალდებოდა.
... გიქოშვილების ბინაში სამი გარდაცვლილის გვამი მეზობელმა აღმოაჩინა. ქალბატონი, რომელიც მათ ბინაში პირველად შევიდა, დიდხანს იმყოფებოდა შოკში. გამოძიებისთვის ის იყო პირველი მოწმე, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა ოჯახის სამი წევრის, მათ შორის, 5 წლის გოგონას გვამები.
ამონაწერი ლეილა კ-შვილის ჩვენებიდან: „ასაკით მარიკაზე უფროსი ვარ, მაგრამ, მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, არაჩვეულებრივი მეზობელი იყო. ლევანისა და მარიკას სახლი უბნიდან ცოტა მოშორებით, ბაღების პირასაა, მაგრამ, ერთმანეთთან მაინც ხშირი მიმოსვლა გვქონდა. მკვლელობის დღეს, 12 საათი იქნებოდა, როცა მათთან მივედი. ლევანის მანქანა ჭიშკართან იდგა, რამაც ცოტა გამაკვირვა, რადგან, დღის საათებში ლევანი სახლში არ უნდა ყოფილიყო, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ეზოში შევედი და დავიძახე, მაგრამ, პასუხი არავინ გამცა. უცებ მათი ძაღლი გამოენთო ჩემკენ ყეფით. ისე საშინლად მიღრენდა, ეზოს კარის მიხურვა ძლივს მოვასწარი. კარგა ხანს ვიძახე და, სახლიდან არავინ რომ არ გამომხედა, ბაღიდან მომავალი მეზობლის ბიჭი შევნიშნე და იმას ვთხოვე დახმარება. ეზოში ორივე ერთად შევედით, იმ ბიჭმა ძაღლის მოგერიება შეძლო. მახსოვს, მაშინ დავინახე, რომ ძაღლი პულოვერის ნაგლეჯს დაატარებდა პირით, თუმცა, მაშინ ამისთვისაც არ მიმიქცევია ყურადღება – რას წარმოვიდგენდი, რომ ძაღლს პირში მკვლელის ტანსაცმლის ნაგლეჯი – ზოლიანი პულოვერის სახელო ედო. სახლში რომ შევედი, საზარელი სურათის მომსწრე გავხდი. მეზობელი ბიჭი რომ არ შემოსულიყო და იმას არ მოვესულიერებინე, გული გამისკდებოდა. თუმცა, არც ის ბიჭი იყო ნაკლებ დღეში. დერეფანში ლევანის გვამი ეგდო, მთლიანად სისხლში ამოსვრილი. ოთახში ყველაფერი მიყრილ-მოყრილი იყო, სამზარეულოში იატაკზე მარიკას გვამი ეგდო. შიგნით შესვლა ვეღარ შევძელი და ვიყვირე – ბავშვი სადაა-მეთქი, მაგრამ, შეშინებული გარეთ გამოვვარდი და კივილი ავტეხე“.
შემთხვევის ადგილიდან პოლიციელებმა ამოიღეს დანაშაულის იარაღი – საკმაოდ დიდი ზომის სამზარეულოს დანა, რომლითაც სასტიკი მკვლელობები იყო ჩადენილი. დანა, როგორც გაირკვა, გიქოშვილების ოჯახის საკუთრება იყო და მასზე არ აღმოჩნდა დამნაშავის თითის ანაბეჭდი – მკვლელს ის საგულდაგულოდ გაეწმინდა. გარდაცვლილ ახალგაზრდა ქალს ორი ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული; ბავშვს – მუცელში, ლევან გიქოშვილი კი ბეჭში გამჭოლი ჭრილობით იყო მოკლული. შემთხვევის ადგილზე არ აღმოჩნდა არაფერი, რაც გამოძიებას კვალზე დააყენებდა. ის, რომ ოჯახს მტერი არ ჰყავდა, ყველასთვის ცხადი იყო. ერთადერთი, ვისზეც სამართალდამცველებმა ეჭვი მიიტანეს, იყო იმავე სოფლის მცხოვრები, 40 წლის კახა გუჯაბიძე, რომელსაც გიქოშვილისგან 5 ჰექტარი მიწა ჰქონდა იჯარით აღებული. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ამ მიწასთან დაკავშირებული თანხის გამო ლევან გიქოშვილსა და კახა გუჯაბიძეს საკმაოდ დიდი ხნის დავა და დაპირისპირება ჰქონდათ, გუჯაბიძეს მისთვის 1 500 ლარი უნდა გადაეხადა, ის ვალს ვერ აბრუნებდა და, ამ საკითხთან დაკავშირებით, მკვლელობამდე ორი დღით ადრე, სოფლის ცენტრში, უამრავი ადამიანის თვალწინ, გიქოშვილსა და გუჯაბიძეს ერთმანეთან დიდი დაპირისპირებაც მოუხდათ და, რომ არა თანასოფლელების ჩარევა, ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. სამართალდამცველებისთვის ეს ფაქტი საეჭვო აღმოჩნდა. მათ დაკითხეს კახა გუჯაბიძე, რომელმაც დაადასტურა მკვლელობამდე ორი დღით ადრე გარდაცვლილთან მომხდარი კონფლიქტი, თუმცა, განაცხადა, რომ მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა. ის, რამაც კახა გუჯაბიძე ეჭვქვეშ დააყენა, იყო მის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ცრუ ჩვენება, რომელიც მკვლელობის დროს მის ადგილსამყოფელს ეხებოდა. გარკვეული პირადი მიზეზების გამო, დაოჯახებულმა მამაკაცმა სამართალდამცველებთან დამალა, რომ იმ დილით მეგობარი ქალის სახლში იმყოფებოდა და დაასახელა სხვა ადგილი, რომლის გადამოწმების შემდეგაც ცხადი გახდა, რომ მამაკაცი იტყუებოდა და მას ალიბი არ ჰქონდა. ახალგაზრდა მამაკაცის დაკავება სოფლისთვის მეორე შოკი აღმოჩნდა: ყველა იმას გაიძახოდა, ეს პატიოსანი, მშრომელი ბიჭია და 1 500 ლარის გამო ოჯახს არ ამოწყვეტდაო. სოფლის მცხოვრებლებს ძალიან უჭირდათ იმის დაჯერება, რომ კახა გუჯაბიძე ასეთი სასტიკი მკვლელობების ჩამდენი შეიძლებოდა ყოფილიყო.
სამართალდამცველები, როგორც ჩანს, საქმეს დამთავრებულად არ მიიჩნევდნენ, მკვლელობიდან ერთი თვის თავზე კი მათთვის მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახდა ცნობილი: გარდაცვლილ მარიკა მიგრიაულს, რომელიც ბავშვობაში დაობლებულიყო და დეიდის მიერ იყო გაზრდილი, ჰყავდა ნახევარძმა, პაატა მიგრიაული, რომელიც დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად ჩადენილი ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლევი და მკვლელობამდე ორი თვით ადრე ყოფილა ციხიდან გამოსული. სამართალდამცველებისთვის ამის შესახებ მარიკას ბავშვობის მეგობრის მიერ გახდა ცნობილი, რომელმაც თავის ჩვენებაში განაცხადა, რომ მარიკას თავისი ნახევარძმა არ უყვარდა და სულ იმას ამბობდა, მამამ პატარა ბინა, რომელიც ვაზიანის დასახლებაში გვქონდა, გარდაცვალებამდე მე გადმომიფორმა, პაატა კი უსახლკაროდ დატოვა და, ციხიდან გამოსული, ამ ბინას არ შემარგებსო. სწორედ იმ პერიოდში, სოფელში კიდევ ერთი უცნაური ამბავი მოხდა და ამჯერად ისევ იმ ქალბატონმა იმარჯვა, რომელმაც პირველად აღმოაჩინა გარდაცვლილები. ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „მკვლელობა, ალბათ, ათი დღის მომხდარი იყო. ქალები ერთ-ერთი მეზობლის სახლში ვიყავით შეკრებილი, და, ჩვენი საუბრის თემა, რა თქმა უნდა, ის უბედურება იყო, რაც სოფელში მოხდა. საღამო იყო, ჩვენი მასპინძელი ოჯახის უფროსი, ნიკო, ბაღიდან დაბრუნდა. სახლში შემოსულს გაფითრებული სახე ჰქონდა. მიზეზი რომ გამოვკითხეთ, გვითხრა, ჩემს ბაღში სისხლიანი პულოვერი ვიპოვე, ცალი სახელო მოგლეჯილი აქვსო. უკვე ისე ვიყავით, ყველაფერს ეჭვით ვუყურებდით, მაგრამ, პულოვერი რომ ახსენა, უცებ ის გამახსენდა, რაც გიქოშვილების ეზოში ვნახე – ძაღლი, რომელიც ყოველთვის დაბმული ჰყავდათ, იმ დღეს მე აწყვეტილი ვნახე. ისიც გამახსენდა, რომ პულოვერის ნაგლეჯს დაათრევდა, ხან კბილებით გლეჯდა, ხან კი ფეხებით თელავდა. ნიკოს პულოვერის მოტანა ვთხოვე – მოიტანა და ზუსტად ის ზოლებიანი პულოვერი აღმოჩნდა, რომლის სახელოსაც ძაღლი დაათრევდა. ნიკოს ბაღი გიქოშვილების სახლიდან ისე შორს იყო, ძაღლი იქ ვერ მოხვდებოდა; ან, რატომ უნდა ყოფილიყო პულოვერი და მისი მოგლეჯილი სახელო ასე შორს ერთმანეთისგან? ეს ამბავი მაშინვე პოლიციას შევატყობინეთ და მათ გიქოშვილების ეზოს ბოლოში ძაღლის მიერ დაგლეჯილი სახელოც იპოვეს, რომელსაც სისხლის კვალი ჰქონდა შერჩენილი.”
ამ გარემოების აღმოჩენის შემდეგ, სამართალდამცველებმა პაატა მიგრიაულის ძებნა გაააქტიურეს და რამდენიმე დღეში მის კვალს თბილისში მიაგნეს. დაკითხვაზე მას თავი საკმაოდ დამაჯერებლად ეჭირა, თუმცა ნერვული დაძაბულობა და არაადეკვატურობა მაინც ვერ დამალა. მან განაცხადა, რომ მარიკა წლების განმავლობაში არ ჰყავდა ნანახი. საეჭვო, გარდა მისი წარსულისა, თითქოს არაფერი იყო, მაგრამ, დამნაშავე საკუთარმა სახემ „გაყიდა” – მას სახის მარჯვენა ნაწილი საფენებით ჰქონდა დაფარული, რაზეც პაატა მიგრიაულმა განაცხადა, რომ ღამით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, წაიქცა და სახით რკინის ნაჭერს წამოეგო. პაატა მიგრიაული იძულებული გახდა, ჩადენილი დანაშაული ეღიარებინა. ამონაწერი მისი ჩვენებიდან მომხდარის შესახებ: „მარიკა ჩემი დაა, მაგრამ მასთან არასდროს მქონია კარგი ურთიერთობა და ეს ყველაფერი მამაჩვენის ბრალია, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ აურ-დაურია. მე ის ვერ მაპატია, რომ ორჯერ ციხეში მოვხვდი. სანამ მეორედ დამიჭერდნენ, მეუბნებოდა, ბინა შენ გეკუთვნისო, მაგრამ, ჩემი ციხეში ყოფნის დროს ბინაც გაყიდა და ფული სულ თავის გოგოს მისცა, რომელსაც ერთი „პერედაჩი” არ შემოუგზავნია ჩემთვის ციხეში და ამაზე ძალიან ვიყავი გაბრაზებული. როცა ციხიდან გამოვედი, მარიკასთან სოფელში ჩასვლა გადავწყვიტე. ისე მივედი, არ მელოდნენ. კარგად მიმიღეს, მიმასპინძლეს, არც ფული მიხსენებია და არც წყენა. იმ ღამეს მე და მარიკას ქმარმა ბევრი დავლიეთ. დილით რომ ავდექი, ცუდად ვიგრძენი თავი. სიძე სამსახურში მიდიოდა და მითხრა, სადგურამდე გაგაცილებ, ტაქსიში ჩაგსვამო. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და წავედი. მეორე სოფელში ტაქსი გავაჩერე, ჩამოვედი და, უკან, მარიკასთან დავბრუნდი, ისევ ნასვამი ვიყავი, ძალიან აღგზნებული და დაბოღმილი. ჯერ ჩვენს ბავშვობაზე დავიწყეთ საუბარი, მერე – ბინაზე, რომლის გაყიდვის შემდეგაც მე არაფერი შემხვდა. მარიკა ჩემზე უარესი ჯიუტი აღმოჩნდა და ჩვენი საუბარი ჩხუბში გადაიზარდა, ხელი გავარტყი, იმან კი თეფში მომიქნია. ისე გავმწარდი, იქვე კარადაზე დანა იდო, დანა ავიღე და რამდენჯერმე მოვუქნიე. გულში მოხვდა, ძირს დაეცა, ხმაურზე ბავშვი გამოვარდა მეორე ოთახიდან. იმის მოკვლა არ მინდოდა, მაგრამ, აფექტში ვიყავი და იმასაც დავარტყი დანა. სისხლმა ისე გამახელა, ავდექი და მარიკას ტელეფონით მის ქმარს დავურეკე, მარიკა ცუდადაა და მოდი-მეთქი. ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ ლევანი სახლში მოვარდა. ზურგიდან მივეპარე და დანა მასაც ჩავარტყი. გამიძალიანდა, კედლიდან საკიდი ჩამოგლიჯა და მომიქნია. მე მეორედ დავარტყი დანა ზურგში. მარიკასკენ და ბავშვისკენ აღარც გამიხედავს, დანა გავწმინდე, იქვე დავაგდე და გავიქეცი. ეზოში რომ გამოვედი, მაშინ მივხვდი, რომ მთელი ის პერიოდი ძაღლი ყეფდა – თურმე, ჯაჭვიდან აეწყვიტა, ეზოში გამოსულს სახეზე მეცა და ხორცი ამომაგლიჯა და პულოვერიც შემომახია ტანზე. ეზოდან გამოვედი და ბაღებისკენ გავიქეცი. პულოვერი სისხლიანი მქონდა, გავიხადე და ვიღაცის ბაღში დავაგდე, მერე ბაღებზე გადავლით ცენტრალურ გზაზე გავედი, „მარშრუტკა” გავაჩერე და ქალაქში წავედი...“
სამედიცინო ექსპერტიზამ, რომელიც დაკავებულ პაატა მიგრიაულს ჩაუტარდა, აჩვენა, რომ ის ფსიქიკურად ჯანმრთელი, მაგრამ, იმპულსური პიროვნება იყო და დანაშაული ფსიქიკური აღელვების ნიადაგზე ჰქონდა ჩადენილი, თუმცა, ეს არ აღმოჩნდა შემამსუბუქებელი გარემოება სასამართლოსთვის და, დამნაშავეს, რომელმაც სამი სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა, 22 წლით პატიმრობა მიუსაჯა.