როგორ გავარჩიოთ უბრალო გაციება და გრიპი სხვა რესპირატორული დაავადებებისგან და როგორ დავიცვათ თავი შესაძლო საფრთხისგან ზამთრის პერიოდში
ახლა სწორედ ის სეზონია, როცა ადამიანმა მეტად უნდა დაიცვას თავი შესაძლო დაავადებებისგან. სტატისტიკურად, ზამთარში მწვავე რესპირატორული დაავადებების რისკი საკმაოდ მაღალია, თუმცა ეს დაავადებები პიკს ზამთრის მიწურულს აღწევს. დღეს ბევრი ადამიანი შეშინებულია ეგრეთ წოდებული „ღორის გრიპის“ გამო, რომლის შემთხვევებიც უკვე დაფიქსირდა საქართველოში და ვერ ხვდებიან, როგორ განასხვავონ მისი სიმპტომები ჩვეულებრივი გაციებისა და გრიპისგან. თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ბატონი შოთა ცანავა ამბობს, არანაკლებ საშიშია ჩვეულებრივი გრიპისა და სურდოს გართულებები და ის, შეიძლება, ადამიანის სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს, თუ ამ გართულებას ადამიანის ორგანიზმში სხვა დაავადებების გამწვავებაც მოჰყვა. თუ რა სიმპტომები ახასიათებს პირველივე გამოვლენისას რესპირატორულ დაავადებას, როგორ დავაღწიოთ და დავიზღვიოთ თავი გაციებისა და გრიპისგან და ავიცილოთ შესაძლო გართულებები ზამთრის პერიოდში, ამის შესახებ რეკომენდაციებს სწორედ ბატონი შოთა მოგვაწვდის.
– ბატონო შოთა, ახლა სწორედ ის პერიოდია, როცა საგრძნობლად დიდი რისკია, რომ ადამიანი მწვავე რესპირატორული დაავადებით დასნებოვნდეს. და მაინც, როგორ გავარჩიოთ უბრალო გაციება და გრიპი მწვავე და საშიში რესპირატორული დაავადებისგან?
– მართალია, ახლა შედარებით დიდია გაციებისა და სურდოს შემთხვევები; უბრალო სურდოს, გრიპისა და სხვა, რესპირატორული დაავადების გარჩევა კი ძალიან რთულია, რადგან, კლინიკური გამოვლინებით, უმრავლესობა ამ დაავადებისა, ერთმანეთს ჰგავს. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გრიპი უფრო მწვავედ მიმდინარეობს, ვიდრე სხვა რესპირატორული დაავადება და მისი გამწვავება ძალიან საშიშია, თუ, რასაკვირველია, დაავადებული ადამიანი დროულად არ მიმართავს სათანადო ზომებს. გეტყვით, რომ გრიპს იწვევს გრიპის ვირუსები, რომელთა სხვადასხვა ვარიანტი არსებობს ბუნებაში. ხოლო ის, რასაც გაციებას, ან გრიპისმაგვარ დაავადებებს ვუწოდებთ, შეიძლება, გამოწვეული იყოს დაახლოებით ორასზე მეტი სხვადასხვა ვირუსის მიერ, იშვიათად კი ბაქტერიების მიზეზი იყოს. გრიპი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ხველების, ცემინების ან ლაპარაკის დროს დაავადებული ადამიანის გარშემო, დაახლოებით ერთი მეტრის რადიუსში, ვირუსების დიდი რაოდენობა მიმოიფრქვევა. ასევე, გრიპის გადადების საფრთხე მაშინაც დიდია, როცა დაავადებული ადამიანის ნივთებს ეხებით. ავადმყოფობა გადამდებია ინკუბაციური პერიოდის ბოლოდან, მაქსიმუმს, კი დაავადების პირველ-მეორე დღეს აღწევს. მეხუთე-მეექვსე დღიდან ავადმყოფობა გადამდები აღარ არის და საფრთხეც შედარებით მინიმალურია. მინდა გითხრათ, ბევრმა არ იცის, რომ ყველაზე საშიშია მსუბუქი ფორმით დაავადებულ ადამიანთან კონტაქტი, რადგან ის არ აქცევს დაავადებას სათანადო ყურადღებას, განაგრძობს აქტიურ ცხოვრებას, სამსახურში სიარულს, კონტაქტს ახლობლებთან. ამით კი, გარშემო მყოფებს გარკვეულ საფრთხეს უქმნის. ამიტომ, ყველას ვურჩევ, ამ დროს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ და ნურც სხვებს ჩააგდებთ საფრთხეში.
– ხშირად, ასეთ დროს ადამიანები სამკურნალოდ ანტიბიოტიკებს იღებენ. ეფექტური და უსაფრთხოა ამგვარად მკურნალობა?
– მართალია, სამკურნალოდ ხშირად იღებენ ანტიბიოტიკებს, მაგრამ ასეთი მკურნალობა შედეგს ვერ იძლევა. ამ შემთხვევაში სერიოზული მკურნალობის კურსის ჩატარებაა საჭირო, რათა არ გართულდეს ეს ერთი შეხედვით, უსაფრთხო დაავადება და ადამიანი სავალალო შედეგამდე არ მივიდეს.
– საკმაოდ რთულია, ადამიანმა თავი დაიცვას გრიპისგან ამ სეზონზე. თქვენ რა რეკომენდაციას მოგვცემთ ამ მხრივ?
– რასაკვირველია, თავის დაცვა გრიპისგან რთულია, თუმცა, არსებობს მეთოდები, რომლებიც შესაძლო დაავადებისგან დაგიცავთ. კერძოდ, გირჩევთ: მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, გამოიყენეთ სპეციალური ნიღბები ან თავად დაამზადეთ დოლბანდის ნიღაბი, რომელსაც ყოველდღე გარეცხავთ და დააუთოებთ, რათა მასზე ბაქტერიების არსებობა აღმოფხვრათ. ასევე, მოერიდეთ დაავადებულ ადამიანებთან ახლო კონტაქტს; დაალაგეთ ოთახები სველი წესით და ხშირად გაანიავეთ.
– ამბობენ, ვინც დღეში ერთ კბილ ნიორს, ერთ თავ ხახვს და ლიმონს მიიღებს, მისი ორგანიზმი თავდაცვის ისეთ უნარს გამოიმუშავებს, რომელიც საშიშ ბაქტერიებს აქტიურად შეებრძოლება და მთელი ზამთარი დაზღვეული იქნება როგორც სურდოსა და გრიპისგან, ასევე სხვა რესპირატორული დაავადებებისგანო. ეს მართალია?
– ეს ჩვენი წინაპრების ნაცადი, ხალხური მედიცინის ხერხებია. კერძოდ, მართლაც კარგია ზამთარში ნივრისა და ხახვის ჭამა, ასევე, თბილი ბალახეული ნაყენების სმა. იმუნიტეტის გასაძლიერებლად, შეგიძლიათ ასკორბინის მჟავა ანუ C ვიტამინი ან ვიტამინების კომპლექსი მიიღოთ. ეს მკვეთრად აამაღლებს თქვენი ორგანიზმის იმუნიტეტს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ გრიპის პროფილაქტიკის მიზნით კარგი და ეფექტურია ვაქცინაცია. განსაკუთრებით სჭირდებათ ის რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს. ამ ჯგუფში კი შედიან: ასაკში შესული ადამიანები, სასუნთქი ორგანოებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონენი, ბავშვები და მოზარდები. აცრილ ადამიანებში გრიპი შედარებით იოლი ფორმით მიმდინარეობს, თანაც გართულებების გარეშე. რაც შეეხება საკვებ რაციონს, ზამთრის პერიოდში ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ და სწორად შეარჩიოთ მენიუ. გირჩევთ, იკვებოთ ახალი ბოსტნეულითა და ხილით, მიიღოთ ვიტამინები, განსაკუთრებით – C ვიტამინი. მოერიდეთ ცხიმიანი ძროხისა და ღორის ხორცის ჭამას. მიიღეთ ორ ლიტრამდე სითხე. ასკილისა და კომშის ახლად მოხარშული კომპოტები, ლიმონიანი ჩაი, ბალახეული ნახარშები. თუ დაავადების სიმპტომები შენიშნეთ, სასწრაფოდ გაიკეთეთ ინჰალაცია, ყელში კი გამოივლეთ მარილიანი წყალი. ტკივილისა და ტემპერატურის მომატების დროს ბევრი ადამიანი ასპირინს, პარაცეტამოლს, აცეტამინოფენსა და სააფთიაქო ქსელში შემოსულ უამრავ წამალს სვამს. რასაკვირველია ეს ცუდი არ არის, მაგრამ, თუ ტემპერატურა 37,8 გრადუსი გაქვთ და ის ერთი დღიდან სამ დღემდე გრძელდება, მაშინ თვითმკურნალობა ყოვლად დაუშვებელია და სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს. აქვე გეტყვით, რომ, თუ გრძნობთ მწვავე ტკივილს ყელის, ფილტვების, მკერდის, ყურის არეში, გაქვთ დიდი რაოდენობით ნახველი, გიჭირთ ყლაპვა, გახველებთ ხიხინით, გეუფლებათ გულისრევის შეგრძნება, გიჭირთ სუნთქვა, გაქვთ დახრჩობის შეგრძნება, მაშინ არ დააყოვნოთ ექიმთან ვიზიტი, რადგან გართულებული გრიპი, შესაძლოა, სხვადასხვა საშიში და ვერაგი დაავადების მიზეზი გახდეს.
– ბოლო დროს გახშირდა პირღებინების და ფაღარათის შემთხვევები. ეს რომელი დაავადების გამოვლინებებია?
– მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს გახშირებული სიმპტომებია, მაგრამ, გეტყვით, რომ ეს ნაწლავური ინფექციის ბრალია. კერძოდ, ამ ნაწლავური ინფექციების გამომწვევ ზოგიერთ ვირუსს ახასიათებს პირღებინება, ფაღარათი, საერთო სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება. ინკუბაციის პერიოდი დაახლოებით ორ დღეს გრძელდება. ეს არ არის საშიში და ადვილად ემორჩილება მკურნალობას. მთავარია, დროულად მიაქციოთ ყურადღება და საქმე არ გაართულოთ. ამ დროს, შესაძლოა, ტემპერატურის მატებაც დაფიქსირდეს. ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს და საჭიროა ამ დაკარგული დანახარჯის ანაზღაურება. ამასთან ერთად, ორგანიზმი კარგავს, როგორც იცით, მინერალურ მარილებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. კარგია მინერალური წყლის, ჩაის, ნატურალური წვენების მიღება. მაგრამ, თუ სიტუაცია ერთ ან ორ დღეში არ შემსუბუქდა, მაშინ სამედიცინო დახმარება გარდაუვალია. აუცილებელია ასევე გადასხმების ჩატარება, რომ ვირუსმა უკან დაიხიოს და უფრო არ გართულდეს. მსგავსი სიმპტომის დაავადებას „კუჭ-ნაწლავის გრიპსაც“ უწოდებენ. თავი რომ დაიზღვიოთ დაავადებებისგან, ყველას გირჩევთ, ზამთარში ხშირად დაიბანოთ ხელები. ეს, ჩემი აზრით, ყველაზე მარტივი და კარგი საშუალებაა და, ასევე, გირჩევთ, მოერიდოთ დაავადებულ ადამიანთან კონტაქტს.