ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: ჩემი ოჯახის წევრი მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით. გვინდა, რომ შეწყალების შესახებ პრეზიდენტთან გვიშუამდგომლოს საქართველოს საპატრიარქომ. გთხოვთ, გვაცნობოთ, როგორ ხდება საპატრიარქოდან შეწყალების შესახებ შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, არსებული პრაქტიკის შესაბამისად, შუამდგომლობას შეწყალების შესახებ საპატრიარქო ვერ გაუწევს იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც გასამართლებულნი არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის, კერძოდ: 1) მკვლელობისათვის; 2) გაუპატიურებისათვის; 3) ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის; 4) ანგარებით თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის და 5) ქურდული სამყაროს წევრობისათვის. თუ ბრალდებული აღნიშნული დანაშაულებისთვის არ არის მსჯავრდებული, მან შეწყალების შესახებ შუამდგომლობის მისაღებად, საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის განყოფილებაში უნდა წარადგინოს თავისი მოძღვრის დახასიათება-შუამდგომლობა, სასამართლოს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის ასლი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების ამსახველი ცნობები (ავადმყოფობის, მცირეწლოვანი, არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობის ასლები, ოჯახის სოციალურად დაუცველობის ცნობა, დახასიათება სამსახურიდან ან სასწავლებლიდან, ასევე, მეზობლების დახასიათება), თუ საქმეში ფიგურირებს დაზარალებული, მისი ნოტარიულად დამოწმებული განცხადება ზიანის ანაზღაურების შესახებ და თანხმობა მსჯავრდებულის შეწყალებაზე. ამასთან, თუ მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, აუცილებელია, მას მოხდილი ჰქონდეს სასჯელის მესამედი, ხოლო ხუთ წელზე ზევით თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას, სასჯელის არანაკლებ ნახევარი.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის სახელმწიფო გადასახადები არსებობს საქართველოში?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, საქართველოში არსებობს საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებია, რომელთა გადახდაც სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხოლო ადგილობრივი გადასახადია საგადასახადო კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით შემოღებული გადასახადი, რომლის გადახდაც სავალდებულოა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის ტერიტორიაზე. ადგილობრივი გადასახადია ქონების გადასახადი, ხოლო საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს მიეკუთვნება: ა) საშემოსავლო გადასახადი; ბ) მოგების გადასახადი; გ) დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ); დ) აქციზი და ე) იმპორტის გადასახადი.
კითხვა: ჩემი ახლო ნათესავი არის მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთით. მაინტერესებს, აქვს თუ არა მსჯავრდებულს უფლება, დროებით, მცირე ხნით მაინც, დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, საქართველოს „პატიმრობის კოდექსის” შესაბამისად, ადმინისტრაციამ შეიძლება უფლება მისცეს მსჯავრდებულს, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით, დროებით დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა მისი ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლების მისაღებად, მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით მიმართავს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების მოტივი და ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ყოფნისათვის განკუთვნილი დრო.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა ვადით აქვს მსჯავრდებულს უფლება, დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება?
პასუხი: თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.
კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ, რა განსხვავებაა საქართველოს „პატიმრობის კოდექსის” მიხედვით, მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლებასა და მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებას შორის?
პასუხი: წინა კითხვის პასუხში ჩვენ უკვე განვმარტეთ მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება; რაც შეეხება მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებას, მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან ადმინისტრაციული პატიმრობა, უფლება აქვს, წელიწადში ორჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. არასრულწლოვნებს, აგრეთვე ფეხმძიმე ქალებსა და 3 წლამდე ბავშვების დედებს უფლება აქვთ, წელიწადში სამჯერ ისარგებლონ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. ხანმოკლე გასვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც. გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა ფორმდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. აღსანიშნავია, რომ მითითებული უფლებები გათვალისწინებულია საქართველოს „პატიმრობის კოდექსით”, შესაბამისად, მისი შეზღუდვა წარმოადგენს მსჯავრდებულის უფლებების სერიოზულ დარღვევას.
კითხვა: ჩემი ოჯახის წევრი მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით და სასჯელს იხდის ნახევრად ღია ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ უარი ეთქვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების გამოყენებაზე. მაინტერესებს, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს მსჯავრდებული?
პასუხი: გაცნობებთ, რომ არსებობს საქართველოს „პატიმრობის კოდექსით” გათვალისწინებული საფუძვლები, რაც წარმოადგენს მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ თხოვნაზე უარის თქმის საფუძველს, კერძოდ, მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი. არასრულწლოვან მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მას შემდეგ, რაც მან, ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი. თუ არ არსებობს მითითებული საფუძვლები, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ მსჯავრდებულის მოთხოვნის არდაკმაყოფილების შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოტივირებული უარი შეიძლება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოც უარს ეტყვის კანონიერი მოთხოვნის დაკამაყოფილებაზე, ეს, შეიძლება, ჩაითვალოს მსჯავრდებულის უფლების არსებით დარღვევად და მას შეუძლია, აღნიშნული უფლების დარღვევა გაასაჩივროს ევროსასამართლოში.