კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

ზაალიშვილი – ზალიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზაალი, რომელიც სპარსული წარმოშობისაა და „მოხუცს” ნიშნავს. ზაალის კნინობითი ფორმებია ზალიკა და ზალიკო. აქედან ნაწარმოებია გვარები ზაალიშვილი, ზალიაშვილი, ზალიკაშვილი.

ზაალიშვილები მოწინავე სადროშოს ბატონების – ბარათაშვილების შთამომავლები არიან.

აზნაური ზაალიშვილი, 1721 წელს, ისტორიული აღწერის თანახმად, მეფის მემამულე იყო, ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა სომხითში (ქვემო ქართლში).

ზაალიშვილების ერთ-ერთი შტო მოდის თავად სოლოღაშვილისგან და ნასყიდობის წიგნშიცაა შეტანილი ამ ფორმით.

ზაალიშვილები იყვნენ ყმა გლეხებიც და აზნაურებიც.

ზაალიშვილების წარმომადგენლები ტერტერამ ზოგიერთ ადგილას სომხებად მონათლა და ზალიანცად ჩაწერა.

საქართველოში 1 741 ზაალიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 730, თელავში – 465, გორში – 84. არიან სხვაგანაც.

77 – ზალიაშვილი.

 

გაბაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გაბა, გაბო. გაბა – გაბრიელის შემოკლებული ფორმაა. გაბრიელი ებრაული სახელია და სიტყვასიტყვით ნიშნავს: „ჩემი ძალა ღმერთია”.

1731 წელს ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია მდივან-მწიგნობარი ბაგრატ გაბაშვილი.

წინწყაროში მცხოვრები გაბაშვილები გაბაოღლად ჩაუწერიათ.

ამავე ძირისაა გვარები: გაბიტაძე, გაბაიძე, გაბაშიძე, გაბახაძე, გაბიანი, გაბედური, გაბედაური, გაბედავა, გაბეტაძე, გაბეტაშვილი და სხვა.

საქართველოში 557 გაბაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 333, გარდაბანში – 45, თელავში – 30. არიან სხვაგანაც.

 

მანველაშვილი-მანველიშვილი

-მანელაშვილი

მანველაშვილი, მანველიშვილი და მანელაშვილი ერთი და იგივე გვარია.

გვარის ფუძეა ბერძნული საკუთარი სახელი მანუელი. როგორც ჩანს, ასოთა ჩანაცვლებას ჰქონდა ადგილი – მანუელი იქცა მანველად, მერე მანელად და მივიღეთ გვარები: მანველაშვილი, მანველაძე, მანელიშვილი, მანველიძე.

სოფელ ვალედან იყვნენ რელიგიური მოღვაწეები მანველაშვილები. მათი წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის უნივერსიტეტში პროფესორად მოღვაწეობდა.

მანველაშვილების ერთი შტო რუსეთში გადასახლდა და სხვადასხვა მაზრასა და გუბერნიაში გაიფანტა. ტრადიციულად, მანველაშვილთა გვარში დაბოლოება -შვილი შეიცვალა -ოვით და რუსეთში მცხოვრები მანველაშვილების დიდი ნაწილი მანველოვად დაეწერა.

საქართველოში 34 მანველაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 21, გორში – 7, თბილისში – 6.

342 მანველიშვილი: ახალციხეში – 175, თბილისში – 42, ახმეტაში – 41. არიან სხვაგანაც.

134 მანელიშვილი: ქობულეთში – 109, ბათუმში – 23, თბილისში – 2.

 

დათეშიძე

მკვლევრებმა ვ. ფილფანმა და ჯ. ხვარვაშელმა, გაზეთ „ახალ სვანეთში“, 1982 წლის მეორე ნომერში, გამოაქვეყნეს მეტად საჭირო და საინტერესო სტატია „ლახამულის მკვიდრთა გვარების ისტორიისთვის“, რომელშიც ისინი აღნიშნავდნენ: „ლახამულაში თითოეულმა მცხოვრებმა იცის თავისი გვარის ჩამომავლობა, მაგრამ ისტორიაში ძალმომრეობა კვლავ შავ ლაქად რჩება“.

ცნობილი ხდება ის ფაქტიც, რომ მებატონეების საეკლესიო წიგნები, რომლებშიც ლახამულელთა ნამდვილი ისტორიული გვარები და წოდებები სახელდებოდა, გადაუწვიათ.

დადეშქელიანები (დადიშგელიანები) ამ მხრივ ერთმანეთსაც არ ინდობდნენ. გაძლიერებული თავადები შესუსტებულ ან ბრძოლაში დამარცხებულ მოგვარეებსაც კი აძევებდნენ სვანეთიდან. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცულია ამის დამადასტურებელი დოკუმენტები. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, გიორგი დადიშგელიანის წინაპრები სვანეთიდან რომელიღაც მთავარ დადიშგელიანს გაუძევებია და გიორგის წინაპრები რაჭაში, ამბროლაურში დასახლებულან. ამავე საბუთის მიხედვით, გვარი დადეშქელიანი დათეშიძეებად გადაუკეთებიათ.

გვარი დათეშიძე, რაჭის ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი მოსახლეობის 1840 წლის აღწერით, მოიხსენიება რაჭის რამდენიმე სოფელში: ამბროლაურში – აზნაურები, გორში – აზნაურები, ხიმშში – საბატონო გლეხები.

საქართველოში 288 დათეშიძე ცხოვრობს: თბილისში – 70, ქუთაისში – 65, ყვარელში – 46. არიან სხვაგანაც.

ფოფხაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფოფხა.

ფოფხაძეები წარმოშობით რაჭველები არიან და ძირითადად ამბროლაურის რაიონში ცხოვრობენ. მათი ერთი ნაწილი რაჭიდან იმერეთში გადავიდა, კერძოდ, საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში. იმერეთიდან კი, ფოფხაძეთა ნაწილი შიდა ქართლში (სურამში), ნაწილი კი ქუთაისში, თბილისში და სხვაგანაც გადასულან და დასახლებულან.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, ფოფხაძეებს რაოდენობის მიხედვით 307-ე ადგილი უჭირავთ.

საქართველოში 2 527 ფოფხაძე ცხოვრობს: თბილისში – 638, ამბროლაურში – 261, ქუთაისში – 253. არიან სხვაგანაც.

 

სოლოღაშვილი

გვარის ფუძე ნაწარმოებია თურქული სახელისგან – სულეიმან აღა და მისგან მიღებულია საკუთარი სახელები: სულაღია და სულუღია. აქედან კი წარმოიშვა გვარები: სოლოღაშვილი და სოლაღაშვილი.

ამ გვარის წარმომადგენლები მესხი ფეოდალები იყვნენ. შემდგომ, ქვემო ქართლში მებატონე მემამულეებად თავიანთი წინაპრის სულუღიას გამო, სოლოღაშვილად დამკვიდრებულან.

„სოლოღაშვილი თავადთა გვარია. მომდინარეობს ახალციხის სოლოღასგან, რომელიც ქვემო ქართლში გადასახლდა 1375 წელს. ეს გვარი მოიხსენიება ქართლის თავადთა სიაში, რომელიც თან ერთვის 1783 წლის ხელმოწერილ ტრაქტატს და 1850 წელს მისი უდიდებულესობის მიერ დამტკიცებულ სახელობით საოჯახო სიას“.

იოანე ბაგრატიონი წერს: „თავადი სოლოღაშვილები არიან ძველადვე, ახალციხენი კალმახის ადგილას გვარისანი, რომელნი გადმოვიდნენ ქვემო ქართლს, რომელნიც გადმოვიდნენ რუსეთს და დაშთნენ, ხოლო ისინი დაშთნენ ქართლსავე შინა და აწ არიან თესაშვილები, ზაზასშვილები და სხვანი ძმანი მათნი“.

„სოლოღაშვილების ერთი შტო, სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად, 1724 წელს თან გაჰყვა რუსეთში მეფე ვახტანგ მეექვსეს და ზაქარს. თავადი სიმონ სოლოღაშვილი პავლე პირველისა და ალექსანდრე პირველის იმპერატორობის დროს იყო სენატორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-აუდიტორი, სამხედრო კოლეგიის წევრი და წმიდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი“.

საქართველოში 1 027 სოლოღაშვილი ცხოვრობს: თბილისში 421, მცხეთაში – 263, გურჯაანში – 217. არიან სხვაგანაც.

ანანიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ანანია, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად უფლის შემწეობას ნიშნავს.

წინწყაროში მცხოვრები ანანიაშვილები 1866 წელს ბერძნებად ჩაუწერიათ და გვარი ანანიევად შეუცვლიათ.

1796 წელს პირობის წიგნში მოხსენიებულია იოსებ ანანიაშვილი.

საქართველოში 261 ანანიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 148, გორში – 21, ახალციხეში – 14. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3