ხაფანგში
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-14(588)
ასათიანი ისევ დაბრუნდა თავის კაბინეტში და ტელეფონიც მაშინვე აწკრიალდა. მისი დამოკიდებულება საქმისადმი ყველამ იცოდა – მეგობრებმაც, თანამშრომლებმაც და ოჯახის წევრებმაც. ასათიანს საქმიანი იმიჯი ხელოვნურად, ვინმეს დასანახავად არ შეუქმნია, ასე გაზარდეს, ის ამას ხედავდა ყოველთვის. იმ გარემოში, რომელშიც ასათიანი ცხოვრობდა, დროის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ. დრო იქ ფული იყო და საკმაოდ დიდი ფულიც...
ქეთის უკვე შეეძლო, ეთქვა, რომ შეფს სხვებზე ბევრად ახლოს იცნობდა. სხვებზე, ანუ, თანამშრომლებზე ახლოს. შეეძლო ის დროც კი გამოეთვალა მათემატიკური სიზუსტით, რომელიც ასათიანმა მის გვერდით გაატარა. ეს წუთები და საათები სრულიად საკმარისი იყო შეფის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესაქმნელად და, ასეც რომ არ ყოფილიყო, ქეთის შეეძლო, წაეკითხა ასათიანზე დაწერილი სტატიები ჟურნალებში, სადაც ძირითადად იმაზე იყო ლაპარაკი, როგორი დაკავებული და მოუცლელი გახლდათ ეს ახალგაზრდა, მომხიბვლელი ბიზნესმენი...
***
ქეთიმ ფრთხილად აიღო თაროდან პრიალაყდიანი ჟურნალი და გარეკანს დააშტერდა.
– მთლად ასეთი თვალისმომჭრელიც არ არის. ფოტოშოპი თავის საქმეს აკეთებს... – მარიკომ ჟურნალი გამოსტაცა და სიცილით აუფრიალა ცხვირწინ, – გინდა, მის შესახებ მეტი იცოდე? მაგრამ, აქ რომ არაფერი საინტერესო არ წერია?! მაგალითად, არ წერია, როგორი ქალები მოსწონს – დიდძუძუებიანი თუ „ტვინიკოსები“ – აი, ისეთები, როგორიც შენ ხარ.
– მე რა შუაში ვარ? მარიკო, არ ვიცოდი, ჟურნალის თაროდან აღება დანაშაული თუ იყო.
– დანაშაული არ არის, პირიქით...
ქეთიმ ამოიოხრა და გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა:
– ვერ გამიგია, რატომ მებრძვი, მე ხომ არაფერი დამიშავებია შენთვის? მინდა, უბრალოდ, ვიმეგობროთ, ჩვენ ხომ თანამშრომლები ვართ?
– მართლა? მეც სწორედ მაგას ვამბობ, რომ თანამშრომლები ვართ, – მრავალმნიშვნელოვნად შემართა თითი მარიკომ, – დიახ, თანამშრომლები და არა მეტოქეები.
– ვერ მივხვდი... – მხრები აიჩეჩა ქეთიმ, – მართლა არ მესმის, რას მეუბნები.
– რა თქმა უნდა, ვერ ხვდები, იმიტომ რომ, არ გინდა, მიხვდე. შენი აქ გამოჩენის მერე ყველაფერი აირია.
– რა აირია? მე ავურიე რამე?
– დიახ, შენ. მაგრამ, რამდენიც არ უნდა გელაპარაკო, მაინც ასეთი სულელური გამომეტყველება გექნება. არადა, ნამდვილად არ ხარ ისეთი მიამიტი, ვერაფერს ხვდებოდე. პირიქით, იმაზე გაცილებით ჭკვიანი ხარ, ვიდრე თავს გვაჩვენებ. თუმცა, კარგად ვერ გათვალე – მე არ ვტყუვდები. შეიძლება, ვიღაც-ვიღაცეები კიდეც გააცურო, მაგრამ, მარიკოს ვერ მოერევი, ვერა!
– მარიკო, ნამდვილად რაღაც გეშლება, გარწმუნებ.
– მე მეშლება? კარგი, მეშლება, ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის, მაგრამ, იცოდე, ერთ დღესაც, შეგახსენებ, რომ გაცილებით ადრე და ყველაზე პირველმა ვიწინასწარმეტყველე ყველაფერი.
ქეთიმ ამოიოხრა და თავი გააქნია:
– რა ვქნა, თუკი მართლა ვერაფერს ვხვდები?!
– არაფერი. შენ კი არა, ჩვენ უნდა ვქნათ, თანაც, სასწრაფოდ, სანამ ყველა კაცს ცხვირწინ აგვახევენ, – მარიკო კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ თავისი ოთახიდან გამოსული ნათია დაინახა და გადაიფიქრა. სამაგიეროდ, ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია, იდგა და ელოდა, რას ეტყოდა ქალი ქეთის, რომელიც უკვე ნანობდა, საერთოდ რომ მიუახლოვდა ჟურნალებით დახუნძლულ თაროს.
– ცოტა ხანს ჩემთან შემოდი, საქმე მაქვს შენთან, – თქვა ნათიამ მკაცრად და ქეთის უცნაურად ახედ-დახედა.
– დიახ, ახლავე. მხოლოდ ამ ჟურნალს დავდებ.
– ჟურნალს? – ნათიამ ხელი გაუწოდა და ქეთიც იძულებული გახდა, ჟურნალი მიეცა.
ქალმა ყდას დახედა.
– აჰა, გასაგებია... წამოდი, წამოდი!
ქეთი მორჩილი ბატკანივით გაჰყვა უკან. შეწუხებულ სახეზე სასოწარკვეთა აღბეჭდვოდა. მარიკომ დრო იხელთა და მაგდასთან გაქანდა.
– ხედავ? ნახე? წარმოგიდგენია? – მიაყარა შეკითხვები, თან აღშფოთებისგან სულს ძლივს ითქვამდა, – იცი, რა ეჭირა ხელში? იცი?
– მარიკო, რა გაყვირებს? ხომ იცი, ასათიანი ოფისშია. თან, ისე მოულოდნელად იცის ხოლმე ჩამოსვლა. ამ ლიფტსაც ხომ საერთოდ არ აქვს ხმა... მერე კიდევ, ნათია ყრუ ხომ არ გგონია, საყვედურები მოგენატრა?
– ნათიას ჩვენთვის არ სცალია. თავისი რჩეული ჰყავს კაბინეტში შეყვანილი და ახალ მითითებებს აძლევს. ახლა კი, იცი, რა მითხრა?!
– ვინ? ნათიამ?
– ნათიამ კი არა, ქალბატონმა... ვიმეგობროთო. მე შენი მეტოქე კი არა, თანამშრომელი ვარ და მტრად ნუ მიგაჩნივარო.
– რას ერჩი, კარგად უთქვამს, – გულგრილად აიჩეჩა მხრები მაგდამ. მარიკო აღშფოთდა.
– შენც მაგის მხარეს ხარ? შერ რიღათი გადაგრია? შევიშალე ჭკუიდან! ერთი, ნინიც აღარ გამოჩნდა, რომ ყველაფერი მოვუყვე თორემ, გამისკდება გული. კბილი ამოუღეს, გული ხომ არა, ამდენ ხანს სახლში რა აძლებინებს...
– როგორი უცნაური ლაპარაკი იცი ხოლმე. იქნებ გასიებული აქვს, ან, იქნებ, სულაც, დაუჩირქდა? და, საერთოდ, რატომ ვერ ისვენებ? მე დამღალა ამ თემამ. მოსწონთ და მოსწონდეთ, ეგ არ არის ჩემი პრობლემა.
– აჰა, გასაგებია! ესე იგი, შენც მაგას შეეკარი.
– არავისაც არ შევეკარი. საერთოდ არ მაინტერესებს ეგ გოგო და არც ის მამაკაცები, რომლებიც გარშემო ეხვევიან.
– ერთ-ერთი მამაკაცი ასათიანია, შენი შეფი.
– მით უმეტეს. ეგ საერთოდ არ არის ჩემი საქმე. აჯობებს, საერთოდ გავჩუმდე.
– შეგეშინდა? – ირონიულად ჩაეკითხა მარიკო და მსხვილი, ლამაზი ტუჩები გაბუსხა.
– მე? რისი უნდა შემშინებოდა?
– რა ვიცი, აბა?! მეც სწორედ ეგ მაინტერესებს და გეკითხები.
– მარიკო, შენ დღეს მარცხენა ფეხზე ხომ არ ადექი? რაღაც ძალიან ცუდ გუნებაზე ხარ. თავადაც არ იცი, რა გინდა.
– მალე ნახავ, რაც მოხდება, თორემ, მე არაფერიც არ მინდა.
– მე კი მინდა, – ამოიოხრა მაგდამ, – უკეთესი სამსახური მინდა, უფრო დიდი ანაზღაურებით და წარმატებული მომავალი.
– ფიქრობ, რომ ეს კარგი საშუალებაა მამაკაცების მისაზიდად?! მეც სწორედ მაგას ველოდებოდი, რომ იტყოდი. ტყუილად გაქვს იმედი. აქ რაღაც სხვა ხდება. მაგრამ ჯერ არ ვიცი, რა.
– მარიკო, დამშვიდდი, ძალიან ხარ აფორიაქებული. დამიჯერე, ქეთი შენ პრობლემას არ შეგიქმნის, მაგრამ, საკუთარ თავს აუცილებლად თვითონ შეუქმნი პრობლემებს, თუ ნეგატიური აზრებისგან არ გაიწმინდები.
– „ნეგატიური აზრები“... ნახე, უკვე როგორ ლაპარაკობ?
მარიკომ ამოიოხრა:
– ჰო, კარგი, აღარ გავაგრძელებ. რა აზრი აქვს? მალე ყველა ვნახავთ, აქ რა ამბებიც დატრიალდება...
– გოგოებო, რატომ არ მუშაობთ? რა თათბირი გაქვთ? – ვახომ ორივეს გაუღიმა, – რაღაც მოწყენილები მეჩვენებით. ჩემმა მეგობარმა ხომ არ დაგცოფათ? ეს ნამდვილად ეხერხება. თავისთან არის კაბინეტში? თუ გინდათ, ყურს ავუწევ, ასეთი მომხიბვლელი ქალბატონები რომ გააბრაზა.
– არა, არა, ყველაფერი კარგად არის, – სწრაფად თქვა მაგდამ და მარიკოს ანიშნა, ამას ლაპარაკში არ აჰყვეო, მაგრამ, მარიკომ, წამწამები დაახამხამა და, როგორც შეეძლო, გაინაზა.
– მართალი ხართ, ვახო... ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ, ასათიანი არაფერ შუაშია. თავს მარტოსულად ვგრძნობ – ზოგჯერ მემართება ხოლმე...
– მერე, რისთვის ვართ მამაკაცები? მე ვიცი მაგის წამალი – გემრიელი ვახშამი კარგ რესტორანში... შემიძლია, დაგპატიჟო.
– გმადლობ, ვიფიქრებ ამაზე.
– არ იფიქრო, უბრალოდ, დამთანხმდი. ფიქრობენ ხოლმე რამე მნიშვნელოვანზე, ეს კი სხვა შემთხვევაა... აბა, რას იტყვი?
– თანახმა ვარ. ეგზოტიკური სამზარეულო მიყვარს, – კეკლუცად თქვა მარიკომ.
– მიღებულია, იქნება ეგზოტიკური! ახლა ასათიანთან ერთად საქმიან მოლაპარაკებაზე მივდივარ. შენი მობილურის ნომერი მომეცი და, გავთავისუფლდები თუ არა, მაშინვე დაგირეკავ.
მაგდამ აღშფოთებით ჩამოქაჩა ქვედაბოლოს კალთა მეგობარს, მაგრამ მარიკომ არ შეიმჩნია, ვახოს მობილურის ნომერი უკარნახა და თეძოების რხევით თავის ოთახში შევიდა. კაცმა ისე გახედა, მაგდა შეიჭმუხნა. აცადა, სანამ ვახო ლიფტში გაუჩინარდა და მარიკოსთან შევარდა. ქეთი ისევ ნათიას კაბინეტში იყო და თავისუფლად ლაპარაკის საშუალება ჰქონდა. ამიტომ დრო აღარ დაუკარგავს და პირდაპირ ჩხუბზე გადავიდა:
– შენ ხომ არ გაგიჟდი? რატომ მიეცი მობილურის ნომერი?
– ვითომ, რატომ არ უნდა მიმეცა?
– ვერ ხვდები? იმიტომ, რომ ცოლი ჰყავს და სამი შვილი.
– მერე რა? რა არის ამაში საგანგაშო? რესტორანში მივყვები, სასტუმროს ნომერში ხომ არა?
– თუ ამდენს გააბედვინებ, მაგასაც შემოგთავაზებს, დარწმუნებული ვარ!
– მარიკომ მშვიდად გაიღიმა.
– სულ ტყუილად ნერვიულობ. დიდი გოგო ვარ და სხვის დაუხმარებლად გავცემ ისეთ პასუხს, როგორსაც საჭიროდ მივიჩნევ. ასე რომ, არ გინდა, ჩემთვის თავს ნუ გამოიდებ.
– ცუდად იქცევი! – მიახალა მაგდამ და შიშით გაიხედა ნათიას კაბინეტისკენ, მერე კი ჩურჩულით დაუმატა: – როცა დაგირეკავს, არ წაჰყვე რესტორანში, რამე მოიმიზეზე.
– შენი საქმე არ არის. წადი, რა, შეასრულე შენი პირდაპირი მოვალეობები.
– მარიკო, გეუბნები, ასე არ შეიძლება!
– შენ ვინ ხარ, რომ მე ჭკუა დამარიგო? როგორმე თავად გადავწყვეტ, რა შეიძლება და რა არა.
– ახლა გაღიზიანებული ხარ და იმიტომ ლაპარაკობ ასე. მერე მართლა მიხვდები, რომ შეცდი, თუმცა, გვიან იქნება.
– რას მელაპარაკები? საკუთარ შეცდომებზე ყოველთვის თავად ვაგებ ხოლმე პასუხს. დამშვიდდი, შენ ნამდვილად არ გისაყვედურებ.
– სამი შვილი ჰყავს... სამი შვილი!
– რას ჩაიხვიე... სამი შვილი... სამი შვილი... მეც მყავს შვილი! – გაბრაზდა მარიკო, – დიდი ამბავი, თუ ერთად ვივახშმებთ!
– შენი თავი წარმოიდგინე მისი ცოლის ადგილას.
– რატომ უნდა წარმოვიდგინო? მაგდა, რა გჭირს? ნუ გეშინია, არ ვაპირებ, ვახოს საყვარლად დავუჯდე.
– მაინც ვერ გავამართლებ შენს საქციელს.
– არც მჭირდება. მთავარია, რომ დღევანდელი საღამო განსხვავებული მექნება, – მარიკომ კმაყოფილი გამომეტყველებით ამოიღო ხელჩანთიდან სარკე და საკუთარი თავი შეათვალიერა, – სალონში შევლას, მგონი, მოვასწრებ.
– მარიკო, ძალიან გთხოვ... არც ასათიანს მოეწონება ეს ამბავი, – უკანასკნელ საშუალებას მიმართა მაგდამ.
– მართლა? ასათიანს ჩემი პირადი ცხოვრება არ ეკითხება და სულაც არ ვაპირებ, საქმის კურსში ჩავაყენო. შენც გირჩევ, ჩუმად იყო.
– მარიკო...
– მაგდა... შენ ჩემი არც დედა ხარ და, მით უმეტეს, არც სულიერი მოძღვარი. მომეშვი, ძლივს გუნება გამომიკეთდა და ნუღარ მომიშლი ნერვებს.
– ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება, თორემ ნახავ... – ამოიოხრა იმედგაცრუებულმა მაგდამ, – მით უმეტეს, თუ ვახოს ცოლმა გაიგო...
– მერე, ვინ ეტყვის ვახოს ცოლს? მე? ვახო? იქნებ, შენ აპირებ? არ გამიკვირდება...
– როგორი უსამართლო ხარ, – ეწყინა მაგდას, – შენზე ვზრუნავ და შენზე ვდარდობ, ვახო რაში მაინტერესებს?
– ჰოდა, თუ არ გაინტერესებს, ნურც იდარდებ ჩემზე და ნურც ინერვიულებ. მოვრჩეთ. ნათიამ რამდენჯერმე გამოიხედა და, არ მინდა, მთელმა ოფისმა გაიგოს, საღამოს ვახოსთან ერთად რომ ვვახშმობ.
მაგდამ საყვედურით შეხედა:
– შენი საქმის შენ იცი. მე ხმას არ ამოვიღებ, მაგრამ, გული მაგრძნობს, ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება...
ასათიანმა მონიტორს თვალი მოაშორა და ვახოს შეხედა:
– რა მალე მოხვედი?! რატომ იჩქარე? კიდევ ცოტა ხანს მოგეცადა! რა იყო, კაბინეტს ვერ მოაგენი?
– ქვემოთ გოგოებს ველაპარაკებოდი. შენ რა, დღეს გუნებაზე არ ხარ?
ასათიანმა წყენით შეხედა:
– ჩემი გუნება რა შუაშია? შენ იმ გოგოებთან რა საქმე გაქვს? რამდენჯერ გაგაფრთხილე, თავი დაანებე-მეთქი.
– მერე, რა გინდა, ტო, დანებებული მაქვს. გამარჯობაც არ ვუთხრა და არ მოვიკითხო?
– ძალიან კარგად იცი, რასაც ვგულისხმობ და აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. ახლა საქმეზე: მოკლედ აგიხსნი დღევანდელი ჩვენი შეხვედრის ფორმატს.
– რა ფორმატზე მელაპარაკები, ვერაფერი გავიგე.
– ახლავე აგიხსნი. მოკლედ, დღეს შეხვედრაზე მარტონი არ ვიქნებით, თარჯიმანი გვეყოლება.
ვახოს თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან.
– რა თარჯიმანი, ტო... როდის გჭირდებოდა თარჯიმანი? ინგლისური იმათ არ იციან თუ რაშია საქმე?
– მომისმინე, ბევრის ახსნას არ ვაპირებ. დღეს მე ინგლისური არ ვიცი და მომყავს თარჯიმანი – საქმეს ასე სჭირდება. შეიძლება, მერეც დამჭირდეს ხოლმე.
– რაზე ლაპარაკობ, ერთი კარგად ამიხსენი. ან, თარჯიმანი ვინ გყავს, მე ვიცნობ?
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? დავუშვათ, არ იცნობ, ამით რა შეიცვლება?
– არაფერი, მაგრამ, სანდოა? იცი, როგორი კვალიფიკაცია აქვს? შეამოწმე?
– ვახო, რადგან გეუბნები, რომ თარჯიმანი მყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კითხვები აღარ არსებობს.
– ვა... მაინტერესებს, ტო!.. გოგოა თუ ბიჭი, ის მაინც მითხარი.
– ნახავ. ჩვენთან ერთად წამოვა, ჩვენი მანქანით.
– შენი თუ ჩემი? რომელ მანქანას ირჩევ?
– ნუ ლაზღანდარობ, – წარბი შეიკრა ასათიანმა, – მე ჩემი მანქანით წამოვალ, შენ – შენით, როგორც ყოველთვის.
– და... მანქანაში შენი ახალი თარჯიმანი გეჯდება. ლამაზია? – თვალები მოჭუტა ვახომ.
– გამოუსწორებელი ხარ. მე შენნაირი არ ვარ, რით ვერ გაიგე?
– მე როგორი ვარ?
– ხომ გითხარი, – გამოუსწორებელი!
– ჰო, კარგი, კარგი! ყავა დამალევინე და წავიდეთ.
– ყველაფერი იქ არის, მიდი და მოადუღე.
– შენმა მდივანმა რომ მომიდუღოს, არა?
– ვახო!
– ჰო, გეყოფა, ნუ იბღვირები, მე მოვიდუღებ. შენც მოგიდუღებ, იქნებ, ეგ შეკრული წარბი გაიხსნა და მიხვდე, რომ შენი მეგობარი ვარ, მტერი კი არა, – წყენით თქვა ვახომ და ბუზღუნით გავიდა სამზარეულოში.
***
ნათიამ ქეთი კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავიდან ფეხებამდე და თავი გადააქნია. ქეთი ვერ მიხვდა, რისი თქმა უნდოდა ამით. შეკითხვა ვერ გაბედა და გაწითლდა.
– მოკლედ, მგონი, ყველაფერი გაიგე.
– დიახ, რა თქმა უნდა. ახლავე უნდა წავიდე?
– როგორც კი ბატონი დიმიტრი დარეკავს. არ ვიცოდი, თარჯიმანიც თუ იყავი. შენს საინფორმაციო ბარათში ეს არ ეწერა.
– ინგლისურ ენაში ვამზადებდი ბავშვებს.
– აჰა, გასაგებია.
ქეთის მეტი სიტყვაც აღარ უთქვამს – არ უნდოდა, ასათიანთან ერთად რესტორანში ყოფნის ამბავი გაემხილა.
– კარგი, წადი. ცოტა თავი მოიწესრიგე და როგორც კი დამირეკავს, დაგიძახებ. თუ მერე მოგიწევს ბატონ დიმიტრისთან ერთად საქმიან შეხვედრებზე წასვლა, შესაბამისად უნდა გამოიყურებოდე. მე არ ვერევი ხოლმე თანამშრომლების ჩაცმულობაში, მაგრამ, ეს კონკრეტული შემთხვევა გამონაკლისია.
– ანუ, ჩაცმის სტილი უნდა შევიცვალო? ამისი თქმა გინდათ?
– თითქმის გამოიცანი. ამჯერად ასე იყოს. რადგან, სახლში წასვლას და გამოცვლას ვეღარ მოასწრებ, მაგრამ, შემდგომისთვის გაითვალისწინე: პიჯაკი, შესაფერისი პერანგი... – მოკლედ, მგონი, ხვდები, რასაც მოვითხოვ შენგან.
ქეთიმ თავი დაუქნია და ჩაფიქრდა... ვერ იტყოდა, რომ ასათიანი ახლოს გაიცნო. იმ ვახშამზე ისეთი დაბნეული და გაოგნებული იყო, მარტო იმას მიხვდა, რომ ასათიანმა ის გამოარჩია. მაგრამ, რატომ – ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. ამ მამაკაცისგან ისეთი ფლუიდები მოდიოდა, რომ გოგო მოინუსხა, შეიძლება, ცოტათი დაითრგუნა კიდეც. ოთახში რომ შევიდა, ფიქრი განაგრძო. მაგრამ კონკრეტული მაინც ვერაფერი მოიფიქრა. ვერც ის წარმოიდგინა, რომ ასათიანი ასე მალე შეასრულებდა თავის სიტყვას. იმის შიში, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ გაართმევდა, არ ჰქონდა, მაგრამ, ძალიან განიცდიდა იმას, რომ თავისი სურვილის გარეშე ამოტივტივდა და ასეთი თვალში საცემი გახდა. რა თქმა უნდა, ილუზია იმისა, რომ ასათიანი სერიოზულად იფიქრებდა მასზე, როგორც ქალზე, არ შეჰქმნია. არც იმისი იმედი გასჩენია, რომ ამიერიდან შეფს უფრო ხშირად ნახავდა. ამიტომ, ნათიასგან მიღებულმა ინფორმაციამ გააკვირვა და ცოტათი დააფრთხო კიდეც. ახლა ძალიან უნდოდა, ასათიანისთვის უბრალოდ ეთქვა, ამის გაკეთება საჭირო არ არისო, მაგრამ, ზუსტად იცოდა, რომ ამ მარტივი ფრაზიდან ერთ სიტყვასაც ვერ წარმოთქვამდა... ჰოლში გავიდა და კედელზე დიდ სარკეში ჩაიხედა. სარკემ მთლიანად, თავიდან ფეხებამდე აირეკლა მისი გამოსახულება და, რამდენიმე წლის შემდეგ პირველად, ისიც იძულებით, შეაფასა საკუთარი გარეგნობა. შეაფასა და უკმაყოფილო დარჩა: სარკიდან სუსტი, დამფრთხალი, გაფითრებული გოგო უმზერდა – არავითარი თავდაჯერებულობა და სითამამე! ასათიანის გვერდით ასეთი თარჯიმანი ნამდვილად ვერ იბრწყინებდა. თმა მექანიკურად შეისწორა, თუმცა, ამას ბევრი არაფერი შეუცვლია. გაფითრებულმა ტუჩი მოიკვნიტა და ისე მიმოიხედა, თითქოს შველას ვიღაცისგან ელოდა. ჰოლში მაგდას გარდა სხვა არავინ იყო და ისიც გაოცებული მისჩერებოდა. მერე ვეღარ მოითმინა და ჰკითხა.
– ქეთი, რა ხდება?
– არაფერი...
– როგორ არაფერი, სახეზე ფერი არ გადევს. წყალი ხომ არ მოგაწოდო?
– არა, არა, მე თვითონ დავლევ. ოთახში ფანჯარა არ გავაღეთ და ცოტა უჰაერობაა. მართლა ცუდად გამოვიყურები?
შეიძლება სხვა შემთხვევაში მაგდას ეთქვა, ნეტავი კარგად როდის გამოიყურებიო, მაგრამ, შინაგანმა ხმამ უკარნახა, ამჯერად, უნდა დაენდო გოგო. ქეთის ეტყობოდა, რომ უამისოდაც არ იყო კარგ დღეში.
– ქეთი, მითხარი, რით დაგეხმარო? მართლა...
– არაფრით... – ქეთიმ ნაძალადევად გაიღიმა და სახეზე ხელი მოისვა. არა. ეს სიზმარი არ იყო... ყველაფერი მის თავს ხდებოდა, თანაც – ცხადში...
***
ვახომ სიგარეტს მოუკიდა და მეგობარს კითხვით სავსე მზერა მიაპყრო. ასათიანმა ფანჯარაში გაიხედა.
– ტყუილად ცდილობ, არაფერი შეიმჩნიო. შოკში ვარ და, მაინტერესებს, რა ხდება.
– რა უნდა ხდებოდეს? შეხვედრამ მშვენივრად ჩაიარა, მე კმაყოფილი ვარ.
– მართლა? კმაყოფილი ხარ? აი, მე საერთოდ არ ვარ კმაყოფილი. საიდან გაჩითე ეს გოგო?
– წესიერად ილაპარაკე! რას ნიშნავს – „გავჩითე“? ჩემი ოფისის თანამშრომელია. მითხრა, ინგლისური ვიციო და ეს შესაძლებლობა გამოვიყენე. სხვათა შორის, როცა თარჯიმანი გახლავს, პარტნიორები გაცილებით სერიოზულად აღგიქვამენ.
– შენ რა, მაბოლებ? ხვდები მაინც, რომ გამოჭერილ თაგვს ჰგავხარ და ძალიან სასაცილო ხდები? საიდან გამოჩხრიკე ეგ გოგო და რატომ გაიღვიძა შენში მასზე მამობრივი ზრუნვის სურვილმა? ეს რა, მშობლის ინსტინქტის ყივილია და მე არ მესმის? მითხარი, შენი მეგობარი არ ვარ?
ასათიანი მოიღუშა. ვახო არ მოეშვა.
– რაც ევროპიდან დაბრუნდი, ვეღარ გცნობ. გამაგებინე, რა ხდება?
– არაფერიც არ ხდება და უკვე ნერვებს მიშლი. არ მოგეწონა, შეხვედრამ როგორ ჩაიარა? ცუდად თარგმნიდა?
– მე ვთქვი, ცუდად თარგმნიდა-მეთქი? მაგრამ, აქამდე თარჯიმანის ყოლის სურვილი არ გაგჩენია. თანაც, როცა სახლში მიიყვანე და მანქანიდან გადავიდა, ძალიან უცნაურად შეხედე.
– მაინც, როგორ უცნაურად? – გამოაჯავრა ასათიანმა.
– როგორ და... უცნაურად, – ვახომ სიგარეტს მოუკიდა და თავი გააქნია.
– გეტყვი, მაგრამ არ დამეთანხმები და გაიცინებ.
– თუ სასაცილოა, გავიცინებ, აბა რას ვიზამ? – დიმა, შენ მართლა ვერ ხვდები, რომ შეიცვალე?
– მე? შევიცვალე? არ მესმის, რას გულისხმობ. მოდი, საქმეზე ვილაპარაკოთ. დღეს ძალიან კარგ კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი და კმაყოფილი ვარ. ბარში შემოვედით, რომ თითო ჭიქა ვისკი დავლიოთ, აღვნიშნოთ და სიგარაც მოვწიოთ, შენ კი რაღაც სისულელეებზე მელაპარაკები.
– მე ვერ ვიტან სიგარას, – ჩაიბურტყუნა ვახომ და უცებ საათზე დაიხედა, – აუჰ, თუ ეს საათი არ იტყუება, ძალიან დამაგვიანდა. შენთან რა დროა?
– ათი შესრულდა. თერთმეტის შვიდი წუთია. სად დაგაგვიანდა?
– ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ერთი წუთით გავალ, დავრეკავ და დავბრუნდები.
– შეგიძლია, არ იჩქარო, – მიაძახა ასათიანმა, ვისკი მოწრუპა და სიგარის არომატი ხარბად შეისუნთქა...
***
ქეთიმ კარი თავისი გასაღებით გააღო და ბინაში ფეხაკრეფით შეიპარა. თავის ოთახამდე „მშვიდობიანად“ მიაღწია და, როცა ზურგსუკან კარი მიიხურა, შვებით ამოისუნთხა. გაუხდელად მიეგდო საწოლზე და სახე ბალიშში ჩამალა. თავში ყველაფერი აერია. ყურები უხურდა და გული გამალებით უცემდა. არ სჯეროდა, რომ რამდენიმე საათის წინ ასათიანთან ერთად უჯდა მოლაპარაკებების მაგიდას. შეეცადა, გაეხსენებინა, რაზე საუბრობდნენ ან თვითონ როგორ ეჭირა თავი, მაგრამ, მეხსიერებაზე თითქოს ბინდი გადაეფარა. ახსოვდა მხოლოდ ასათიანის ანთებული თვალები და მისი კმაყოფილი, კეთილმეგობრული ღიმილი. ქეთიმ ამოიოხრა, ადგა, კარადასთან მივიდა და გამოაღო. მისი მწირი გარდერობი სევდას თუ აღძრავდა. ტანსაცმლის მკრთალმა ფერებმა და მოძველებულმა სტილმა გოგოს გული ატკინა. მის განახლებაზე ფიქრიც კი სასაცილო იყო. ჯერ ერთი, მთელ თავის შემოსავალს ლელის აძლევდა. მართალია, შეეძლო, დედინაცვალი როგორმე მოეტყუებინა და ხელფასის რაოდენობა დაემალა, მაგრამ, ნაყიდ ტანსაცმელს სად წაიღებდა?! სახლში ხომ უნდა მიეტანა, სამსახურში ხომ არ მოიწყობდა გამოსაცვლელ ოთახს?! ლელი აუცილებლად ჰკითხავდა ცვლილების მიზეზს და ეს ნამდვილი დაკითხვა იქნებოდა, თავისი ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ცინიკური რეპლიკებით... ქეთი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. ძალიან უნდოდა, ასათიანს სხვანაირი ენახა. მოდურად ჩაცმული და დავარცხნილი; თუნდაც ისეთი ჩაცმული, როგორიც მარიკო ან ნინი იყო. ქეთის განსაკუთრებით ნინის გემოვნებით შერჩეული ფეხსაცმელები მოსწონდა. ყოველთვის იდეალურად რომ ერწყმოდა სამოსს. ნინი რომ მისი მეგობარი ყოფილიყო, აუცილებლად ეტყოდა ამას და თავის აღფრთოვანებას არ დამალავდა. შეიძლება, რჩევებიც ეკითხა და კიდევ ბევრ რამეზე ესაუბრა მასთან. ყოველთვის უნდოდა, მეგობარი ჰყოლოდა, მაგრამ...
ქეთიმ გვერდით საწოლზე მძინარე, თავზე საბანწაფარებულ ძმას გადახედა... გიოს ყველაფერს ვერ ეტყოდა. ყველაფერს კი არა, ვერაფერსაც ვერ ეტყოდა.
***
ნინიმ ბრაზით გახედა აწკრიალებულ მობილურს. ტელეფონი საკმაოდ შორს იდო და ადგომის გარეშე ვერ მისწვდებოდა. სავარძელში მოხერხებულად ფეხმორთხმულს ამის სურვილი არც ჰქონია, მაგრამ, ტელეფონი გაჩერებას არ აპირებდა და მყუდროებას ურღვევდა.
– უშო! ოთახში შემოდი, რა... უშო, სად ხარ?
ზღურბლზე წინსაფარაფარებული ბიჭი გამოჩნდა განცვიფრებული სახით.
– სად უნდა ვიყო, რა გაყვირებს? მშიაო ხომ მითხარი და ტოსტებს გიკეთებ. დროზე, თქვი, რა გინდა, თორემ, დამეწვება...
– ტელეფონი მომაწოდე, რა! არ ჩერდება და დამაგლიჯა ნერვები.
– გეპასუხა, მერე, – უშომ მობილური აიღო და გადაუგდო, – მარიკოა.
– შენ რა იცი?
– ეკრანზე წერია... – უშო ისევ სამზარეულოში გავიდა. ნინიმ მობილური ყურთან მიიტანა.
– ჰო, ნინი ვარ, ნინი... არა, რა მეძინა. მობილური შორს იდო და ადგომა დამეზარა. მტკივა? არა, აღარ მტკივა, მაგრამ ყბა ისე მაქვს გასიებული, ასე მოსუქებული ოფისში ვერ გამოვჩნდები. თან, ცალი ლოყა გასიებული მაქვს და... რა ვიცი, როცა დაცხრება, ანტიბიოტიკებსაც ვსვამ და, მოკლედ, მოწყენილი ვარ... მეორე დღეა სალონში არ ვყოფილვარ და თმა არ დამივარცხნია, წარმოგიდგენია? შენ რა გჭირს? ტელეფონში რატომ ვერ მეტყვი? კარგი... მაგარია, გამოდი... მოიცა, უშოს ვთხოვ და გამოგიყვანს. დაგირეკავ ორ წუთში...
– უშო, უშო.. – აყვირდა ნინი.
– ახლა, არ მითხრა, ტელეფონი ისევ იქ დადე, საიდანაც აიღეო, თორემ, გავგიჟდები, – გაღიზიანებულმა უშომ გოგოს წყრომით შეხედა, – დაიწვება ის ტოსტები და ჭამე მერე დანახშირებული.
– არა უშავს, არ მინდა ტოსტები, რაღაც უნდა გთხოვო.
– რა უნდა მთხოვო?
– მარიკოსთან წადი და აქ მოიყვანე, რა... – ჭირვეული ბავშვივით გაიბუსხა გოგო.
– არავითარ შემთხვევაში! შენ ხომ არ გაგიჟდი? რა დროს მარიკოა, ამ შუაღამისას.
– არ არის შუაღამე, ჯერ თერთმეტი საათია. აუ, გთხოვ, რა, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მითხრას.
– მერე ტელეფონში ვერ გითხრა? დავიჯერო, სახელმწიფო საიდუმლოება უნდა გაგიმხილოს და მობილურში არ ითქმევა? არ მაქვს ახლა მარიკოს წიკვინის ნერვები, საღამოს მშვიდად გატარებას ვაპირებდი – ტელევიზორი, ტოსტები, რძიანი ყავა... თან, დღეს მაგარი თამაშია... არ გვინდა, რა, მარიკო...
– გთხოვ, რა, გთხოვ!.. იცი, რანაირი ხმა ჰქონდა? გავგიჟდები, რომ არ გავიგო, რა მოხდა...
ბიჭმა ამოიოხრა და ხელი ჩაიქნია...
გაგრძელება შემდეგ ნომერში